რა გვეცვა 15 საუკუნის წინ - ქვაზე შენახული ტანისამოსის ისტორია - კვირის პალიტრა

რა გვეცვა 15 საუკუნის წინ - ქვაზე შენახული ტანისამოსის ისტორია

"IX საუკუნე, ქართული კოსტიუმის შედევრი, ოშკზე გამოსახული დავით კურაპალატის ულამაზესი შესამოსელი. ოშკზე ულამაზესი სამოსით შემოსილი არიან ანგელოზებიც"

ჩვენამდე უძველესმა ქართულმა სამოსმაც მოაღწია - მათი ვიზუალური ფორმა იმ ქვაჯვრებმა და რელიეფებმა შემოგვინახა, რომელზეც ქართველი ოსტატები ჩვენი წინაპრების პორტრეტებს გამოსახავდნენ

ისტორია იზომება წარსულით, წარსული კი - სიძველით. ქართული სამოსიც ისეთივე ძველია, როგორც ჩვენი წარსული. მსოფლიოში ყველაზე ძველი ძვლის ნემსი (ძვ.წ. 3400 წლის) და შალის ძაფის ბოჭკო სწორედ საქართველოში, ჭიათურაში, ძუძუანას მღვიმეშია აღმოჩენილი.

ქართველების სამოსი რომ მუდამ თვალს იზიდავდა, ამას უძველესი ჟამთააღმწერლებიც აღწერენ. მაგალითად, სახელგანთქმული ქსენოფონტე, რომელიც ძვ.წ. V საუკუნეში კოლხებთან საომრად მოსულ ბერძნებს ახლდა, მეტად გაკვირვებული წერდა, - ხალიბებს ისეთი სამოსი აცვიათ, როგორიც მხოლოდ წარჩინებულებს ეკადრებათ - სელისაგან დაწნულ ლამაზ კაბებზე ოქროს ბალთა-ქამრები აქვთ შემორტყმულიო. ქართველების ჩაცმულობამ გააკვირვა ჰეროდოტეც - ქართული ტანსაცმელი ისეთივე საუკეთესოა, როგორც ეგვიპტურიო, - წერდა.

შესაძლოა გაგვიკვირდეს, მაგრამ ჩვენამდე უძველესმა ქართულმა სამოსმაც მოაღწია - მათი ვიზუალური ფორმა იმ ქვაჯვრებმა და რელიეფებმა შემოგვინახა, რომელზეც ქართველი ოსტატები ჩვენი წინაპრების პორტრეტებს გამოსახავდნენ. ისინი ჩვენც გვინახავს, თუმცა, ყურადღება არ მიგვიქცევია.

ახალგაზრდა მოგზაური და ისტორიკოსი ლადო გოგოშვილი, მას შემდეგ, რაც პირველად მოხვდა თვალში ქართულ ტაძრებსა თუ ქვასვეტებზე გამოსახული წინაპართა პორტრეტები, სერიოზულად დაფიქრდა იმაზე, რომ სამოსი, რომლითაც პორტრეტები იყო შემოსილი, პერსონაჟთა ეპოქის ჩაცმულობა გახლდათ. ეს კი იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ ამ თემაზე მრავალ ნაშრომს გაეცნო და თითქმის ქვაზე ამოკვეთილი ყველა პორტრეტი მოინახულა. ასე ჩამოყალიბდა მისი თვალით დანახული ქართული სამოსის მშვენიერი ისტორია.

- ქვაზე ამოკვეთილი ტანსაცმელი იმ ეპოქის სახეა, როცა ეს ბარელიეფი იქმნებოდა. ასე აღმოვაჩინე ქართული ტანსაცმლის "დიზაინი", რომელიც უკვე V საუკუნიდან გვაქვს - სწორედ ამ დროიდან გამოსახავდნენ ქართველები ტაძრებსა და ქვაჯვრებზე წმინდანების პორტრეტებთან ერთად საერო პირებსაც, რომელთაც სწორედ ის სამოსი აცვიათ, რასაც მათი თანამედროვეები ატარებდნენ.

- და, ქართველებმა ვიცით, როგორი იყო ჩვენი ტანსაცმლის დიზაინი 15 საუკუნის წინ?

- ამას მეცნიერული ნაშრომები და ფაქტები ადასტურებენ. პირადად ჩემთვის ეს ისტორია უდიდესი სიმდიდრეა, რომლის შესახებ ალბათ მსოფლიოს უნდა გავაგებინოთ. სხვათა შორის, პირველი ქართული საერო ტანსაცმელი V საუკუნის დმანისის ქვის კვარცხლბეკზეა გამოსახული; ასეთ კვარცხლბეკებს ქართველები წმინდა ნინოს გავლენით დგამდნენ - როგორც ქალწულმა აღმართა სამი ჯვარი (უჯარმაში, მცხეთასა და…თხოთში), მოგვიანებით ქართველებმაც ასეთი ქვაჯვრების დადგმა დავიწყეთ და მასზე უფლის მავედრებელ ადამიანებს გამოვსახავდით. V საუკუნის დმანისის ქვაჯვარზე გამოსახული ორი ადამიანიდან ერთ-ერთს ბიზანტიური ტანსაცმელი აცვია: კოჭებამდე ჩამოშვებული ტუნიკა, ზემოდან მოსასხამით, მეორეს კი ადგილობრივი, ქართული კოსტიუმი, რომელიც, სხვათა შორის, ქართული ჩოხის წინაპარია.

- ამ გამოსახულების მიხედვით, მეტად უცნაური კოსტიუმი ჰქონიათ V საუკუნეში ქართველ კაცებს.

- არა მგონია. ამ კოსტიუმს წინა და გვერდითი ნაწილები ისე აქვს შეჭრილი, რომ მხედარს ცხენზე ასვლაში არ შეუშალოს ხელი. როცა ამ კოსტიუმს განიხილავენ მეცნიერები, წერენ, რომ ეს არის მხედრული კოსტიუმი, შედარებით მოკლეა და მის ქვემოთ ვიწრო შარვალი და დაბალქუსლიანი ჩექმები მოჩანს.

- ესე იგი, V საუკუნეში კაცებს ჩექმები და ვიწრო შარვალი ეცვათ. საკმაოდ ლამაზი შარვალია, ბოლოში ასევე ლამაზი ზოლებით. თანამედროვე მოდაშიც შემოდის დროდადრო მსგავსი. მაგრამ ქართველ მხედარს ხელში ყვავილი რატომღა უჭირავს?

- ყვავილი იმას ნიშნავს, რომ ქვაჯვარზე ქართველი მაღალი წრის წარმომადგენელია გამოსახული - ასეთ ყვავილებს ირანის მმართველები ზეპურთ უძღვნიდნენ კეთილგანწყობის ნიშნად. სხვათა შორის, ამ ტანსაცმელს იმდროინდელი ირანული სამოსის გავლენაც ეტყობა. არც არის გასაკვირი - ირანული მოდის გავლენას ამ პერიოდში უძლიერესი ბიზანტიაც კი განიცდიდა. ისტორია გვამცნობს, თუ როგორ გაუფართოვა იმპერატორმა იუსტინიანემ ირანული ტანსაცმლის გავლენით ბიზანტიურ სამოსს მხრები. როგორც ამბობენ, ეს სხეულის სილამაზეს გამოკვეთდა.

- ეს იმას ნიშნავს, რომ ტანსაცმელში ისევე აისახებოდა პოლიტიკური თუ სოციალური ვითარება, როგორც ქვეყნის ცხოვრებაში.

- რასაკვირველია. მაგრამ ეს ხომ დღესაც ასეა - ჩვენც ხომ ვცდილობთ, გადმოვიღოთ იმ ქვეყნის ჩაცმის სტილი, რომელიც მოგვწონს და რომლის გავლენასაც განვიცდით. მაგრამ მთავარი ის იყო, რომ ქართულ სამოსში რჩებოდა ქართული ხაზი, ეროვნული კოსტიუმის ტრადიცია. ოსტატი კოსტიუმს რომელიმე ქვეყნის მიბაძვით კი არ კერავდა, არამედ იმას უცქერდა, რა ეცვათ მის გარშემო და თარგსაც იქიდან იღებდა.

IX საუკუნიდან კი ქართული კოსტიუმის შედევრი გვაქვს - ეს არის ოშკზე გამოსახული დავით კურაპალატის ულამაზესი შესამოსელი. სხვათა შორის, ოშკზე ულამაზესი სამოსით შემოსილი არიან ანგელოზებიც.

- მართლაც ულამაზესი კოსტიუმი აცვია დავით კურაპალატს, ძალიან ნატიფი ფიგურებით შემკული. მას ტუნიკაზე მოსასხამი აცვია. ასეთი მოსასხამი მხოლოდ დიდგვაროვნებს ხომ არ ეცვათ?

- ამას ისტორიულად ვერ დავადასტურებ, მაგრამ არა მგონია. ვისაც უნდა ეცვას ქართული კოსტიუმი, წარჩინებულს თუ ჩვეულებრივ ერისკაცს, მათ აქვთ საერთო ნიშანი - სამოსის ბოლოში და მაჯებზე მოვლებული არშია. განა ეს მოსასხამი, კაბა და მათზე გამოსახული არშია არაფერს გვაგონებს? რასაკვირველია, გვაგონებს - ჩვენამდე მოტანილ ხევსურულ კაბასაც (სადიაცოს) ასეთივე მოსასხამი (ფაფანაგი და ქოქლო) და ნაქარგობები აქვს ბოლოებში.

- ქალების ისტორიული კოსტიუმები თუ გაგვაჩნია, როგორ კოსტიუმებს იცვამდნენ ქართველი ქალები საუკუნეების წინ?

- დმანისის VII საუკუნის კატაულას ქვის სვეტზე ხუთი ქალია გამოსახული. ყველა მათგანის კაბა დაახლოებით საერთო თარგით არის აჭრილი, მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით, ყველაზე ძვირფასი ერთ-ერთს აცვია (ქვაზე მისი სახელიც თითქმის იკითხება - დინარი). მისი სამოსი ისეთი მდიდრული და ნატიფად ამოკვეთილია, რომ მოსასხამზე შემოვლებული ბეწვის არშიაც კი ჩანს. თავზე კი თავსაბურავი ხურავს.

- სასიამოვნოა ამის მოსმენა.

- მეც ასე ვფიქრობ და მეამაყება. ძალიან გამძლე აღმოჩნდა ჩვენი წინაპრის ხელი ხელოვნებაში - კიდეც შეკერა და კიდეც დაგვიტოვა. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, გავუფრთხილდეთ.

ეთერ ერაძე