მამელუკი - კვირის პალიტრა

მამელუკი

უიარაღო (კონდრატე თათარიშვილი)

(დასაწყისი "კვირის პალიტრა" #19-@21)

სიამტკბილობით მობაასე სტუმარ-მასპინძელმა წარსულიც გაიხსენა, ქვეყნისა და მისი სახელოვანი გმირების სადღეგრძელოც შესვეს, მერე სტუმარმა ერთხელ კიდევ მადლობა გადაუხადა, თოფი გადაიკიდა, ცხენზედ შეჯდა და თავის გზას გაუდგა. მზეხა და ხვიჩა სხვა მესადილე ქალებთან ერთად ისევ შეიარაღებული მამაკაცების თანხლებით შინისკენ წავიდნენ.

ტაგუიამ და მისმა შვილებმა ნასადილევს ჩრდილ ქვეშ ცოტა წაიძინეს. მზე გადაიხარა თუ არა, წამოცვივდნენ, დაავლეს თოხს ხელი და მუშაობას შეუდგნენ. მოულოდნელად სოფლის მხრიდან რაღაც ხმაური გაისმა, ქალების კივილს ჰგავდა. ერთი ქალი განსაკუთრებით საშინლად გაჰკიოდა - ნანა შვილო, მოგიკვდა დედაშენი, ხვიჩა ნანა! შვილებმა იცნეს დედის ხმა. - რა ამბავია, რა მოუვიდა! ჩემი ბიჭი ახლა აქ ხელში არა მყავდა? - დაიყვირა წყალგამოღმიდან საბრალო ტაგუიამ, მაგრამ უცებ ხმა ჩაუწყდა, ფეხები აუკანკალდა და იქვე ჩაიკეცა...

მჭვარტლისაგან გამურულ ფიცრული სახლის დერეფანში ქალები მოგროვილიყვნენ და ერთი ტირილი და ვაება გაემართათ.  მამაკაცები, თითქმის ყველა მოხუცებული, სახლის წინ, ვაშლის ხის ქვეშ დამსხდარიყვნენ და მოწყენილ-შეშფოთებულნი მსჯელობდნენ.  ტაგუიას ცოლი მზეხა ლოყებდაკაწრული და გასისხლიანებული ჯერ კიდევ ვერ დამშვიდებულიყო და ცხარედ გაჰკიოდა. სხვა ქალები მას ძლივ-ძლიობით ამაგრებდნენ.

- ხვიჩა ნანა, ხვიჩა ნანა, ჩემი ბიჭი, ჩემი საფლავის გამთხრელი... საით წავიდეს... საით გეძებოს... ვის მიმართოს... სად მოგნახოს... უბედური დედაშენი! - მწარედ მოთქვამდა გამწარებული დედა.

KvirisPalitra.Ge- მზეხა, მზეხა, ცოტა დამშვიდდი, ადამიანო! ჯერ კიდევ არ ვიცით, რა ამბავს მოგვიტანენ, ვისაც თოფის დაჭერა შეეძლო ჩვენ სოფელში, ყველანი დაედევნენ. გზა-გზა კიდევ რამდენი მიეშველებოდა. ის ვიღაც უღვთო და უსულგულო კაცია ალბათ, ცაში ხომ ვერ აფრინდებოდა: უსათუოდ დაეწევიან და დააგდებინებენ, - ანუგეშებდა მზეხას ერთი სხვებზე უკეთ ჩაცმულ-დახურული მანდილოსანი; ეტყობოდა, ვინმე აზნაურის ცოლი უნდა ყოფილიყო.

- ხვიჩა ბაბა! ხვიჩა ბაბა! ჩემი მოხუცებულობის მანუგეშებელი ბაბა, - მოთქმით ლუღლუღებდა თავშიშველი და გულხელდაკრეფილი ტაგუია და ეზოში უთავბოლოდ დადიოდა.

- ესეც შენი ქვეყნის დამშვიდება და დაწყნარება! ჩვენი საშველი მაინც არ ყოფილა. ქე მაინც ყველანი ერთად ამოვწყდებოდეთ, - ნაღვლიანად ამბობდა ერთი მელოტი, ჭაღარა გლეხი.

- ასეთ გაძაღლებულ ცხოვრებას თუ სიკვდილი არ სჯობდეს, ღმერთი გამიწყრეს, - მიუგო მეორემ.

- კაცო, ქე მაინც არ გვაიმედებდნენ, - სთქვა ისევ მელოტმა. - ამას წინეთ ნოქალაქევში ტაია ბატონიშვილის სასახლეში გიახელ. გერიე სახუცესი იქ ბრძანდებოდა. - რა ამბავია, უჩარდია, როგორ ცხოვრობო? - თოლი, რა ცხოვრებაა, ბატონო, ჩვენი ცხოვრება-მეთქი, ქათმებივით გვიჭერენ და ოსმალეთში გვყიდიან-მეთქი.

- ეს წინეთ იყო, ჩემო უჩარდია, თორემ ახლა ხომ მშვიდობააო. ბარეღამ ოციოდ გლეხი კი ვიყავით. ნუ გეშინიათო, გვიბრძანა გერიე სახუცესმა, კაცის სული კი არა, უსამართლოდ ერთი თიკნის ყურიც არ დაგაკლდებათო. დადიამ და მაფამ ერთი პირი შეკრეს, ჯვარზე და სახარებაზე შეფიცეს ერთმანეთს, რომ სათათრეთში ტყვე არ გაყიდინო. ყველამ პირჯვარი გადავისახეთ, ღმერთს მადლობა შევსწირეთ. არხეინად იყავით, ნუ გეშინიათო, ბარემ ხუთჯერ გვითხრა...

- სულ ტყუილიც არ არის, ბატონი ნუ მომიკვდება, - ხრინწიანი ხმით სიტყვა ჩამოართვა მეორე მოხუცმა, - აგერ მეორე აღდგომა გავიდა, რომ ჩვენ სოფელს მართლაც და თიკნის ყურიც არ დაკლებია. რასაკვირველია, ძალით, აბრაგის მოტაცებით, ეს რაღაც ჯიბრის საქმე უნდა იყოს.

- საჯიბრო ვის რა უნდა ჰქონდეს საწყალ ტაგუიასთან! ამისთანა გულკეთილი და მართალი კაცი მეორე არ გვირევია, - წამოიძახეს მოხუცებმა.

- ხვიჩა ბაბა! ხვიჩა ბაბა! ხვიჩა ბაბა!.. - მოისმოდა ტაგუიას მწუხარე მოთქმა.

- ბატონმა იცის ნეტავ? - იკითხა ერთმა.

- როგორ არა. საშინლად ეწყინა თურმე. ეს ტაგუიას აგდება კი არა, ჩემი აგდებაა, მაგრამ მე თუ ვამეხი ვარ, მაგას არ შევარჩენო, უთქვამს და მაშინათვე თავისი ვაჟი ტარიელი ცხენით დაუდევნებია, - სთქვა ერთმა ქოსა მოხუცმა.

- მაშ, ჯერ კიდევ იმედი დაკარგული არაა. ტაგუია, ბაბა, აქ მოდი, - თანაგრძნობით მიმართა მელოტმა მოხუცმა, - არც ისე ცუდადაა საქმე, როგორც კაცს ეგონება. ტარიელ ბატონიშვილი დასდევნებია, მთელ სოფელში რამედ რომ ვარგა ისეთი, ყველა დაედევნა. მართლა და ქვესკნელში ხომ არ ჩაძვრება. გული დაიმშვიდე, შე კაცო! შენ სხვა რამდენი გინუგეშებია და თვითონ ასე ჩქარა რამ მოგტეხა, შე ძაბუნო! - ხმამაღლა დაათავა მელოტმა მოხუცმა.

- ხვიჩა ბაბა! ხვიჩა ბაბა! მოგიკვდეს მამაშენი, - მწარედ წარმოსთქვა ტაგუიამ და მსხვილ-მსხვილი ცრემლი გადმოყარა. - ნეტავ, ღმერთო მომკალი, დღეს მაინც ხელში არა მყოლოდა! დიდი დოქი ღვინო მხარზე გადაედო და დედამისთან ერთად ყანაში მოგვიტანა. რომ გენახა, ის რომ ვაჟკაცურად ფეხს მიაბიჯებდა, სწორედ გაგიკვირდებოდა, - ტირილით ამბობდა ტაგუია. - მე შავ დღეში გაჩენილს, დღე და ღამ მაგის შიში მქონდა, მაგრამ რა მექნა, კაცო, რა მექნა, ქრისტიანებო?!

ბავშვს ხულაში ხომ ვერ დავამწყვდევდი? ჭამა გვინდა, სმა გვინდა! რა შიმშილით მოვმკვდარვარ, რა აბრაგს მოუტაცნივარ, სანამდი უნდა ვიმალოთ... ათიოდ თხის გარეკვაში მალხაზია, ვაჟკაცი, როგორ გავაცდინო-მეთქი, ვამბობდი და ის ბაღანა ერეკებოდა და მერე რა ჭკუიანად ერეკებოდა... უი... უი... მოგიკვდეს მამაშენი... აჰ... აჰ... აჰ... აჰ... აჰ... აჰ... აჰ... დადია მე მწიწკნის, მებატონე მე მწიწკნის, ურჯულო მე მწიწკნის და რჯულიერი... სად არის ღმერთი, სად არის სამართალი!

რით უნდა ვინუგეშო თავი მე უბედურმა? უკანასკნელი ყოფილა, შვილო, დღეს ჩვენი ერთმანეთის ნახვა. შეიძლება შენ კიდევ ბევრხანს იცოცხლო, გაიზარდო და ბევრიც მხიარული დღე ნახო...მე კი! სიბერეგაძაღლებული, საფლავში უნდა ჩავიდე! უი ჩემს თავს! უი ჩემს თავს! - ბღავილით ამბობდა ტაგუია და შუბლში ხელს იცემდა.

ყველას ცრემლი მოერია. სანუგეშო სიტყვას ვერავინ პოულობდა. ყველა ერთ ტაფაში იწოდა.

- “ვაი, ახავაი, ჩვენი ცოდვა! - ისმოდა მწარედ ამოძახილი.

- ღმერთო დიდებულო! რად მოგვიძულე ამ ზომამდე! - მაღლა ხელებაპყრობით წარმოსთქვა ერთმა ღრმად მოხუცებულმა გლეხმა, კაი ხნის მწუხარე დუმილის შემდეგ, - რა შეგცოდე ისეთი, შე სახელკურთხეულო! კვირაში სამი დღე ბატონის სახლში ვმუშაობ. დანარჩენი სამი დღის ნამუშევარსაც, როცა მოესურვებათ, მაშინ წამართმევენ... ცხენს მტაცებენ, ძროხას მტაცებენ, ქათამს მტაცებენ... ჯანდაბას, რა გაეწყობა... ისე მოაწყვე ჩვენი ცხოვრება, რომ შვილი მაინც არ მოგვტაცონ და ურჯულოებში არ გაგვიყიდონ! კაცნო! - მიუბრუნდა მოხუცი გლეხებს, - ამ ხნის კაცი ვარ, ასი აღდგომა როგორ არ მეხსომება და ერთი წელი არ მახსოვს, რომ შიშიანობა არ ყოფილიყოს. ახლა სადაა ბაბა, შიშიანობა, შიშიანობა ამ ორმოცი-ორმოცდაათი წლის წინათ უნდა გენახა! ლოგინიდან იტაცებდნენ ხალხს.

საკვირველებაა, სულ როგორ არ ამოწყდა საწყალი ჩვენი ხალხი?! მხოლოდ ე... განსვენებული მამაჩემი ცაკვაია, ისე, ზღაპარივით იტყოდა: ვაი, ახავაი, სად არის ახლა ან გიორგი ლიპარტია, ან ლევან დადიაო. იმათ დროს ვინ გაბედავდა ტყვის გაყიდვასო! მე კი, რაც გავჩნდი, სულ შიშიანობა მახსოვს.

- ხვიჩა ბაბა! ხვიჩა ბაბა! - მოსთქვამდა ისევ მოხუცი...

- დამშვიდდი, დამშვიდდი, ტაგუია, ჯერ იმედს ნუ გადაწყვეტ, - მტკიცედ უთხრა ერთმა გრძელწვერა ჭაღარა, მაგრამ ვაჟკაცური გამომეტყველების გლეხმა, - მე, ბაბაია, პატარაობისას ბარემ ორჯერ მომიტაცეს, მაგრამ, ხომ მხედავ, აქა ვარ და იმედი მაქვს ჩემი ძვლებიც ჩემ წინაპრების საძვალოში დაიმარხება...

- მართლა, სტეფანე! შენ ხომ ორჯერ ხარ მონატაცები. - ცოტა არ იყოს, ხალისით წამოიძახეს მოხუცებმა.

- ორჯერ, აბა, რავა გგონია! პირველად რომ მომიტაცეს, აქეთკენ წამათრიეს, აი! - ხელი გაიშვირა დასავლეთისაკენ, - ამ ეკით, საწულეისქირიოთ და თეკლათით...

- ფეხით მიყავდით? - ჰკითხა ვიღაცამ.

- ფეხით, აბა, ცხენით კი არა! კარგა მოჩიტული ბიჭი ვიყავი და ერთი კაცი, ტყუილია, ცხენზე ვერ დამიმაგრებდა. ორ კაცს ვეჭირე ხელებით იქით-აქეთ და მიმათრევდნენ, სულ ტყე-ტყე. სად უფსკრულში რობუ და ჩქოფუში არ ჩამიყვანეს, სად მთის წვერზე არ ამათრიეს, კაცო, რომ გამახსენდება, კაცი ძაღლი ყოფილა-მეთქი, ვამბობ! ან მე როგორ გადავრჩი მაშინ ცოცხალი და ან ისინი! ისინიც რა, კაცები იყვნენ, დევები ხომ არ იყვნენ!

სტეფანეს არაერთხელ ეამბნა ეს ამბავი, მაგრამ ყველანი მაინც დიდის სიამოვნებით ყურს უგდებდნენ. ტაგუიამაც თითქმის შესწყვიტა მოთქმა-გოდება და ისიც სულგანაბული ყურს უგდებდა.

- წირვის დადგომის დრო იყო, რომ მომიტაცეს და ისე დაღამდა, რომ არც ლუკმა ჩაგვსვლია პირში და არც მოგვისვენია. მივედით თეკლათში და იქ მდინარე ცივის პირას ვიღაც მოსახლე კაცის სახლში თავი შეაფარეს. მე სხვა არაფერი მახსოვს. იქ მივედით თუ არა, სადღაც დავეგდე და მკვდარივით დამეძინა. გათენებული არ იყო, რომ გამაღვიძეს. რაღაც ორი ლუკმა მაჭამეს და, მართალი უნდა ვსთქვა, ცხენზე შემსვეს, მხოლოდ ფეხები აბჟანდებთან მიმიკრეს, სხვაფრივ, ხელები თავისუფალი მქონდა, ბურთიც ამომაცალეს პირიდან, ან რა საჭირო იყო? იქ რომ მეყვირნა აბა, ვის რას გავაგონებდი.

- მოიცა, ჩვენები იყვნენ, არა? - ჰკითხა ერთმა.

- ჩვენები, კაცო, მაშ თათარი აქ ჩემ სახლში ბავშვის მოსატაცებლად მოსვლას როგორ გაბედავს? თათრები იქა სხედან ციხესიმაგრეებში! მეც ხერხი ვიხმარე, იცოდე, ისეთი მხიარული სახე მივიღე, ისე შევეჩვიე, რომ რიონის პირას გამოვედით თუ არა, ფეხებიდანაც მომხსნეს ბაწარი. მხოლოდ ჭალადიდში შემოგვიერთდა ორი ცხენოსანი თათარი. ეტყობოდათ, ვიღაც კაი კაცები იყვნენ. ჩემი მომტაცებლები დიდის პატივით ეპყრობოდნენ. ერთ უდაბურ ტყეში დასასვენებლად ჩამოვხტით. ჩვენიანებს მაშინვე დაეძინათ. რა გასაკვირია, კაცო, დაღლილები იყვნენ, ძლივს ქაქანებდნენ.

მეც მაშინათვე მივეგდე და ვითომ დავიძინე. ერთმა თათარმაც დაიძინა, მაგრამ იმ მეორემ, გაგონილა?! დიდი ეშმაკი ვინმე უნდა ყოფილიყო მაგ სახეძაღლი! თვალებს დახუჭავს, ვითომ ძინავსო, გაჩერდება, გაჩერდება ასე, და მერე უცბად გააღებს და ჩემკენ მოიხედავს. მე კი ვწევარ გატრუნული გოჭივით და ხანდისხან ფრთხილად შევხედავ ხოლმე. იმასაც, მართლაც არ ჩაეძინა?! ისეთი ხვრინვა ამოუშვა, რომ აქედან ჯიხაფერდში გაიგონებდი. მოგეცა ღვთისწყალობა, წამოვხტი და მოვკურცხლე. ჩემ ბედზე ერთი ცხენი მოშორებით მიებათ ხეზე. ფრთხილად მოვხსენი, ჯერ ოციოდ ნაბიჯი წინ გავუძეხი, მერე მოსართავები მოვუჭირე, შევჯექი და მოვუსვი, მარა რა მოვუსვი!

- ჰა წიე! - სიცილით წამოიძახეს მოხუცებმა.

- მაშ ცხენიც დაინარჩუნე? - ჰკითხა ერთმა.

- ეჰ! რის ცხენი! რა მეცხენებოდა! - მიუგო სტეფანემ. - ცხენი ვაჭენე, სანამ ფეხის გადადგმა შეეძლო, მერე მივაგდე იქ და ტყეს შევაფარე თავი. მერე ეშმაკი ვერ დამიჭერდა.

- გამოქნილი ყოფილა, ეს მიწაში ჩასაძრომი, - გაიხუმრა ერთმა.

- მეორეჯერ როგორ იყო, სტეფანე, მეორეჯერ! - მოსძახეს აქეთ-იქით.

- მეორეჯერ ბევრი არაფერი! მომიტაცეს თუ არა, ჩქარა შეუტყვეს, მთელი სოფელი დაესია და ჩემი თავიც დააგდებინეს.

- ვაი, ახავაი! დღესაც რომ დროზე შეეტყო კაცს, მაშინათვე დააგდებინებდა, - სთქვა მელოტმა მოხუცმა.

- ჩემ ბედზე ყოვლისფერი შეიკრა, - მწუხარებით სთქვა ტაგუიამ, - სანამ თხები აბნეულად არ უნახავთ ტოტიას სახლის ქვემოთ, ყურადღება არავის მიუქცევია. მერე აუტეხიათ წივილ-კივილი. მარა გვიან იყო. ჩვენ რომ შევუტყვეთ, მაშინ ის კაცი სორტას ჭალას გაცილებული იქნებოდა.

- ვაი, ახავაი, ვაი, ახავაი! - მოწყენით ამბობდნენ მოხუცები.

დაღამდა. მდევრები ჯერ არ მობრუნებულიყვნენ. საქმის არც ავი და არც კარგი სოფელში არავინ იცოდა. მოხუცნი თავიანთ სახლებში წავიდნენ. ტაგუია და მზეხაც გაურკვეველ მომავლის მოლოდინში ჯერჯერობით მიწყნარდნენ.

KvirisPalitra.Geმამელუკები ნაპოლეონის გვარდიაში...

ეგვიპტის დაპყრობის შემდეგ, საფრანგეთში დაბრუნებულმა იმპერატორმა ნაპოლეონ ბონაპარტემ ჩამოაყალიბა ასეული, რომელშიც ჩარიცხა იბრეიმ-ბეის (შინჯიკაშვილის) და მურად-ბეის მამელუკთა კავალერიიდან გამოქცეული დეზერტირები. მათ შეუერთდა მცირე რიცხვი მონობიდან განთავისუფლებული ქართველების, სომხების და ჩრდილოეთ კავკასიელებისა.

აღმოსავლურ ტანსაცმელში გამოწყობილი ეს ორმოცდაათი მხედარი, თვალწარმტაცი ესკორტი გახლდათ მომავალი დიდი დამპყრობლისა. იმპერატორის გვარდიის ჩამოყალიბების დროს 1804 წლის ივლისში, ნაპოლეონმა გამოსცა დეკრეტი, რომლის მიხედვითაც მამელუკთა ასეული ცხენოსანი ეგერების პოლკს შეუერთდა. 124 მამელუკისგან შემდგარ ასეულს ფრანგი ოფიცრები ხელმძღვანელობდნენ.

1813 წელს კი მამელუკები გააერთიანეს ესკადრონთან და მათი რიცხვი 250-მდე გაიზარდა, თუმც ყველა მამელუკი აღარ იყო აღმოსავლეთის შვილი. 1814 წლისათვის მთელს ესკადრონში მხოლოდ 18 ჭეშმარიტი მამელუკიღა იყო დარჩენილი. ისინი თავიანთ ოჯახებს დაუბრუნდნენ მარსელში და ნელ-ნელა გაითქვიფნენ კიდეც ადგილობრივ მცხოვრებლებთან. ნაპოლეონის ყველაზე ცნობილმა მამელუკმა რუსტამმა იმპერატორის ელბაზე გადასახლებისას აღარ მოინდომა თავისი მბრძანებლის ბედი გაეზიარებინა და ოჯახთან ცხოვრება ამჯობინა.

გვარდიის მამელუკებს აღმოსავლური ტანსაცმელი ემოსათ და თურქული ქუდები ეხურათ - ეცვათ ფართო კაბა (ბენიცჰე) სხვადასხვა ფერისა, ემოსათ თურქული, ფართო შარვლები, თავთ ჩალმაშემოხვეული ქუდები ეხურათ, ფეხსაცმელი კი წითელი, ყვითელი ან მწვანე ფერისა და ძალზე ეგზოტიკურად გამოიყურებოდნენ.