დამშეული "მეფის ამალა" და ნავთგადასხმული სუფრა - მე-2 მსოფლიო ომი და ქართველი მსახიობები - კვირის პალიტრა

დამშეული "მეფის ამალა" და ნავთგადასხმული სუფრა - მე-2 მსოფლიო ომი და ქართველი მსახიობები

"დამშეული" მეფის ამალა

ალბათ არ მოიძებნება საქართველოში ადამიანი, რომელსაც მხატვრული ფილმი "გიორგი სააკაძე" ნანახი არ ჰქონდეს. ამ კინოსურათში მრავალი ცნობილი მსახიობი მონაწილეობდა. გადაღებით კი მეორე მსოფლიო ომის დღეებში იღებდნენ.

რეჟისორი გუგული მგელაძე იმ ხანად 14 წლის იყო და ამ ამბებს შემდეგნაირად იხსენებდა:

"ემზადებოდნენ მეფე ლუარსაბის დიდ მოურავთან სტუმრობის სცენის გადასაღებად. პავილიონში ნაგებ დეკორაციაში, რომელიც სააკაძის სადარბაზოს წარმოადგენდა, რამდენიმე რიგად გაშლილ მაგიდებს "თავად-აზნაურობა" და "მეფის ამალის" წევრები უსხდნენ. შემწვარ-მოხრაკული ფრინველი, გოჭები თუ ინდაურები უხვად ეყარა ამ მადლიან სუფრაზე. ეს იმ დროს, როცა ჩვენი დღიური ნორმა ბარათებით მიღებული პურისა 300-400 გრამი იყო. ბაზარში კი მსახიობის თვიური ხელფასით ერთ კილოგრამ ხახვსაც ვერ იყიდდი.

მიხეილ ჭიაურელმა აკაკი ხორავასთან რეპეტიცია დაამთავრა და ის-ის იყო გადაღება უნდა დაწყებულიყო, რომ საჭმლის ნასახიც აღარ იყო მაგიდებზე, "მეფის ამალის" მშიერ წევრებსა და "თავად-აზნაურობას" სუფრა მთლიანად მოესუფთავებინათ.

არც ჭიაურელს და არც ფილმის დირექტორს ერთი უბრალო საყვედურიც არ დასცდენიათ მსახიობების მიმართ. ორი დღის შემდეგ კი, რაღაც სასწაულით, ისეთივე პურ-მარილი დაახვავა მაგიდებზე.

გადაღების წინ მან მისი ჩვეული, ოდნავ შესამჩნევი ღიმილით, გადახედა სუფრასთან მსხდომ "დიდებულებს" და პავილიონიდან გავიდა. გადაღებამ შესანიშნავად ჩაიარა. არათუ გადაღებაზე, გადაღების შემდეგაც კი კაციშვილი არ გაკარებია საჭმელს. თურმე, ამ ზღაპრული "სუფრისათვის" ნავთი გადაესხათ. სხვა გზა არ იყო, გადაღება კიდევ რამდენიმე დღეს უნდა გაგრძელებულიყო, "მეფის ამალა" კი მშიერი გახლდათ".

სესილიას "თავგადასავალი"

მეორე მსოფლიო ომის მძიმე დღეები იდგა, განსაკუთრებულად ინტელიგენციას უჭირდა და სულის მოსაბრუნებლად ლუკმას ეძებდა. სესილია თაყაიშვილი და მერი დავითაშვილი კახეთში წავიდნენ მატარებლით, ტანსაცმელი წაიღეს სურსათზე გადასაცვლელად. გზაში პროფესორი დაემგზავრათ. რისთვის მობრძანდებითო - ჰკითხეს. ლექციების ჩასატარებლადო - მიუგო, და შემდეგ მსახიობებს თვითონაც ჰკითხა, თქვენ რისთვისღა მიბრძანდებითო? კონცერტების ჩასატარებლადო, - უპასუხეს მათ.

ერთმანეთს სადგურზე დაშორდნენ. სესილიამ და მერიმ ბაზარს მიაშურეს და გასაყიდად კაბები თოკზე გადაკიდეს, ხოლო მყიდველთა ყურადღების მისაქცევად ძველი გრამაფონი აამღერეს. გაიხედა სესილიამ და შეამჩნია: იმ სახელოვან პროფესორს შარვალი უჭირავს და აქეთ-იქით დადის. უცებ პროფესორმა თვალი მოჰკრა გზაში გაცნობილ მსახიობებს და ბაზრიდან გაიპარა.

- ვაი, ეს რა ვქენით?! – თავზე ხელი შემოიკრა სესილიამ, - იმ გაჭირვებულ პროფესორს ცოლ-შვილი მშიერი დავუტოვეთ.

"ქურდი" დოდო აბაშიძე

იცით თუ არა, რომ ნაღდი თბილისელი, ცნობილი მსახიობი დოდო აბაშიძე ცხოვრებისეული "კარიერის" დასაწყისში მაღაზიაში გამყიდველად მუშაობდა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში აბაშიძე ზემელზე პურის მაღაზიაში "მოღვაწეობდა". თურმე აწონისას ცოტას იპარავდა და გურამ ლორთქიფანიძის მოგონებით, თავის მშიერ საძმაკაცოს უნაწილებდა.

ერთხელაც თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტები მივიდნენ კონტროლზე, ამ საქმეს მაშინ სტუდენტებს ავალებდნენ. დოდოს სავაჭრო ობიექტში ეროსი მანჯგალაძე და ბადრი კობახიძე მოხვდნენ. ეროსი მანჯგალაძეს მიუმართავს – "პატივცემულო, მომხმარებელს რატომ ატყუებო". შენ ვინ გკითხავსო, უთქვამს დოდოს და წაურტყია ალიყური. გავიდა რამდენიმე წელი. დოდო აბაშიძემ თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა. რასაკვირველია მალე ეროსი მანჯგალაძესაც შეხვდა, რომელმაც იცნო: "თქვენ ის გიჟი მეპურე არა ხართ, ალიყური რომ მითავაზეთო? ძალიან გთხოვთ, ამ ინციდენტს ნურავის მოუყვებით". მაგრამ დოდო აბაშიძე, როგორც ანეკდოტს, ყველგან ყვებოდა თურმე.

იხილეთ ასევე: "ბაბუას ქამარი მოუხსნია და რაიხსტაგზე დროშა იმით მიუკრავს"

გიორგი გაჩეჩილაძე (სპეციალურად საიტისთვის)