ბრძანება გაიცა: - ამ მოგონების ავტორი უნდა მოკვდეს!
ქაქუცას ბიჭებმა მენშევიკებს შეუთვალეს: გაბაშვილს თავიდან თმის ღერიც რომ ჩამოუვარდეს, არ დაგინდობთო

სისხლისა და სიცოცხლის საფასურად - 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა. ოცნება და მოლოდინი, როგორც იქნა, დასრულდა. ეგ არის, როგორ შევძლებთ ქართველები ამ ნანატრი თავისუფლების შენარჩუნებას. ისტორიამ შემოინახა იმ ადამიანთა სახელები, რომლებიც თავიანთი თავისუფლების დაკარგვის ფასად, სამშობლოს მაინც ბოლომდე ემსახურნენ.


პარიზი. 30-იანი წლები. უკვე წლებია, რაც   საქართველოს მთავრობა ემიგრაციაში წავიდა.   საქართველოში წერილის მოწერაზე ლაპარაკი ზედმეტია. შიშიანობაა სამშობლოში!
ემიგრანტებსაც ეშინიათ, თავისი თავის კი არა, დარჩენილების გამო. ამიტომ დუმან. ვინ რითი ირჩენს თავს, ვინ რას აკეთებს... ზოგი ქარხანაში მუშაობს, ზოგიც მძღოლად. ტაქსის მძღოლად მუშაობს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი და ლიდერი - რევაზ გაბაშვილი, ინჟინერი, დიდი პროფესიონალი თავისი საქმისა, 8 უცხო ენის მცოდნე მეცნიერი, მწერალ
ეკატერინე გაბაშვილის ვაჟი... საქართველოში დარჩა მისი მამულები - ვაკე, საბურთალო, ვერა, ოქროყანა, სოფელი თხინვალა, იქ - საგვარეულო ეკლესიაა და სასახლე, ეს მამული უკვე  ჩამოართვეს. ის კი არა, საგვარეულო სასაფლაოდან მარმარილოს ქვები დაიკარგა...

KvirisPalitra.Geახლა ამაზე დარდის დრო არაა, რადგან უფრო სერიოზული სადარდებელი აქვს რევაზ გაბაშვილს. საქართველოს პატრონობა უნდა. ისიც ისე პატრონობს, როგორც შეუძლია. წერს შეულამაზებელ სიმართლეს მომხდარზე და არქმევს "რაც მახსოვს", მერე ევროპის ყველა მუზეუმში სწავლობს კავკასიის წვლილს მსოფლიო კულტურაში. ესეც უნდა დაწეროს!

ცალკე სხვა საზრუნავიც გაუჩნდა:  მას შემდეგ, რაც ქაქუცა და მისი რაზმი საქართველოდან პარიზს ჩავიდნენ, გულანთებული და თავზე ხელაღებული ბიჭები ევროპას თავსატეხად ექცნენ. ტყუილად კი არ უთქვამს პოლიციის უფროსს, - ესენი რომ არ ჩამოსულიყვნენ, 200 წელი ვიცოცხლებდიო. ატყდებოდა ერთი ამბავი, დააკავებდნენ თუ ვერ დააკავებდნენ ქართველ ჩხუბისთავებს, კაცს აფრენდნენ რევაზთან, - მოდი, ან ამათ გააგებინე, რა გვინდა, ან ჩვენ გვითხარი, რა უნდათო... ისიც, დილა იყო თუ შუაღამე, იქ გაჩნდებოდა, პატრონობდა ბიჭებს, რომლებსაც სამშობლოს სიყვარულისა და მონატრების გარდა აღარაფერი გააჩნდათ. მზე და მთვარე ამოსდიოდათ ქაქუცას ბიჭებს გაბაშვილზე.

50 წლის იუბილეს გადასახდელად კომისია შედგა, მაგრამ რევაზ გაბაშვილმა შორს დაიჭირა: მე ქეიფი არ მიყვარს, თუ გინდათ, პატივი მცეთ, სამი წიგნი მაქვს დაწერილი და ერთ-ერთი დამიბეჭდეთო. ერთი იყო "რაც მახსოვს", მეორე - რომანი, მესამე - "კავკასიური ერების დამსახურება მსოფლიო ცივილიზაციებში".

კომისიამ დაუბეჭდა "რაც მახსოვს".  სათვისტომოს წარმომადგენლებმა წიგნი წაუკითხავად გაგზავნეს სტამბაში - რა ეჩქარებოდათ, დაიბეჭდებოდა და წაიკითხავდნენ ნელ-ნელა! დაიბეჭდა. მენშევიკებმა წაიკითხეს. გადაირივნენ - ეს რა დაუწერიაო! აღწერილი კი რა არ იყო, მაგალითად, ეს ტრაგიკული და სამარცხვინო ამბავი ქართველების ცხოვრებაში:

"მაშინ, როცა უკვე ვიცოდით შავი და კასპიის ზღვაზედ რუსის ჯარის მოგროვება დარიალის ყელთანაც, სომხეთშიც;  1920 წლის ქრისტეშობის თვეში, მომზადებისა და ქუდზე კაცის დაძახების მაგიერ ჩვენ მოვახდინეთ „დემობილიზაცია ჯარის კადრებისა!“ ეს მაშინვე გასაშტერებელი უტვინობა, შემდეგ, პარიზში, ბატონმა დავით შარაშიძემ თავის წიგნში არა მარტო დაადასტურა, ახსნაც გამოუნახა: „უნდა გვეჩვენებინა ბოლშევიკებისათვის, რომ ომი არა გვწადიანო. ტუტუცი ცხვარის ანგარიში, მგლის მადის ვითომ გასანელებლად.

ავედი ტაბახმელაზე, სადაც ბრძოლები მიმდინარეობდა. ბრტყელ ბექობზე იდგა 4 პატარა, სამთო ზარბაზანი. სამი ზარბაზანი ისროდა და მეოთხე პირდაღებული იდგა ჩუმად. აქვე მყოფ ჩემს ყოფილ მასწავლებელს  ა. ჩხეიძეს ამის მიზეზი რომ ვკითხე, მიპასუხა: ამ სამი ზარბაზნისათვისაც ძლივს გვყოფნის ყუმბარებიო. წამოსვლისას მითხრა: მესამე დღეა, ახალგაზრდებს ამ სიცივეში ცხელი საჭმელი არ უნახავთო.

იმ საღამოსვე წერილობითი „პატაკი“ წავიღე თბილისის შტაბში, საცა მხოლოდ თევზაძე დამხვდა. სიტყვიერადაც ავუხსენი მდგომარეობა და მხრები აიწია: ხვალვე ვეცდები, ერთი კამიონი ყუმბარა და ერთი კამიონი საჭმელი გავუგზავნო მაინცაო. მეორე დღეს, როცა ტაბახმელაზე უკვე სამნი ავედით, – მე, გიორგი ამირეჯიბი და საშა ჩხეიძე, გზაზე ერთმა დახურულმა კამიონმა გაგვიარა და გულში გავიფიქრე: „ყოჩაღ, თევზაძე, მაინც მოუხერხებია რაღაც!“ მაგრამ შტაბში რომ მივედი, შემომჩივლეს, – ყუმბარებისა და საჭმლის მაგიერ შეცდომით(?) ერთი კამიონი ძველი შინებით მოგვივიდაო.

24 თებერვალს, განთიადისას, მე, ლელი ჯაფარიძე და გრიგოლ ვეშაპელი ავტომობილით გავემგზავრეთ სოღანლუღის ფრონტზე, გამარჯვებულ მაზნიაშვილთან, რომელმაც წინა დღეებში სასტიკი მარცხი მიაყენა რუსებს და 1600 ტყვე გამოგზავნა თბილისში. სწორედ 18-ს გასცა ბრძანება ჟორდანიამ - ევაკუაციისა… ვაი, თუ ჩვენმა ჯარმა გაიმარჯვოსო?!..

…სოღანლუღის ფრონტზე“ უცნაურობანი ვნახე. ჯერ ერთი, "შტაბში" ყუმბარა ჩამოვარდნილა, რის გამოც შეშინებული ჯარისკაცები აქეთ გამორბოდნენ. აი, თქვე ლაჩრებო, მაშ ფრონტზე ვაშლებს ხომ არ ჩამოყრიდნენ-მეთქი და გავემართე მაზნიაშვილის შტაბისაკენ. დავინახე გენერალი მაზნიაშვილი, აჩქარებით გამოსული, რაღაც დაკეცილი ქაღალდის ქნევით ჰაერში: - აბა, ჩქარა, ერთი ცხენი მიშოვეთ, შიკრიკი უნდა გაიგზავნოს შავნაბადაზე!.. შეიქნა რაღაც ჩოჩქოლი - სადა გვყავს ცხენები? "აგერ ცხენები". ეგ გვარდიისაა, ჯარს არ ეკუთვნის და სხვა. ჩემი თვალით ვხედავდი ათიოდე მშვენიერ ცხენს, დაბმულს შორიახლოს ფარდულში, ფრუტუნით ქერსა და თივას რომ სჭამდნენ, მაგრამ, მტკვრის გაღმა და გამოღმა რამდენიმე ვერსის ფრონტის სარდალს, გენ. მაზნიაშვილს, არა მარტო შიკრიკისათვის, თავისთვისაც არა ჰყავდა ცხენი.

გაიმართა ხვეწნა-ჭიდილი-ვაჭრობა ფრონტის უფროსსა და გვარდიის "წარმომადგენელს" შუა, და, რის ვაი-ვაგლახით "კომპრომისით" გათავდა: გვარდიელის ცხენზე შესხდნენ ორნი, - ერთი გვარდიელი და ერთი ჯარისკაცი, შიკრიკი მაზნიაშვილისა საჩქარო ქაღალდით და წავიდნენ.

სარდალი ეფიცებოდა გვარდიელს: ცხენს ერთ საათში დაგიბრუნებთ!

- არა, ეს გვარდიის ცხენებია, თქვენ საკუთარი უნდა გყავდეთო!

აი, ხომ ხედავთ, რა პირობებში გვიხდება ომი, ვეხვეწებით, ერთი ცხენი მაინც გამომიგზავნონ ასეთი საჭიროებისათვის. შემდეგ გამიყარა ხელი მაზნიაშვილმა, მითხრა: გადაეცით თბილისში, რომ არაფერი საშიშო არ არის, ფრონტი მთლიანად გვიჭირავს, და თუ დაპირებულ ბატალიონს დააჩქარებენ, კიდევ დიდხანს ვერას დაგვაკლებენ ეს უნიფხვო ბოლშევიკებიო.

ისე დამშვიდებული წამოვედი, რომ ნასადილევს, დაქანცულს, დამეძინა და მარტო საღამოს 9-საათზე მივედი „ფრასკატი-ში, ახალი ამბების გასაგებად. ვლაპარაკობდით ომიანობაზე, რომ შემოვარდა ვეშაპელი და გამოგვიცხადა: „ბრძანებაა გაცემული, 12 საათზე, ღამე იხსნება ფრონტი და თბილისსა ვტოვებთ! - როგორ, რათა, ვისი ბრძანებაა? დილას ფრონტზე მაზნიაშვილი მარწმუნებდა, არაფერი საშიშროება არ არისო და რა მოხდა ამის შემდეგ? "მთავრობის დადგენილებაა" და, ხეირიანადაც აღარ აგვიხსნა, ისევ გავარდა.

ისეთი თავზარდამცემი ამბავი იყო მორალურად, რომ არა გვჯეროდა, მაგრამ ჩაბნელებული, უკვე მიძინებული, მიწყნარებული თბილისი, საიდანაც მთავრობა და სამხედრო ძალა იპარებოდა ხალხის გაუფრთხილებლად, მძიმე შთაბეჭდილებას სტოვებდა".

- ამ მოგონების ავტორი უნდა მოკვდეს, თავს ლაფი დაგვასხა! - თქვა ერთმა.
- მოკვდეს! - დაუკრა კვერი მეორემ.

მავანს დაავალეს კიდეც რევაზ გაბაშვილის მკვლელობა,  მაგრამ გაიგეს ქაქუცას ბიჭებმა, მიუვარდნენ მენშევიკებს და - არც ერთს ცოცხალს არ დაგტოვებთ, რეზოს თავიდან ერთი თმა რომ ჩამოუვარდესო. ქაქუცას ბიჭებს სროლას ვინ დაასწრებდა, თანაც იფიქრეს, - ამათ გადაკიდებას, სჯობია, რეზო იყოს ცოცხალიო...
სადაც ახლა მეცნიერებათა აკადემიაა, იქ იდგა ეკატერინე გაბაშვილის სახლი, რომელიც შემდეგ დაანგრიეს. გაბაშვილები მეორე სართულზე ცხოვრობდნენ, პირველზე - ერთი მუშა. როცა რევაზ გაბაშვილის ვაჟი, გურამი 2-3 წლის იყო, ეზოში ჩასვლისა ეშინოდა, ის კაცი "გველის წიწილს" და "არგასაზრდელს" ეძახდა.

ლამის 90 წელი გავიდა იმ შორეული წარსულის შემდეგ, "გველის წიწილს" რომ ეძახდნენ, მაგრამ ბატონ გურამს ახსოვს ის კაციცა და მასთან მეორე შეხვედრაც:
- მერეც შევხვდი იმ კაცს... ვაკეში დეპეშებს ატარებდა. ერთხელ დამინახა და წამოვიდა ჩემკენ, არ გავჩერდი... მეორედ შემხვდა, გამომდია: ერთი წუთი გაჩერდი, გურამო. გავჩერდი. დაიწყო კომუნისტური მთავრობის გინება: რაც თქვენს ოჯახს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის სიკეთე გაუკეთებია, იმდენი არავისგან მახსოვს და რას გაგინებდით ამათ გამოო!..

ეკატერინე გაბაშვილი 1937 წელს გარდაიცვალა. მის სიცოცხლეში მაინც ერიდებოდნენ ცნობილი მწერლის ოჯახს, არავინ გადაუსახლებიათ, მერე კი ხელ-ფეხი გაეხსნათ.

- 1951 წლის შობა-ღამეს საქართველოდან 25000 კაცი გაასახლეს ყაზახეთში, ყიზილყუმის უდაბნოში, მათ შორის მე და დედაჩემიც, - იხსენებს გურამ გაბაშვილი, - მაშინ 32 წლისა ვიყავი. ჩემი და გადარჩა, რადგან გათხოვილი იყო და ცალკე ოჯახად ითვლებოდა. გაჩხრიკეს სახლი, ჩაგვსვეს სატვირთო მანქანაში და წაგვიყვანეს ნავთლუღში შეგვრეკეს საქონლის გადასაყვან ვაგონებში. 14 დღე ვიყავით შიგ ჩაკეტილები.

ჩაგვიყვანეს ყაზახეთში. რამდენიმე თვის მერე მოვიდა ჩვენი საქმეები. ერთ მხარეს ეწერა: "რევაზ გაბაშვილი ცხოვრობს პარიზში, ეწევა ანტისაბჭოთა აგიტაციას. მარიამ გაბაშვილი და გურამ გაბაშვილი გადასახლებული არიან". მეტი არაფერი.

მე და დედა შეგვასახლეს საქათმეში. ყარდა იქაურობა. საქათმე ვიღაც ჩრდილოკავკასიელისა ყოფილიყო. ბოდიში მოგვიხადა, - ძალიან ვწუხვარ, ამ დღეში რომ გხედავთ. შინ მიგიღებდით, მაგრამ მიშლიანო...

გადასახლებაში თავის გატანა და გადარჩენა მთელი ეპოპეაა. გრძელი მოსაყოლია, როგორ გადარჩა გურამ გაბაშვილი, როგორ დაიწყო მუშაობა, როგორ დაუბრუნდა სპორტს - ფრენბურთს და თბილისელი ტყვეებისგან შემდგარმა მისმა გუნდმა როგორ დაამარცხა ყაზახეთის რჩეული გუნდი - სათქმელად ადვილია, გადასატანად - ძნელი...

როგორც იქნა, ტყვეობა დასრულდა და არქიტექტორი გურამ გაბაშვილი საქართველოში დაბრუნდა. გავიდა კიდევ ცოტა ხანი და შეუჩნდნენ, - მამასთან კავშირი აღადგინეო.

- მოვიდა ჩემთან პროფესორი, მუსიკისმცოდნე, ემიგრაციასთან კავშირის საზოგადოების თავმჯდომარე, გვარად ხუჭუა - კავშირი უნდა დაამყაროთ მამასთანო. შემეშინდა, - ისევ რაღაცას გეგმავენ-მეთქი. თითქმის ყოველკვირა მაკითხავდა შინ თუ სამსახურში. ბოლოს, ვიფიქრე, - ესენი თავს არ დამანებებენ და მამის ნახვა მაინც შემრჩება-მეთქი. მივწერე მამას წერილი. მომივიდა მიწვევა საფრანგეთში.

მამა არ დაოჯახებულა პარიზში. მასთან ცხოვრობდა ქართველი ქალი. მე რომ ჩავედი, ის უკვე გარდაცვლილი იყო. რამდენჯერმე შემოუთვალა დედას, - წაგიყვანთო. დედა არ დასთანხმებია. მერე შემოუთვლია, - თუ მომწერ, რომ ჩამოვიდე, ფეხით ჩამოვალო. დედამ არ მისწერა. რომ ჩამოსულიყო, იცოდა, დახვრეტდნენ. ასე დარჩნენ ცალ-ცალკე.

პარიზში მატარებლით ჩავედი. 50 კაცი დამხვდა სადგურზე. არ ვიცოდი, მამა რომელი იყო. ხელი მომკიდეს და მასთან მიმიყვანეს.

...მამამ დამიდო წიგნი, "რაც მახსოვს". წავიკითხე და გავოგნდი: ეს რა დაგიწერია, ყველა გალანძღული გყავს. ჩემი ძმაკაცების მამებზე ისეთი რაღაცები წერია, თბილისში რომ ჩავალ, როგორ შევხედო მათ თვალებში-მეთქი...

ვეხვეწებოდი, საქართველოში წამოდი-მეთქი, დავითანხმე კიდეც. შენს ოთახს გასაღებით ჩაკეტავ, ვინც არ გენდომება, არ შემოუშვებ-მეთქი, ვპირდებოდი. წამყვა საელჩოში, რომ წამოსვლის ამბავი მოეგვარებინა, მაგრამ მეორე დღეს გამომიცხადა, - ვერ წამოვალო. კავკასიურ კულტურაზე დაწერილი წიგნი მაჩვენა: ამას ქართველის მეტი ვერავინ წაიკითხავს. ვთარგმნი, დავბეჭდავ და მეორე დღესვე წამოვალო. 1968 წელს ჩემი და, ციალა წავიდა საფრანგეთში.

მამას წიგნი უკვე ეთარგმნა. სასტამბო ამონაბეჭდებს კითხულობდა. ჩემი და ეხმარებოდა. ჩააბარა სტამბაში გასწორებული ვარიანტი და 1969 წელს გარდაიცვალა, 87 წლისა...