"მას მერე, რაც ადოლ­ფი და­ვი­ნა­ხე, სხვა აღა­რა­ვის და­ნახ­ვა აღარ ძალ­მიძს" - ფიურერის ინგლისელი საყვარელი - კვირის პალიტრა

"მას მერე, რაც ადოლ­ფი და­ვი­ნა­ხე, სხვა აღა­რა­ვის და­ნახ­ვა აღარ ძალ­მიძს" - ფიურერის ინგლისელი საყვარელი

ნაციონალ-სოციალიზმის მრავალი თაყვანისმცემლის თვალში, ჰიტლერი გერმანიის აღორძინების სიდიადეს განასახიერებდა. თავისი სახალხო გამოსვლებით, ის მესამე რაიხის გარეთაც ახერხებდა მხარდამჭერთა რიგების შევსებას. ცნობილია, რომ გერმანელ ქალებს მისი სახელის გაგონებაზეც ექსტაზი ეუფლებოდათ, მაგრამ ამგვარ მდგომარეობაში ზოგიერთი სხვა ქვეყნის წარმომადგენელიც აღმოჩენილა, მათ შორის, ყველაზე ნათელი მაგალითი - ინგლისელი იუნიტი მიტფორდი იყო...

ბოროტებით მოხიბლული

იუნიტი ვალკირია მიტფორდი 1914 წელს, ინგლისის პერის, ლორდი რიდსდეილის ოჯახში დაიბადა. დედამისი სერ უინსტონ ჩერჩილის ცოლის ბიძაშვილი გახლდათ. მაშინდელი ტრადიციების შესაბამისად, იუნიტიმ (ისევე, როგორც მისმა ხუთმა დამ) განათლება ოჯახურ პირობებში, ასტჰოლის საგვარეულო მამულში მიიღო. მშობლები ფიქრობდნენ, რომ ეს წარჩინებული ოჯახის ქალიშვილის დასაოჯახებლად სავსებით საკმარისი იყო. მართალია, მათი სამი ქალიშვილი არისტოკრატიული ცხოვრების წესებს სავსებით მიესადაგა, მაგრამ დანარჩენმა სამეულმა მოულოდნელად, პოლიტიკისადმი ინტერესი გამოიჩინა. ჯესიკამ და დიანამ მოულოდნელად, საკუთარ თავში დიამეტრულად საწინააღმდეგო პოლიტიკური მიმდინარეობების მიმართ სიმპათიები აღმოაჩინეს; იმდენად, რომ საკუთარი ოთახი ცარცით შუაზე გახაზეს: ერთ მხარეს - ჯესიკას ნაწილში, კედელზე წითელი დროშები და ნამგალ-ჩაქუჩი გამოიფინა, მარქსის, ენგელსისა და ლენინის სურათებით აჭრელდა; მეორე მხარეს კი - ნიცშეს, ჰიტლერისა და მესამე რაიხის ცნობილი მოღვაწეების სურათები და ნაცისტური სვასტიკით გაფორმებული წითელი დროშები გაჩნდა. დიანას საქციელის ახსნა იმით იყო შესაძლებელი, რომ ის ბრიტანელი ფაშისტების ლიდერზე - ოსვალდ მოსლიზე ქორწინდებოდა. იუნიტი კი მაშინაც, როცა ლედი გახდა, მოზარდივით იქცეოდა. მაღალი წრის წვეულებებზე შეუფერებლად, უცნაურად ჩაცმული ჩნდებოდა და არაადეკვატურად იქცეოდა. მამამისს ფრთხილად ურჩიეს კიდეც, რომ ქალიშვილი ექიმისთვის ეჩვენებინა.

ახდენილი ოცნება

ადოლფ ჰიტლერთან პირად შეხვედრაზე იუნიტი დიდხანს ოცნებობდა. კერპის ხილვის სურვილი იდე ფიქსად ექცა. ამგვარი შესაძლებლობა მხოლოდ 1933 წელს მიეცა, როცა ოსვალდ მოსლის დახმარებით, ის ბრიტანელი ახალგაზრდების დელეგაციაში შეიყვანეს, რომელიც ნიურნბერგში, ნაცისტების ყრილობაზე იყო მიწვეული. ქალიშვილი სამშობლოში წინააღმდეგობრივი გრძნობებით დაბრუნდა. ერთი მხრივ, ბედნიერი იყო, რომ ცოცხალი ფიურერი იხილა - ის იმ ეგზალტირებულ ბრბოში აღმოჩნდა, რომელიც ჰიტლერის გამოსვლაზე აღტაცებით რეაგირებდა; და მეორე მხრივ - მას არ მიეცა საშუალება, კორდონი გაერღვია და ერთხელ მაინც შეხებოდა საკუთარი ღვთაების ყავისფერ პერანგს. ახალგაზრდა ქალის სულში ნაღველს ამძაფრებდა ის ფაქტიც, რომ მისი თანამემამულეების უმეტესი ნაწილი არა მარტო არ იზიარებდა იუნიტის ამგვარ აღტაცებას, არამედ უფრო მეტიც - ჰიტლერს პოლიტიკურ არენაზე გამოსულ მასხარადაც აღიქვამდა. ქალიშვილმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაბრუნებულიყო გერმანიაში. მამამისი წინააღმდეგი არ იყო, რომ პოლიტიკურ ინტრიგებში ჩართვის ნაცვლად, მის ქალიშვილს განათლება გაეღრმავებინა. ამიტომაც, 1934 წელს, იუნიტი მიუნხენის ხელოვნების სკოლაში ჩაირიცხა. თუმცა, მას მსოფლიოს დიდოსტატთა ხელოვნების შესწავლა ნაკლებად იზიდავდა. ქალიშვილის ძირითად საქმიანობად ყოველ საღამოს, იმ რესტორანში სიარული იქცა, სადაც მიუნხენში ვიზიტების დროს, აუცილებლად ვახშმობდა ადოლფ ჰიტლერი. არავინ იცოდა, როდის გამოჩნდებოდა იქ ფიურერი, იუნიტი კი დაჟინებით ელოდა თავის კერპს. მოლოდინი ამაო არ ყოფილა და 1935 წლის 2 თებერვალს, ვესტიბიულში ისიც გამოჩნდა. როგორც ჩანს, განგებას სურდა, რომ რაიხსკანცლერს ყურადღება მიექცია ქალიშვილისთვის, რომელიც ანთებული თვალებით უმზერდა და გულში მის წიგნს - Mein Kampf-ს იხუტებდა. ადოლფმა ის თავის სუფრასთან მიიწვია. ცნობილია, რომ ჰიტლერი თაყვანისმცემელი გოგონების მიმართ არავითარ მამაკაცურ ინტერესს არ იჩენდა და არც ერთად ვახშამი, ამ მხრივ, ალბათ არანაირ შედეგს არ გამოიღებდა, რომ საუბრისას არ გარკვეულიყო იუნიტის ბრიტანულ-არისტოკრატიული წარმოშობა. ამასთან, ქალიშვილმა ზეპირად იცოდა მისი ნაშრომი და ხელოვნებაშიც მშვენივრად ერკვეოდა. იმ საღამოს შემდეგ, ინგლისელი ლედი ჰიტლერის გარემოცვის წევრი აღმოჩნდა.

საფეთქელში დახლილი ტყვია

ბუნებრივია, ეს ფაქტი ჟურნალისტების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა. ლედი მიტფორდის გულახდილმა ინტერვიუმ, რომელიც გაზეთ THE Sunday Times-ში დაიბეჭდა, ბრიტანეთში აღშფოთების ტალღა ააზვირთა. ახალგაზრდა ქალი აღიარებდა, რომ ფიურერთან გატარებული საღამო მის ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერ მომენტად მიაჩნდა.

1936 წლის ზაფხულში, ნაცისტების მორიგ ყრილობაზე, ნაციონალ-სოციალიზმის იდეის მხურვალე მხარდაჭერით გამოსვლის შემდეგ, ფიურერმა თანამებრძოლების წრეში იუნიტიზე განაცხადა, რომ წმინდა სისხლის ვერც ერთი არიელი ქალი ვერ შეძლებდა აგიტირებას მსგავსი დამაჯერებლობითა და ცეცხლოვანებით, როგორც ეს ინგლისელი ქალიშვილი. ამ მოვლენის შემდეგ, ძალიან მალე, სამთავრობო წრეებთან დაახლოებული ჟურნალისტების მეშვეობით გავრცელდა ცნობა, რომ უახლოეს ხანში, გერმანელი ხალხი ფრაუ ჰიტლერის ვინაობას შეიტყობდა. ლორდმა რიდსდეილმა ქალიშვილს სამშობლოში დაბრუნება მოსთხოვა. იუნიტი თითქოს დაემორჩილა მამის ნებას და ინგლისში დაბრუნდა, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ მშობლის შეგონებები მოესმინა, ჰაიდ-პარკში ნაცისტთა მხარდამჭერ მიტინგს დაესწრო. ლედი მიტფორდი აღშფოთებული ბრიტანელებისგან პოლიციამ იხსნა და ის ისევ გერმანიაში გაემგზავრა.

ჰქონდათ თუ არა ინტიმური კავშირი ადოლფსა და იუნიტის? შესაძლებელია, ასეც იყო, რადგან ამის შესახებ საკუთარ მემუარებში შეიარაღებულ ძალთა მინისტრი - შპეერიც მიანიშნებდა; ასევე, ჰიტლერის მოადგილის (პარტიული ხაზით) - ჰესის დაც და "იმპერიის ფოტოგრაფი" - შირაქიც. ერთი შეხედვით, ფაქტებიც თითქოს ამაზე მეტყველებდა, რადგან მიტფორდმა ფიურერისგან საჩუქრად მიიღო პატარა სახლი აგნესშტრასეზე და ავტომობილი - პირადი მძღოლით, რომელსაც ბრიტანელი ქალბატონი ფიურერის რეზიდენცია - "არწივის ბუდეში" უნდა ეტარებინა, სადაც ადოლფი და იუნიტი მარტო რჩებოდნენ. რეზიდენციაში ლედი მიტფორდის ვიზიტები ფიურერის მეორე მეგობარი ქალის - ევა ბრაუნის სიბრაზის შეტევებს იწვევდა.

ასე იყო თუ ისე, მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე, იუნიტიმ ოჯახს წერილი გაუგზავნა: "პირველივე დღიდან, რაც ადოლფი დავინახე, სხვა აღარავის დანახვა აღარ ძალმიძს".

მას შემდეგ, რაც ბრიტანეთმა გერმანიას ომი გამოუცხადა, 1939 წლის 3 სექტემბერს, მიტფორდი მიუნხენის გაულაიტერთან - ადოლფ ვაგნერთან მივიდა და შეკითხვით მიმართა: იქნებოდა თუ არა ის დეპორტირებული სამშობლოში, როგორც მტრული სახელმწიფოს მოქალაქე? - რაზეც მიიღო რწმუნება, რომ ფრაუს აღელვების საფუძველი არ ჰქონდა და ის ხელშეუხებელი დარჩებოდა. იუნიტი ბრიტანეთის მისიაშიც გამოჩნდა და კონსულს სთხოვა, მამამისისთვის წერილი გადაეცა. სამი საათის შემდეგ, მიტფორდმა ვაგნერთან აუდიენცია კვლავ ითხოვა, სადაც მას გადასცა შეკვრა, რომელშიც მოგვიანებით აღმოაჩინეს ოქროს სამკერდე ნიშანი, ჰიტლერის ფოტო მისი ავტოგრაფით და საკუთარი კერპის სახელზე დაწერილი, დალუქული წერილი. ამასთან, იუნიტიმ ზეპირსიტყვიერად გამოთქვა სურვილი, რომ სამკერდე ნიშანი და ფიურერის ფოტო, სიკვდილის შემთხვევაში, მისთვის კუბოში ჩაეტანებინათ.

ერთი საათის შემდეგ, ლედი პარკში წავიდა და სკამზე ჩამომჯდარმა საფეთქელში ტყვია დაიხალა. (გაგრძელება)