თამამშევის ქარვასლა-თეატრის ისტორია - "ფერიათა სასახლის" სევდიანი ბედი
21-05-2017
თამამშევის ქარვასლა-თეატრის ისტორია - "ფერიათა სასახლის" სევდიანი ბედი
შენობა, რომლის შესახებაც მინდა მოგითხროთ, აღარ არსებობს. მის ადგილას, თავისუფლების მოედანზე, ამჟამად ზურაბ წერეთლის "თავისუფლების მონუმენტი" დგას. ჩემი ინტერესი ამ ადგილის მიმართ ერთმა ფოტომ გამოიწვია, რომელზეც კარგად ჩანს გადათხრილი თავისუფლების მოედნის ქვეშ მოქცეული ძველი სარდაფების კედლები...

აქამდე არ ვიცოდი, რომ თურმე, თავისუფლების მოედნის ქვეშ დანგრეული ქარვასლის უზარმაზარი სარდაფებია.

არარსებული შენობის ძიებამ ძალიან მნიშვნელოვან ისტორიულ ამბავთან მიმიყვანა, რომელიც 1847 წლის აპრილში დაიწყო.

როგორც მოგეხსენებათ, 1844 წელს კავკასიის მთავარმართებლად გრაფი მიხეილ ვორონცოვი
დაინიშნა. სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი მრავალ, სხვადასხვა სახის კულტურულ წამოწყებას საქართველოში.

იმ პერიოდში ქალაქს არ ჰქონდა სრულყოფილი თეატრი. რუსული წარმოდგენები მეფისნაცვლის სასახლის გვერდით, ყოფილ თავლაში იმართებოდა, რომელიც თეატრის ასპარეზად იყო გადაკეთებული.
მიხეილმა გადაწყვიტა, აეშენებინა თეატრის შენობა. მან შეარჩია ადგილი - ერევნის მოედანზე (დღევანდელი თავისუფლების მოედანი)
არსებული ტერიტორია, რომელიც ქართველი თავადი ესტატე ციციშვილის კერძო საკუთრებაში შედიოდა. მოლაპარაკების საფუძველზე ესტატე ციციშვილმა "ორ დოშად და ორი კაცის საკაბეთ" გაყიდა მიწის ნაკვეთი.

ხაზინას არ გააჩნდა თეატრის ასაშენებელი ბიუჯეტი. ამიტომ მისი აგება სავაჭრო დუქნების ქირის ხარჯზე გადაწყვიტეს. გეგმა ითვალისწინებდა ოთხსართულიანი ქარვასლის აგებას. ცენტრალურ ადგილს თეატრი დაიკავებდა, რომლის გარშემოც განლაგებული იქნებოდა მაღაზიები, სადაც ბაზაზხანის მოვაჭრეები შევიდოდნენ. თეატრი, თავისი შემოსავლით, ქალაქის საკუთრება უნდა ყოფილიყო.

ბაზაზებმა არ ისურვეს ძველი ტფილისის დატოვება, რადგან იქ მათ თავიანთი მუშტარი ჰყავდათ და ადგილის გამოცვლით გამოწვეული მოსალოდნელი გაკოტრების შეეშინდათ. ვორონცოვმა თხოვნით კერძო პირებს მიმართა. მხოლოდ ერთმა მათგანმა, თბილისელმა ვაჭარმა გაბრიელ თამამშევმა გამოთქვა სურვილი, მხოლოდ ერთი პირობით - მას სანაცვლოდ უსასყიდლოდ უნდა გადასცემოდა შენობის მიერ დაკავებული 1000 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთი.

თეატრის მშენებლობა 1847 წლის 15 აპრილს დაიწყო და მხოლოდ 4 წლის შემდეგ დასრულდა. მშენებლობას სპეციალურად მოწვეული იტალიელი არქიტექტორი ჯოვანი სკუდიერი ხელმძღვანელობდა. მშენებლობისას გამოყენებულ იქნა ევროპული თეატრალური არქიტექტურის გამოცდილება, ეგრეთ წოდებული აივნიანი თეატრის ტიპი ღრმა სცენით. თეატრი 700-მდე მაყურებელს იტევდა. კომერციული მიზნით, მას დამატებული ჰქონდა მაღაზიები და სავაჭრო საწყობები, რის გამოც "ქარვასლის თეატრი" შეარქვეს.

ძველი მერიის შენობის მხრიდან, ქარვასლა-თეატრი - ოთხსართულიანი, ხოლო ჩრდილოეთის მხრიდან სამსართულიანი გახლდათ. შენობის ქვეშ სარდაფები იყო. პირველ სართულზე 6 საცხოვრებელი ოთახი და 29 დუქანი იყო განლაგებული; მეორე სართულზე - 29 დუქანი, 16 საწყობი და ფულის გადასახურდავებელი 2 დუქანი; მესამე სართულზე - 19 მაღაზია, 80 შესანახი კარადა, ფულის გადასახურდავებელი 4 დუქანი; მეოთხე სართულზე კი - 21 მაღაზია ანტრესოლებით. სულ 266 დიდი და მცირე ზომის სავაჭრო სათავსო იყო.

თეატრს შენობის ცენტრალური ნაწილის მეორე და მესამე სართული ეკავა. მთავარი შესასვლელი მოედნის დასავლეთ მხარეს ჰქონდა. თეატრის ფასადი იტალიური არქიტექტურის სტილში იყო გადაწყვეტილი, ხოლო ინტერიერი აღმოსავლური გახლდათ. მაყურებელთა დარბაზი და ფოიე გაფორმებული იყო მხატვარ, თავად გრიგოლ გაგარინის ესკიზებით.
 გრიგოლ გაგარინის მოხატული თეატრის ფარდა
1851 წლის 8 ნოემბერს თეატრი გაიხსნა გრანდიოზული მეჯლისით, რომელსაც თბილისის მაღალი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამავე წელს მოწვეულ იქნა იტალიური საოპერო დასი, რომელმაც სამი თვის მანძილზე 12 საოპერო დადგმა განახორციელა. ნოემბერში თბილისის პირველი საოპერო სეზონიც გაიხსნა. დამსწრე საზოგადოებამ წარმოდგენის შემდეგ მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროსკენ გადაინაცვლა, სადაც მთელი ღამე ტივებზე ქეიფში გაატარა, სეზონის გახსნის აღსანიშნავად.

1853 წელს ბალეტიც დაიდგა. ამ შესანიშნავმა თეატრმა მნიშვნელოვნად აამაღლა თბილისის კულტურული ცხოვრების საერთო დონე. XIX საუკუნის II ნახ-ში თბილისი, ფაქტობრივად, "ოპერომანიით" იყო შეპყრობილი.

იმპერატორისთვის გაგზავნილ წერილში მიხეილ ვორონცოვი წერდა: "არ შეიძლება, არ გავიკვირვოთ ის გარემოება, რომ 6 წლის წინათ საქართველოში არამც თუ არც ერთი თეატრი არ არსებობდა, არამედ არც არავინ ფიქრობდა ასეთ სანახაობაზე. მიმდინარე წელს კი ტფილისში არსებობს 3 თეატრი და აქაურმა ხალხმა, რომელიც, სხვათა შორის, კარგად ითვისებს ყველაფერ მშვენიერსა და კარგს, იტალიური ოპერა აღფრთოვანებით მიიღო.

მომსახურება, რომელიც ამ რამდენიმე ხნის წინათ ნახევრად ველური სპარსული მუსიკის გარდა სხვა სიმღერებს არც კი იცნობდა, აღტაცებული იყო როსინის, ბელლინის და დონიცეტის ოპერებით. ბევრ სახლში და წარმოიდგინეთ, ქუჩებშიაც კი, ისმის იტალიური მუსიკის მოტივები და ბევრი სამხრეთელი ადგილობრივი "ტუზემცი" სწავლობს სიმღერას და მუსიკას იტალიური ოპერის აქტიორებისაგან, - ქალებისაგან და ვაჟებისაგან".

მიხეილ ვორონცოვისაგან განსხვავებით, ტფილისში მოღვაწე რუსი მოხელეები უკმაყოფილებას გამოხატავდნენ ქართული თეატრის მიმართ. მათი აზრით, ქართული თეატრი "აბორიგენი" ქართველების საბოლოო გარუსებას ხელს ძალიან შეუშლიდა, რაც ცხადია, ეწინააღმდეგებოდა იმპერატორის კარის ფარულ ინსტრუქციას.

თბილისში ჩამოსული ცნობილი ფრანგი მწერალი ალექსანდრე დიუმა თავის წიგნში "კავკასია" წერდა: "უნდა გამოგიტყდეთ, რომ ვესტიბიულში შესვლისთანავე განცვიფრებაში მომიყვანა ორნამენტის სადა და დახვეწილმა სტილმა. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს პომპეუსის თეატრის ვესტიბიულში შევედი. ზემოთა ფოიეში ორნამენტი არაბული ჩუქურთმით შეიცვალა. შევედით დარბაზში, რომელიც ფერიათა სასახლე გეგონებოდათ, არა მისი მდიდრული მორთულობით, არამედ იმით, რომ უფაქიზესი გემოვნებითაა შესრულებული. შესაძლებელია, იქ სულ ასი მანეთის ვარაყიც კი არ არის დახარჯული, მაგრამ უყოყმანოდ შეიძლება ითქვას, რომ თბილისის სათეატრო დარბაზისთანა თვალწარმტაცი დარბაზი ჩემს სიცოცხლეში არსად მენახა... ფარდა საუცხოოა (ისიც გ. გაგარინს ეკუთვნოდა). (გაგრძელება)
ლელა
14 იანვარი 2018 15:19
ერევნის კი არა ერევანსკის მოედანზე.გრაფ ერევანსკის ტიტული მიენიჭა პასკევიჩს,პირველ მეფისნაცვალს საქართველოში,იმ დამსახურებისთვის, რომ მან ერევანი გაათავისუფლა სპარსელებისგან.ვორონცოვი კი გახდა გრაფ ვარშავსკი,საქართველოდან წასვლის შემდეგ, გასაგებია,რისი დამსახურებისთვის. როცა რაიმეს წერთ,ჯერ მასალებს გაეცანით.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები