მუხლებგადამტვრეული ვახტანგი ვაჟკაცობის ეტალონად დარჩა
"ჩეკისტისთვის უთქვამს, წითელი ბაფთა რომ ვატარო, ცირკის კლოუნი ხომ არ ვარო?!

სიძველისგან გაყვითლებულ ფოტოზე ახალგაზრდა, სიმპათიურ მამაკაცს მუხლზე პატარა, ორ წლამდე ასაკის ბიჭუნა უზის, გოგონები აქეთ-იქით უდგანან. სამწუხაროდ, ფოტოზე ამ ოჯახის ბედნიერების ამსახველი ერთ-ერთი ბოლო კადრი აღუბეჭდავს უცნობ ფოტოგრაფს. ამის შემდეგ კაცს მალევე დაიჭერენ და დახვრეტენ, უმცროსი ქალიშვილიც ნაადრევად გარდაცვლილი დედისა და ჯალათურად მოკლული მამის დარდს გადაჰყვება. პატარა ბიჭუნას უფროსი დაიკო გაზრდის, რომელიც მთელი ცხოვრება უქადაგებს ძმას, რომ მათ საოცარი,
უბადლო ვაჟკაცი მამა, ვახტანგ კოტეტიშვილი ჰყავდათ.

ვახუშტი კოტეტიშვილის ოჯახისთვის რელიკვიად ქცეული ეს ფოტო სხვა მნიშვნელოვან ფოტოებთან და წერილობით მასალებთან ერთად 18 მაისს გამოიფინება ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში. "კვირის პალიტრას" კი ექსკლუზიურად ხვდა უფლება გამოფენამდე წარედგინა  ფოტო საზოგადოებისთვის.

"საბჭოთა რეპრესიები და ქართული ფოლკლორი", - ასე
ჰქვია გამოფენას, რომელიც ეძღვნება გასული საუკუნის 1937-38 წლებში რეპრესირებულთა იმ წარმომადგენლებს, ვინც თავისი საქმიანობით ფოლკლორთან იყო დაკავშირებული. 

ვახტანგ კოტეტიშვილი იყო ცნობილი ფოლკლორისტი, რომელსაც ზეპირსიტყვიერების არაჩვეულებრივი ნიმუშები ჰქონდა შეგროვილი. მასვე დაუარსებია ქართული შემოქმედების სახლი, რომელსაც დღეს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ჰქვია. ვახტანგის შვილიშვილი გუგა კოტეტიშვილი სიამოვნებით მოგვითხრობს ბაბუის შესახებ გადმოცემებით შემორჩენილ ამბავს.

გუგა კოტეტიშვილი: - ამ ფოტოზე მამაჩემი ვახუშტი ჯერ ორი წლისაც არ არის. არ ახსოვს დედა, რადგან მის დაბადებას გადაჰყვა. თუმცა, უზომოდ მოსიყვარულე მამა ყოველმხრივ ცდილობდა შვილებისთვის ობლობის შემსუბუქებას. ვახუშტი მოგვიანებით ვეღარც მამას გაიხსენებს, რადგან ორი წლის პატარას ცნობიერებას ბევრი ვერაფერი შემორჩა ხანმოკლე ოჯახური იდილიიდან.

ამ ფოტოზე ბაბუა სავარაუდოდ 38 წლის უნდა იყოს. როგორც ვიცი, ფოტო ვახტანგის დახვრეტამდე ცოტა ხნით ადრეა გადაღებული.
არავინ იცის დახვრეტის ზუსტი მიზეზი, რატომ ამოიჩემეს "კაგებეში".

ბაბუა ყოველთვის შავი ბაბთით დადიოდა და იმ დღესაც, როდესაც "კაგებეში" დაიბარეს, ასე დამშვენებული გამოცხადებულა. ეს რა არის, შავ ბაფთას რატომ ატარებ, საქართველოს გლოვობო? ირონიულად უკითხავს დამხვდურ ჩეკისტს. ეტყობა ვახტანგმა იცოდა, რომ იქიდან ვეღარ გამოვიდოდა და მშვიდად უპასუხია, აბა წითელი რომ ვატარო, ცირკის კლოუნი ხომ არ ვარო? წითელი ლენინს და მისნაირებს ეკეთათ.

სთხოვდნენ ე.წ. ხალხის მტრების ვინაობის დასახელებას. სასტიკად უწამებიათ.

"როდესაც კამერაში შემოიყვანეს, მუხლები ჰქონდა გადამტვრეული. მიუხედავად აუტანელი, ჯოჯოხეთური მდგომარეობისა, ყოველთვის იმედიანი იყო და ჩვენ გვასწავლიდა, როგორ მოგვეთმინა ტკივილი, რათა ვინმე უმიზეზოდ დამნაშავედ არ დაგვესახელებინაო", - მოგვიანებით იხსენებდნენ პატიმრები. ამის მერე მალევე გაუყვანიათ დასახვრეტად.

მახსოვს, მამიდა და ვახუშტი აღმერთებდნენ მამას. სახლში გვაქვს სიდამონ ერისთავის დახატული ვახტანგის დიდი პორტრეტი. მამიდა მამას ყოველთვის ეუბნებოდა, გახსოვდეს, ეს მამაშენია, რომელიც გიყურებს და ისე არ მოიქცე, რომ შეარცხვინოო. ამიტომაც ვახუშტისთვის მთელი ცხოვრება მამა იყო მეთვალყურე, ჩემთვისაც ასე იყო და არის ბაბუას პორტრეტი. ეს არ არის უბრალოდ ნახატი, ეს ჩვენი ოჯახის ხატია, რომლის წინაშეც ისე არ უნდა მოიქცე, რომ შეაწუხო.

P.S. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება რამდენიმე ათეული ფოტო და წერილობითი მასალა, რომელიც ასახავს, თუ როგორ არაადამიანურ რბევას შეეწირნენ სახელოვანი ქართველები. ხალხის მტრებად მონათლულებს მხოლოდ როდი ხვრეტდნენ, მათი სახეების წაშლას ფოტოებიდანაც კი ცდილობდნენ. ასე სურდათ კომუნისტებსა და ბოლშევიკებს მათი სახეების ერის ცნობიერებიდან ამოშანთვა. თუმცა, ამაოდ...
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები