ფორტ-ნოქსი - მსოფლიოში ყველაზე გასაიდუმლოებული ადგილი - კვირის პალიტრა

ფორტ-ნოქსი - მსოფლიოში ყველაზე გასაიდუმლოებული ადგილი

1937 წელს მიწისქვეშა სეიფისკენ დაიძრა ოქროთი დატვირთული პირველი ეშელონი, რომელსაც ხუთასზე მეტი სარკინიგზო ვაგონი მიჰყვა შეიარაღებული დაცვის თანხლებით

ფორტ-ნოქსი მსოფლიოში ყველაზე გასაიდუმლოებული ადგილია, სადაც არათუ ჩვეულებრივ მოკვდავს, თავად შეერთებული შტატების პრეზიდენტსაც აკრძალული აქვს შესვლა, რადგან "ოქროს საკუჭნაოდ" წოდებულ საცავში, არც მეტი, არც ნაკლები, ქვეყნის 4 176 ტონა ოქროს მარაგი ინახება.

შეერთებული შტატების მთავარმა "საკუჭნაომ" სახელი გენერალ ჰენრი ნოქსის პატივსაცემად მიიღო, მისი მშენებლობა კი მე-20 საუკუნის 30-იან წლებში დაიწყო, როცა "დიდი დეპრესიის" პერიოდში ფრანკლინ რუზველტის ცნობილი ბრძანების თანახმად, ამერიკის მოქალაქეებს ოქროს მონეტების, ზოდებისა და სერტიფიკატების ფლობა აეკრძალათ და მთელი მათი ქონება სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა. სწორედ ამგვარი "მისაკუთრების" შედეგად, სულ რაღაც ოთხ წელიწადში გამდიდრდა ფედერალური რეზერვი 4-დან 12 მილიარდამდე დოლარით.

რა თქმა უნდა, სასიამოვნოა ოქროს უზარმაზარი მარაგის ფლობა, თუმცა, სად შეიძლება მისი საიმედოდ დაბინავება? - ლოგიკური კითხვა გაუჩნდა შეერთებული შტატების მთავრობას და დაიწყო სუპერსეიფის მშენებლობა, რასაც სოლიდური თანხა, თითქმის რვა-ნახევარი მილიონი დოლარი მოხმარდა. სამაგიეროდ, 1937 წელს მიწისქვეშა სეიფისკენ დაიძრა ოქროთი დატვირთული პირველი ეშელონი, რომელსაც ხუთასზე მეტი სარკინიგზო ვაგონი მიჰყვა შეიარაღებული დაცვის თანხლებით. მართალია, კარგად ორგანიზებული ოპერაცია არ გახმაურდა, მაგრამ სწრაფად გავრცელდა ერთ-ერთი მთავარი ამერიკული ლეგენდა, თითქოს ქვეყნის ოქროს მარაგი ხელშეუხებელი იყო, რადგან ის მსოფლიო ეკონომიკის სტაბილურობის ერთგვარ ფონდს და მთავარ გარანტიას წარმოადგენდა.

მეორე მსოფლიო ომის წლებში პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე დაცული ფორტ-ნოქსი საკუთარ საცავებში ინახავდა არა მხოლოდ უძვირფასეს მეტალს, ტონობით ოქროს, არამედ ბევრად მნიშვნელოვან "თავისუფლების დიდ ქარტიასა" და ბრიტანეთის სამეფო რეგალიებს, რომლებიც სპეციალურად გაიგზავნა დიდი ბრიტანეთიდან შეერთებულ შტატებში და როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, სწორედ ფორტ-ნოქსი იქცა მორფიუმისა და ოპიუმის სტრატეგიული მარაგის დროებით საცავად, რაც ხელისუფლებამ აზიის ქვეყნებიდან ტკივილგამაყუჩებელი ნარკოტიკული პრეპარატების მოულოდნელი შეწყვეტის საფრთხით ახსნა. თუმცა, ხელოვნური ანალგეტიკების გამოგონებასთან ერთად ნარკოტიკული მარაგი სწრაფად განადგურდა.

კენტუკის შტატში გაშენებული ფორტ-ნოქსი სინამდვილეში 440 კვადრატულ მეტრზე გადაჭიმული სამხედრო ბაზაა, რომელიც შეერთებული შტატების არმიის საკუთრებაა და დღეს წვევამდელების სკოლის ფუნქციას ასრულებს. მართალია, ერთი შეხედვით სამხედროებს არაფერი აკავშირებთ ქვეყნის მთავარ სეიფთან, მაგრამ, თუ ოდესმე თავზე ხელაღებული გმირები გამოჩნდებიან და მის გახსნას გადაწყვეტენ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, რომ ჯერ 30 000-მდე ჯარისკაცთან, "აპაჩის" ტიპის ვერტმფრენებსა და ტანკებთან მოუწევთ ბრძოლის გამართვა, მერე კი, საცავის სუპერდაცვის ურთულესი სისტემის დაძლევა.

თავად საცავი მიწის ქვეშ საკმაოდ ღრმადაა, გრანიტის კედლები დაფარულია ბეტონის სქელი ფენით, შესასვლელს კი, იცავს ნაწრთობი ფოლადის კარი, რომელიც თითქმის ოც ტონას იწონის და როგორც ამბობენ, ნებისმიერ, მათ შორის ატომურ აფეთქებასაც გაუძლებს. კარს ოქროს მიწისქვეშეთში, რა თქმა უნდა, ურთულესი კოდი აქვს, რომელიც მხოლოდ ათმა კაცმა იცის საცავის მმართველთა საბჭოდან, თუმცა, ციფრების სრულ კომბინაციას არც ერთი არ ფლობს და თითოეულს აუცილებლად მარტოს და ყველასგან ფარულად კოდის საკუთარი ნაწილი შეჰყავს, რათა ჯადოსნური კარი ძალიან იშვიათად და მხოლოდ სპეციალური აუდიტორებისთვის გაიღოს. სხვათა შორის, ბოლო აუდიტორული შემოწმება ფორტ-ნოქსში ოცი წლის წინ ჩატარდა. რამდენიმე ღობით გარშემორტყმული საცავის შენობას სიგნალიზაციასთან ერთად ათეულობით სათვალთვალო კამერა და პოლიცია იცავს. ამიტომ არცაა გასაკვირი, რომ ამერიკელებისთვის ფორტ-ნოქსი აბსოლუტური ხელშეუხებლობისა და ძლევამოსილების სიმბოლოდ ითვლება.

ფორტ-ნოქსი არა მხოლოდ ყველაზე მიუწვდომელი, არამედ ყველაზე გასაიდუმლოებული შენობაცაა, რადგან მხოლოდ ერთეულები ფლობენ მეტ-ნაკლებად სარწმუნო ინფორმაციას მის შიდა განლაგებასა და დაცვის სისტემაზე, დანარჩენები კი მიუხედავად დიდი ინტერესისა, იძულებული არიან გასული საუკუნის 30-იან წლებში გავრცელებული ინფორმაციით დაკმაყოფილდნენ და საკუთარი ეჭვები თუ ვარაუდები თამამად გამოთქვან. სწორედ ერთ-ერთი ვარაუდის თანახმად, შენობის გარშემო პატარა ჯიხურებში სნაიპერების სპეციალური საყრდენი პუნქტებია მოწყობილი, თავად საცავი კი რამდენიმე სექციადაა დაყოფილი დამატებითი დაცვის უზრუნველსაყოფად.

რამდენიმე წლის წინ ამერიკელი საზოგადოება გავრცელებულმა ხმებმა ააფორიაქა, თითქოს ფორტ-ნოქსის ტერიტორია სპეციალური სისტემით არის აღჭურვილი, რომელსაც შეუძლია შენობასთან მიახლოებული ობიექტის ამოცნობა, მიზანში ამოღება და მისი მიმართულებით ავტომატური იარაღის გასროლა. გარდა ამისა, არსებობს მოსაზრება, თითქოს "ოქროს საკუჭნაოში" პარიზის ეროვნული ბანკის ანალოგი, სეიფების ავტომატურად ჩაძირვის სისტემაა დამონტაჟებული. კიდევ ერთი ვერსიის თანახმად, ფორტ-ნოქსი მთლიანად დანაღმულია, თუმცა, ფედერალურ მთავრობასთან ერთად საცავის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლებიც დუმილს იცავენ, არც უარყოფენ, არც ადასტურებენ ვარაუდებს და კიდევ უფრო ამწვავებენ მოსახლეობის ეჭვებს. დაზუსტებით მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ საცავის შენობას ნებისმიერი შეტევის მოგერიება შეუძლია და ალყაში მოქცეულიც სრულფასოვნად გააგრძელებს მუშაობას, რადგან სიცოცხლისთვის აუცილებელი ავტომატური სისტემითაა აღჭურვილი, საკვების, მედიკამენტების, წყლის სოლიდურ მარაგს ინახავს და ავტონომიური ელექტროსადგურით არის უზრუნველყოფილი.

მითებსა და ლეგენდებთან ერთად, ფორტ-ნოქსის ისტორია უფოლოგიური სენსაციებითაც მდიდარია. ერთ-ერთის თანახმად, 1948 წლის 7 იანვარს საცავის სამხედრო რადარებზე მოულოდნელად გამოჩნდა ამოუცნობი მფრინავი ობიექტი, რომელიც არც თავად გზავნიდა სიგნალს და ფორტნოქსელების შეტყობინებებსაც უპასუხოდ ტოვებდა. სხვათა შორის, რადარებზე გამოჩენამდე მეზობელი ქალაქების მოსახლეობამ დაინახა უცნაური მფრინავი ობიექტი, რომელთა მტკიცებით, უზარმაზარი მეტალის ბურთი დაახლოებით ასი მეტრის დიამეტრითა და მთელ პერიმეტრზე ილუმინატორებით მზის სხივებს ირეკლავდა, ფრენის დროს კი ფერსაც სასიამოვნოდ იცვლიდა, ვერცხლისფრიდან ჯერ მწვანედ იფერებოდა, მერე კი ლურჯად, ბოლოს კი კაშკაშა წითლად. რა თქმა უნდა, უცხო ობიექტის აღმოჩენისთანავე ჰაერში აფრინდნენ ამერიკული გამანადგურებლები, რომელთაც მფრინავი ობიექტის დაწევა სცადეს, თუმცა, მიახლოება მხოლოდ ერთმა პილოტმა, ტომას მანტელმა შეძლო. სწორედ მან შეატყობინა კოლეგებს, რომ უცხოპლანეტელთა საფრენი აპარატი საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნავდა, მის ზედა ნაწილს კი უცნაური ფორმის გუმბათი ამშვენებდა. მანტელი დიდხანს მისდევდა უცხო სხეულს, რომელსაც, როგორც ჩანს, არ მოეწონა დევნა და სიჩქარეს მოუმატა. ამერიკულმა თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, თავად კი დაიღუპა. რა უფრო აინტერესებდათ უცხოპლანეტელებს - შეერთებული შტატების ოქროს მარაგი თუ ფორტ-ნოქსის სამხედრო საიდუმლოებები, რა თქმა უნდა, ეს არავინ იცის.

ამოუცნობი მფრინავი ობიექტების და სხვა საინტერესო ლეგენდების შემდეგ თანამედროვე ამერიკელ საზოგადოებაში სულ უფრო ხშირად ჩნდება ვარაუდი, თითქოს "ოქროს საკუჭნაო" სინამდვილეში ცარიელია. განსაკუთრებით საეჭვო ბოლო ათწლეულში საცავის გადამეტებული გასაიდუმლოება გახდა, სადაც შესვლის უფლება კიდევ უფრო შეიზღუდა და ფორტ-ნოქსიც აუღებელ ციხესიმაგრეს დაემსგავსა. მითქმა-მოთქმას ამძაფრებს ბოლო აუდიტორული შემოწმებაც, რომელიც ოცი წლის წინ ჩატარდა, მას შემდეგ კი სპეციალური სამსახურები უშედეგოდ ცდილობენ ქვეყნის მთავარი ოქროს საცავის დათვალიერებასა და მის აღწერას. გამომდინარე აქედან, სარწმუნო ინფორმაცია შეერთებული შტატების ოქროს მარაგის შესახებ პრაქტიკულად არ არსებობს.

არსებობს ეჭვი, რომ საცავში ოქროს ნაცვლად ვოლფრამია, რომელსაც ნამდვილი ოქროს მხოლოდ თხელი ფენა აკრავს. გავრცელებული ხმების თანახმად, მსგავსი აფერა ჯერ კიდევ ბილ კლინტონის პრეზიდენტობის პერიოდში განხორციელდა და სწორედ ამიტომაა აუდიტებისთვის ფორტ-ნოქსის კარი ჩაკეტილი.

სხვათა შორის, ვოლფრამი საუკეთესო მეტალია ოქროს გასაყალბებლად, რადგან ბევრად იაფი ღირს, სიმკვრივე კი თითქმის ისეთივე აქვს, როგორიც მის "ძვირფას კოლეგას" და მხოლოდ სამი მეათედით განსხვავდება მისგან. მართალია, ვოლფრამი უფრო მყარია, ვიდრე ყვითელი ლითონი, თუმცა, ოსტატურად გაყალბებულისა და მოოქრულის ნამდვილი ოქროს ზოდისგან გარჩევა მხოლოდ ქიმიური ანალიზით თუ არის შესაძლებელი. რამდენად მდიდარია სინამდვილეში შეერთებული შტატები და რა ინახება ქვეყნის მთავარ მიწისქვეშა სეიფში? - სწორედ ეს პასუხგაუცემელი კითხვა და გასაიდუმლოება იზიდავს ფორტ-ნოქსში შეთქმულების თეორიის ოსტატებსა თუ ცნობისმოყვარეებს.