"შეყვარებული" სააკაშვილი, "სინ პოლკა", "ხულიგანი" ბაღათურია და თენგიზ არჩვაძის "მოგონებები წისქვილიდან"
01-06-2017
"შეყვარებული" სააკაშვილი, "სინ პოლკა", "ხულიგანი" ბაღათურია და თენგიზ არჩვაძის "მოგონებები წისქვილიდან"
1-ლი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. გთავზობოთ ცნობილი ადამიანების ბავშვობის მოგონებებს:

"მოგონებები წისქვილიდან"

თენგიზ არჩვაძე, მსახიობი:

"ვორონცოვზე დავიბადე და გავიზარდე, ჩვენ გვერდით გერმანელი ებრაელის - მიხეილ როიტენბერგის ოჯახი ცხოვრობდა. ბრწყინვალე ხალხი იყო. მათი წყალობით რუსულიც ადრე ვისწავლე.

ერთადერთი ვაჟი ჰყავდათ, ომში წაიყვანეს. აღარ დაბრუნებულა. რომ წამოვიზარდე, თავისი სითბო და ყურადღება ჩემზე გადმოიტანეს. საერთო დიდი აივანი გვქონდა და საერთო სამზარეულო. იქ გვედგა ნავთქურები და ერთად მზადდებოდა სადილი.
მაშინ თბილისში თითო-ოროლა მანქანა
დადიოდა. მიხეილს შავი "ემ ადინი" ჰყავდა. მოაყენებდა ამ მანქანას, ჩაგვსვამდა ბავშვებს და გვასეირნებდა, მუშტაიდში წაგვიყვანდა, ფუნიკულორზე აგვიყვანდა… კანფეტებს გვიყიდდა. მერე სურამში გადავიდნენ საცხოვრებლად, იქ ცხოვრობდნენ პატარა სახლში, ჩავდიოდი ხოლმე მათთან. თუ გასვლითი სპექტაკლი იყო და აფიშებზე ჩემს გვარს ნახავდნენ, დიდი სიხარულით მეგებებოდნენ. ამ ურთიერთობას სიტყვები
აღარც სჭირდებოდა.

პირველად რაჭაში რომ ჩამიყვანეს, 8 თუ 9 წლის ვიყავი. ბებია-ბაბუა მყავდა იქ, დედულების მხრიდან. იქ მომისწრო ომის გამოცხადებამ. ბებიას პატარა წისქვილი ჰქონდა. დავყავდი ღამით, საფქვავს რომ წაიღებდა. მეორე ბებიასაც ჰქონდა წისქვილი. წისქვილთან, როგორც სულიერ არსებებთან, ისე მივდიოდი ხოლმე. მე საგზლად წისქვილის სითბო და სიყვარული მომქონდა.

ჩემი პირველი მოგონებებიც წისქვილიდან იწყება. მართალია, თბილისში ყოფნის დროიდანაც მახსოვს რაღაცები, მაგალითად, მამას რომ დავყავდი კოჯორში, წაღვერში, მაგრამ ასეთი მძაფრი მოგონებები არ დამრჩა.

მამა შუატანის კაცი იყო, ძალიან მომხიბვლელი. მე დედას უფრო ვგავდი… სამი წლისას მისწავლია წერა-კითხვა. მამასთან ძალიან ახლოს ვიყავი. ლიტერატურაზე ვსაუბრობდით. თავდავიწყებით მიყვარდა ლიტერატურა. ჯავახიშვილი და რობაქიძე რომ აკრძალული იყო, ჩვენ შინ გვქონდა 1914, 1916-17 წლებში გამოცემული წიგნები, გალაკტიონის "არტისტული ყვავილები"… მამა მარიგებდა, ამაზე კრინტი არ დაძრაო და მეც გარეთ სიტყვა არ მითქვამს…

კარგად ვხატავდი და სკოლის გაზეთებს მაფორმებინებდნენ. IX კლასში რომ ვიყავი, გადავწყვიტეთ, გამოგვეცა არალეგალური გაზეთი. მასალები დაწერილიც კი გვქონდა. ერთ-ერთი მეგობრის დედის ძმამ, კვასხვაძე იყო გვარად, გადაგვარჩინა, - ეგ არ გაბედოთ, თავს დაიღუპავთო… კიდევ კარგი, თორემ ომის შემდგომ წლებში ამას რა მოჰყვებოდა, ხომ იცით… (იხილეთ სრულად)

"პარლამენტის დეპუტატის როლს ვასრულებდი"


მიხეილ სააკაშვილი ექსპრეზიდენტი:

"მშობლების გადმოცემით ცელქი ბავშვი ვყოფილვარ. მაშინ გაცილებით ბევრს ვკითხულობდი და ამდენად, თავი წყნარად მახსოვს. სასმელს ბავშვობაში "გავეყარე" - უკანასკნელად 13 წლის ასაკში დავთვერი. მოგვიანებით კი სიგარეტი უარვყავი - მე-10 კლასის შემდეგ აღარ ვეწევი.
მე-10 კლასში ვიყავი, ფილმში "გამოგონილი სამყარო" რომ ვითამაშე. პარლამენტის დეპუტატის როლს ვასრულებდი.
როგორც წესი, ყველა ქართველი პირველად ბაღშია შეყვარებული. მე სიყვარული პირველ კლასში მეწვია..."

"სინ პოლკა"

ჯანსუღ ჩარკვიანი, პოეტი:

"1942 წელია, 11 წლის ვარ და იმდენად ძლიერი იყო ჩემს ტოლებში პატრიოტული მუხტი, რომ ომში გაპარვა გადავწყვიტეთ. ამაში დიდი როლი ქართული ენის მასწავლებელმა, სუხიშვილების ქალმა, დეიდა ნინომ ითამაშა, რომელიც საბრძოლო ლექსებს გვაზუთხებდა და გვაკითხებდა.
გავიხედოთ და, ერთი იდიოტი რუსი კაპიტანი გავიცანით, ახალგაზრდა კაცი, ჩვენი განზრახვა მოეწონა და გვეუბნება:
- ვი ბუდეტ სინავია პალკა!
ანუ, პოლკის შვილებად მიგიღებენ და ომში მონაწილეობას მიიღებთო. დავთქვით დრო, სამ მეგობართან ერთად მატარებელში შეგვაპარა და დავიძარით.
თურმე, ერთმა მეგობარმა "ჩაგვიშვა" და ალბათ, გადაგვარჩინა კიდეც. ვიდრე მატარებელმა ჩერებ-ჩერებით იარა, მშობლები მცხეთასთან დაგვეწივნენ და ძირს ჩაგვყარეს".

"შატალო"

ჯონდი ბაღათურია, პოლიტიკოსი:

"პირველი "შატალო" კარგად არ მახსოვს, რადგან არც ვიცი, როდის იყო. მუდმივად ონავარი ვიყავი და ხან ქიმიის ლაბორატორიიდან ვიპარავდი მაგნიუმს და ვაფეთქებდი და ხან რას ვაფუჭებდი. ეს "შატალო" კი, რასაც მოგიყვებით, მაგარი იყო იმით, რომ ბავშვები შევზარხოშდით და სკოლიდან გაპარულებს სკოლაზე აგვიჩუყდა გული. დავბრუნდით უკან და სახურავზე ავძვერით. იცით, რა ხვეწნა- მუდარა იყო ჩვენს ჩამოსვლაზე? "პაჟარკამანდის" მანქანები და რა არ მოიყვანეს.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

...
12 ივლისი 2017 20:54
დაბრეცილი სკამები მოგენატრათ?
sandra rulovsi
13 ივნისი 2017 10:09
axa,turme bavshobidanve moqaltane kopilxar mishiko me ki megona prezidentobisas mogedzala qalebis mimart midrekileba babrovkas xom aravin giyrida sasmelshi an sahmelshi
სარა
02 ივნისი 2017 14:42
ნეტა რითაა სხვაზე ნაკლები სააკაშვილი ცოდნით,განათლებით თუ ენების ცოდნით თუ სამშობლოს სიყვარულით.შეცდომა ვის არ მოსვლია

რედაქტორის რჩევით