ვინ იყო გურიის თავზე ხელაღებული "პრეზიდენტი"? - კვირის პალიტრა

ვინ იყო გურიის თავზე ხელაღებული "პრეზიდენტი"?

მიუხედავად იმისა, რომ ბენია და ნადია იდეურად აბსოლუტურად განსხვავებულები იყვნენ - ქმარი მენშევიკი იყო, ცოლი კი მემარცხენე ესერი, შეუღლდნენ. თურმე ხალხი გაკვირვებული ლაპარაკობდა, - ესენი როგორ უნდა იყვნენ ერთად, იდეურად მოსისხლე მტრები არიანო...

გურიის რევოლუციურმა მოვლენებმა 1905 წელს რუსეთის იმპერია იმდენად დააფრთხო, გურიის "რესპუბლიკას" და მის "პრეზიდენტს" ბენია (ბენიამენ) ჩხიკვიშვილს თითქმის 6 თვე ვერ ახლეს ხელი. მეტიც - რუსეთმა ჯარი რევოლუციის ადგილს მატარებლით გაარიდა, რომელსაც, სტალინის ბრძანებით, რევოლუციონერები დაესხნენ თავს და ჯარს იარაღი წაართვეს. ისიც ცხადია, რომ თავად რესპუბლიკის "პრეზიდენტი", რომელსაც ზურგს უკან გურიის მეფესაც კი უწოდებდნენ, საინტერესო ახალგაზრდა გახლდათ - ჩოხატაურის ერთკლასიან სასწავლებელდამთავრებული, ბრწყინვალე ორატორული ნიჭით დაჯილდოებული 24 წლის კაცის სიტყვა აჯანყებული გურულებისთვის კანონი იყო.

ბენია ჩხიკვიშვილის წინადადებით შეიქმნა გურიის დროებითი რევოლუციური კომიტეტი, რომლის მოწვეულმა პარლამენტმა ბენია აირჩია გურიის რესპუბლიკის პრეზიდენტად - 970 ხმიდან 858 ხმით! არჩევნების შემდეგ ყმაწვილი "პრეზიდენტი" 12-კაციანი ეტლით დადიოდა ოზურგეთში და ხალხი სალამს დარბაისლურად უძღვნიდა. მის საკუთრებაში იყო აგრეთვე მატარებლის სრული შემადგენლობა, რომელსაც საჭიროებისამებრ იყენებდა. ძალამოკრებილი რუსეთი, რომელმაც გურიის რესპუბლიკაც გააუქმა და გურიაც გადაწვა, ბენიას საქართველოში გასამართლებას მაინც მოერიდა, სასამართლო ოდესაში მოუწყო და დაუჯერებლად მცირე სასჯელი დაადო - 4 წლით გააციმბირა... საბოლოოდ, ამ 24 წლის რევოლუციონერმა მეტად საინტერესო ფურცელი ჩაწერა ჩვენი ქვეყნის მატიანეში. "პირველი პრეზიდენტის" სევდიანი, მაგრამ საინტერესო ისტორია ბენია ჩხიკვიშვილის შვილიშვილის, მოქანდაკე თემურ ჩხიკვიშვილის მეუღლემ, ლენა აბდუშელიშვილმა გვიამბო.

- ბენია ჩხიკვიშვილის შთამომავლების ბედი ტრაგიკული და სულისშემძვრელია. მას სამი ვაჟი და ერთი ქალიშვილი შეეძინა. ერთი წლის ქალიშვილი უცნობმა დაავადებამ იმსხვერპლა, სამი ვაჟიდან მხოლოდ ჩემი მამამთილი, სლავა გადარჩა. ისიც იმიტომ, რომ ძმებში უმცროსი იყო და დროის შურისძიება ნაკლებად შეეხო. მისი ძმები კი დრომ გაანადგურა. მახსოვს, რა ტკივილით იგონებდა ჩემი მამამთილი ბავშვობას, მამას, რომლის სახე ბუნდოვნად ახსოვდა და დედას, რომელიც 16 წლისას გარდაეცვალა. ბენია 1924 წელს დახვრიტეს, სადღაც რუსეთის სარკინიგზო სადგურებს შორის, მერე 16 წლის ვაჟი მოუკლეს.

- ვინ იყო ბენიას მეუღლე?

- ნადეჟდა კალოევა, ვლადიკავკაზელი ოსი რევოლუციონერი, რომელიც 1905 წელს, გადასახლებისას გაიცნო ციმბირში. საოცრად ლამაზი და გაბედული ყოფილა - თავისი რევოლუციური იდეებით იმპერია ისე შეაშფოთა, რომ ციმბირის გზას გაუყენეს. იქ კი ბენია შეუყვარდა. მიუხედავად იმისა, რომ იდეურად აბსოლუტურად განსხვავებულები იყვნენ - ქმარი მენშევიკი იყო, ცოლი კი მემარცხენე ესერი, შეუღლდნენ. სხვათა შორის, თურმე ხალხს უკვირდა - ესენი როგორ უნდა იყვნენ ერთად, იდეურად მოსისხლე მტრები არიანო...

გადასახლებიდან დაბრუნებული ბენია თბილისში დასახლდა და დამოუკიდებელ საქართველოში რამდენიმე თანამდებობა დაიკავა - იყო ბათუმისა და ქუთაისის გენერალ-გუბერნატორი და თბილისის მერი.

- ერთკლასიან სასწავლებელდამთავრებული?!

- დიახ. თუმცა, ეს ერთკლასიანი სასწავლებელი სამ წელიწადს სწავლას გულისხმობდა... ეს ადამიანი ნიჭით იყო დაჯილდოებული. ვაჟკაციც იყო და თავზე ხელაღებულიც. როცა დამოუკიდებელი საქართველო დაემხო, ჯერ ემიგრაციაში წავიდა, მერე 1924 წელს ჩუმად ჩამოვიდა აჯანყების მოსაწყობად, მაგრამ დაიჭირეს და მოსკოვის ახლოს რკინიგზის სადგურზე დახვრიტეს. მატარებლიდან პერანგის ნახევზე სისხლით დაწერილი წერილი გამოატანა ვიღაცას - ამა და ამ ადგილზე ვართ, სადღაც მივყავართო...

სამი ვაჟიდან (ვიქტორი, გრიშა და სლავა) გრიშა ქუჩის ჩხუბში ვიღაცის გამოსარჩლებისას მოკლეს; ამ დროს ვიქტორი უკვე დაჭერილი იყო. სხვათა შორის, უბრალო მიზეზით - იმ ზამთარს თბილისში დიდი თოვლი მოვიდა და ბიჭებმა ციგები გააკეთეს. ცხადია, ვიქტორმაც ციგა მოინდომა და ამისთვის მეზობლად მშენებარე სახლიდან ერთი ფიცარი წამოიღო. მეზობელმა უჩივლა და მენშევიკის შვილი ციხეში 2 წლით შეაგდეს. რომ გამოვიდა, გრიშას მკვლელი ვერის სასაფლაოზე ძმის საფლავს დააკლა... ისევ ციხეში შეაბრუნეს და დედაც გარდაეცვალა. ჩემი მამამთილი, სლავა (შემდგომში ცნობილი ექიმი) კი სრულიად მარტო დარჩა. მახსოვს, როგორ დარდობდა ვიქტორზე, რომელსაც ციხემ ცხოვრება დაუნგრია... ბოლოს და ბოლოს, მოძებნა და შინ დაუძლურებული მოიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ ნატანჯი იყო და მთელი სიცოცხლე პატიმრობაში გაატარა, ისეთი მიმზიდველი გარეგნობის იყო, თვალს მოგჭრიდა... ჩემი მამამთილი კი იმით იყო გაკვირვებული, - ვიქტორი რომ წამოვიყვანე, ციხის ადმინისტრაციამ ისეთი პატივისცემით გამომაცილა, გეგონება, პრეზიდენტი მომყავდა, - მსგავსი განათლებული კაცი ჯერ ჩვენს ციხეში არ ყოფილაო. გაოგნებული იყო - ნეტა, სად მოასწრო ასეთი განათლების მიღებაო...

- გულსაკლავი ისტორიაა...

- ეს გამორჩეული ისტორიაა, რომელიც თავის კვალს ტოვებს. მე ამ კვალს პატივს ვცემ და შვილიც ასე გავზარდე. მისი დამსახურებაა, რომ ჩვენს ოჯახში შემორჩენილი ყველა საბუთი დღეს არქივში ინახება. სხვათა შორის, დიდი სიხარულით მიიღეს და შეინახეს - ისტორიას ბენიას მსგავსი ნიჭიერი ხალხი ქმნის...

ეთერ ერაძე