ვინ იყო პირველი ქართველი მეცნიერი ქალი, რომელიც ევროპაში წარმატებით მოღვაწეობდა? - კვირის პალიტრა

ვინ იყო პირველი ქართველი მეცნიერი ქალი, რომელიც ევროპაში წარმატებით მოღვაწეობდა?

"დიმიტრი ყიფიანის შვილიშვილს უცხოელნი პატრონობენ და თავადაზნურობამ კი უარი უთხრა სტიპენდიაზე"

ქართველთა სამეცნერო ნაშრომების თუ საზოგადოებრივი აქტივობები, ევროპაში ყოველთის მაღალი წრის განსახილველი თემები იყო. ქართველთა შორის განსაკუთრებული ადგილი დიმიტრი ყიფიანის შვილიშვილს ბარბარე ყიფიანს ეკუთვნის.

ბარბარე, დიმიტრი ყიფიანის ვაჟის, ნიკოლოზის ერთ-ერთი ქალიშვილი იყო. გოგონა ქუთაისში 1879 წლის 4 თებერვალს დაიბადა, თუმცა პაპისეულ ოჯახში ქვიშხეთში იზრდებოდა. ოჯახში შექმნილი სიტუაციის გამო, ბარბარე დასთან და მამასთან ერთად  ბათუმში გადავიდა საცხოვრებლად. მალე ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა. დიმიტრი ყიფიანის მკვლელობის შემდეგ, ნიკოლოზს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და ევროპაში გაემგზავრა სამკურნალოდ.

დიმიტრი ყიფიანის ოჯახში განათლებას ყოველთვის პირველი ადგილი ეკავა. ბარბარემ წარჩინებით დაასრულა თბილისის წმინდა ნინოს სასწავლებელი. საქართველოში სწავლის დასრულების შემდეგ, მამასთან ბელგიაში გაემგზავრა, სადაც 1902 წელს ბრიუსელის უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტზე ჩაირიცხა.

ქართველი გოგონა ნიჭიერებით უნივერსიტეტში სწავლისას ყველას აკვირვებდა, ამიტომაც მას, როგორც წარჩინებულ სტუდენტს, საშუალება მისცეს, მონაწილეობა მიეღო ბრიუსელში გამართულ ფიზიოლოგთა საერთაშორისო კონგრესზე, სადაც მისმა მოხსენებამ ევროპელ მეცნიერებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

არისტოკრატული ოჯახის წარმომადგენელი ქართველი გოგონა მალე ბრიუსელის უნივერსიტეტის ჟურნალ "რევიუ ფსიქოლოგიის" სწავლული მდივანიც გახდა. ბარბარე ლექციებს კითხულობდა როგორც ბრიუსელის, ასევე პარიზისა და ჟენევის უნივერსიტეტებში. ბარბარეს შესახებ წერდნენ ევროპული გამოცემებიც.

თუმცა, მანამდე, ქართველი პუბლიცისტი რევაზ გაბაშვილი "ცნობის ფურცელში" წერდა: "ბარბარე ყიფიანის მეცნიერად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის პოლონელ ქალბატონს, პროფესორ იოტიკოს, რომელმაც ბარბარე ყიფიანი თავის ლაბორატორიაში მიიწვია სამუშაოდ და მისი სწავლის ფული გადაიხადა, როცა იგი საფასურის გადაუხდელობის გამო უნივერსიტეტიდან გარიცხეს. მგონია, ჩვენმა საზოგადოებამ საჭიროა იცოდეს, რომ სათავადაზნაურო ბანკის დამაარსებლის დიმიტრი ყიფიანის შვილიშვილს უცხოელნი პატრონობენ და თავადაზნურობამ კი უარი უთხრა სტიპენდიაზე".

ბარბარე ყიფიანი სამეცნიერო ნაშრომების გარდა, ევროპაში გაბნეულ ქართული ხელოვნების ნიმუშებსაც ეძებდა, რათა ეროვნული განძი არ დაკარგულიყო. მან 1910 წელს ბრიუსელის საერთაშორისო მუზეუმში, მსოფლიოს ხალხთა ისტორიისა და ეთნოგრაფიის ქართული სექცია დააარსა. ხელნაწერთა ინსტიტუტში ინახება ბარბარე ყიფიანის მიერ ფრანგულ და ქართულ ენებზე შედგენილი მიმართვა, რომელშიც ის ქართულ საზოგადოებას მოუწოდებს, მონაწილეობა მიიღოს სამუზეუმო ექსპოზიციის შექმნაში:

ვასილ ფავლენიშვილი, ნინო ერისთავი, ბარბარე ყიფიანი, დარო, ელენე, ტასო, თიკო, თამარ და ბაბო ფავლენიშვილები

"ეს პირველადაა, რომ საქართველოს შემთხვევა ეძლევა ევროპას დაანახვოს თავისი გონებრივი და ტეხნიკის წარმატების რეზულტატი. ამ წერილით მივმართავ ყველას, ვისაც კი გული შესტკივა ქართველი ერის წინსვლასა და მისი წარმატებისთვის. ვთხოვთ, დაგვეხმარონ, მოგვაწოდონ წიგნები, ქართები, გრაფიკები, სურათები და სხვა ნივთები. იმედი გვაქვს, ჩვენი საზოგადოება ზნებრივსა და მატერიალურს დახმარებას აღმოგვიჩენს, რაიც რომ საჭიროა ამ ახლად დაწესებულების ასაღორძინებლად", - წერდა ბარბარე თავის მიმართვაში.

1912 წელს, დიმიტრი ყიფიანის გარდაცვალების 25 წლისთავთან დაკავშირებით, ბარბარემ ბრიუსელიდან თბილისში დეპეშა გამოაგზავნა: "მუხლმოდრეკით ვამკობ დიდებული პაპაჩემის საფლავს 25 წლის განმავლობაში ნაგრძნობ მწუხარებისაგან დაწნულ თაიგულით". ამის შემდეგ ბარბარე სამშობლოში დაბრუნდა. თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში ფრანგულ ენას ასწავლიდა. იყო აკაკი შანიძის თანამშემწეც და საქართველოს ხელოვნებათა კავშირის წევრიც, თუმცა 1921 წელს, მაშინ, როცა რუსეთმა ისევ მოახდინა საქართველოს ოკუპაცია, ის იძულებული გახდა ბრიუსელში დაბრუნებულიყო.

მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში, 1940 წელს, ქართველოლოგმა მიხეილ თარხნიშვილმა თავისი სახსრებით, ქართული კულტურის ძეგლების შესანარჩუნებლად, სამონასტრო შენობა შეიძინა, სადაც ბარბარე ყიფიანის აღმოჩენილი უნიკალური ნივთები შეინახა, ასე ბარბარემ ქართული არქივი შექმნა.

ქართული საქმისთვის თავგანწირული ქალბატონი 85 წლის ასაკში, 1965 წელს გარდაიცვალა. ის ბრიუსელშია დაკრძალული.

მოამზადა ეკა გადახაბაძემ