სისხლიანი ოლიმპიადა: ტერაქტი, რომელმაც ისტორია შეცვალა
18-09-2017
სისხლიანი ოლიმპიადა: ტერაქტი, რომელმაც ისტორია შეცვალა
ტერორისტები პანიკამ მაშინ მოიცვა, როცა აეროპორტში ჯავშანტექნიკა გამოჩნდა. პალესტინელები მიხვდნენ, რომ ეგვიპტეში გაფრენის გეგმა ჩაიშალა და მძევლები დაცხრილეს, მერე კი ვერტმფრენებში ბომბები შეყარეს

მე-19 საუკუნის ბოლოს, ძველი ბერძნული ოლიმპიადის ტრადიციების აღდგენისას, ბარონ პიერ დე კუბერტენს იმედი ჰქონდა, რომ თამაშები მშვიდობისა და ხალხთა ერთობის სიმბოლო გახდებოდა, თუმცა, მე-20 საუკუნის დამდეგს ოლიმპიადაც და, საერთოდ, სპორტიც პროპაგანდისა და პოლიტიკური მიზნების მიღწევის საშიშ იარაღად იქცა.

1972 წლის 5 სექტემბერი სწორედ ის დღეა, როცა პალესტინურმა
ტერორისტულმა ორგანიზაცია "შავმა სექტემბერმა" (ფათჰის (პალესტინის გათავისუფლების ეროვნული მოძრაობა) რადიკალური ფრთა) სასტიკი ტერაქტი მოაწყო და მიუნხენის ოლიმპიური თამაშები სისხლიანი ასოებით ჩაწერა არა მარტო სპორტის, არამედ მსოფლიო ისტორიაში.

ტერაქტის იდეა 1972 წლის 17 ივლისს დაიბადა "შავი სექტემბრის" ხელმძღვანელების: აბუ დაუდის, აბუ აიადსა და ფაქრი ალ-უმარის შეხვედრაზე
რომში, როცა საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა პალესტინის ახალგაზრდულ ფედერაციას ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე უარი უთხრა. "თუ არ გვეძახიან, რა გვიშლის ხელს, დაუპატიჟებლად მივიდეთ", - ირონიულად განაცხადა ფაქრი ალ-უმარიმ და ოლიმპიელების მძევლად აყვანის იდეა წამოაყენა. "ებრაელებს სუსტი წერტილი უნდა მოვუძებნოთ და ყველაზე ცნობილები გავანადგუროთ. პოლიტიკოსების ხელში ჩაგდება თუ არ გამოგვდის, მაშინ მსახიობები და სპორტსმენები დავხოცოთ", - დაეთანხმნენ დანარჩენები.

1972 წლის 4 სექტემბერს მიუნხენის სისხლიანი ტერაქტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და იდეოლოგმა აბუ დაუდმა "შავის სექტემბრის" რვა წევრს ინსტრუქტაჟი ჩაუტარა: "გახსოვდეთ, ოპერაცია პოლიტიკურად მნიშვნელოვანია. ებრაელები ცოცხლად უნდა ავიყვანოთ. მართალია, გაქვთ იარაღის გამოყენების უფლება, მაგრამ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, რადგან ეს არა მტრების ლიკვიდაცია, არამედ მძევლად აყვანის ოპერაციაა. ისინი ისრაელის ციხეში გამომწყვდეულ ჩვენს ძმებში უნდა გავცვალოთ".
ტერაქტი ოლიმპიური თამაშების მეორე კვირას მოხდა. 4 სექტემბრის საღამოს ისრაელის დელეგაცია დაესწრო სპექტაკლს "მევიოლინე სახურავზე", შემდეგ მიუნხენის თეატრის ვარსკვლავთან, შმულ როდენსკისთან ერთად ივახშმა და ავტობუსით ოლიმპიურ სოფელში დაბრუნდა. ტერორისტები დილის 4 საათსა და 30 წუთზე გამოჩნდნენ. სპორტულ ფორმაში გამოწყობილი პალესტინელები, რომელთაც მხარზე იარაღითა და ასაფეთქებლით გატენილი ჩანთები ჰქონდათ გადაკიდებული, მესერთან კანადელ და ამერიკელ სპორტსმენებს გადააწყდნენ, რომელთაც ტერორისტები ათლეტებად მიიღეს და მესერზე გადაძრომაშიც კი დაეხმარნენ. ტერორისტებმა მოპარული გასაღებით გააღეს ისრაელის დელეგაციის სახლი და თავდაპირველად მსაჯებისა და ჩინოვნიკების ოთახს მიადგნენ.

შემთხვევით გაღვიძებულ იოსეფ გუდფროინდს კარს იქით უცნაური ხმა მოესმა და შესამოწმებლად ადგა. მსაჯმა კარი გააღო და ტერორისტებს შეეჯახა. გუდფროინდმა ყვირილი მორთო, რათა კოლეგები გაეღვიძებინა და მთელი ძაAლით მიაწვა კარს, თუმცა, ტერორისტები ვერ შეაკავა. არეულობით მხოლოდ ათლეტთა მსაჯმა, ტუვიე სოკოლსკიმ ისარგებლა, ფანჯარა ჩაამტვრია და გაიქცა, ჭიდაობის მსაჯი მოშე ვაინბერგი კი ტერორისტებს შეებრძოლა, მაგრამ ლოყაში დაჭრეს და ათლეტების ოთახების ჩვენება აიძულეს. მეზობელ ოთახთან მსაჯმა იცრუა, თითქოს იქ სხვა ქვეყნის სპორტსმენები ცხოვრობდნენ და იმ იმედით, რომ ძალოსნები ტერორისტებთან გამკლავებას შეძლებდნენ, პირდაპირ მათ ოთახთან მიიყვანა, თუმცა, ათლეტებს ეძინათ, ახალგაღვიძებულები კი უძლურნი აღმოჩნდნენ შეიარაღებული პალესტინელების წინაშე. მძევლად აყვანილ ათლეტებთან ერთად ტერორისტები ისევ საჭიდაო ოთახისკენ წავიდნენ. დაჭრილმა ვაინბერგმა კიდევ ერთხელ სცადა წინააღმდეგობის გაწევა, რითაც მოჭიდავე გადი ცაბარიმ ისარგებლა და მიწისქვეშა ავტოფარეხიდან გაიქცა. ფიზიკურად ძლიერმა ვაინბერგმა ერთ-ერთი ტერორისტის გათიშვა მოახერხა და სანამ მოკლავდნენ, მეორე დანით დაჭრა. ექვსდღიანი ომის მონაწილემ, შტანგისტმა იოსიფ რომანომ, მეორე ტერორისტი დაჭრა და ის დაცხრილეს.

დილის 6 საათზე ტერორისტებმა ულტიმატუმი წამოაყენეს: 12 საათამდე ისრაელის ციხიდან 234 პალესტინელისა და 2 გერმანელი რადიკალის - ანდრიას ბაადერისა და ულრიკ მაინჰოფის ეგვიპტეში უსაფრთხოდ გადაყვანა და დასავლეთ ევროპის საპატიმროებში მყოფი 16 პატიმრის გათავისუფლება მოითხოვეს, უარის შემთხვევაში კი მძევლების დახვრეტით დაიმუქრნენ და განზრახვის სერიოზულობის დასამტკიცებლად ეზოში ვაინბერგის ცხედარი გადმოაგდეს, თუმცა, ისრაელის იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა გოლდა მეირმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არასდროს გამართავდა მოლაპარაკებას ტერორისტებთან და გერმანულ მხარეს სპეცრაზმის გაგზავნა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. მოგვიანებით ბავარიის შინაგან საქმეთა მინისტრი ბრუნო მერკი და მიუნხენის პოლიციის უფროსი მანფრედ შნაიბერი, რომლებიც მძევლების გათავისუფლების ოპერაციასა და კრიზისის კომიტეტს ხელმძღვანელობდნენ, ამტკიცებდნენ, რომ ასეთი შეთავაზება არ ყოფილა. იმ პერიოდში გერმანულ პოლიციას არ ჰყავდა ანტიტერორისტული ქვედანაყოფი, სამხედროებს კი არასაომარ ვითარებაში ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარე ოპერაციებში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდათ. სწორედ ამიტომ აღმოჩნდა მძევლების ბედი ადგილობრივი ხელისუფლების ხელში, რომელთაც არც ფსიქოლოგები ჰყავდათ, არც პროფესიონალი მომლაპარაკებლები და ტერორისტებს გულუბრყვილოდ ჯერ განუსაზღვრელი ოდენობის თანხა შესთავაზეს, მერე კი ებრაელი სპორტსმენების საკუთარი თავით ჩანაცვლება. პალესტინელებმა მხოლოდ ერთი დათმეს: ულტიმატუმის ვადა 17 საათამდე გააგრძელეს.

დილის 6 საათზე ტერაქტის შესახებ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს შეატყობინეს, რომელმაც უარი თქვა ოლიმპიური თამაშების შეჩერებაზე"და 8 საათსა და 15 წუთზე 5 სექტემბრის პირველი ღონისძიება გაიმართა. საბოლოოდ შეჯიბრება მაინც გადაიდო, თუმცა, მხოლოდ 15 საათსა და 50 წუთზე, მძევლების აყვანიდან 10 საათის შემდეგ. გამოუცდელმა კრიზისის კომიტეტმა რამდენიმე გეგმა შეიმუშავა, თუმცა, ყველა კრახით დასრულდა - ვერ მოხერხდა კონდიცირების სისტემაში გაზის გაშვება, რადგან საჭირო შემადგენლობის გაზი არ მოიძებნა. ჩაიშალა მიმტანებად გადაცმული შეიარაღებული სპეცრაზმის შენობაში შესვლის გეგმაც, რადგან ტერორისტებმა უარი თქვეს უცხო პირების მიღებაზე და საკვების კარებთან დატოვება მოითხოვეს, შენობის შტურმით აღებას კი ჟურნალისტებმა შეუშალეს ხელი, რომლებიც სპეცოპერაციის მომზადებას იღებდნენ და პირდაპირ ეთერში აჩვენებდნენ, ტერორისტები კი ამ დროს ტელევიზორს უყურებდნენ.

მალე ტერორისტებმა მძევლებთან ერთად კაიროში გაფრენა მოითხოვეს და მართალია, ეგვიპტის მთავრობამ უარი თქვა მათ მიღებაზე, მაგრამ მძევლების აეროპორტში გათავისუფლების იმედით გერმანიის მთავრობამ იცრუა, თითქოს ყველაფერი მოგვარებული იყო. შედეგით კმაყოფილმა ტერორისტებმა მოლაპარაკებაში ჩართულ პოლიციელებს შენობაში შესვლისა და მძევლების ნახვის უფლება მისცეს, მათ კი პალესტინელების დაჯგუფებაში შეცდომით ოთხი-ხუთი კაცი დაითვალეს და შტაბს არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს. ამიტომ შენობიდან გამოსული რვა ტერორისტი შტაბისთვის ჯერ მოულოდნელ სიურპრიზად იქცა, მერე კი საბედისწერო შეცდომად.

ოლიმპიური სოფლიდან ტერორისტები მძევლებთან ერთად ვერტმფრენით გადაიყვანეს ფიურსტენფელდბრუკის აეროპორტში, სადაც მათ ავიაკომპანია "ლუფთჰანზას" "ბოინგში" შეიარაღებული ძალოვანები ელოდნენ, თუმცა, როცა პოლიციელებმა ვერტმფრენიდან გადმოსული 5 ტერორისტის ნაცვლად 8 დათვალეს, შტაბთან შეთანხმების გარეშე დატოვეს პოსტი. პოლიციის გარდა, მძევლების გათავისუფლების ოპერაციაში რამდენიმე სნაიპერი, უფრო სწორად, ტირში სროლის მოყვარული პოლიციელი, მონაწილეობდა, რომელთაც არც რადიოგადამცემები ჰქონდათ, არც ჩაფხუტები, არც ჯავშანჟილეტები და არც ტელესკოპური ან ინფრაწითელი სამიზნით აღჭურვილი იარაღი. ეკიპაჟის გარეშე დარჩენილი თვითმფრინავის აღმოჩენის შემდეგ ტერორისტები მიხვდნენ, რომ გერმანელებმა მათ ხაფანგი დაუგეს და ისევ ვერტმფრენისკენ გაიქცნენ, რითაც სანაიპერმა ისარგებლა და ერთ-ერთი ტერორისტი ფეხში დაჭრა. შტაბის ხელმძღვანელობამ ცეცხლის გახსნა ბრძანა. ცეცხლით უპასუხეს პალესტინელებმაც. ორმხრივი სროლის დროს ორი ტერორისტი და ერთი გერმანელი პოლიციელი დაიღუპნენ, ვერტმფრენის პილოტებმა თავს გაქცევით უშველეს, რაც, სამწუხაროდ, მძევლებმა ვერ მოახერხეს, რადგან მათ ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდათ.

ტერორისტები პანიკამ მაშინ მოიცვა, როცა აეროპორტში ჯავშანტექნიკა გამოჩნდა. პალესტინელები მიხვდნენ, რომ ეგვიპტეში გაფრენის გეგმა ჩაიშალა და მძევლები დაცხრილეს, მერე კი ვერტმფრენებში ბომბები შეყარეს. ქაოსში კიდევ 3 ტერორისტი დაიღუპა, 3 კი გადარჩა.
მეორე დღეს ოლიმპიურ სტადიონზე სამგლოვიარო ცერემონია ჩატარდა. საბჭოთა კავშირის ნაკრები ცერემონიაზე არ გამოცხადდა, 10-მა არაბულმა ქვეყანამ კი უარი თქვა დაღუპული ებრაელი სპორტსმენების პატივსაცემად ეროვნული დროშის დაშვებაზე. ცერემონიას ესწრებოდა დაღუპული მოშე ვაინბერგის ბიძაშვილი, კარმე ელიაში, რომელიც სტადიონზე გულის შეტევით გარდაიცვალა.

ოცდაოთხსაათიანი პაუზის შემდეგ სპორტული შეჯიბრებები განახლდა, თუმცა, შეთხელებული გულშემატკივრით. მაყურებელთა ერთმა ჯგუფმა ტრიბუნაზე ბანერი გამოფინა წარწერით: "17 დაღუპული უკვე დავიწყებულია!" დაცვამ მათ ბანერი წაართვა და სტადიონიდან გააძევა. დაღუპული ტერორისტების ცხედრები მუამარ კადაფის მოთხოვნით ლიბანში გაიგზავნა, სადაც ისინი გმირებად დაკრძალეს. 3 ტერორისტი გერმანიის ციხეში გამოამწყვდიეს, თუმცა, რამდენიმე თვეში მათი გათავისუფლების მოთხოვნით ფათჰის წარმომადგენლებმა "ლუფთჰანზას" თვითმფრინავი გაიტაცეს. გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს თვითმფრინავის გატაცება პალესტინელებმა გერმანიის მთავრობასთან ერთად დაგეგმეს. ფათჰმა საკუთარი მებრძოლები დაიბრუნა, გერმანიამ კი მის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების განუხორციელებლობის პირობა მიიღო. ერთადერთი გადარჩენილი ტერორისტი, ჯამალ ალგაში, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა მძევლების აყვანაში, სიცოცხლის ბოლომდე ამაყობდა თავისი საქციელით. "მიუნხენამდე მსოფლიომ არაფერი იცოდა ჩვენს პრობლემებზე. იმ დღეს კი პალესტინა მთელ მსოფლიოს პირზე ეკერა", - განაცხადა მან ერთ-ერთ ინტერვიუში.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები