მამელუკი - კვირის პალიტრა

მამელუკი

(დასაწყისი "კვირის პალიტრა" #19-@20)

უიარაღო (კონდრატე თათარიშვილი)

დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ მურზაყან რევია მიპატიჟებას დასთანხმდა და სახელდახელოდ გაშლილ სუფრას მიუჯდა. ურთიერთ მოკითხვისა და ოჯალეშის დაჭაშნიკების შემდეგ სტუმარ-მასპინძელი ქვეყნის ჭირ-ვარამზე ალაპარაკდა. იმედითა და სიხარულით აღავსო მოხუცი ტაგუია სტუმრის მონათხრობმა:

- იმერეთის მეფე  სოლომონი თავდაუზოგავად ებრძვის ტყვეთა მოტაცება-გაყიდვას უცხოეთში, ოტია დადიანიც ერთგულად ემსახურება, თუ ეშმაკი არ დააჯდა მხრებზე. მხოლოდ რაჭის ერისთავი როსტომი არ ცხრება და თუ ისიც დაამარცხა მეფემ, ჩვენში ისეთივე მშვიდობა დამყარდება, როგორც მეფე ერეკლეს სამეფოში, ქართლ-კახეთშია. მეტიც, თუ დადიანმა არ უღალატა და გურიელიც დაიმეგობრა, ოსმალოსაც განდევნის აქედან და ქუთაისსაც დაიბრუნებს და ფოთსაცო...

- მწყინს კი არა, მიხარია, რომ მართალს ამბობ, - აღტაცებით მიუგო სტუმარმა.

- მართალს, მამი ჩემის სული ნუ წამიწყდება, - წათამამდა ტაგუია, - ჩვენ, დაბალ ხალხს, არაფერი სამტრო ერთმანეთთან არა გვაქვს. ერთხელ, მაშინ ახალგაზრდა ვიყავი, მე და ცხონებული ჩვენი კოჩა დავითაია იქით, შორს, ზემომხარისკენ მოვხვდით. მივედით ერთ საწყალ კაცის სახლში. მტრობა კი არა, ისე გაუხარდა, თითქოს სათათრეთში გაყიდული და უკვალოდ დაკარგული ძმები დაბრუნებოდესო. თავს შემოგვევლო, საბრალო, რაც შეეძლო, პატივი გვცა, მეორე სოფლამდი გამოგვაცილა. მეც ახლა, თავის ქება კიტრად ღირსო, ნათქვამია, მაგრამ ჩვენი შორებელი მოძმე თუ ვნახე ჩემ სახლში, ვუმტრობ კი არა, სხვამ რომ ხელი ახლოს, უსიკვდილოდ არ დავანებებ... ჰაი, მართლა რა გითხრა, ამას წინათ რა მომივიდა, - მხიარულად წარმოსთქვა ტაგუიამ.

- შევიხედე, კარს მომადგა ორი ცხენოსანი, ისინი სულ იქითური, ქართის (თბილისი) მხრიდან უნდა ყოფილიყვნენ. იმათ უნაგირს, მურზაყან, უკან კომპული სულ არა აქვს, ისეა თაღივით გადამრგვალებული.

- კი ვიცი, რამდენი მინახავს, - შენიშნა სტუმარმა...

KvirisPalitra.Ge- აი, მესტუმრნენ. ისეთი გამიხარდა, რომ მამა ჩემი ცაკვაია აბედია მოსულიყო საიქიოდან, ისე არ გამიხარდებოდა სწორედ; მაგრამ საქმე იმაშია, ვაჟო, რომ ისინი თურმე ღომს არა სჭამენ, სულ პურის ჭამას ჩვეული ხალხია. აი, თოლიგე, შეიძლება რამე მოაგვარო-მეთქი, ვუთხარი დედაკაცს. საბრალოს სადღაც ერთი-ორი ატარი (ჯამი) იფქლის ფქვილი ჰქონოდა, სალოცავი კვერებისთვის შენახული. საჩქაროდ ხაჭაპური გამოვაცხობინე. სხვა ცოტ-ცოტა, შენი და მიქამ-გარიოს წყალობა, პურით არ ვიყავი ზურგგამაგრებული, თორემ ყოვლისფერი მქონდა. ოჰ! ღმერთმან დასწყევლოს უკეთესი ტაბაკის ხალხი! ისე მოილხინეს, ისე დაგვლოცეს, ისეთი მრაალჟამიერი დასძახეს, თავისებური, მაგათ გრძლად სცოდნიათ, გაჭიანურებული, რომ დიდი და პატარა გაგვამხიარულეს...

ეს იმას მოვაყოლე, თორემ რა სალაპარაკოა. ჩხუბს და მტრობას დიდკაცობა სთესავს, თორემ ჩვენ, მხვნელ-მთესველი ხალხი მუდამ კეთილგანწყობილებაში ვიქნებით ერთმანეთთან. მაშ, ეს ღმერთმა შური და მტრობა მოსპოს ჩვენს ქვეყანაში. საერთო მტრის წინააღმდეგ ერთი პირი და ერთი გული მოგვცეს. მაშინ არც ტყვედ გაიყიდება სთამბოლში უბედური ჩვენი კაცის შვილი, - წარმოსთქვა მასპინძელმა და სავსე ჩალამი ხელში დაიჭირა. - ოხ, ღმერთმან სწორედ მიცოცხლოს შენი თავი, დღეს გული გამიმსუბუქე მოხუცებულ კაცს. ჩემო ბატონო მურზაყან, შენისთანა ერთი ასი რომ ერიოს ჩვენ თავად-აზნაურებში, მაშინ ჩვენი საქმე სულ სხვანაირად იქნებოდა.

- გმადლობ, გმადლობ, ჩემო ტაგუია.

- თაარ ანგილოზი იყოს შენი მფარველი ყოველ შარაგზაზე, - დალოცა სტუმარი მასპინძელმა და ღვინო დალია, - ოო... მართლა გვარიანი ღვინოა, ღმერთმა უკეთ იცოდეს. ბატონ მურზაყანს სიცოცხლე და გამარჯვება.

- ღმერთმან გაგიმარჯოს! ღმერთმან ეს შენი ვაჟები გიცოცხლოს, მათი წითელი გვირგვინი გაჩვენოს! იცოცხლეთ, ბიჭებო, - გადასძახა ჯეილებს.

გიგომ და მალხაზიამ მადლობა მოახსენეს. სტუმარმა ღვინო დალია და ჩალამი გიგოს გადასცა. გიგომაც და მალხაზიამაც ხელახლა მადლობა მოახსენეს და ღვინო დალიეს.

- იმ ხრესილის ბრძოლაში, ბატონო მურზაყან, შარშან მეც გამიწვიეს. რავა გგონია? წავჩანჩალაკდი ამ ჩემი კუნტა (მოკლე) თოფით. ცხენისწყლამდე მივედით და ამბავიც მოვიდა, მეფეს და დადიას გაემარჯვაო, და უკანვე გამოვბრუნდით.

- ოი, შენ რომ სალაშქროდ გაგიწვია, იმას შენი მეტი ჭკუა არა ჰქონია, - შენიშნა მზეხამ...

- ჰა, შე ტვენგერე (გამოჩერჩეტებული) დედაკაცო, ერთ ტყვიას ხომ მოვიკავებდი, შეიძლება, ერთიც იქით გამესაღებინა...

- რას ამბობ, ძიძა, ტაგუია ჩინებული მსროლელია, - უთხრა სტუმარმა. - ვო, ტაგუია, მახსოვს, მე რომ პატარა ვიყავი და თქვენ ოჯახში ვიზრდებოდი! მაშინ, აღდგომა დილით ადრე, ნაწირვევს ცაცხვის ქვეშ წითელ კვერცხს რომ ჩამოკიდებდნენ და იყო ერთი ნიშანში სროლა! შენ რამდენჯერ ჩამოგიგდია...

- იმდენი, შენ არ გწყევლი, და ამ ჩემს ბაღნებს გაუთენდეს აღდგომა, - სთქვა მასპინძელმა.

- იმ ხრესილის ბრძოლაშიო, ამბობენ, ხუტუნია შარაშიამ ისახელა თავიო, - მორიდებით შენიშნა გიგომ.

- ჭეშმარიტია, ჭეშმარიტია! - დაადასტურა მურზაყანმა. - ხუტუნია ხომ კაცი კი არა, დევი იყო სულგანათლებული! რომ შევარდა, ყმაწვილო, ოსმალოს ჯარში და რომ მოისვა ლეკურზე, თექვსმეტი კაცი ჭარხალივით მიათალა ერთმანეთს და თვითონაც ზვარაკად შეეწირა საერთო საქმეს.

- ღმერთმა ნათელი აღუდგინოს, - სასოებით სთქვა მოხუცმა, ჩალამკალამში ღვინო ჩაასხა, მერე ჩალამს თავი გადუწია და რამდენიმე წვეთი ღომის ნამცეცზე დააწვეთა.

ხუტუნიას შესანდობელი ყველამ ლოცვა-მოხსენებით დალია.

- ახლა კი საკმაოა, ბაბა ტაგუია, - სთქვა სტუმარმა.

- ერთი კიდევ, შენი ჭირიმე, ბატონო, ჯერ ღვინო კიდევ არის.

- ნურც გამოლიოს ღმერთმა, მაგრამ ჩვენთვის კი მეტი რიგი არაა. ყანაში მუშაობის დროს ესეც გადავაჭარბეთ.

- ყველა წინდა ღვთიშობელი იყოს, ბაბაია, შენი და შენი ოჯახის შემწე, - წარმოსთქვა სტუმარმა, ჩალამში ცოტა ღვინო დაასხა, დალია და ზეზე წამოდგა, - დიდად გმადლობ, ბაბაია: ასეთი გემრიელი საჭმელი, მგონია, ხშირად არ მიჭამია, ნუ მოაკლოს ღმერთმა ბარაქა შენს ოჯახს.

- მომკლას ნეტავ ღმერთმან, სული ამომხადოს, მოგატყუილეთ, ბატონო, - უანგარიშო ბოდიშს მოჰყვა დიასახლისი.

სტუმარმა ერთხელ კიდევ მადლობა გადაუხადა, თოფი გადაიკიდა, ცხენზედ შეჯდა და თავის გზას გაუდგა.

მზეხა და ხვიჩა სხვა მესადილე ქალებთან ერთად ისევ შეიარაღებულ მამაკაცების თანხლებით შინისკენ წავიდნენ.

- აბა, ბიჭო, ხვიჩა, შენ ჭკუიანად იყავი, - დააბარა გიგომ, - მარტო არ გარეკო თხები, არც შორს წახვიდეთ. ბეკოს ნაფუზართან მაღალი ანწლია, იქ ხუთასი თხაც რომ იყოს, გაძღება. ჭკუიანად იყავით. ჩიტის ბუდეს ნუ შლით ხოლმე.

- ჭკუიანად, ჩემო ბაბაია, ჩემო გულის გამხარებელო ბაბაია, - დააბარა მოხუცმაც.

***

ტაგუიამ და მისმა შვილებმა ნასადილევს ჩრდილ ქვეშ ცოტა წაიძინეს. მზე გადაიხარა თუ არა, წამოცვივდნენ, დაავლეს თოხს ხელი და მუშაობას შეუდგნენ.

სამხრობის დრომ მოაწია. მწვანე ჯეჯილით აბიბინებულ ველს მოწმენდილ-მოკრიალებული ფირუზის ფერი ცა დაჰყურებდა. არსად ერთი ბეწო ღრუბლის ბულული არ მოიძებნებოდა. თითქოს ჰაერი ერთ ალაგას გაიყინაო, არსაიდან სიო არ ჰქროდა.

- ოჰ, მეტისმეტად ცხელა, ლამის სული შემიგუბდეს. ვო შური საყვარელი, ერთი კაი ბორია ახლა ათას ქისა მარჩილად ღირს, - ინატრა უმცროსმა - მალხაზიამ.

- მაინც რა გადაცემული დღეა ეს დალოცვილი, - დაეთანხმა გიგოც.

- მართალია, ბაბაია, ცხელა, - აუჩქარებლად წარმოსთქვა მოხუცმა, - სიცხე ჩვენ გვაწუხებს, მაგრამ ჭირნახულისთვის კი დაუფასებელია. ყველასათვის სასიამოვნო იმ დალოცვილ ღმერთსაც რომ ვერ შესძლებია! ჩვენ გვასიამოვნოს, ჭირნახულს არ ესიამოვნება, ჭირნახულს ასიამოვნოს, ჩვენ არ ვართ კმაყოფილი.

- ჰეპე, რაღა გაეწყობა! - წამოიძახა გიგომ. - გაგვიძლია, კიდევ გავუძლოთ, სხვაფრივ არ იშოვება მაგრად ჩასალუკმებელი. ჰე, ბიჭო! - გადასძახა მალხაზიას და თოხი მარჯვედ მოიქნია. მალხაზია აჰყვა. არც მოხუცი ჩამორჩა უკან და კვლავ გაისმა თოხის აჩქარებული ჩახაჩუხი.

- ეს სვე, როგორმე, ბიჭებო, და მერე ცოტა შევისვენოთ, არც მაინცდამაინც თავის გადაყოლება ვარგა, - სთქვა მოხუცმა.

- სიცხეს კი გავუძლებ, რაც გინდა იყოს, სანგარო, სხვანაირადაც არა ვარ კარგად, - რაღაც მთელი ტანი დაბეჟილივით მაქვს, - ჩიოდა გიგო.

- ალბათ, ბელტზე დაწოლილხარ, შვილო, უხერხულად, - მიუგო მამამ.

- არა, დილიდანვე უხასიათოდ ვარ, მთელ ტანში სიმძიმესა ვგრძნობ, ვაი თუ ცივება დამიწყოს...

- სუთ, სუთ! - გააწყვეტინა მალხაზიამ. შეჩერდა, თოხის ტარს დაებჯინა და სმენად გადაიქცა.

- რა იყო, ბაბა? - დაეკითხა მამა.

- რაღაც კივილივით მომესმა.  სამივენი შეჩერდნენ და ყური დაუგდეს.

- თითქოს რაღაც მეც მესმის, - სთქვა გიგომ.

- ძაღლი ყეფს, მგონია, - შენიშნა ტაგუიამ.

- ძაღლის ყეფაც ისმის, ნამდვილია.

სხვა მომუშავენიც ველზე შეჩერდნენ და ყურს უგდებდნენ.  სოფლიდან რაღაც ხმაურობა მართლა მოისმოდა, ქალების კივილს ჰგავდა.

- ავავაია! მოკვდა ვიღაცა, - გაუბედავად სთქვა მალხაზიამ.

- ვაი, საბრალო, თუ ქუჩუს დედა გარდაეცვალა. ხანში შესული ადამიანი იყო საცოდავი, - შენიშნა ტაგუმ, - მე რომ, ბაბაია, პატარა ბიჭი ვიყავი, იმას მაშინ ხუთი შვილი ქე ყავდა. კაცი, სანგარო, ერთი გუდა სისხლია, რა ბევრი უნდა, რომ მოკვდეს.

- არა, ქუჩუს დედა გუშინწინ ვნახე, სასიკვდილო პირი არა აქვს, - დაფიქრებით სთქვა გიგომ, - ალბათ, გარეშე სოფლიდან ვისმე სიკვდილის ამბავი თუ მოიტანეს. უეჭველია ქალების კივილია. ე! უყურე, ხმაურობა თანდათანა ახლოვდება, თითქოს აქეთკენ მოდიანო. ხმაურობამ იმატა. ახლა ქალების წივილ-კივილი ნათლად მოისმოდა. ერთი ქალი განსაკუთრებით საშინლად გაჰკიოდა.

შვილებმა იცნეს დედის ხმა.

- ეჰე, ჩვენი ცოდვა! რაღაც სახეირო არ არის ჩვენს თავზე, - წამოიძახა გიგომ, თოხი იქვე დააგდო და ქუჩურა ბჟოლასთან მიირბინა, თოფს ხელი დაავლო და სოფლისაკენ გავარდა. ტაგუია და მალხაზიაც იმას მიჰყვნენ. სხვა მომუშავეთაც დაყარეს თოხები და თოფებს მიაშურეს, ზოგი ახალუხს იცვამდა, ზოგი პერანგის ამარა თოფით გარბოდა.

მდინარის გაღმა რამდენიმე თმაგაწეწილი ქალი წივილ-კივილით მორბოდა, მათ შორის მზეხაც გულსაკლავად ღრიალებდა.

- ნანა შვილო, ნანა შვილო, მოგიკვდა დედაშენი, ხვიჩა ნანა! მი... შვე... ლეთ...

- რა ამბავია, რა მოუვიდა! ჩემი ბიჭი ახლა აქ ხელში არა მყავდა? - დაიყვირა წყალგამოღმიდან საბრალო ტაგუიამ, მაგრამ მისი ხმა უცებ გაწყდა, ფეხები აუკანკალდა და იქვე ჩაიკეცა.  მუშებმა, საცა მოხვდათ, წყალში შეტოპეს და ერთი კიჟინით და ხმაურობით გაემართნენ.

ნახევარი საათის შიგნით მთელი სოფელი ფეხზე იდგა. ქალების წივილ-კივილი, ძაღლების ყეფა, მამაკაცების კიჟინა, ერთად შერეული, რაღაც გულშემზარავ ხმაურობას აყენებდა... სოფლის ბოლოდან მოისმა თოფის ხმაც. გავარდა ერთი... ორი... სამი...

მზის ჩასვლას ცოტა-ღა აკლდა. დასავლეთიდან სიო საგრძნობლად უბერავდა, ცაზე აქა-იქ ღრუბლებიც მოსჩანდა. ერთი პაწია სერის კალთაზე მოთავსებული ტაგუია აბედიას კარ-მიდამო ქალით და კაცით სავსე იყო.

P.S.  უიარაღოს ისტორიული მოთხრობის "მამელუკის" პუბლიკაციის დაწყებისთანავე რედაქციას კონდრატე თათარიშვილის შთამომავლები დაუკავშირდნენ და თავიანთი შორეული წინაპრის წარმომავლობისა და გვარის შესახებ გვაუწყეს: "საოჯახო საბუთებისა და გადმოცემების მიხედვით, თათარიშვილების შორეული წინაპარი კახეთის მეფის ალექსანდრეს (1574-1605) ასულ ნესტან-დარეჯანს გამოჰყოლოა მზითევში, როცა ეს უკანასკნელი სამეგრელოს მთავარ მანუჩარ დადიანზე გაუთხოვებიათ.

დედოფლის მზითევში მონაყოლი ჭაბუკი სასახლის კარზე დარჩენილა და მისი შთამომავლებიც, ვიდრე ბატონყმობა არსებობდა, სამთავრო გლეხებად ითვლებოდნენ. საერთოდ, გვარი თათარიშვილი ზუგდიდში, ხობსა და სენაკში გვხვდება, არიან ზესტაფონის რაიონშიც. თათარაშვილები კი საკმაოდ ბევრია გურჯაანის, გორის, მცხეთის, სიღნაღის და აღმოსავლეთ საქართველოს სხვა რაიონებში." ასეთი განმარტების გაკეთება მოუხდა მკვლევარ ბენო თათარიშვილს, რათა თავისი სახელოვანი წინაპრის კონდრატე თათარიშვილის გვარის არასწორი ინტერპეტაცია გაესწორებინა - უიარაღოს გვარი ბევრგან, მათ შორის, ქართულ ენციკლოპედიაშიც კი, თათარაშვილად არის მოხსენიებული...

ნაპოლეონმაც ვერ შეძლო მათი დამორჩილება...

1517 წელს ხანგრძლივი ფეოდალური აშლილობით დასუსტებული ეგვიპტე ოსმალებმა დაიპყრეს და თავიანთი სახელმწიფოს პროვინციად გამოაცხადეს. ქვეყანას ოსმალეთის სულთნის წარმომადგენელ ფაშასთან ერთად მართავდა მამელუკი ბეგების დივანი (საბჭო), მათ შორის არაერთი ქართველი იყო. დივანს უფლება ჰქონდა გაეძევებინა ფაშა ეგვიპტიდან. ეს პრივილეგია მამელუკებს ფაქტობრივად გაბატონებულ მდგომარეობას უნარჩუნებდა, მაგრამ მამელუკები მაინც თავიანთ სუვერენიტეტის სრული აღდგენისათვის იბრძოდნენ. 1646 წელს მათ მოახერხეს დაუფლებოდნენ ქვეყნის თითქმის ყველა ციხესიმაგრეს, ხოლო 1769 წელს ეგვიპტე დამოუკიდენელ სახელმწიფოდაც კი გამოაცხადეს. მაგრამ 1773 წელს ეგვიპტეში კვლავ ოსმალები გაბატონდნენ.

მამელუკები არ ემორჩილებოდნენ სულთანს, ატარებდნენ დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას, სხვადასხვა დროს ურთიერთობა ჰქონდათ საქართველოსთან, რუსეთთან, საფრანგეთთან, ინგლისთან და სხვა ქვეყნებთან. დიდია მამელუკთა წვლილი ფრანგთა ბატონობისაგან ეგვიპტის განთავისუფლებაში (1795-1801). ნაპოლეონმა ვერ შეძლო მათი დამორჩილება და ეგვიპტეში ფეხის მოკიდება, სულთნის ნაცვალმა ეგვიპტეში, მუჰამად ალიმ (1805-1846) ჩამოართვა მამელუკებს მიწები (1808), ხოლო 1811 მამელუკი ბეგები გაჟლიტა.

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)