მამელუკი - კვირის პალიტრა

მამელუკი

უიარაღო (კონდრატე თათარაშვილი)

ქართველი ერის ისტორიაში ხშირია შემთხვევა, როდესაც მღვდელი იმავდროულად იყო დიდი მწერალი და პედაგოგი. ამ კუთხით გამოირჩევა ჩვენი მწერლობის კლასიკოსი კონდრატე თათარაშვილი - უიარაღო. საზოგადოებრივ სარბიელზე გამოვიდა, როგორც მღვდელი, პედაგოგი და მწერალი. კონდრატე თათარაშვილის უმნიშვნელოვანესი თხზულება, რომელმაც საყოველთაო აღიარება მოუპოვა ავტორს, არის ისტორიული მოთხრობა "მამელუკი" (გამოქვეყნდა 1912 წელს კრებულში "გრდემლი"), რომლის მიხედვითაც 1958 წელს გადაიღეს ამავე სახელწოდების მხატვრული ფილმი.

მკვეთრმა პატრიოტულმა სულისკვეთებამ, მძაფრ სიუჟეტთან შერწყმულმა ნათელმა და შთამბეჭდავმა სტილმა განაპირობა რევოლუციამდელი პროზის ამ "პატარა შედევრის" ფართო პოპულარობა (ტიციან ტაბიძე). მოთხრობებში: "მე და ბიძაჩემი", "ჩაიზე", "უსიამოვნო შეხვედრა", "რეაქცია", "პირუთვნელი დაფასება", "წესდება" და სხვ. მწერალი ამხელდა არსებული საზოგადოების მანკიერებას. მისი პუბლიცისტური წერილები მიმართული იყო ცარიზმის წინააღმდეგ. უიარაღოს ეკუთვნის აგრეთვე რომანი "მაძიებელნი".

მდინარე ტეხურის პირას, სოფელ უშაფათის ბოლოს, ორ მთებ შუა, საკმაო ფართე ველია გაჭიმული. ეს ველი ნაყოფია მოუსვენარი მდინარის ათი ათასი წლობით მუშაობისა. უხსოვარი დროიდან ურეცხია მას, ნაპირების გაყოლება მარჯვნივ და მარცხნივ ამართული, ხშირი ტყით და მუდამ მწვანე დაფნის ბუჩქებით დაბურული სერები; ეს ხელისგულივით სწორი ველი გაუკეთებია, სილა-დანალექით გაუპოხიერებია და ამნაირად ადამიანისთვის მშვენიერი სახნავ-სათესი ადგილი მოუმზადებია.

ადამიანიც სარგებლობს ბუნების უხვი წყალობით: ხელისგულის ოდენა ადგილს ვერ იპოვნით ამ ველზე დაუმუშავებელს, მოუხნავ-მოუთესავს.

ამ ერთ-ნახევარ საუკუნის წინადაც ამ ველზე სამარგლავი ღომის ჯეჯილი ბიბინებდა. მკათათვე იყო. მოწმენდილ, ფირუზისფერ ცაზე თავისუფლად მისცურავდა დიდებული მნათობი და ქვეყანას უხვად უგზავნიდა მაცოცხლებელ სხივებს. ფართე ველზე აქა-იქ მოსჩანდა ზოგან ერთი, ზოგან ორი, სამი და მეტიც, პერანგისამარა, თოხიანი მომუშავე. ველს აქა-იქ საჩრდილობლად დატოვებული, ლამაზად ტოტებგაშლილი ბჟოლის, იფნის და სხვა ხეც ამშვენებდა.

ერთ ალაგას სამი კაცი მუშაობდა. ერთი მათგანი მთლად ჭაღარა იყო, მეორე დაწვერულვაშებული, ხოლო მესამეს საულვაშე ოდნავ ამწვანებოდა. პირველი მამა იყო, ორნი კი მისი შვილები.

- დაჰკათ, ვაჟებო, დაჰკათ თოხები! სადილობამდე ეს სვე როგორმე ავიტანოთ, - გადასძახა მოხუცმა ახალგაზრდებს, - ღვთის შეწევნით, არ ჰხედავთ, რა ჩინებული დარია? ისე გაუხმეს სინსილა-სახსენებელი გლეხი კაცის და საქრისტიანოს მაწუხებელს, როგორც დღევანდელ მოჭრილ ღვარძლს სამუდამოდ ძირი გაუხმეს. ო...ო... შენი გულისა, რა ალ-ცეცხლს უკიდებს მადლით მოსილი!

- მე კი ვერ გამიგია, ბაბა, - შენიშნა უფროსმა შვილმა გიგომ, - საიდან გაჩნდა ჩვენს ყანაში ამდენი ჭოჭყოტი და დოლოკეტი? მგონია, შარშან ორჯერ გავმარგლეთ, ეგ ოხერი. თითქოს ღვარძლის ყური არ დაგვიტოვებია და წრეულს, შეხედე, კვალამოსაგდებ თათრის ლაშქარივით დასევია ისევ ჩვენს ყანას!

- კაი დახსომება გცოდნია, - სიტყვა მოუჭრა უმცროსმა ძმამ, მალხაზიამ, - ბიჭო, შარშან ეს კუთხე ერთხელაც არ გაგვიმარგლავს ხეირიანად. აი იქ, ქუჩურა კოპიტის გაყოლება, მართალია, ორჯერ გავმარგლეთ და კიდევაც, თუ სქლად ამოსულ ღომს დავარიგებთ თორემ, მარგვლა არც კი სჭირდება.

- მართალს ამბობ, შვილო, - დაემოწმა მამაც, - ხომ გახსოვს, ბაბაია, ვერ მოვასწარით მაშინ ამ მუხუროს გამარგვლა, არ დაგვაცალეს ღვთისა და კაცის მიერ მოძულებულებმა. მიუხედავად ჩემი ჭაღარა წვერისა და ხელ-ფეხის სისუსტისა, მე, იმერეთისკენ სალაშქროდ წავჩანჩალაკდი.

ყველა წმინდა ხთიშობელო, - თვალები ზევით აღაპყრო მოხუცმა, - შენ მოუსწრაფე დღე ყველა უთავბოლო შფოთის ამტეხს, ძმათა შორის ხოცვა-ჟლეტის მოსურნეს! ღმერთო, შენ გაუმარჯვე სოლომონ იმერთა მეფეს... ხრესილთან კი გვარიან კარგა ჩაუკაკუნა იმ ურჯულოებს, ჩაუძაღლებია ის ძმათა მოღალატე ლევან აბაშიაც.

ღმერთო, შენ გაუმარჯვე!

- მართლა, მომაგონდა! მაშინ მეც ხომ ორი კვირა გავცდი, სალაშქროდ წამსვლელთა უნაგირების შემკეთებელს ვეხმარებოდი. - ცოტა არ იყოს დარცხვენით სთქვა გიგომ. - ოჰ! რამდენი ვზილე მაშინ აყროლებული ღვედი! დასწყევლის მაგათ ყული და ქიაჩი! ყანა კი გაუმარგლავი მიგვირჩა და ახლა ორკეცი შრომა სჭირია.

სამთავემ მარჯვედ დაჰკრეს თოხი. სილანარევ, მსუქან ნიადაგში ბასრ რკინამ ჩახა-ჩუხი გაადინა.

- საცა წონა-სამართალია, სადილობის დროც კია, - სთქვა მალხაზიამ.

მოხუცმა შუბლზედ ხელი მიიდო და მზეს შეხედა.

- მართლაც და შუადღეს ბევრი არ უკლია, - აუჩქარებლად წარმოსთქვა მან, მუშაობა შეწყვიტა და თოხის ტარზე დაეყრდნო, - ბიჭო, ივაკია და ფილუია ხომ წავიდნენ სოფლისკენ მესადილე დედაკაცების თანამგზავრად ალბათ, საცაა გამოჩნდებიან. ვერ მოასწრებდნენ საწყლები, ვერ მოასწრებდნენ, ბაბაია. ვაი, ახავაი! როცა ბევრთან გვაქვს საქმე, მუდამ ასეა, დროით თავს ვერ მოუყრი. ზოგს რა უჭირს და ზოგს რა. ავადმყოფობაც რომ არ გვასვენებს.

ქუჩუს დედა ხომ ლოგინში მწოლიარე ავადმყოფია და წვრილფეხობით ხელფეხშეკრული მისი რძალი მაია დროით ვერ მოიცლიდა. ბიტას ცოლიც ავად გამხდარა... თორემ საბრალო დედათქვენი? სადილი რა ხანია დამზადებული ექნება, მაგრამ მარტო ხომ ვერ წამოვიდოდა. იძულებული იქნება სხვებს მოუცადოს.

- მოგშივდა, ბიჭო, ბაღანა! - გაეხუმრა გიგო მალხაზიას, - აი, გაიხარე, მოდიან.

მართლაც, მდინარე ტეხურის გაყოლება მიმავალ სასოფლო გზაზე ორი თოფით შეიარაღებული კაცი გამოჩნდა, მათ უკან თხუთმეტიოდე მხარზე კალათგადებული დედაკაცი მოსდევდა.

ქალები ველზე თავიანთ მომუშავეებისაკენ გაიფანტნენ. ჩვენ ნაცნობ მომუშავეთკენაც გამოეშურა ერთი შუახნის, გამხდარ-გამხდარი, მაგრამ მხნე და თამამი გამომეტყველების დედაკაცი. გვერდით შვიდი-რვა წლის ვაჟი მოსდევდა. ბავშვს მხარზე, თუმცა კარგა მოზრდილი დოქი ედგა, მაგრამ მაინც თამამად მოაბიჯებდა, დედას წინ თუ არ უსწრებდა, უკან არა რჩებოდა.

- ეს ვინ მოდის! ეს ვინ მოდის! ჩემი ხვიჩა, ჩემი ბაბაია, ჩემი გულის გამხარებელი? - მიეალერსა შორიდანვე ბავშვს მოხუცი. - ბაბაია, თხები ხომ არ დააბნიე, შენ შემოგევლოს ჩემი თავი?!

- არ დაიჯერა, თოლიგე, საშველი არ მომცა, ყანაში წამიყვანე და წამიყვანეო. რაც თხები მორეკა, სულ ბუზღუნით თავი მომაბეზრა. მართალი უნდა ვსთქვა, ეს დოქი სახლიდან მარტოდ-მარტო წამოიღო, - სიცილით სთქვა ქალმა, ქუჩურა ბჟოლის ძირას კალათი მოიხსნა და ჩითის ჭრელი მანდილით გაოფლიანებული პირისახის წმენდას შეუდგა.

- კარგი, ბაბაია, კარგი, ჩემო გულის გავლავ, თხები კი არ დააბნიო შენ შემოგევლე, თორემ ყველი და მაწონი, შენ რომ გიყვარს, არ გვექნება, - კვლავ მიეალერსა ბავშვს მოხუცი, მუშაობას თავი დაანება და ქუჩურა ბჟოლისაკენ გაემართა.

ყველანი ბჟოლის ჩრდილქვეშ ჩამოსხდნენ.

დედაკაცმა კალათიდან წაბლისა და წიფლის მწვანე ჟვერი ამოალაგა და ფხვიერ მიწაზე სუფრის მაგივრად დააფინა. მაზედ, ახლად ამოღებული, ჯერ კიდევ თბილი ღომი დააწყო; ღომს შიგადაშიგ ყველის ნაჭრები ჰქონდა ჩარჭობილი, ერთი მოზრდილი ნაჭერი ცალკეც იდო.

- ჩალამკალამი არ მოიტანე? - დაეკითხა ცოლს მოხუცი. - ბეჩა, რად დაგაგვიანდა! ამ შენმა ვაჟებმა კინაღამ ყელში ბაწარი მომიჭირეს, ყმაწვილები არიან, დროზე ჭამა უნდათ, - ხუმრობით ამბობდა მოხუცი... - ჰაი, ჰაი, დედაკაცო, რაც სიბერე შემეპარა, მას აქეთ აღარაფრად მაგდებ... მაგრამ მომიფრთხილდი! ხშირ გვალვას, ხომ იცი, ჭექა-ქუხილი და ჟუჟუნა წვიმა მოსდევს!

- უი, თვალიც დაგიდგეს! რაებს ბოდავს ეს ქვესკნელში ჩასაძრომი, - ხუმრობითვე შეუტია ცოლმა და თანაც ტუჩზე მხიარულმა ღიმმა გადაურბინა, - ჩალამკალამს რავა არ მოვიტანდი, - ამბობდა ქალი და კალათაში რაღაცას ეძებდა - აი ჩალამკალამი! რად დაიგვიანეო? ასეთ ყოფაში ისიც კარგია, ამ დროს მოვაწიეთ. ერთს ავადმყოფი უწევს, მეორეს ბატონის სასახლეში ღომი აქვს საცეხვავი, მესამეს იქვე შალი აქვს საქსოვი. სანამ ყველა თავს მოიყრის, დრო და ხანი გადის. ახლა შეიარაღებულ გამცილებლების მოსვლას უნდა უცადო. ღმერთო, ჩვენი ცხოვრება რა ცხოვრებაა! ვითომ მოვესწრებით ისეთ დროს, სადილი ყანაში უთოფ-უიარაღოდ მიგვქონდეს? ამ ზღვა-მდინარის გამოსვლაც ერთი ჭირია სწორედ! ვარცლის ტოლა ნავში ყველანი ერთბაშად ვერ ჩავეტიეთ, ხელმეორედ უკან დასაბრუნებელი შეიქმნა ნავი და ერთხანს დავბანდდით...

- კარგი, კარგი, თოლიგე! ნუ მიაყოლე საბაია დიაკონივით, - კვლავ გაეხუმრა ცოლს მოხუცი. - მე და შენ, ბეჩა მოვრიგდებით! ხვიჩა, ბაბაია, ერთი ამ ჩალამკალამში დამისხი ის ძირკურთხეულის მონასხამი. თუ ყელი არ ჩავისველე, ისე ტყუილია, ლუკმას ვერ გადავყლაპავ.

სახით ცქვიტმა, თვალებბრიალა და ნიკაპმოგრძო ბიჭმა დოქს მწვანე ფოთლებისაგან გაკეთებული თავსაცობი მოხადა და ბროწეულის ფერი ღვინო ჩალამკალამში დაასხა.

მოხუცმა სავსე ჩალამი ხელში დაიჭირა, სასოებით ზევით აიხედა და წარმოსთქვა: ღმერთო, დიდობა მოგეხსენა, ღმერთო. შენ იყავ ჩვენი მფარველი, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა დაამყარე, მებატონეთ შორის დაუსრულებელ მტრობა-ქიშპობას ბოლო მოუღე, ურჯულო დაამარცხე, ქრისტიანობა აღამაღლე. გაუმარჯვე და კეთილად წარუმართე ყოველ საქმეში მაფა (მეფე) სოლომონს. მაგას კი ვენაცვალე. ბრძანება გაუცია, ვაჟებო, თურმე, ვინც ოსმალეთში ტყვის გაყიდვას გაბედავს, ერი, ბერი, სულერთია, თუნდ ჭყოინდარიც (ჭყონდიდელი) რომ იყოს, არ დავინდობ, თვალებს დავთხრიო... ო... ოხ! შენ რომ მოგისხა, იმ ბრუნდე ვაზს ვენაცვალე! - აუჩქარებლად წარმოსთქვა მოხუცმა, როცა ჩალამკალამი გამოსცალა, წვერ-ულვაშზე ხელი მოისვა და აქა-იქ დავარდნილი ღვინის წინწკლები მოიწმინდა.

დასხდნენ სადილად მაშვრალნი და მადიანად ჭამას შეუდგნენ. პატარა ხვიჩაც გვერდში მოუჯდა მამა-ძმათ და თუმცა შინ უკვე ესადილნა, მაგრამ სხვების წაბაძვით, ისე გემრიელად ილუკმებოდა, თითქოს სამი დღე ლუკმა არ გაუღეჭიაო.

- ის ვინ უნდა იყოს, ბაბაია? აბა, შვილო, გიგო, ერთი გაიხედე, იმ შარაგზაზე ცხენოსანი ვინ მიდის? ნეტავ, ვინ უნდა იყოს? ჰეპე გუშა, სადა ხარ დროებავ! როგორ მირბის დრო, თვალსაც დამაკლდა, ეგ სანგარო! ხეზე ჩამოკიდებულ კვერცხს სამოცი ნაბიჯის მანძილზე ტყვიით შუა ვხვრეტდი, - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა მოხუცმა, - ახლა კი ცხენოსან კაცსაც ვერ ვარჩევ ხეირიანად.

გიგომ და მალხაზიამ ცხენით მიმავალს თვალები დააშტერეს.

- ე... ს... ვინ უნდა იყოს? მურზაყან რევიას ჰგავს, - სთქვა გიგომ.

- უეჭველად მურზაყანია, ნაბდის ტარება ზამთარ-ზაფხულ იმან იცის ხოლმე, - კვერი დაუკრა მალხაზიამ.

- მურზა რევიაო? აბა, ქალო, გაქვს თუ არა კიდევ ღომი კალათაში? ყველი გვაქვს? - საჩქაროდ დაეკითხა მოხუცი ცოლს.

- ღომი ორი ჩოგანი კიდევ მაქვს. ყველიც მაქვს, მაგრამ ასეთი მცირე რამ როგორ გაებედება, შე დამწვარო, უცხო სტუმარს. იქით არ გადაირიო, არ მოიპატიჟო, + - უშლიდა ცოლი.

- შენ რა იცი, უტვინო დედაკაცმა! აბა, ბაბაია, მურზაყანს ერთი ჩალამი ღვინო უნდა დავალევინო. შევთავაზებ, იმედი მაქვს, არ გამაწბილებს. ე... ხე... ხე ნანაია შური, დავღლილვარ, - ჩაიკვნესა მოხუცმა, მძიმე-მძიმედ ზეზე წამოდგა და გზად მიმავალი ცხენოსნის მისაგებებლად გაემართა.

KvirisPalitra.Geუიარაღო - მღვდელი, პედაგოგი, მწერალი...

თათარაშვილები კახეთის მეფე ალექსანდრე დიდმა თავის ქალიშვილს მზითვად გაატანა თან, როდესაც იგი ცოლად გაჰყვა სამეგრელოს მთავარ დადიანს. ასე მოხვდნენ თათარაშვილები კოლხეთში. ზეპირი გადმოცემით, სწორედ ამ გლეხების უუფლებო მდგომარეობას უნდა ასახავდეს მწერლის მიერ არჩეული ზედწოდება - უიარაღო. პირველი თათარაშვილი, რომელიც საზოგადო სარბიელზე გამოჩნდა, იყო მარკოზი, რომელიც მღვდლად აკურთხეს და მსახურობდა სამხედრო ნაწილში. უიარაღოს უმცროსი ძმის, კალისტრატე თათარაშვილის ცნობით, "მამელუკში“ გამოყვანილი მღვდლის, მარკოზ ლაბაძისა და მისი მეუღლის პროტოტიპები - პაპა მარკოზი და მისი ცოლი ყოფილან.

მღვდელ მარკოზ თათარაშვილსა და მის მეუღლეს, მარიკა ესებუას შვიდი ვაჟი და სამი ქალი გამოუზრდიათ. ვაჟთაგან იესე, ივანე და ტიმოთე - ერისკაცებად დარჩენილან, ხოლო ეგნატე, ანდრია და დავითი - სასულიერო პირები გამხდარან. დავითი ჯერ კიდევ მთავარდიაკვანი ყოფილა აბაშაში, როცა მის მეუღლეს, აღათი ჩიტაიას 1872 წლის 2 სექტემბერს, შესძენია პირველი ვაჟი, რომლისთვისაც კონდრატე დაურქმევიათ და სამეგრელოს დედოფალ ეკატერინე დადიანისათვის მოუნათვლინებიათ.

1879 წელს კონდრატე სამეგრელოში სენაკის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს. მისი მასწავლებლები იყვნენ ცნობილი მოღვაწეები - ვასილ ბარნოვი და სტეფანე ძიმისტარიშვილი. წარჩინებული მოსწავლე თბილისის სასულიერო სემინარიაში უგამოცდოდ ჩაირიცხა. სწორედ ამ დროს დაიწყო წერაც. მოგვიანებით, მან სწავლა განაგრძო კიევის სემინარიაში, რომელიც 1894 წელს დაასრულა და სამშობლოში დაბრუნდა. კონდრატემ წერილი გამოუგზავნა მწერალ სოფრომ მგალობლიშვილს და აცნობა სურვილი - ემსახურა ხალხისთვის, როგორც მღვდელსა და პედაგოგს.

1896 წელს, 24 წლის იგი მღვდლად აკურთხეს. თავდაპირველად მღვდელი კონდრატე ზუგდიდის მაზრის სოფელ კირცხში მსახურობდა, სადაც ჩამოაყალიბა სამრევლო სკოლა. თანამედროვენი იხსენებენ, რომ იგი ღარიბ მოსწავლეებს თავად ურიგებდა უფასოდ წიგნებსა და რვეულებს. 1902 წ. თბილისში იოანე ნათლისმცემელის რუსულ ეკლესიაში აგრძელებს მსახურებას.

მან ამ ეკლესიასთან გახსნა ქალთა სკოლა, რომლის გამგეც თვითონ იყო და პარალელურად პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა კუკიის სამისიონერო სკოლაში. მღვდელი კონდრატე მკაცრად ილაშქრებდა სასულიერო სემინარიიდან ქართველი სტუდენტების გარიცხვის წინააღმდეგ.  1906 წელს იგი დაესწრო თბილისის სამღვდელოების კრებას, რომელზეც ძირითადი მოთხოვნა იყო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. ამის გამო მას დევნა დაუწყეს, რამაც აიძულა დაეტოვებინა ქვეყანა. კონდრატე ბრიუსელში გაემგზავრა სწავლის გასაგრძელებლად და გეოლოგიის დოქტორის ტიტულით  დაბრუნდა საქართველოში.

გერონტი ქიქოძის თქმით „მღვდელი კონდრატე თავისი ოპტიმიზმით და სიცოცხლის სიყვარულით საუკეთესო წარმოდგენას იძლეოდა ქართველი ხალხის ენერგიაზე".

საქართველოში დაბრუნების შემდეგ კონდრატე თათარაშვილი მუშაობდა ჯერ უნივერსიტეტის გეოლოგიის კათედრის ასისტენტად, შემდგომ, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის გეოლოგიურ განყოფილებაში.

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)