მარიამ ციციშვილი - ქართლ-კახეთის უკანასკნელი დედოფალი, რომელსაც კაცის კვლაში ადანაშაულებდნენ
21-05-2017
მარიამ ციციშვილი  - ქართლ-კახეთის უკანასკნელი დედოფალი, რომელსაც კაცის კვლაში ადანაშაულებდნენ
"დედოფალმა საბნის ქვეშ დამალული ხანჯალი ამოიღო და მარცხენა გვერდში დასცა"

მარიამ ციციშვილი
თავადების - ელენე გურამიშვილისა და სარდალ გიორგი ციციშვილის შვილი გახლდათ. 1782 წელს თავადის ასული ცოლად შეირთო გიორგი ბატონიშვილმა - ერეკლე მეორის ძემ. ახალგაზრდა წყვილმა, მეფე ერეკლეს კურთხევით, თბილისში იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაში დაიწერა ჯვარი, თუმცა, არაპომპეზურად, ამის მიზეზი კი გიორგი ბატონიშვილის მეორედ ქორწინებისადმი ქართველ წარჩინებულთა უმეტესობის უარყოფითი დამოკიდებულება იყო - მან პირველი თანამეცხედრის, ქეთევან ანდრონიკაშვილის ასულის გარდაცვალებიდან 40
დღის გასვლისთანავე შეირთო მარიამი.

ბაგრატიონთა სასახლეში რძლად შესულ 14 წლის გოგონას, დარბაისელი და ჭკვიანი ქეთევან ანდრონიკაშვილის ადგილი უნდა დაეკავებინა, რაც არცთუ ისე იოლი საქმე გახლდათ. თუმცა, მარიამმა მალე შეითვისა სასახლეში დამკვიდრებული წესები და სულ მოკლე ხანში, ყველასათვის ძვირფასი და საყვარელი ადამიანი გახდა. მეფე და მასთან
ასევე დაგაინტერესებთ
დაახლოებულ წარჩინებულთა წრე განსაკუთრებით აფასებდა იმ მზრუნველობას, რომელსაც დედინაცვალი ცხრა გერის მიმართ იჩენდა...

ლაღი და ბედნიერი იყო მარიამის რძლობის პირველი წლები, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას დიდი ზიანი მიაყენა აღა-მაჰმად-ხანის შემოსევამ. სამეფოსა და ოჯახის მცველად ჯერ კვლავ ძლიერი მეფე ერეკლე II იდგა. 1798 წლის 11 იანვარს, ერეკლე II გარდაიცვალა, ტახტზე კი გიორგი ავიდა...

გიორგი მეფესა და მარიამ დედოფალს უმძიმესი მემკვიდრეობა ერგოთ: გაპარტახებული მეურნეობა, საუფლისწულოებად დაქუცმაცებული, შინაშუღლში გახვეული სამეფო, მწირი ხაზინა... ყოველივე ამას ზედ დაერთო გულმოცემული მტრები - ოსმალეთი, სპარსეთი და მათგან გაგულისებული ლეკები, ახალციხის საფაშო. ასეთ ურთულეს პოლიტიკურ და ეკონომიკურ პირობებში მყოფი სამეფოს წინამძღოლებს ისღა დარჩენოდათ, რომ ერეკლე მეორის მიერ გაკვალულ, რუსეთზე ორიენტირებულ კურსს დასდგომოდნენ. გიორგი მეფესა და მარიამ დედოფალს ქვეყნის შემდგომი განვითარების ერთადერთ საშუალებად ჩრდილოელ მეზობელთან კავშირის განმტკიცება და მაჰმადიანური სამყაროს გავლენისგან გათავისუფლება მიაჩნდათ.

გიორგი თანახმა იყო, თუნდაც თავისი სუვერენული უფლებების შეზღუდვის ხარჯზე, რუსეთისაგან სამხედრო და ფინანსური დახმარება მიეღო. თავის მხრივ, საიმპერატორო კარს კარგად ჰქონდა გაცნობიერებული ქართლ-კახეთის რეალური მდგომარეობა. იცოდნენ, რომ ჯანმრთელობაშერყეულ მეფეს სახელმწიფო საქმეთა სრულად გაძღოლის უნარი არ ჰქონდა.

გიორგი მეთორმეტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითი დღე უარესდებოდა. მარიამ დედოფალი თანამეცხედრეს გვერდიდან არ შორდებოდა, მოვლასა და მზრუნველობას არ აკლებდა.
ავადმყოფობით დაუძლურებულ მეფეს საიმპერატორო კარი ვერაგულ მახეს უმზადებდა. პავლე პირველს კავკასიის ხაზზე მართლაც შემოჰყავდა ჯარი, მაგრამ რუსეთის სამხედრო ნაწილები ქართველი მეფისთვის დახმარების გაწევას არ აპირებდა. მათ საიდუმლო დავალება ჰქონდათ მიღებული: გიორგი მეთორმეტის გარდაცვალების შემთხვევაში, ყოველი ღონე უნდა ეხმარათ, რათა დავით ბატონიშვილი (გიორგი მეთორმეტის ძე - ტახტის მემკვიდრე) მეფედ არ გამოცხადებულიყო. მარიამ დედოფალი ანგარიშგასაწევადაც არ მიაჩნდათ.
რუსეთის იმპერატორმა მეფის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, 1800 წლის 18 დეკემბერს, საქართველოს, გუბერნიის უფლებით რუსეთთან შეერთების მანიფესტი გამოაქვეყნა. ქართლ-კახეთის ტახტის მემკვიდრე - დავით ბატონიშვილი და მარიამი არავის გახსენებია. 1800 წლის 28 დეკემბერს მეფე გიორგი გარდაიცვალა.

გამჭრიახი დედოფლისათვის ნათელი გახდა, რომ სანამ მეფის ნეშტს მიწას არ მიაბარებდნენ, სამეფო გაუქმებულად ვერ ჩაითვლებოდა. ამიტომ სხვადასხვა მიზეზის მოშველიებით, მრავალჯერ გადადო თანამეცხედრის დაკრძალვა. გიორგი XII 1801 წლის 20 თებერვალს დაიკრძალა მცხეთაში, ბაგრატიონთა საგვარეულო სავანეში, მაგრამ არც პავლე პირველს დასცალდა 1800 წლის მანიფესტის განხორციელება: ის სასახლის შეთქმულების მსხვერპლი გახდა...

1801 წლის 12 სექტემბერს, იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა საქართველოს რუსეთთან შეერთების ახალი, ვრცელი მანიფესტი გამოაქვეყნა. ის დაგვიანებით, მომდევნო წლის 12 აპრილს გამოცხადდა თბილისში, სიონის ტაძარში მოწვეულ ქართველ წარჩინებულთა კრებაზე. ამ შემზარავ ამბავს გიორგი მეფის ჯალაბობაც დაასწრეს. იმ დღეს, სიონი გარშემორტყმული იყო რუსთა სამხედრო ნაწილებით, რომელთაც დავალებული ჰქონდათ, წინააღმდეგობის ყოველგვარი ცდა სისხლში ჩაეხრჩოთ.

ამ აქტიდან მოკლე ხანში, საიდუმლო ინსტრუქციით, რუსეთის იმპერატორმა აღმოსავლეთ საქართველოს უზენაეს სამხედრო და სამოქალაქო ხელისუფალს (მთავარმართებელს), გენერალ კნორინგს დაავალა, სათანადო ზომები მიეღო ქართული სამეფო ოჯახის რუსეთში გადასახლების საქმის მოსაგვარებლად. ამ მზაკვრული გეგმის განხორციელება დროებითი მმართველობის თავმჯდომარედ დანიშნულ გენერალ ივან ლაზარევს მიანდვეს. ლაზარევს იმ დროისათვის, საქართველოში მუშაობის ორი წლის გამოცდილება ჰქონდა: 1799 წელს, ის რუსული ლეგიონის სარდლად მოევლინა ქართველ ხალხს. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი მეფე მრავალგვარი ხერხით ცდილობდა ლაზარევის გულის მოგებას, დედოფალი მარიამი კი მისი ასულის მიმრქმელი (ადამიანი, რომელიც ბავშვის გაჩენისთანავე, პირველი აიყვანს მას ხელში) გახლდათ, თავად გენერალი ბაგრატიონებისადმი პატივისცემით არასოდეს გამოირჩეოდა. გიორგი მეთორმეტის გარდაცვალების შემდეგ კი მან სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა მეფის ჯალაბობას. ლაზარევმა მიზანში დედოფალი მარიამი ამოიღო: მეფის ქვრივს საკმაოდ შემოსავლიანი მიწები ჰქონდა თანამეცხედრისაგან დარჩენილი. მათ შორის, ერეკლე მეორისაგან დარეჯან დედოფლისადმი ბოძებული სოფლებიც იყო, რომლებიც გიორგი მეფემ, მისდამი მტრული საქმიანობის გამო, 1800 წლის 30 აპრილს დედინაცვალს ჩამოართვა და თავის მეუღლეს დაუმტკიცა...
გენერალმა ლაზარევმა მარიამ დედოფალს ყოველგვარი საარსებო საშუალება, უბრალო წისქვილიც კი არ დაუტოვა, რათა იძულებული გაეხადა, "საკუთარი ნებით" წასულიყო რუსეთში.

1802 წელს, ანტირუსულ აჯანყებას ბაგრატიონთა ერთიანი ფრონტი ჩაუდგა სათავეში. ამბოხების აქტიურ მონაწილეებს შორის, მარიამ და დარეჯან დედოფლებიც იყვნენ, მაგრამ საუბედუროდ, შეთქმულების მზადების შესახებ ლაზარევმა შეიტყო, რომელმაც ცეცხლითა და მახვილით ჩაახშო აჯანყება.

რუსეთის ხელისუფლებამ დარეჯან და მარიამ დედოფლების საიმპერატორო კარზე მიპატიჟებას მოუხშირა.

გენერალმა კნორინგმა ალექსანდრე პირველს იმედი ვერ გაუმართლა. იმპერატორმა მის ნაცვლად, საქართველოს მთავარმართებლად პავლე ციციანოვი (ციციშვილი) - ქართული გვარისა და რუსული სულის ადამიანი - დანიშნა. თბილისში მისი ჩამოსვლით ბაგრატიონთა მიმართ გაასკეცებულად უხეში და ტლანქი ღონისძიებების გატარება დაიწყო.

1803 წლის დამდეგს, ციციანოვმა წერილით აცნობა მარიამ დედოფალს, მცირეწლოვანი შვილების თანხლებით დაუყოვნებლად, რუსეთში გამგზავრების აუცილებლობის შესახებ (აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოდან მარიამის გადასახლების საქმეში გარკვეული როლი დაბეზღებამაც ითამაშა. გიორგი მეთორმეტის ქვრივის მტრებმა ციციანოვს აცნობეს, რომ ის რუსული პოლიტიკით უკმაყოფილო ძალებს საიმპერატორო კარის წინააღმდეგ აქეზებდა და ამასთანავე, საიდუმლო კავშირი ჰქონდა მთიელებთან... ამ ცნობამ ციციანოვი განარისხა). მთავარმართებლის გულისნადები დედოფლისათვის ცნობილი იყო, მაგრამ კატეგორიული ტონით დაწერილი ბარათის მიღებამ ის სულით-ხორცამდე შეძრა...

1803 წლის 19 აპრილს, პავლე ციციანოვის დავალებითა და სამხედრო რაზმის თანხლებით, დედოფალ მარიამთან გენერალი ივან ლაზარევი მივიდა. სასახლეში მისი ვიზიტის მიზანი, გიორგი მეთორმეტის ოჯახის რუსეთში გადასახლება იყო. ამ დავალების შესრულება მას სიცოცხლის ფასად დაუჯდა. ბაგრატიონთა სასახლეში შესული გენერალი მკვდარი გამოიტანეს.

ამ ფაქტიდან მოყოლებული, როგორც მარიამ ციციშვილის თანამედროვეთა გარკვეული ნაწილისათვის, ასევე შემდგომში, ისტორიკოს-მკვლევართათვის ქართლ-კახეთის უკანასკნელი დედოფლის მიმართ ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა. თანამედროვეთა ერთმა ნაწილმა მარიამ ციციშვილი კაცის მკვლელად და ფსიქიკაშერყეულ ადამიანად შერაცხა, მეორე ნაწილმა კი - გმირად გამოაცხადა... აღნიშნული საქმის შესახებ საინტერესო ცნობებს გვაწვდის თბილისის კომენდანტის, მაიორ დავით სააკაძის პატაკი, რომლითაც ის პავლე ციციანოვს აცნობებდა:

"ამ თვის ცხრამეტ რიცხვს, დილის 6 საათზე თანახმად თქვენი ბრძანებულებისა... დედოფალ მარიამის რუსეთში გასასტუმრებლად გენერალ ლაზარევის მითითებით გამოვცხადდით სახლში... ქართული ენის მცოდნე კვარტირმეისტერ სუროკოვს ვუბრძანე, დაეყოლიებინა იგი (დედოფალი) რუსეთში წასვლაზე. სუროკოვის, ასისთავ კრიმოვისა და სურგუნოვის გარდა, მე და იქ მყოფი დანარჩენი ოფიცრები გარეთ გამოვედით... ამ დროს კვარტირმეისტერი სუროკოვი მივიდა დედოფალთან ახლოს, რომ ბატონიშვილმა ჯიბრაილმა და მეფის ასულმა თამარმა ამოიღო კაბის ქვეშ დამალული შიშველი ხანჯალი და ეცნენ სუროკოვსა და ოთახში მყოფ სხვა ოფიცრებს გარეთ გამოსარეკად. ლაზარევმა გაიგონა ხმაური, შევარდა ოთახში და მივარდა თავის ქვეშაგებში მჯდომ დედოფალს. უცებ, დედოფალმა საბნის ქვეშ დამალული ხანჯალი ამოიღო და მარცხენა გვერდში დასცა. გენერალ-მაიორმა ლაზარევმა ოთახი გაირბინა და ზღურბლზე დაეცა მკვდარი".

დავით სააკაძე აღნიშნავს დედოფლის დაშავების ფაქტსაც, მაგრამ მარიამ ციციშვილისათვის ჭრილობის მიყენებას შემთხვევითობას მიაწერს - ასეთია ივანე პეტრეს ძე ლაზარევის მკვლელობის ოფიციალური ვერსია. თუმცა, არსებობს მეორე - არაოფიციალური ვერსიაც.
ისტორიკოს პლატონ იოსელიანის გადმოცემით: "ესე ლაზარევი მოიკლა არა დედოფლისგანა, რომელსაცა მიაწერეს ესე და არცა ჯიბრაილისაგან. დროსა მას, როდესაც ლაზარევმან ციციანოვისა ბრძანებითა შემოარტყა ჯარი დედოფლისა სასახლესა და შევიდა თვით ლაზარევი გამოსაყვანად მისსა იყო 8 საათი დილისა, დედოფალმან მოსთხოვა დრო და მოთმინება: შვილებსა წვრილებსა სძინავთო. ლაზარევმან ეს თხოვნა არ მიიღო, გაბედა და სტაცა ხელსა და მრისხანედ უთხრა: ეხლავ გამოდით, ჯარი ვერ მოგიცდით დიდხანსო. მაშინ მუნ (იქ) მყოფმან თავადმან ნიკოლოზ ხიმშიაშვილმან მსწრაფლ ამოიღო ხანჯალი და დასცა ლაზარევს მუცელში. ლაზარევი წაიქცა და თვით ხიმშიაშვილი... გავიდა ქალაქიდან, გაიქცა ახალციხეს და მუნ მოკვდა 1807 წელს".

პლატონ იოსელიანი ასახელებს იმ პირის ვინაობასაც, რომელმაც ჭრილობა მიაყენა მარიამ დედოფალს. ის წერს: "თვით დედოფალი დასჭრა ხმლითა მკლავში სომეხმან კაჭკაჭიშვილმან... მოკვლა ლაზარევისა ხიმშიაშვილისაგან ცნობილი სხვათაგანცა მრავალთა თვით მიამბო დედოფალმან მარიამ".

პავლე ლაზარევის მკვლელად, მარიამ დედოფალთან დაახლოებული პირნი და ბაგრატიონთა სამეფო სახლის წარმომადგენელნი რომ თავად ნიკოლოზ ხიამშიაშვილს მიიჩნევდნენ, ამას ადასტურებს ისტორიკოსების, დავით და ბაგრატ ბატონიშვილების გადმოცემები. სამეგრელოს დედოფალი ნინო (გიორგი მეთორმეტის ასული) 1817 წელს, მთავარმართებელ ერმოლოვს სწერდა, რომ ხიმშიაშვილ ნიკოლოზს სიკვდილის წინ მისთვის უთქვამს, - ლაზარევი მე მოვკალიო.

დედოფლი, როგორც "ადამიანის მკვლელი", ყოველგვარი პატივისა და ღირსების დაცვის გარეშე გაუყენეს რუსეთის გზას. გადასახლებაში მიმავალი გიორგი მეთორმეტის ოჯახი მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. მათ გამცილებლად დანიშნულ გენერალ ტუჩკოვს კი, ციციანოვისგან სპეციალური მითითება ჰქონდა: "დედოფალ მარიამს, რომელმაც მხეცივით მოკლა ლაზარევი ჭამის დროსაც არ მისცეთ დანა".

გიორგი მეთორმეტის ჯალაბობა ბელგოროდის დედათა მონასტერში დააბინავეს. მარიამ დედოფალი და ბატონიშვილები იქ უმკაცრესი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ. მათ ეკრძალებოდათ ბინიდან შორს წასვლა... (სრულად წაიკითხეთ ჟურნალ "გზის" 17 მაისის ნომერში) 


irakli
09 აგვისტო 2017 18:38
ყველა თავადმა და აზნაურმა,ასევე ყველა გადარჩენილმა ბაგრატიონმა დაიფიცა რომანოვების ტახტის ერთგულებაზე.სამაგიეროდ ყველა შეიყვანეს რუსეთის ,,Список княжеских родов России,, - ში. ასე რომ,თუ მონარქიის აღდგენაზეა საქმე,საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრე რომელიმე რომანოვი უფროა ვიდრე უნიათო ბაგრატიონები.დავანებოთ მირონცხებული და ღვთითკურთხეული მეფის ლოდინს თავი.მირონცხებული და ღვთითკურთხეული უბრალო ქართველი ერია!
Niko
23 მაისი 2017 10:18
როცა შენსას ვერ მოუვლი სხვა დაეპატრონება. ასე დაემართა ჩვენ საქართველოს და ახლა უარეს დღეში ვართ მაგრამ ისე შეფუთულად ხდება ყველაფერი, რომ ხალხი აზრზე ვერ მოსულა და ჭურში გვძინავს
ტოტო
22 მაისი 2017 12:50
საამაყო,ღირსეული ქალბატონები.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები