"მეზობელმა სომხებმა გამაფრთხილეს, ამ ტანკს უფრთხილდი, აფხაზთა დამსჯელი რაზმები დარჩენილ ქართველებს აგროვებენო" - კვირის პალიტრა

"მეზობელმა სომხებმა გამაფრთხილეს, ამ ტანკს უფრთხილდი, აფხაზთა დამსჯელი რაზმები დარჩენილ ქართველებს აგროვებენო"

- მშვიდობით, აფხაზეთო! - ეს უჩუმარი გამოსალმებაც იყო და ფუძე-კერაზე მიბრუნების ნეტარი სურვილიც

სოხუმის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის თანამშრომელი, ფიზიკოსი ბენო მსხალაია ომის შემდეგ აფხაზეთში ჩარჩა. ქართველთა დაბრუნების მოლოდინში, ჯერ მეუღლესთან, შემდეგ კი მარტოდმარტოს თითქმის ორი წელიწადი მოუწია სოხუმში ყოფნამ.  აფხაზეთში ჩარჩენილი ქართველის მონათხრობი ომის შემდგომი პერიოდის დღემდე უცნობ დეტალებს მოიცავს. იგი პირველად, ექსკლუზიურად ქვეყნდება "კვირის პალიტრაში":

სიცოცხლეს ჩალის ფასი აქვს...

ჯერ კიდევ ომამდე, წებელდიდან 3 კმ-ის დაშორებით, მაღლობზე, ეზო-კარი შევიძინე. იმ ადგილს კესიანოვკას უწოდებდნენ. ირგვლივ მოსახლეთა უმრავლესობას სომხები შეადგენდნენ, ანუ იმათი შთამომავალნი, ვინც თურქეთში გენოციდს გადაურჩა და თავი საქართველოს შეაფარა. გარშემო შემოჯარულ მთებსაც თურქული სახელები შეარქვეს ხიზნებმა. ასე გაჩნდა ზღვისპირეთის ერთ-ერთ ხეობაში ჩანი, ჩინი, აპიანჩა.  ქართველი ვერც წარმოიდგენდა, რომ გავიდოდა საუკუნე და ქართულ მიწაზე ფეხმოკიდებული სომხური დიასპორა ქართველთა ხოცვა-ჟლეტით გაითქვამდა სახელს!..

27 სექტემბერს ქალაქში წასვლა დავაპირე ჩემი "ჟიგულით", ბენზინის საშოვნელად. მაჭარასთან ტანკისტებმა უკან დაბრუნება მირჩიეს. აგუძერაში შვილის ბინა დაკეტილი დამხვდა. გემში მოუსწრიათ ჩასხდომა. მათთან დამშვიდობება ვერც მოვასწარი... მოკლედ, მე და ჩემი მეუღლე ბედის ანაბარად ჩავრჩით წებელდაში.

28 სექტემბერი. სოხუმისკენ გადაადგილება შეუძლებელია. გამუდმებით ისმის სროლის ხმა. გზაზე ტანკები მიმოდიან. ერთი რატომღაც უხმაუროდ დგას, თითქოს ვიღაცას ზვერავსო. მეზობელმა სომხებმა გამაფრთხილეს, ამ ტანკს უფრთხილდი, აფხაზთა დამსჯელი რაზმები დარჩენილ ქართველებს აგროვებენ, ზოგს ადგილზე ხვრეტენ, ზოგიც - თან მიჰყავთო.

29 სექტემბერი. გზაზე გასვლა აღარ შეიძლება, ვინ იცის, რომელ ჯგუფს ჩაუვარდები ხელში. სიცოცხლეს ჩალის ფასი აქვს!.. ელექტროენერგია გამორთულია. საინფორმაციო ვაკუუმში ვართ.  იმავე დღეს, წებელდის ცენტრიდან დაბრუნებული ორი მეზობელი მიყვებოდა: 12-13 წლის ქართველი ბიჭი ეხვეწებოდა თურმე "ბოევიკებს", მერხეულამდე როგორმე მანქანით წაეყვანათ, რომ გაეგო, მშობლები ცოცხლები იყვნენ თუ არა. "ბოევიკებმა" ბიჭს ურჩიეს, შენი წასვლა იქ არ შეიძლება, მოგკლავენო. იქ მშობლები მყავს დარჩენილი და თუ ასეა, მირჩევნია აქვე მომკლათო - არ მოეშვა თურმე ბავშვი. ამ სიტყვებზე  ბოევიკს ავტომატის ჯერით დაუცხრილავს ბიჭი...

ღამეული დატირება

"ბოევიკები" ქართველთა სახლებს ჯერ ძარცვავდნენ, შემდეგ კი ბენზინს ასხამდნენ მოშორებით დადგებოდნენ და ერთი გასროლით წვავდნენ.

მთელი კვირა იწვოდა წებელდა!..

როგორც კი მოსაღამოვდებოდა, ეულად მდგარ, გამჭვარტლულ ბუხრებთან იწყებოდა პატრონების გარეშე დარჩენილი ძაღლების მოთქმა,  შემზარავი გლოვის ზარი ერთი თვის განმავლობაში სოფელს გარს უვლიდა...

ქართველებისთვის თავგანწირული აშოტი

წებელდის ცენტრში, საგუშაგოს სიახლოვეს, 7 ქართველის ცხედარი მთელი კვირა ეყარა ქუჩაში, მათ შორის 3 ჯარისკაცისა იყო. "ბოევიკები" მათ მიწაში ჩაფვლას კრძალავდნენ. განსაკუთრებული გულისტკივილით ამას ქართველ ბიჭებთან თანშეზრდილი აშოტი განიცდიდა. რჩევა მთხოვა, შეუმჩნევლად როგორ დავმარხო უბედურებიო... მეც ვურჩიე, დიდი საფლავი გაეთხარა, ოღონდ ღამით. მიცვალებულთა გვარი, სახელი, მამის სახელი და წლოვანება ქაღალდზე დაეწერა, პოლიეთილენის პარკში გაეხვია და თითოეულისთვის ჯიბეში ჩაედო, საბუთები კი ჩემთვის გადმოეცა.

აშოტმა შვიდივე მიაბარა მიწას. ეს რა თქმა უნდა, შეუმჩნეველი არ დარჩენიათ "ბოევიკებს". გამთენიისას სახლში მიაკითხეს. აშოტი უკანა კარიდან გაპარულა. ათი დღის შემდეგ მისმა მეუღლემ მითხრა, რუსეთშიაო... ცოტა ხანში მეუღლეც გაქრა. ასე დაიკარგა ცნობები იმ 7 დაღუპულის შესახებაც.

გენოციდი გრძელდება...

სოფელ ესტონკაში ქართველები "ბოევიკებმა" საკუთარ ეზოში ჩახოცეს. ორი ოჯახის 7 მიცვალებული 10 დღე დაუმარხავი იყო, "ბოევიკები" ყოველდღიურად ამოწმებდნენ. ცოცხლად გადარჩენილმა ერთ-ერთი ოჯახის დედამ  თვითონვე გათხარა ღამით დიდი საფლავი,  გააპატიოსნა  მიცვალებულები, რის ვაი-ვაგლახით მოათავსა საერთო სამარეში და მიწა მიაყარა... ეს გმირი ქალი ლილი კაკულიაა, დღეს თბილისში ცხოვრობს... დევნილად.

წებელდელებს კარგად ახსოვთ პლატონი, ფოსტის გამგე. წესიერებით გამორჩეული ხანში შესული კაცი სოფლის ცენტრში მდებარე საგუშაგოსთან ყოველ დილით ჩაივლიდა და "ბოევიკებს"... ქართულად მიესალმებოდა, - გამარჯობათო!

თვითონ საგუშაგოდან 150 მეტრში ცხოვრობდა. ერთ დღესაც დამალულ ქართველებთან საჭმელი მიჰქონდა... თავისი ჭიშკრიდან ესროლეს...

მაკოსი

სომხურ ბატალიონს ხელმძღვანელობდა ბოროტმოქმედი, მეტსახელად მაკოსი (ის ყარაბაღის კონფლიქტის მონაწილეც იყო). მაკოსი სოჭში ცხოვრობდა, მამამისი გევორა  - წებელდაში. მაკოსის და ჩემს მეზობლად ცხოვრობდა, სიძეც ამ ბატალიონის წევრი იყო. როდესაც საომარი მოქმედებები დამთავრდა, მაკოსმა ორი სატვირთო მანქანა ჩამოიყვანა და ექვსჯერ გაზიდა ქართველების ოჯახებიდან ნაძარცვი. შემდეგ აფხაზეთიდან ბასაევთან ერთად გაემგზავრა... ცოტა ხნის შემდეგ მაკოსი სოჭში მოკლეს!

ბევრი ქართველი იყო წებელდის მახლობლად მდებარე ტყეებში გახიზნული. "ბოევიკები" ახალგაზრდა ქართველ მამაკაცებს (უიარაღოს თუ იარაღიანს) არ ინდობდნენ და ხოცავდნენ. ბავშვები, ქალები და მოხუცები კი მიჰყავდათ ბაგრამიანის შტაბში (წებელდაში, მაკოსის მამის სახლში). მაკოსი წებელდიდან ჩრდილოკავკასიელ "ბოევიკთა" ბატალიონებსაც მართავდა.

მაკოსმა აზანთიდან წებელდაში ტყვედ ჩამოაყვანინა აფხაზეთში ცნობილი მეურნე და ბიზნესმენი ზელიმხან დგებუაძე. თავისი ბიძაშვილის ოჯახში შეხიზნა, სამაგიეროდ, ზელიმის დიდი ჯოგიდან, ყოველდღიურად ერთი ან ორი ძროხა იკვლებოდა და ხორცი ბატალიონებში ნაწილდებოდა.

მაკოსის აფხაზეთიდან წასვლის შემდეგ ზელიმხან დგებუაძე ერთხანს ჩემთან ცხოვრობდა. როცა აფხაზებმა გადაწყვიტეს ბრძოლის გაგრძელება დალის ხეობისკენ, ბატონ ზელიმს წინადადებით მიმართეს, ქართველებთან მისულიყო და მოლაპარაკება ეწარმოებინა უბრძოლველად დანებებაზე. ზელიმს შეეძლო "ბოევიკები" მოეტყუებინა, წასულიყო ხეობაში და უკან აღარ მობრუნებულიყო, მაგრამ ამ მისიით წასვლა არ იკადრა! მცირე ხნის შემდეგ ზელიმმა აფხაზეთი დატოვა.

კიდევ ერთი საგულისხმო ფაქტი მინდა გავიხსენო: ლათის მისასვლელთან არსებული ორი გვირაბი პირველმა მაკოსმა გაიარა ფეხით, დაზვერვის გარეშე. გაირკვა, რომ ისეთი სტრატეგიული წერტილი, როგორიც ლათის გვირაბები იყო, ქართველებს არ დაუნაღმავთ. რატომ? ვის აქვს ამაზე პასუხი? "ბოევიკებიც" გაკვირვებულნი იყვნენ, ისე თავისუფლად გაიარეს ჩხალთამდე.

ჩხალთიდან ტანკები ხშირად ჩამოდიოდნენ კესიანოვკაში. რუსულ ტანკებს დიზელის საწვავი ჩამოჰქონდათ გასაყიდად. ოცლიტრიანი კანისტრა... ოთხ ლიტრ არაყში იცვლებოდა. წარმოიდგინეთ, ტანკით 40 კმ-ის გავლა მთებში... გენერალი ტანკში ზის და ჯარისკაცი "ბარტერზე" მუშაობს!..

"А ми помирились!"

მერხეულიდან შემატყობინეს, მამისეულ ვენახში ვაზია მისახედიო. თათარი მეზობლის დახმარებით მოტოროლერით ჩასვლა და შეწამვლა მოვახერხე. ვაზი დამენანა, თორემ ყურძნის დაწურვამდე სად ვიქნებოდი, ღმერთმა უწყოდა! შეწამვლას რომ მოვრჩი, ცოტა არაყი დავლიეთ. თუკი ადრე ხეობაში ფეხით სიარულს ვერიდებოდი, არყით გათამამებულმა ტანკს ავუწიე ხელი და წებელდამდე-მეთქი, შევძახე. ტანკი შეჩერდა, ხელი გამომიწოდეს და მეც კოფოზე დაჯდომა დავაპირე. გადავარდებიო, მითხრეს და ლიუკში ჩაძრომა მირჩიეს. შიგ მხოლოდ ტანკისტი იჯდა. მე მის უკან მოვთავსდი, ვარ თითქოს მშვიდად, მაგრამ ვაი ამ სიმშვიდეს...

შიშისგან გამოვფხიზლდი!  - ну что, дядя, уютно? - მკითხა ტანკისტმა. - ჟხტყმ! - მივუგე მე. ეს იყო მთელი ჩვენი საუბარი იმ ათი კილომეტრის მანძილზე. ტანკს კესიანოვკამდე გავყევი. როდესაც ჩემს მაღლობს მივუახლოვდი, კაბინიდან ვხედავ ძელსკამზე ჩემი ნაცნობები სხედან. ლიუკიდან ამოსვლისას ერთი კი გადავხედე ჩემს განცვიფრებულ მეზობლებს, ძირს რომ ჩამოვედი, ორივე ხელი მაღლა ავწიე, მეგობრობის ნიშნად ერთმანეთზე გადავაჭდე. ტანკმა გზა გააგრძელა ლათისკენ. შეშინებული მეზობლები გარს შემომეხვივნენ და კითხვები დამაყარეს, როგორ მოხვდი ტანკშიო. ჩემი პასუხი ასეთი იყო: - ფ ვს გჯვბჰბკბცმ!

სომეხი ვეგონე ტანკისტს, თორემ ცოცხალს ვინ დამტოვებდა!

იავარქმნილი "მენგრელოვკა"

ერთი სომეხი მეზობელი მეუბნება, - ცენტრში ვიყავი, წიგნების მაღაზია დაურბევიათ, ქართული წიგნები ქუჩაშია დაყრილიო. შემპირდა, მოტოროლერით წამიყვანდა. გულისმომკვლელი სურათის მოწმე გავხდი. ჯანო ჯანელიძის, გენო კალანდიას და გაბრიელ ჯაბუშანურის ლექსების კრებულები ამოვარჩიე და უბეში გადავმალე. დიდ წიგნებს ვერც წამოვიღებდი, გზაზე ვინმეს რომ გავეჩერებინე, ჩემს სომეხ მეზობელს საფრთხეში ჩავაგდებდი. იქიდან "მენგრელოვკაში" ავედით, გადამწვარ ქართულ სოფელს უკანასკნელ მოჰიკანად ერთი ქალიღა შემორჩენოდა ორი ინვალიდი შვილით. სახლებიდან მხოლოდ საკვამურები გადარჩენილიყო. თვალს ვერ გაუსწორებდი იავარქმნილ ქართულ სოფელს!..

"რახმატმა" გადამარჩინა...

ერთხელ, ომის შემდგომ დღეებში, გულრიფშიდან სოხუმის ბაზრისკენ მიმავალ ავტობუსში ფეხზე ვდგავარ. პლაჟთან, საკონტროლო პუნქტზე აჩერებენ ავტობუსს. ყველას ამოწმებენ. მე წითელი, საბჭოთასიმბოლიკიანი პასპორტი მაქვს: ქართულ, აფხაზურ და რუსულ ენებზე.  ორი ავტომატიანი წინა კარიდან ამოდის, ორი  - უკანა! ყველაფერი დამთავრდა-მეთქი, გავიფიქრე. ვხედავ, უკან ამოსული უზბეკია. აქ კი გამომადგა უზბეკური ენის ცოდნა (ინსტიტუტში მუშაობისას ორმოცდაათჯერ მაინც ვიყავი მივლინებით ტაშკენტში!). უზბეკ ჯარისკაცს - რახმატ-მეთქი, მივმართე. რაც მადლობასაც გამოხატავს და მეგობრობასაც. უზბეკმა ჯარისკაცმა თვალი თვალში გამიყარა და მანიშნა, გამაგრდიო! ამოვისუნთქე. ვიფიქრე, უშედეგოდ არ ჩაუვლია ჩემს მივლინებებს ტაშკენტში-მეთქი.

ქართველთა მკვლელობებს არავინ იძიებდა. გაეროს წარმომადგენელი იშვიათად გამოჩნდებოდა და რაღაც ჩანაწერებს გააკეთებდა. ეს იყო და ეს! ერთხელ ვთხოვე, გავეყვანეთ საშიში ზონიდან, მაგრამ კატეგორიული უარი მითხრეს, - ეს ჩვენ არ გვევალებაო(?!).

"გამარჯვების საგზალი"

საგზალი გამზადებული მქონდა: გამხმარი სულუგუნი, შებოლილი ქათამი, დარჩეული თხილი, ვაშლის ჩირი და... აფხაზეთის მთების ტურისტული რუკა - ჩრდილო კავკასიაში გადასასვლელად. მეუღლე რამდენიმე თვის შემდეგ სამშვიდობოს გადმოვატარებინე და მარტო კაცისთვის, მთებში გაჭრა იოლი იყო. თითქმის ყველა მეზობელმა იცოდა, რომ წამოსასვლელად ცოტა ფული მქონდა შეგროვებული, მეგონა, გამცემდნენ და დამაყაჩაღებდნენ... მათ ეს არ იკადრეს!

ჩემთვის, როგორც აფხაზეთში ჩარჩენილი ქართველებისთვის, ერთ მხარეს დგანან ქართველთა ქონების მიმთვისებელი კრიმინალები, მეორე მხარეს კი არაქართველი მეზობლები, რომლებმაც განსაცდელის ჟამს გამოცდა ჩააბარეს ადამიანურ ურთიერთობებში. ხომ საშიში იყო მათთვის ჩემთან ურთიერთობა, მეზობლის ქალები ახალგამომცხვარი, ცხელი პურით ყველას თვალწინ ამოივლიდნენ აღმართს. ამას ისინი გულით აკეთებდნენ. როგორ შემიძლია ეს დავივიწყო ან კარგს "კარგი არ დავარქვა?"

P.S. ...სანამ მეზობლებს დაემშვიდობებოდა, სამჯერ შებრუნდა სახლში. ყველაზე მეტად წლობით ნაგროვები წიგნების დატოვება გაუჭირდა, დიდხანს ატრიალა ხელში კონსტანტინე გამსახურდიას წერილებისა და ესეების ორტომეული, მაგრამ... წამოღება ვერ გაბედა. ერთადერთი წიგნი უკვე ედო ჩანთაში. 1995 წლის 26 ივნისი. ენგურის ხიდთან, სანამ აფხაზი "მესაზღვრე" ჩანთებს შეუმოწმებდა, "ვეფხისტყაოსანი" მკერდზე აიხუტა.

როდესაც ენგურის ხიდი გადმოიარა ბენო მსხალაიამ, უკან მიიხედა და მზერა სათანჯოს მთას მიაპყრო.

- მშვიდობით, აფხაზეთო! - ეს უჩუმარი გამოსალმებაც იყო და ფუძე-კერაზე მიბრუნების ნეტარი სურვილიც.

KvirisPalitra.Ge