ქუდბედიანი აღმოჩნდა 15 წლის ივანე - დედამ დასახვრეტად გამზადებულ შვილს გათხრილ სამარესთან მიუსწრო - კვირის პალიტრა

ქუდბედიანი აღმოჩნდა 15 წლის ივანე - დედამ დასახვრეტად გამზადებულ შვილს გათხრილ სამარესთან მიუსწრო

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში საბჭოთა რეჟიმის დროს რეპრესირებულთა რამდენიმე საინტერესო ფოტოა გამოფენილი. კადრში ზოგიერთ ადამიანს სახე საგანგებოდ ამოშლილი აქვს.

გამოფენის ორგანიზატორების განმარტებით, ბოლშევიკები რეპრესირებულთა მხოლოდ დახვრეტას როდი სჯერდებოდნენ, საზოგადოების ცნობიერებიდან საერთოდ რომ წაეშალათ, სიკვდილმისჯილთა სახელებსა და გვარებს - ტექსტებიდან, სახეებს კი ფოტოებიდან შლიდნენ.  ასეთ სახეამოშლილ ფოტოს ნახავთ კედელზე, სადაც მარო და დიმიტრი თარხნიშვილების ოჯახის ფოტომასალებია გამოფენილი. ერთგან დიმიტრის სახე საგანგებოდ ამოშლილია. ის, როგორც თავად-აზნაურთა წრის თვალსაჩინო წარმომადგენელი, სძულდათ ბოლშევიკებს, სწორედ ამის გამო გამოასალმეს წუთისოფელს უდროოდ.

საქართველოს დიდი მოურავის, გიორგი სააკაძის ერთ-ერთი შთამომავალი, დიმიტრი თარხან-მოურავი, იგივე თარხნიშვილი, 1924 წლის შემოდგომაზე დახვრიტეს. Aამბობენ, დიმიტრისა და სხვა თავადების ლიკვიდაციას მხოლოდ ერთი მიზეზი ჰქონდა, - ანადგურებდნენ ყველას, ვისაც შეიძლებოდა კავშირი ჰქონოდა ან თანაუგრძნობდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ ქაქუცა ჩოლოყაშვილსა და მის რაზმელებს.

დიმიტრი თარხნიშვილი ცნობილი ქართველი მომღერლის, მარო თარხნიშვილის მეუღლე იყო. 1924 წლის შემოდგომაზე მას უკლავდნენ არა მხოლოდ ქმარს, ერთადერთ ვაჟსაც, 15 წლის ივანეს. გავლენიან მომღერალს შეეძლო მაშინდელ მთავრობაში ხალხის შეწუხება, რომ ოჯახის გადარჩენა ეთხოვა. ასეც მოიქცა, მაგრამ ორივეს გადარჩენაზე უარი უთხრეს. არჩევანი შესთავაზეს და მან შვილის სიცოცხლე ითხოვა.

ბაია ასიეშვილი, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის რედაქტორი: - დიმიტრი და მარო თარხნიშვილების შვილიშვილი, კომპოზიტორი მარიკა კვალიაშვილი ამ ტრაგედიას ბებიის ხსოვნისადმი მიძღვნილ წიგნში აღწერს:

"1924 წლის გვიანი შემოდგომა, თითქოს ბუნებაც კვდომას იწყებს. მაროს მეუღლესა და თხუთმეტი წლის ვაჟს იჭერენ. იწყება თავადთა აწიოკება, დახვრეტა, ჩაცხრილვა, ჩეხა ოჯახებში თუ საჯაროდ - ყველას თვალწინ... დაპატიმრებების შემდეგ სრული განუკითხაობა... ბევრი უდანაშაულო ოჯახი განადგურდა, გაცამტვერდა. რა იყო ეს? - ბედის ირონია თუ გაბოროტებული, უგვანი და უგვარო ადამიანების შურისძიება? საეჭვოა, მხოლოდ გვარიშვილობა ყოფილიყო დახვრეტის მიზეზი...

გამწარებული მარო სასწრაფოდ ჩადის თბილისში და არასრულწლოვანი შვილის გათავისუფლების საბუთს იღებს. გორში იმ დროს ჩაუსწრებს შვილს, როდესაც გათხრილი სამარის წინ დაჩოქილი, ხელებშეკრული და თვალებახვეული, გაოგნებული მოზარდი საშინელებას ელოდება. შვილის დასახვრეტად გამზადებულ ტყვიას დედის ქუდბედი ეღობება - სამარის კართან ვიღაცის ხელი ათავისუფლებს ჯერ კიდევ გონმოუსვლელ ბიჭს. მარო გულში იხუტებს გამოტირებულ ვაჟს და უკანმოუხედავად მიჰყავს სისხლიანი, მგმინავი, მბორგავი მიწიდან შორს.

შვილის გადარჩენამ 33 წლის დაქვრივებულ მაროს ქმრის სიკვდილი გაუქარწყლა, თუმცა ტირილის უფლებაც არ ჰქონდა: რომელი სახლიდანაც ტირილის ხმას გაიგონებდნენ, შედიოდნენ და დახვრეტილთა ოჯახის წევრებსაც სასტიკად უსწორდებოდნენ", - იხსენებს მარიკა კვალიაშვილი.

ბაია ასიეშვილი: "ალბათ, სიმბოლურია, რომ დიმიტრი თარხნიშვილის დახვრეტამდე სამასი წლით ადრე, სტამბოლში ასეთივე ტრაგედია დატრიალდა. როცა ოსმალებმა გიორგი სააკაძეს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, მასთან იყო ერთადერთი გადარჩენილი ვაჟი როსტომი. მათ ერთად მოჰკვეთეს თავები.

ძალიან ეცადა გიორგი, შვილი გადაერჩინა, მაგრამ ამაოდ. თარხნიშვილები, იგივე თარხან-მოურავები, გიორგი სააკაძის შთამომავლები არიან. ბევრმა არ იცის, როგორ დაქორწინდნენ მარო და დიმიტრი. მაროს სამი ძმა ჰყავდა, მაგრამ სამივე ავადმყოფობით დაღუპულა და ოჯახს გვარის გამგრძელებელი ვაჟი არ დარჩენია. მაროს მამას, ივანეს გადაუწყვეტია, თარხნიშვილისვე გვარის კაცისთვის მიეთხოვებინა უმცროსი ასული.

რახან ახალქალაქელ დიმიტრისა და კავთისხეველ მაროს შვიდ თაობაში ნათესაობა არ აკავშირებდათ და ერთმანეთიც ძალიან მოსწონებიათ, მღვდელს ჯვრისწერის უფლება მიუცია. მათ ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი - ივანე შეეძინათ, სწორედ ის ივანე, რომელიც სამარის პირას წაგლიჯა სიკვდილს ხელიდან მარომ".