"შავკანიანი მეხანძრე ქართველებისთვის თავს სწირავდა" - როგორ შეიფარეს რუს კნიაზს მიყიდული შამბე ქართველებმა - კვირის პალიტრა

"შავკანიანი მეხანძრე ქართველებისთვის თავს სწირავდა" - როგორ შეიფარეს რუს კნიაზს მიყიდული შამბე ქართველებმა

როცა მეხანძრეთა მუზეუმში უზარმაზარ ნახატზე გამოსახული საქართველოს ერთადერთი შავკანიანი მეხანძრე ბაშარ შამბე შევნიშნე, ძალიან დავინტერესდი. დიახ, რომელიღაც საბჭოთა მხატვრის მიერ საგანგებოდ შექმნილ პორტრეტზე ბაშარ შამბეს მკერდი ოთხი საბჭოთა მედლით ჰქონდა დამშვენებული.

მუზეუმის თანამშრომელმა ლაურა ოზაშვილმა შამბეს მედლებიც მაჩვენა - საბჭოთა ხელისუფლებამ საქართველოს მეხანძრეთაგან 1932 წელს ბაშარ შამბე დააჯილდოვა შრომის წითელი დროშის ორდენით, რაც სახელმწიფოში ყველაზე დიდი ჯილდო იყოო. ალბათ ამერიკელებს რომ ეჯიბრებოდნენ, იმათ ჯინაზე დააჯილდოეს - იქ შავკანიანებს კუ-კლუქს-კლანი ხოცავდა და რუსები ანგელოზებად აჩვენებდნენ თავს, თორემ როგორ დავიჯერო, შავკანიანი მეხანძრე ქართველ მეხანძრეებზე მამაცი იყო-მეთქი. თავი გამიქნია, - ვიცი, რომ ის ნამდვილად მამაცი კაცი იყოო. მერე კი მიამბო:

- შამბეს, ცხადია, არ ვიცნობდი, 40-იანი წლების ბოლომდე უმსახურია საქართველოს სახანძრო სამსახურში, მაგრამ ამ მუზეუმში ათეული წლებია, ვმუშაობ და მისი ამბავი გამიგონია - ძალიან გამბედავი კაცი ყოფილა, თითქოს გასართობად მიეჩქარებაო, ისე შევარდებოდა თურმე ცეცხლში ადამიანების

გადასარჩენად... შეიძლება, მისი ასეთი სიმამაცე მისმა წარსულმაც განაპირობა, - უსამშობლოს და უთვისტომოს არავინ ჰყავდა ქართველი ხალხის გარდა და იმიტომაც იყო მისთვის თავგადადებული.

- უსამშობლო რატომ იყო?

- როგორც მეხანძრეები ამბობდნენ, პატარა ბიჭი რომელიღაც რუს თავადს უყიდია აფრიკაში ხელზე მოსამსახურედ. მერე მოჰბეზრებია და მასთან სტუმრად მყოფი ქართველი თავადისთვის უჩუქებია, მას კი საქართველოში წამოუყვანია.

- ვინ იყო ის ქართველი თავადი?

- სამწუხაროდ, არ ვიცი. შესაძლოა, შამბემ კიდევაც უამბო მეხანძრეებს თავისი თავგადასავალი, მაგრამ ეს ნაამბობი ვერავინ შემოინახა. ანდა იქნებ დუმდა კიდეც, რადგან მოგონებები გულს სტკენდა. თავადს შამბე ძალიან ჰყვარებია და როდესაც ემიგრაციაში მიდიოდა, უთქვამს, ჩემთან წამოდი, სადაც მე ვიქნები, იქ გიყოლიებ და გიპატრონებო. შამბე ამ დროს 13-14 წლის ყოფილა, მაგრამ მისი ასაკისთვის მტკიცე გადაწყვეტილება მიუღია - იქ ზედმეტ ბარგად დაგაწვები, თანაც საქართველო მიყვარს, ხალხს შევეცოდები და მშიერს არ მომკლავენო. ასეც მოხდა.

- სოციალურ ქსელში წერენ, ამ "შავმა კაცმა" "წითელ ეშმაკუნებში" ითამაშაო.

- ამ ფილმში შამბე კი არა, თბილისის ცირკის ჯამბაზი სენეგალელი კადორ ბენ სელიმი თამაშობს. სხვათა შორის, ეს იყო პირველი საბჭოთა ფილმი, რომელზეც რეცენზია "ნიუ-იორკ თაიმსმა" დაწერა, თანაც დადებითი.

- საინტერესო ისტორიაა. შამბე სახანძრო სამსახურში როგორ მიიღეს?

- ძლიერი და მამაცი ადამიანი იყო. შამბე რუს ქალბატონზე დაქორწინდა. მინახავს მისი შვილი ნიკოლოზი. ისიც მეხანძრე - ერთხელ მუზეუმში მოვიდა. ახლა ალბათ 80 წლის მაინც იქნება.

- ისიც შამბესავით შავკანიანი იყო?

- არა, მულატი იყო. ცოტა ხნის წინ მუზეუმში ექსკურსიაზე ქალბატონი მობრძანდა. შამბეს სურათს რომ შეხედა, მითხრა, - ამ კაცის შვილთაშვილი და ჩემი ვაჟი მეგობრები არიან, ერთად სწავლობდნენ უნივერსიტეტშიო. ვკითხე, - სად ცხოვრობენ, შთამომავლობა შავკანიანი ჰყავს თუ თეთრკანიანი-მეთქი. მითხრა, პლეხანოვზე ცხოვრობენ, შთამომავლები კი შავკანიანები არ არიანო.

აი, ასეთი გახლდათ შავკანიანი პატარა ბიჭის ამბავი, რომელიც პრინციპში ქართველმა ხალხმა გაზარდა. ისიც ამ ხალხს, რაც შეეძლო, ერთგულად ემსახურა.

ეთერ ერაძე