დღემდე იდუმალებით მოცული ისტორია - ხომალდი პარალელური განზომილებიდან თუ მირაჟი? - კვირის პალიტრა

დღემდე იდუმალებით მოცული ისტორია - ხომალდი პარალელური განზომილებიდან თუ მირაჟი?

"მფრინავი ჰოლანდიელი" ერთ-ერთი ყველაზე მისტიკური ხომალდია, რომლის ისტორია დღემდე იდუმალებით არის მოცული

"მფრინავმა ჰოლანდიელმა" ერთ ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი - დღეს არც ერთი დიდი ან მცირე ხომალდი არ გავა ზღვაში ისე, თუ ანძაზე ნალი არ მიამაგრა"

"მფრინავი ჰოლანდიელი" უგზო-უკვლოდ დაკარგული თუ ეკიპაჟის გარეშე მცურავი გემის კრებითი სახელია. ტერმინი დაიბადა აჩრდილად ქცეული ხომალდის წყალობით, რომელიც ოთხ ათწლეულზე მეტია შიშის ზარს სცემს ზღვაოსნებს. მისი გაშლილ ზღვაში ხსენება ავის მომასწავებელია, პირისპირ შეხვედრა კი გარდაუვალ დაღუპვას ნიშნავს, რადგან "მფრინავი ჰოლანდიელი" ერთ-ერთი ყველაზე მისტიკური ხომალდია, რომლის ისტორია დღემდე იდუმალებით არის მოცული.

"მფრინავი ჰოლანდიელი" უგზო-უკვლოდ დაკარგული თუ ეკიპაჟის გარეშე მცურავი გემის კრებითი სახელია.

ნახევრად დანგრეული კორპუსი და შავი აფრები, საჭესთან კაპიტანი დგას, რომელიც ამაყად იყურება წინ და ვერც ამჩნევს მის გარშემო მეზღვაურებს - ძველმანებით შემოსილ ჩონჩხებს. ეკიპაჟი წლიდან წლამდე ივსება დაღუპული ზღვაოსნებით. როგორც ამბობენ, რაც მეტი ბოროტება აქვს ადამიანს სიცოცხლეში ჩადენილი, მით მეტი შანსი აქვს, შეუერთდეს "მფრინავი ჰოლანდიელის" მოჯადოებულ გუნდს. სწორედ ასე აღწერენ მისტიკურ ხომალდსა და მის ეკიპაჟს თვითმხილველები, რომლებიც დარწმუნებული არიან, რომ "მფრინავ"ჰოლანდიელს" მხოლოდ უბედურება მოაქვს."

კეთილი იმედის კონცხი ყველა ზღვაოსნისთვის კარგად არის ცნობილი.სწორედ აქ, სავარაუდოდ, XVII საუკუნის მიწურულს, დაიბადა ლეგენდა "მფრინავ ჰოლანდიელსა" და მის სასტიკ, ღვთისმგმობელ კაპიტანზე, ფილიპ ვან დერ დეკენზე. არსებობს ლეგენდის რამდენიმე ვერსია. ერთის თანახმად, ოსტ-ინდოეთიდან მომავალი ხომალდით, რომელსაც კურსი სწორედ კეთილი იმედის კონცხისკენ" ჰქონდა აღებული, სხვა მგზავრებთან ერთად შეყვარებული წყვილიც მგზავრობდა. ახალგაზრდა ქალის სილამაზით მოხიბლულმა კაპიტანმა მისი დასაკუთრება მოისურვა და როცა საწადელს ვერ მიაღწია, საქმრო მოუკლა. სასოწარკვეთილმა ქალმა ვან დეკენის ცოლობას სიკვდილი არჩია და ზღვაში გადახტა. ლეგენდის თანახმად, განგებამ კაპიტანს მხოლოდ ერთი შანსი მისცა დანაშაულის გამოსასყიდად: ათ წელიწადში ერთხელ მას ხმელეთზე გადმოსვლის უფლება აქვს, რათა ერთ ღამეში იპოვოს ღვთისმოშიში ქალი, რომელიც ცოლად გაჰყვება და მასთან ერთად მის ეკიპაჟსაც გაათავისუფლებს ტანჯვისგან. როგორც ჩანს, ვან დერ დეკენმა ჯერ ვერავინ დაითანხმა ცოლობაზე და მისი გემიც აგრძელებს უსასრულობაში მოგზაურობას. ხომალდს არც ერთ ნაპირთან მიდგომა, არც ერთ პორტში შესვლის უფლება არა აქვს და ყველასგან მიტოვებული სხვა გემებზე თავდასხმით ცდილობს თავის შეხსენებას.

არანაკლებ შიშის მომგვრელია ლეგენდის კიდევ ერთი ვერსია. ბევრი თვლის, რომ ვან დერ დეკენმა, რომელიც საკუთარ თავს დაუმარცხებელ ზღვაოსნად მიიჩნევდა, ბუნების რისხვა დაიმსახურა - "ზღვაზე ქარიშხალი მძვინვარებდა და კეთილი იმედის კონცხთან მიახლოება გაუჭირდათ. ეკიპაჟი შეშინდა და კაპიტანს სთხოვა, სადმე ყურეში დაეცადათ გამოდარებისთვის. კაპიტანი მეზღვაურების ურჩობამ ისე განარისხა, რომ ჯერ ბოცმანი გამოასალმა სიცოცხლეს, მერე რამდენიმე მეზღვაური, ბოლოს კი იღრიალა, რომ ხომალდიდან მანამდე ვერავინ გადავიდოდა, სანამ კონცხს არ შემოუვლიდნენ, თუნდაც ამისთვის მარადისობა დასჭირვებოდათ. ლეგენდის თანახმად, სწორედ ამ დროს გაისმა ზღვების მბრძანებლის შემზარავი ხმა, რომელმაც ამპარტავან კაპიტანს ექოდ უპასუხა: "დაე, იყოს ასე, იცურე მარადიულად".

ბუნების რისხვას მიეწერება სხვა ვერსიებიც. ზოგის აზრით, ეკიპაჟმა, რომელიც სამშობლოში დაბრუნებას ჩქარობდა, ზღვაოსანთა დაუწერელი კანონი დაარღვია - საფრთხეში ჩავარდნილ სამგზავრო გემს არ დაეხმარა და სასიკვდილოდ გაწირა. ზოგის აზრით კი""მფრინავი ჰოლანდიელი" "მეკობრეთა აჩრდილ გემს, "კენარს" გადაეყარა და მართალია, ბრძოლაში დაამარცხა, მაგრამ გამარჯვებასთან ერთად მისი დაწყევლილი ბედიც გადაიბარა. ასეა თუ ისე, ეკიპაჟმა კაპიტნის მეთაურობით თავად გამოუტანა განაჩენი საკუთარ თავს და მას შემდეგ სამუდამო ხეტიალისთვის განწირული მეზღვაურები შემხვედრ გემებზე იყრიან ჯავრს.

სხვათა შორის, "მფრინავმა ჰოლანდიელმა" ერთ ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი - დღეს არც ერთი დიდი ან მცირე ხომალდი არ გავა ზღვაში ისე, თუ ანძაზე ნალი არ მიამაგრა. თუმცა, როგორც მეზღვაურები ირწმუნებიან, მისტიკური გემისგან მშვიდობით თავის დაღწევის შანსი მხოლოდ მათ აქვთ, ვინც ფოსტალიონის როლს შეასრულებს და ვან დერ დეკენისგან წერილებით სავსე კასრს ჩაიბარებს. რა თქმა უნდა, კასრის გახსნა არ შეიძლება, მაგრამ თუ ვინმემ ცნობისმოყვარეობას ვერ სძლია და კასრი მაინც გახსნა, ირწმუნება, რომ წერილები""მფრინავი ჰოლანდიელის" ეკიპაჟის საზღვაო მოგზაურობის პირველ წელიწადს არის დაწერილი, ადრესატები მათი ოჯახები და ახლობლები არიან.

ზღვა ყოველთვის იზიდავდა ადამიანებს და განსაკუთრებით XVI-XVII საუკუნეებში, როცა თავგადასავლების მოყვარულები ახალი მიწების აღმოჩენით იყვნენ გატაცებულნი. ევროპული ხომალდები ხშირად გადიოდნენ ზღვაში, თუმცა, სამშობლოში ყველა ვერ ბრუნდებოდა და ახლობლებიც, რომლებიც უარს ამბობდნენ მათი დაღუპვის დაჯერებაზე, უამრავ ფანტასტიკურ ვერსიას იგონებდნენ.

ერთ-ერთი და ყველაზე პოპულარული სწორედ აჩრდილად ქცეული "მფრინავი ჰოლანდიელის" ამბავია. ერთი ვერსიით, მეზღვაურები მტრად მოკიდებული გემის ეკიპაჟმა აიყვანა მძევლად და სამშობლოში დაბრუნების უფლება აღარ მისცა. თუმცა, ისეთებიც იყვნენ, ვისაც მისტიკის არ სჯეროდა და მეტ-ნაკლებად ლოგიკურ ვერსიებს გამოთქვამდნენ.

ბევრის აზრით, აჩრდილად ქცეული ხომალდი სხვა არაფერია, თუ არა ეგრეთ წოდებული ფატა მორგანას მოვლენა, ანუ მირაჟი, რაც გაშლილ ზღვაში არცთუ იშვიათია. შარავანდედი მის გარშემო კი მხოლოდ და მხოლოდ წმინდა ელმას ცეცხლი, ანუ ელექტრონული მუხტია, რომელიც ატმოსფეროში ელექტროველის მაღალი დაბინძურების დროს ჩნდება ვერტიკალური ობიექტების მახვილ ბოლოებზე.

არსებობს ვერსია, თითქოს ეკიპაჟი ციებ-ცხელებამ იმსხვერპლა. თვითმხილველები, რომლებმაც ზღვაში უმართავი გემი, მის ბორტზე კი მეზღვაურების ცხედრები იპოვეს, საზარელი სანახაობის მოწმენი შეიქნენ და დაზაფრულებმა უამრავი დაუჯერებელი ისტორია გამოიგონეს, მით უმეტეს, რომ ზღვაოსნებს სჩვევიათ ზღვის გიგანტურ ცხოველებზე, საზარელ ურჩხულებზე, მითურ არსებებსა და მომღერალ ქალთევზებზე ფანტაზიორობა.

მომაკვდინებელი ავადმყოფობის გავრცელების ვერსიას ამყარებს 1770 წელს დაფიქსირებული შემთხვევაც, როცა მძიმე სენით შეპყრობილი ეკიპაჟი ევროპის ერთ-ერთ პორტში არ შეუშვეს და დაავადებულმა ზღვაოსნებმა გაშლილ ზღვაში დალიეს სული. რამდენიმე წლის შემდეგ მათი ბედი გაიზიარეს სხვა ეკიპაჟებმაც, რომლებმაც ცდუნებას ვერ გაუძლეს, ინფიცირებულ გემზე ავიდნენ და გადამდები ავადმყოფობით დაიღუპნენ.

ბოლო დროს სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს ალბერტ აინშტაინის თანაფარდობის თეორია, რომლის თანახმადაც, რეალობას რამდენიმე პარალელური განზომილება აქვს, საიდანაც დროის ან სივრცის პორტების გავლით რეალურ სამყაროში ისევე მოულოდნელად ჩნდებიან უძველესი ხომალდები, როგორც თანამედროვე გემები ქრებიან უკვალოდ. მსგავსი მოსაზრების მტკიცებულებად ცნობილი მაგნატის, დონალდ დიუკის ისტორიაც გამოდგება. 1997 წელს იახტით მოგზაურობისას ის წარსულიდან მოვლენილ XVII საუკუნის ხომალდს გადააწყდა. სწორედ დიუკის მონათხრობის შემდეგ გამოითქვა ვერსია, რომ უძველესი ხომალდი, სავარაუდოდ, პარალელურ განზომილებაში დაიკარგა.

ბანალური ვერსია აქვთ მეცნიერებს - ისინი გემის ეკიპაჟის დაღუპვას საკვებით მოწამვლას აბრალებენ. როგორც აღმოჩნდა, დაძველებული თევზი შხამიან ნივთიერებას შეიცავს, რომელიც კოშმარულ ჰალუცინაციებს იწვევს, სიგიჟემდე მისული ადამიანები კი ყველგან და ყველაფერში საფრთხეს ხედავენ. თავდაცვის მიზნით თავისუფლად შეუძლიათ ერთმანეთიც დახოცონ.

ასეა თუ ისე, "მფრინავი ჰოლანდიელის" საიდუმლო ისევ ამოუხსნელია. დღესაც ხშირად იკარგებიან გიგანტური გემები და ლაინერები, მეცნიერები კი დღემდე ვერ პოულობენ ამის ლოგიკურ ახსნას.