ნაპოვნია კვირიკე დიდის სამარხი?! - აღმოჩენა კახეთში, რომელმაც შესაძლოა ბევრ რამეს მოჰფინოს ნათელი
25-08-2017
ნაპოვნია კვირიკე დიდის სამარხი?! - აღმოჩენა კახეთში, რომელმაც შესაძლოა ბევრ რამეს მოჰფინოს ნათელი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურის ნათლისმცემლის სახელობის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმართულ სარეაბილიტაციო - სარესტავრაციო სამუშაოების დროს სავარაუდოდ, კვირიკე დიდის სამარხი, იგივე კახთა და რანთა მეფის, კვირიკე III-ის საფლავი აღმოაჩინეს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ეკლესიის სამხრეთის მინაშენის, საკურთხევლის აბსიდის წინ აღმოჩენილ საფლავზე, რომელიც ნათალი ქვითაა ნაშენი, ვრცელი ასომთავრული წარწერაა ამოკვეთილი, რომელშიც გარკვევით იხსენიება რანთა და კახთა მეფე კვირიკე. სააგენტოს სპეციალისტები დიდი ალბათობით ვარაუდობენ,
რომ სამარხი, სწორედ კვირიკე დიდის განსასვენებელი უნდა იყოს.

მათივე ინფორმაციით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელოვნებათმცოდნის, გიორგი გაგოშიძის მიერ უკვე აღებულია სამარხის ეპიტაფიის ასლი, რომელსაც სხვა სპეციალისტებთან ერთად მომდევნო დღეების განმავლობაში დეტალურად შეისწავლიან.

თამარ ამონაშვილი, სოფლის მკვიდრი, პედაგოგი და ნათლისმცემლის სახელობის ტაძრის მედავითნე:

- სოფელ
კალაურში, არის მეცხრე საუკუნის, იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია, რომელიც ილარიონ ქართველის მიერაა აგებული და სწორედ ამ ეკლესიის რესტავრაცია მიმდინარეობს. რესტავრაციის პროცესი დიდი ხანია დაწყებულია, დაახლოებით 2008 წლიდან. ბოლო 2 თვეა აქტიურ ფაზაშია, ამოაშენეს გვერდითა ნაწილები, გადაიხურა კამარა. რამდენიმე დღის წინ, მარჯვენა ეკვდერში, როცა მიმდინარეობდა გასუფთავება, რათა ბეტონი დაესხათ, აღმოჩნდა აქამდე უცნობი საფლავი, რომელზეც იყო წარწერაც.
ბუნებრივია, გაასუფთავეს საფლავი, ისე რომ წარწერის წაკითხვა ყოფილიყო შესაძლებელი და ეწერა - კახთა და რანთა მეფე კვირიკე III.

დაახლოებით მეტრის სისქის მიწის ფენის ქვეშ იყო საფლავი. აღმოჩენა უკვე ნახეს სპეციალისტებმა, ჩამოსული იყვნენ: გიორგი გაგოშიძე, თამაზ დვალი, დავით ლომიტაშვილი, სწორედ მათ გამოთქვეს ვარაუდი, რომ ეს საფლავი ეკუთვნის კვირიკე დიდს. ეს თუ საბოლოოდ დადასტურდა, მართლაც დიდი აღმოჩენაა, რადგან აქამდე ეს საფლავი, საკმაოდ დიდი მნიშვნელობის მეფის, მიიჩნეოდა დაკარგულად.

- ეს აღმოჩენა რაიმე კორექტივებს, თუ შეიტანს როგორც კახეთის, ისე საქართველოს ისტორიაში?

- თუ ვარაუდები დადასტურდა, ეს არის ძალიან დიდი აღმოჩენა, რადგან კახთა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მეფის საფლავი გვაქვს. მისი შესწავლა და შემდგომი ნაბიჯები უკვე სპეციალისტების საქმეა.

- სხვა აღმოჩენაც ხომ არ უკავშირდება ამ ტაძარს ან ამ აღმოჩენის შემდეგ ხომ არ იგეგმება ეკლესიის უფრო ძირეული შესწავლა?

- ალბათ დაიწყება, როგორც ეკლესიის ისე მისი მიმდებარე ტერიტორიის უფრო ძირეული შესწავლა. სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ აქ აღმოაჩინეს ქალის თავის ქალა და არის ვარაუდი რომ აქ იყო დედათა მონასტერი, ასევე არის ვარაუდი, რომ ილარიონ ქართველმა არა მხოლოდ ააშენა ეს ეკლესია, არამედ თვითონაც უშუალოდ მოღვაწეობდა აქ.

ცნობისთვის:

კვირიკე III, კვირიკე დიდი -  კახეთ-ჰერეთის მეფე 1010-1037 წწ. მისი მმართველობის დროს სამეფომ სახელმწიფოებრივ, ადმინისტრაციულ და სამხედრო ძლიერებას მიაღწია. მან გააერთიანა კახეთ-ჰერეთი და მიიღო მეფის ტიტული. სამეფო დაყო ადმინისტრაციულ ერთეულებად - 7 საერისთავოდ (რუსთავის, კვეტერის, პანკისის, ხორნაბუჯის, ვეჯინის, მაჭის და შტორის). სამეფოს დედაქალაქი გახდა თელავი. დაახლოებით 1027-1032 წწ. კვირიკე III-ის ინიციატივით მოეწყო კოალიციური ლაშქრობა განძის ამირა ფადლონის წინააღმდეგ.

მონაწილეობდნენ ქართლის ფეოდალები ლიპარიტ ბაღვაში და ივანე აბაზასძე, თბილისის ამირა ჯაფარი და სომეხთა მეფე დავითი. მდინარე ეკლეცზე საქართველოს ლაშქარმა ფადლონი დაამარცხა. დაახლოებით ამავე წლებში კვირიკე III-მ სძლია ოსთა მეფე ურდურეს, ბრძოლაში ურდურე მოკლეს. 1037 წელს კვირიკე III მონაწილეობდა ლიპარიტ ბაღვაშის მიერ თბილისის ამირის წინააღმდეგ მოწყობილ ლაშქრობაში. თბილისის ხანგრძლივი ალყის დროს კვირიკე III მოუკლავს ოს მონას "სისხლისათვის ოვსთა მეფისა ურდურესი" (ვახუშტი ბატონიშვილი).

იხილეთ ასევე: კარსანის საიდუმლო

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)

ლლა
30 აგვისტო 2017 15:13
რა საზიზღრობაა რომ ეკლესია წინააღმდეგია ამ საფლავის გახსნის???? შეაბავენ რკინი კარს და ასევე დაკონსერვდება??? რა სისულელეა??? ყველაფერი იყო მზად, თანხებიც და კომპეტენტური სამეცნიერო ჯგუფიც და თურმე საპატრიარქოს რადგან არ აქვს გახსნის სურვილი ასე დარჩება ეს ყველაფერი????
ლუკა
26 აგვისტო 2017 04:37
თუ კვირიკე დიდის საფლავი ასე უპატრონოდ იყო მიტოვებული, კიდევ რამდენი ქართველი მეფის საფლავია დაკარგული? კარგს იზამთ თუ დაწერთ სხვა ქართველი მეფეების უცნობი საფლავების შესახებ. იმედია ეს საფლავი მართლაც კვირიკე დიდის არის. თუ ეს ასეა მაშინ ეს ტაძარი სამეფო ტაძარი ყოფილა და იქ შეიძლება სხვა მეფენიც იყვნენ დაკრძალულნი. სულმოუთმენლად ველი ახალ ამბებს კვირიკე დიდის შესაძლო საფლავის შესახებ.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები