"ბაღებში საროსკიპოებიც იყო, ამ კუნძულს სტუმრობდა ალექსანდრე პუშკინი" - ძველი თბილისის კუნძულები - კვირის პალიტრა

"ბაღებში საროსკიპოებიც იყო, ამ კუნძულს სტუმრობდა ალექსანდრე პუშკინი" - ძველი თბილისის კუნძულები

ორთაჭალის კუნძული მოქცეული იყო მტკვრის ძირითად კალაპოტსა და მის მარჯვენა ტოტს შორის. დღეს დაახლოებით იმ ადგილას ორთაჭალჰესია

სანამ თავის ნებაზე მომდინარე მტკვარი თბილისში ბეტონის ჯებირებში მოექცეოდა, მას რამდენიმე კუნძული ჰქონდა, რომლებიც საბჭოთა დროს გაუჩინარდა - როდესაც ლავრენტი ბერიამ მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს განაშენიანება დაიწყო. ჩვენი რესპონდენტი, ისტორიკოსი უშანგი რუხაძე გვიამბობს:

მადათოვის კუნძული

თბილისში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მადათოვის კუნძული დღევანდელი გალაკტიონისა და ბარათაშვილის ხიდებს შორის იყო. ის თავიდან ერეკლე მეფის სიძის, დავით ორბელიანის საკუთრება ყოფილა და ორბელიანის კუნძული ერქვა. სადაც დღეს მშრალი ხიდია, იქ მტკვარი ორად იყოფოდა და ქმნიდა კუნძულს. შემდეგში ეს ადგილი ბერიას ბრძანებით ამოუშრიათ. ამომშრალი მტკვრის ტოტის გადაღმა მდგარა უმშვენიერესი ბაღებით გარშემორტყმული ორბელიანების სასახლე.

დავით ორბელიანის გარდაცვალების შემდეგ მისმა მემკვიდრეებმა XIX საუკუნის 20-იან წლებში კუნძული გენერალ მირბაჯან მადათოვს მიჰყიდეს და მას შემდეგ მადათოვის კუნძულად მოიხსენიებოდა. 1837 წელს რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ პირველი საქართველოს, როგორც რუსეთის ერთ-ერთი გუბერნიის დასათვალიერებლად ჩამოვიდა. ქართველმა თავადაზნაურობამ გრანდიოზული აღლუმი მას მადათოვის კუნძულზე მოუწყო.

დროსთან ერთად კუნძულმა ძველებური ბრწყინვალება დაკარგა. ხეხილის ბაღები გაჩეხეს, ერთ მხარეს წვრილ-წვრილი საწარმოები გაიხსნა, ნაწილი - ნაგავსაყრელად იქცა. მტკვარზე დაცურებული ტივების გაჩერების ერთ-ერთი პუნქტი მადათოვის კუნძული იყო, სადაც მორებს ჯაგეტიანების და ტერ-ასატუროვების საამქროებში ამუშავებდნენ. დღეს მადათოვის კუნძულის ადგილას დედაენის ბაღი და იუსტიციის სახლია. კუნძული ისტორიის საკუთრება 1938 წლიდან გახდა. მისი არსებობა მხოლოდ მაშინ ახსენდებოდათ, როდესაც მტკვარი საგრძნობლად დაიწევდა და კუნძულის ფრაგმენტი გამოჩნდებოდა.

ორთაჭალის კუნძული

მეორე კუნძული ორთაჭალის ბაღების სახელით იყო ცნობილი. კუნძული ნახევარ ქალაქს ამარაგებდა ხილით, ბოსტნეულით და თევზეულითაც კი. 1724 წელს ვახუშტი ბაგრატიონის შედგენილ თბილისის გეგმაზე ორთაჭალის კუნძული მოხსენიებულია კრწანისის ბაღად, რადგანაც მაშინ ორთაჭალა სოფელ კრწანისს ეკუთვნოდა.

კუნძული მოქცეული იყო მტკვრის ძირითად კალაპოტსა და მის მარჯვენა ტოტს შორის. დღეს დაახლოებით იმ ადგილას ორთაჭალჰესია. თავდაპირველად ორთაჭალის ბაღები მეფის ოჯახსა და თავადაზნაურობას ჰქონდა გაყოფილი. XIX საუკუნიდან ბაღებს კერძო მესაკუთრეები დაეუფლნენ.

იოსებ გრიშაშვილი წერდა: "ძველად ქალაქგარეთ მხოლოდ ორი დროის გასატარებელი ადგილი არსებობდა: მდაბიო ხალხისათვის - ორთაჭალის ბაღები და ევროპულად გაზრდილთათვის - მუშტაიდი. ორთაჭალის ბაღში ორი რესტორანი გახლდათ - "არგენტინა" და "ელდორადო". ბაღებში საროსკიპოებიც იყო. ამ კუნძულს სტუმრობდა ალექსანდრე პუშკინი. ორთაჭალის ბაღები გრიგოლ ორბელიანს მოხსენიებული აქვს ლექსში "მუხამბაზი". ქეიფის მოყვარული ორბელიანი ხშირად ილხენდა იქ. კუნძულს სახელი გაუთქვა ნიკო ფიროსმანმა, რომელიც აქაურობის ხშირი სტუმარი იყო. მისი ტილო "ორთაჭალის ტურფა" ყველასათვის ცნობილია. XX საუკუნის დასაწყისში აქ პოეტებისა და საზოგადო მოღვაწეების საყვარელი თავშესაყარი იყო.

ორთაჭალის ბაღები არსებობდა 1950-იან წლებამდე, ორთაჭალჰესის აგებამდე. შემდეგ სანაპიროებიც მოეწყო, მტკვრის ტოტი მოისპო და კუნძულმაც არსებობა შეწყვიტა.

სატიოს კუნძული

კიდევ ერთი კუნძული, რომელიც ნაკლებად არის ცნობილი, მდებარეობდა დაახლოებით დღევანდელი თამარ მეფის ხიდსა და რესტორან "არაგვს" შორის. ეს პატარა კუნძული ბაღებით იყო დაფარული. კუნძულს ზოგი სატიოს, ზოგიც - სატივოს ეძახდა. შიდა ქართლიდან ტივით წამოღებული ხილი, ბოსტნეული, ხეტყის მასალა, თუ პირუტყვი ამ ადგილას ჩერდებოდა და მერე რკინიგზისკენ გადაინაცვლებდა. სატიოც მტკვრის ბეტონის კალაპოტში მოქცევის შედეგად გაქრა. მტკვარზე კიდევ იყო სხვა უმნიშვნელო ზომის უსახელო კუნძულები.

ბერიას ხე და ორთაჭალის ბაღები

ტერენტი გრანელის მოგონებებიდან: "ერთხელ ორთაჭალაში მივდიოდი ჩემს ნაცნობ მებაღე ილიკო ელიავასთან. გზაზე ბამბის საპენტ ფაბრიკასთან ვიღაცამ მანქანა გააჩერა, შევცბი, შევხედე - ლავრენტი ბერია იყო. მკითხა, საით გაგიწევიაო. მებაღეებთან მივდივარ, ბატონო ჩემო-მეთქი. ჰო, ეს კარგია! - ხელი ჩამომართვა და გზა განაგრძო. მე კი ვინახულე ჩემი ნაცნობი მებაღე ილიკო ელიავა, რომელსაც ვუამბე ბერიასთან ჩემი შეხვედრის ამბავი. გაიცინა - ბერია ხშირად ხვდება და საუბრობს ორთაჭალა-კრწანისის მებაღეებთანო".

მებაღე მიხეილ ძიძიგური განაგებდა და უვლიდა ბერიას ბაღს ორთაჭალაში. მოგვიანებით იხსენებდა: "ერთ დღეს ბაღში შემოვიდნენ ლავრენტი ბერია და მისი მეუღლე ნინო გეგეჭკორი. ბერიამ ბაღში ორი შუშა კიტრი მოწყვიტა და შემდეგ ცოლ-ქმარი ჩემკენ გამოემართა. ორივე მომესალმა, ხელი ჩამომართვა და მთხოვა, მომეტანა სკამი, დანა, თეფში და მარილი. მე მათ ვთხოვე, შინ შემოსულიყვნენ, მაგრამ ბერიამ სიცილით მითხრა, - მე კაბინეტში ჯდომა არ მაკლია, ცის ქვეშ ყოფნა უფრო მსიამოვნებსო. თხოვნა შევუსრულე. შემდეგ მკითხა, როგორ გეპყრობიან ჩემი თანამშრომლები, ხომ არ გავიწროებენო. არა, ბატონო, ყველაფერი კეთდება მებაღეების სასარგებლოდ-მეთქი. შემდეგ მთხოვა, ბაღებსა და მის მიდამოებში დარგული არც ერთი ხე არავინ მოჭრასო. როდესაც კრწანისი მთავრობის რეზიდენციის ადგილი გახდა, ქუჩების გასაგანიერებლად, რამდენიმე ხის მოჭრა გახდა საჭირო. მე გზის გამყვანი ინჟინერი გავაფრთხილე, ბერიამ დამავალა, ბაღის მიდამოებში არც ერთი ხე არ მოიჭრას-მეთქი. მეორე დილით მოვიდა ბერია მეუღლითურთ და რამდენიმე თანამშრომლის თანხლებით დაათვალიერეს ის ადგილი, სადაც ხეები უნდა მოჭრილიყო. გზის გამყვანთ ბერიამ ჰკითხა, იქნებ ხეები გადავარჩინოთ და არ მოვჭრათო?! შესაძლებელია, უთხრა ინჟინერმა, მაგრამ ცოტა ძნელი იქნება და ამავე დროს გზა უფრო დაიკლაკნება და სილამაზესაც დაკარგავსო. მაშინ ბერიამ თქვა, ხეები მოჭერით, მაგრამ იქვე ახლოს დარგეთ კაკლის ხეო. დღეს ეს ხე ამშვენებს მიდამოს, რომელსაც კრწანისელი მებაღეები ბერიას ხეს ეძახიან. ბერია და მისი მეუღლე ნინო დაგვემშვიდობნენ და წავიდნენ. ნინო იყო ლამაზი და ტკბილმოსაუბრე, მასში არ იგრძნობოდა მეუღლის ავტორიტეტით გამოწვეული მაღალი და აწეული ტონით საუბარი. კრწანისელი მებაღეები მას იცნობდნენ, როგორც კეთილსა და ყველას შემწეს".