ჩი-ფარი - დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მუსლიმანი დეპუტატი ქალი - კვირის პალიტრა

ჩი-ფარი - დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მუსლიმანი დეპუტატი ქალი

1919 წელს საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის დამფუძნებელ კრებაში 5 დეპუტატი ქალი შედიოდა, მათ შორის იყო ყარაიაზის ოლქიდან წამოყენებული მუსლიმანი ქალი პარი-ხანუმ სოფიევი

1919 წელს საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის დამფუძნებელ კრებაში 5 დეპუტატი ქალი შედიოდა. უფრო ადრე, 1918 წლის შემოდგომაზე, ქართული პრესა წერდა: "აღსანიშნავია ერთი ფრიად სამხიარულო მოვლენა; ხმოსანთა რიცხვში შედის ყარაიაზის ოლქიდან წამოყენებული მუსულმანელი ქალი, პარი-ხანუმ სოფიევი". პირველი მუსლიმანი დეპუტატი ქალის შესახებ საბჭოთა წარსულის მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი გვესაუბრება:

- 1918 წლის აგვისტოდან დეკემბრამდე საქართველოში ერობის - სამაზრო (რეგიონული) თვითმმართველობების არჩევნების პირველი ეტაპი ჩატარდა. ეს ლამის ნახევარი საუკუნის ნანატრი მოვლენა იყო. 1860-იან წლებში რუსეთის იმპერიაში დიდი რეფორმების ხანა დადგა, რითაც ალექსანდრე II -მ ჩამორჩენილი ქვეყნის მოდერნიზაცია სცადა. რეფორმათა შორის ადგილობრივი თვითმმართველობის (ზემსტვოს) შემოღება იყო. 1880-იანი წლებიდან ქართველ საზოგადოებაში ნელ-ნელა დაიწყო სამოქალაქო მოძრაობა საერობო თვითმმართველობის მოთხოვნით, თუმცა ხელისუფლება საზოგადოებას მხოლოდ დაპირებებით კვებავდა... საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, შემდეგ კი ქვეყნის ძირითად ნაწილში არჩევნები დაიწყო და ადგილობრივი თვითმმართველობები დაკომპლექტდა, რომელთაც ფართო კომპეტენციები გადაეცათ. ეს იყო აპარატი, რომელიც სახელმწიფოს მართვის უმთავრეს საკითხებს განაგებდა, ცენტრალურ ხელისუფლებას მხოლოდ თავდაცვის, საგარეო და ფინანსური საკითხების მართვა ჰქონდა დარჩენილი.

თბილისის მაზრაში არჩევნები გაჭიანურდა - ამომრჩეველთა მობილიზება ვერ ხერხდებოდა. მაზრა საარჩევნო ოლქებად იყოფოდა, სადაც მოქალაქეებს დეპუტატები უნდა აერჩიათ პროპორციული სიებით. თბილისის მაზრის ყარაიაზის ოლქში ამომრჩეველთა უმრავლესობა აზერბაიჯანელი იყო. მოულოდნელად წამყვანი პარტიების - სოციალ-დემოკრატების, ფედერალისტების, "ჰუმეთის", პირველი მუსლიმანური სოციალ-დემოკრატიული პარტიის, ეროვნულ-დემოკრატებისა და ესერების კანდიდატებთან ჭიდილში გაიმარჯვა უპარტიო კანდიდატმა, აზერბაიჯანელმა მუსლიმანმა ქალმა, ფარი-ხანუმ სოფიევამ. ის თბილისის სამაზრო ერობის მესამე ხმოსანი გახდა ყარაიაზის ოლქიდან.

მისი დეპუტატად არჩევა მოწმობს, თუ რამდენად დიდი ავტორიტეტი ჰქონდა ხალხში. ამის საშუალებას აძლევდა სამართლიანი არჩევნების სისტემაც, რომელიც ქალებს აქტიურ საარჩევნო უფლებას ანიჭებდა.

ფარი-ხანუმის მშობლიურ სოფელ ყარაჯალარში მისი სახელი უფროს თაობას ჯერ კიდევ ახსოვს. ჩი-ფარი (კაცი-ფარი) - ასე მოიხსენიებენ მოხუცები სოფლისა და მხარის "მატრიარქს". ფარი-ხანუმი მუდამ მამაკაცების წრეში ტრიალებდა და სასოფლო საქმეებს განაგებდა. მასთან დადიოდნენ რჩევის საკითხავად, იწვევდნენ დავებში შუამავლად, რიტუალების ხელმძღვანელად. მისი სიტყვა და საქმე გადამჭრელი იყო, ქალს უხუცესები, აღსაკალებიც კი ემორჩილებოდნენ.

ფარი-ხანუმი ქველმოქმედიც იყო, მუდამ ეხმარებოდა ახალდაქორწინებულ ოჯახებს, ობლებს. მას სამეურნეო ინიციატივაც წამოუწყია, რისთვისაც სესხი სახელმწიფო ბანკიდან აუღია. თანასოფლელები ფარი-ხანუმს მიაწერენ ყარაჯალარისთვის რკინიგზის სადგურის მოწყობას.

მუსლიმანი ქალის იმიჯს არღვევდა ფარი-ხანუმის ჩვევა - ის ჩიბუხს ეწეოდა, რაც დღესაც კატეგორიულად მიუღებელია, თუმცა ყურანსაც კითხულობდა და მუდამ იწვევდნენ რიტუალებზე წმინდა წიგნის წასაკითხად.

- როგორ გაგრძელდა მისი პოლიტიკური კარიერა?

- ფარი-ხანუმის პოლიტიკური კარიერა საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, 1921 წლიდან შეწყდა - ბოლშევიკურმა რეჟიმმა სამაზრო თვითმმართველობები გააუქმა. კოლექტივიზაციის დაწყების შემდეგ საფიევების ოჯახი გააკულაკეს"და ქონება ჩამოართვეს.

1937-38 წლების მასობრივი ტერორის დროს ფარი-ხანუმის 3 ძმა დახვრიტეს. მას შემდეგ ქალის ცხოვრების მიზანი დაობლებული ძმისშვილების აღზრდა და გზაზე დაყენება გახდა. თუმცა გადმოცემით, როდესაც 1951 წელს ხორბლის გაყიდვის გამო ერთ-ერთი დააპატიმრეს და ორთაჭალის ციხეში ჩასვეს, ქალმა ეს ამბავი ვერ გადაიტანა და გულის შეტევით გარდაიცვალა.

- აქამდე რატომ არაფერი ვიცოდით ამ ქალის შესახებ?

- არცოდნის მიზეზი მარტივია - საბჭოთა რეჟიმმა აბსოლუტურად წაშალა მეხსიერება პირველი რესპუბლიკის პოლიტიკური კულტურისა და ცხოვრების შესახებ. მით უმეტეს, ადგილობრივი თვითმმართველობის სუპერთანამედროვე რეფორმის შესახებ ყველაფერი მიიჩქმალა.

ეკა სალაღაია