ნაცისტი ლიდერების შთამომავლები - როგორ წარიმართა სასტიკი მკვლელების შვილების ცხოვრება? - კვირის პალიტრა

ნაცისტი ლიდერების შთამომავლები - როგორ წარიმართა სასტიკი მკვლელების შვილების ცხოვრება?

ოსვენციმის მონახულების შემდეგ რაინერ ჰიოსი იოზეფ ჩაფინსკის, ბანაკის ყოფილ ტუსაღს, რუდოლფ ჰიოსის პირად დალაქსაც შეხვდა იმ იმედით, რომ ის მაინც ეტყოდა რამე დადებითს ბაბუაზე, "თუმცა, მან დანანებით მითხრა, რომ ძალიან ვგავარ ბაბუას" - ამბობს უმცროსი ჰიოსი

ადოლფ ჰიტლერს შვილები არ ჰყავდა, იოზეფ და მაგდა გებელსებმა თავი მოიკლეს, მანამდე კი, ციანიდის კალციუმით მოწამლეს შვილები. როგორ წარიმართა სხვა ნაცისტი ლიდერების შთამომავლების ცხოვრება, რას გრძნობდნენ ისინი, როცა გააცნობიერეს, რომ სასტიკი მკვლელების შვილები და შვილიშვილები არიან.

"იყო ჰიოსი, განაჩენია და მნიშვნელობა არა აქვს, იქნება ეს ბაბუა, მამა თუ მე, რადგან სასჯელს ვერც ერთი ვერ გავექცევით", - წარსულს ვერ ივიწყებს რაინერ ჰიოსი, ცნობილი ჯალათის, რუდოლფ ჰიოსის შვილიშვილი."

"მამაჩემი ჩამოახრჩვეს, მე კი თითქოს სამუდამო პატიმრობა მომისაჯეს და სიცოცხლის ბოლომდე პასუხი უნდა ვაგო იმაზე, რაც არ ჩამიდენია", - სინანულით ამბობს ნიკლას ფრანკი, "პოლონელ ყასბად" წოდებული ჰანს ფრანკის შვილი.

ოჯახური რელიკვია, მასიური ხის სკივრი, რომელიც რაინერ ჰიოსს მამისგან, მას კი, თავის მხრივ, მამისგან ერგო, ათწლეულების მანძილზე ინახებოდა საკუჭნაოში. უმცროსი ჰიოსი დიდხანს გაურბოდა სკივრის გახსნას, რადგან იქ ბანაკებისა და ეკლიანი მავთულების, კრემატორიუმის საკვამურებისა და გაზის კამერების შემზარავი ფოტოების აღმოჩენის ეშინოდა, თუმცა, სკივრში მსგავსი არაფერი აღმოჩნდა. პირიქით, მდიდრული სახლის და მოვლილი ბაღის, პატარა აუზისა და ვერანდაზე მხიარული ბავშვების შავ-თეთრი ფოტოები ბედნიერი ოჯახის იდილიურ ცხოვრებას ასახავდა. მოგვიანებით, რაინერ ჰიოსმა თავად მოინახულა სიკვდილის ბანაკად წოდებული ოსვენციმი და ის სახლი, სადაც ბაბუა, ბანაკის კომენდანტი, რუდოლფ ჰიოსი ცოლსა და შვილებთან ერთად ცხოვრობდა. უმცროსი ჰიოსი ყველაზე მეტად გააოგნა ორასმეტრიანმა კედელმა, რომელიც ერთგვარი გამყოფი ზოლი იყო ორ სამყაროს, კომენდანტის ოჯახის სამოთხესა და სიკვდილის ბანაკის ტუსაღების ჯოჯოხეთს შორის. რაინერის მამა, ჰანს რუდოლფი, არასოდეს იხსენებდა ბავშვობას, არადა, სანამ ის მხიარულად თამაშობდა ეზოში, მაღალი კედლის მიღმა ადამიანები იღუპებოდნენ.

ევროპელი ებრაელების გენოციდის მთავარ სიმბოლოდ წოდებული ოსვენციმის კომენდანტად რუდოლფ ჰიოსი 1940-43 წლებში მსახურობდა. 1944 წელს საგანგებოდ დაბრუნდა ბანაკში, რათა უნგრელი ებრაელების ლიკვიდაცია პირადად გაეკონტროლებინა. ორმოცდათექვსმეტ დღეში ჰიოსმა ოთხას ოცდაათი ათასი კაცი გამოასალმა სიცოცხლეს და დიდი ჯილდოც დაიმსახურა. ოსვენციმში მილიონზე მეტი ებრაელი, რამდენიმე ათეული ათასი პოლონელი პარტიზანი და წინააღმდეგობის მოძრაობის მონაწილე, სამხედრო ტყვე, ბოშა და ჰომოსექსუალი დაიღუპა. სწორედ ჰიოსმა, სისასტიკით განთქმულმა ჯალათმა, რომელიც საკუთარ სამფლობელოში გამუდმებით ატარებდა ექსპერიმენტებს და იგონებდა ადამიანთა მასობრივი განადგურების ახალ მეთოდებს, მხუთავი აირი ნაცისტური რეჟიმის მთავარ იარაღად აქცია. კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ რუდოლფ ჰიოსი გერმანიის ჩრდილოეთში იმალებოდა და საკუთარ თავს ბოცმან ფრიც ლანგად ასაღებდა, თუმცა, 1946 წლის მარტში ბრიტანეთის პოლიციამ ის ფრანცბურგთან ახლოს პატარა ფერმაში დააპატიმრა.

ნიურნბერგის პროცესზე ჰიოსი მოწმედ წარდგა. საკონცენტრაციო ბანაკის შემზარავი კინოქრონიკის ნახვის შემდეგ, ბრალდების მხარე მის შეურაცხადად გამოცხადებას მოითხოვდა, თუმცა, სამხედრო ტრიბუნალმა მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ჰიოსი პოლონეთის მთავრობას გადასცა.

1947 წელს ვარშავაში პოლონეთის უმაღლესმა ეროვნულმა სასამართლომ ჰიოსის საქმე განიხილა და განაჩენი გამოიტანა - ყოფილი კომენდანტი მის საყვარელ ბანაკში, კრემატორიუმის ახლოს ჩამოახრჩო. სიკვდილის წინ დაწერილ წერილში ჰიოსმა აღიარა, რომ საზარელი ტკივილი მიაყენა ადამიანებს და პოლონელებს პატიება სთხოვა, თუმცა, მისი აღსარება ბევრმა არ დაიჯერა, ბევრმა კი, უბრალოდ, არ მიიღო.

რაინერ ჰიოსმა თორმეტი წლის ასაკში გაიგო, რას წარმოადგენდა მისი ბაბუა სინამდვილეში. ინტერნატში მისი ცხოვრებისას ბავშვებმა სამზარეულოდან ბუტერბროდები მოიპარეს, მებაღემ ყველანი დაიჭირა და მხოლოდ რაინერს სცემა, რადგან ოსვენციმის ყოფილმა ტუსაღმა კარგად იცოდა, ვინ იყო მისი ბაბუა."მან ჩემზე იძია შური ყველა იმ დამცირებისთვის, რომელიც გამოიარა, - იხსენებს ჰიოსი. თავზარდაცემულმა რაინერმა მშობლებს მიმართა, თუმცა, პასუხი ვერ მიიღო, - მე არაფერი ვიცოდი ბაბუას საქმიანობაზე. მეუბნებოდნენ, თითქოს მილიონობით სხვა გერმანელივით ისიც ომში დაიღუპა, მე კი მჯეროდა და დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი ბაბუა გმირი თუ არა, რიგითი ჯარისკაცი მაინც იყო".

ჰიოსმა ყველაფერი მასწავლებლის, ჩეხი ქალის წყალობით გაიგო, რომელმაც რამდენიმე წიგნი მისცა წასაკითხად და რაინერიც სწორედ მაშინ მიხვდა, ვინ იყო რუდოლფ ჰიოსი სინამდვილეში."ვკითხულობდი ბაბუაჩემის ჩადენილ დანაშაულზე და ვტიროდი, - აღიარებს რაინერი, რომელმაც საზარელი სიმართლის გაგების შემდეგ ორჯერ სცადა თვითმკვლელობა, მოგვიანებით კი, სამჯერ გადაიტანა გულის შეტევა, - მე ასთმით ვარ დაავადებული. საკმარისია, თავით გადავეშვა წარსულში და ავადმყოფობაც მწვავდება. ოჯახის წარსული მძიმე ტვირთი აღმოჩნდა - ბაბუა მკვლელი იყო, მრცხვენია, რომ მისი შვილიშვილი ვარ. ნათესავებისგან განსხვავებით, არ მინდა თვალი დავხუჭო სიმართლეზე და ისე ვიცხოვრო, თითქოს არაფერი მომხდარა, რადგან აუცილებლად უნდა გავთავისუფლდე იმ წყევლისგან, რომელიც წლებია ჩემს ოჯახს თან სდევს. მე ეს საკუთარი თავისთვის და პირველ რიგში შვილებისთვის უნდა გავაკეთო", - ამბობს რაინერ ჰიოსი, რომელსაც ნათესავები მოღალატედ თვლიან, უცხოებს კი სძულთ."

"ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ადამიანებს ჰგონიათ, სისასტიკე ბაბუაჩემისგან მემკვიდრეობით მივიღე", - დანანებით ამბობს ჰიოსი, რომელსაც მართალია, არ ჩაუდენია დანაშაული, მაგრამ მაინც ყველას მაგივრად უწევს ბოდიშის მოხდა. ნათესავების გაკიცხვის მიუხედავად, რომელთაც არ სურდათ წარსულის გახსენება, უმცროსმა ჰიოსმა რამდენიმე ათწლეული დაუთმო ნაციზმის ისტორიის შესწავლას, ბოლოს კი ოსვენციმიც ნახა, სადაც ებრაელი სტუდენტების ჯგუფს შეხვდა."ეს ყველაზე რთული დღე იყო ჩემს ცხოვრებაში, თუმცა, შვება ვიგრძენი, რადგან მივხვდი, რომ ნაცისტების ხელით დაღუპული ებრაელების შთამომავლები მე არაფერში მადანაშაულებენ", - იხსენებს ჰიოსი, რომელიც სულ თან ატარებს ებრაელი გოგონას ნაჩუქარ ნიჟარას დავითის ვარსკვლავით.

ოსვენციმის მონახულების შემდეგ რაინერი იოზეფ ჩაფინსკის, ბანაკის ყოფილ ტუსაღს, რუდოლფ ჰიოსის პირად დალაქსაც შეხვდა იმ იმედით, რომ ის მაინც ეტყოდა რამე დადებითს ბაბუაზე,""თუმცა, მან დანანებით მითხრა, რომ ძალიან ვგავარ ბაბუას","- ამბობს უმცროსი ჰიოსი, რომელიც აღიარებს, რომ ბაბუა ყოველთვის მისი ცხოვრების ნაწილი იქნება.

დღეს რაინერ ჰიოსი მეუღლესა და ოთხ შვილთან ერთად მოკრძალებულად ცხოვრობს დიდი სახლის მანსარდაში, რადგან რიგითი მოსამსახურის ხელფასი არ აძლევს საშუალებას, იცხოვროს ხელგაშლილად. მამასთან ურთიერთობა არა აქვს, რადგან ომის დასრულებისა და რუდოლფ ჰიოსის სიკვდილით დასჯის შემდეგ ის მაინც ნაცისტად დარჩა, ადამიანებს ისევ არიელებად და არაარიელებად ყოფს. არ ცნობს დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლებს და უარს ამბობს მათთან მუშაობაზე. რაინერმა აღიარა, რომ არც კი იცის, ცოცხალია თუ არა ის."ჩემს ფეხებთან რომ კვდებოდეს და დახმარებას მთხოვდეს, ჭიქა წყალს არ მივაწვდი, ბაბუას კი საკუთარი ხელით მოვკლავდი",- ამბობს რაინერი და ცდილობს, თავი დააღწიოს წარსულის აჩრდილებს.