ავიაკატასტროფის მიზეზი უამინდობა იყო თუ ბერიას შურისძიება... - ნატო ვაჩნაძე და საბედისწერო ავიარეისის მფრინავის ისტორია
01-10-2017
ავიაკატასტროფის მიზეზი უამინდობა იყო თუ ბერიას შურისძიება...  - ნატო ვაჩნაძე და საბედისწერო ავიარეისის მფრინავის ისტორია
(ფოტოგალერეა)

14 ივნისი ნატო ვაჩნაძის დაბადების დღე იყო, რომელიც მის გარდაცვალების დღედ იქცა - დღე, როდესაც ჩემი მფრინავი პაპა ცაში დაიწვა მასთან ერთად!

მე პირველად ვწერ ამაზე! ვწერ, როგორც ამ საბედისწერო რეისზე მოხვედრილი ერთ-ერთი მთავარი გმირის შვილიშვილი.

1953 წლის 14 ივნისს ქართული კინოს მშვენება, ულამაზესი ვარსკვლავი - ნატო ვაჩნაძე საკუთარ დაბადების დღეზე თვითმფრინავის ბილეთს იყიდის... ასე მოხვდება რეისზე, სადაც მასთან ერთად 13 ადამიანის სიცოცხლე ცაში დაიფერფლება!

არაერთხელ დაწერილა იმის შესახებ,
თუ როგორ იყიდა საბედისწერო ბილეთი ნატომ მოსკოვში, როგორ მოხსნეს მისი თხოვნით ჯავშანი სწორედ იმ ბილეთს, რომლის მფლობელსაც სიკვდილი ეწერა... როგორ ჩამოვარდა თვითმფრინავი მისი მეუღლის, ნიკოლოზ შენგელაიას სოფელთან ახლოს.

მიზეზი უამინდობა იყო, თუ ბერიას შურისძიება, რაშიც ბევრი იყო დარწმუნებული... ეს ყველაფერი ისედაც იცით. მე ამ ამბავს
სხვა კუთხიდან დაგანახებთ. თვითმფრინავზე მყოფი იმ 14 ადამიანიდან ერთ-ერთის შესახებ გიამბობთ: მფრინავ ირაკლი ხახუტაშვილზე, რომელიც პაპაჩემი იყო.

განსაკუთრებით მიყვარდა ბებიასთან დარჩენა. უზარმაზარ ალბომს გადმოვიღებდი და გაუთავებლად ვათვალიერებდი პაპის სურათებს. გაუთავებლად ვაყოლინებდი ბებიას ისტორიას, რომელიც მილიონჯერ მქონდა მოსმენილი და მიუხედავად ამისა, არ მბეზრდებოდა.

მინდოდა, ყველაფერი მცოდნოდა ირაკლი პაპას შესახებ, რომელიც არაჩვეულებრივი, მხიარული, ხუმარა, საოცრად ნიჭიერი კაცი იყო და ყველას ძალიან უყვარდა.
მფრინავი ირაკლი ხახუტაშვილი
ბებია ამ ამბის მოყოლას ყოველთვის ერთნაირად იწყებდა. ამოიღებდა თავის ერთ სურათს და მეტყოდა: "აი, ამ სურათით გამიცნო პაპაშენმა"... ჩემი ბებო, ნინო ზუროშვილი თელაველი ქალი გახლდათ.

მაღალი, თეთრი და მწვანეთვალება იყო. მისი სურათი პაპას მეგობართან უნახავს და გაცნობა გადაუწყვეტია. მეგობრები საპიკნიკოდ შეუკრიბავს, სადაც ნინოც უნდა მოსულიყო.


" კოვბოიკა ჟილეტი ეცვა და ხელში წკეპლას ათამაშებდა. რომ მივედი, მომესალმა, ხელზე მაკოცა და თან გვერდით ამომიდგა. მივხვდი, რომ დამეტოლა.

რამდენიმე დღის შემდეგ თბილისში მოვდიოდი. გაქანებულ მატარებელს შეახტა და ვაგონში გამომეცხადა."
იხილეთ ფოტოგალერეა: ქართული კინოს მარადიული ვარსკვლავი - ნატო ვაჩნაძე
განსაკუთრებულად მიყვარდა ის მომენტი, როდესაც შემწვარი ქათამი მიირთვეს, მკერდის ძვალი გადატეხეს და ერთ სურვილზე დანაძლევდნენ. ეს ამბავი ირაკლის ლექსადაც დაუწერია:

"იქ ვითამაშეთ სანაძლეოზე
გავტეხეთ ქათმის ჩვენ ავქაშია,
ორჯერ მოვუგე მე სანაძლეო,
ხმალი მე მერგო, მას ქარქაშია."

ირაკლიმ მოგებული სურვილი მალე გაუმხილა: "ჩემი სურვილია, ცოლად გამომყვე!".. წინააღმდეგი მხოლოდ ნინოს მამა იყო.

მფრინავს როგორ გავატანო შვილი, სულ ცაში იქნება და ცოლ-შვილს როგორ მიხედავსო... ეს პრობლემაც ადვილად მოაგვარა ირაკლიმ. ჩუმად მიეპარა მას, როდესაც ეზოში შეშას ჩეხავდა და ნაჯახიანად ხელში აიტაცა.

ასე დაარბენინებდა ეზოში. "იქამდე არ ჩამოგსვამ, სანამ არ დაგვლოცავ"! მომავალმა სიმამრმა სიცილი ვეღარ შეიკავა და სიძეს გადაეხვია. -აი, ასეთი ხალისით სავსე ადამიანი იყო. არაჩვეულებრივად ხატავდა, წერდა ლექსებს, გაწყობილ მაგიდას კბილებითაც კი სწევდა.

სკამებზე აცეკვებდა ქალებს... მის გამოგზავნილ წერილებს რომ ვკითხულობ, ბებიას რომ უგზავნიდა... ვგიჟდები, როგორი იუმორის პატრონი იყო.


სწავლის დამთავრების შემდეგ მას უფროსი პილოტის წოდება მიენიჭა. ქალაქ ოვრუჩში სწრაფ ბომბდამშენთა ლეგიონში გაამწესეს. 1939-1940 წლებში მონაწილეობდა ჩრდილოეთ ბუკოვინისა და დასავლეთ უკრაინის განთავისუფლებაში.

იბრძოდა დიდ სამამულო ომში. ოსტატურად ხელმძღვანელობდა საავიაციო რგოლს. იყო ავიაესკადრილიის მეთაურის მოადგილე. შეუპოვრად ურტყამდა მტერს ქერჩის მიმართულებით. 2000 ახალგაზრდა მოამზადა, რისთვისაც 6 სიგელი დაიმსახურა. შემდეგ მერვე გამანადგურებელ საავიაციო კორპუსში შტურმანად დანიშნეს.

რამდენიმე წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა რესპუბლიკური ავიაკლუბის სოხუმის ფილიალს. ასამდე პარაშუტისტი და მრავალი პილოტი მოამზადა. თვითონ ხომ მრავალი ტიპის თვითმფრინავზე იფრინა. ცაში სულ 3182 საათი გაატარა, 7 000-ჯერ მშვიდობიანად დაეშვა მიწაზე. მხოლოდ ერთხელ უმტყუნა ბედმა...

არასოდეს გაუცილებია მანამდე ცოლ-შვილს, მხოლოდ ბოლო გაფრენის წინ გააცილა. დედაჩემი 12 წლის იყო. ის ყელზე შემოეხვია მამას და დააბარა: "წითელი ფეხსაცმელი ჩამომიტანე"... ბებია იხსენებდა, რომ დიდხანს ეფერა ორივე შვილს, თვითონ კი უყურებდა მიმავალს მანამ, სანამ თვალს არ მიეფარა. (გაგრძელება)

იხილეთ ასევე: "ნატო ვაჩნაძის დამწვარი სხეული მისმა დამ ბეჭდით ამოიცნო" - ულამაზესი კინოვარსკვლავის ცაში დაფერფლილი სიცოცხლე

ფოტოგალერეა
02 ოქტომბერი 2017 12:53
1953 წლის 14 ივნისს ლ.ბერია გერმანიაში იყო, ხოლო 1953 წლის 26 ივნისს-მკვდარი.
SS
02 ოქტომბერი 2017 07:51
მე ეგრე გავიგე, ალიმენტსა სთხოვდაო და......
5555
01 ოქტომბერი 2017 22:48
რა თქმ უნდა, ეს იყო უდიდესი ტრაგედია, ასე იხსენებდა საწყალი დედაჩემი ამ ამბავს.
მაშინ ჩვენი ოჯახი ზუგდიდში ცხოვრობდა, მთელი ზუგდიდი შეძრწუნებული ყოფილა მომხდარით
(თვითმფრინავი ჩამოვარდა სოფ.ოდიშში, ზუგდიდიდან 5 კმ-ში).
და მერე რაო ბერიამ?.

რედაქტორის რჩევით