ზღვისპირეთელების დინასტია საქართველოში - ვინ ააშენა ბათუმის, ფოთისა და სოხუმის პორტები?
31-10-2017
ზღვისპირეთელების დინასტია საქართველოში - ვინ ააშენა ბათუმის, ფოთისა და სოხუმის პორტები?
თბილისელი არჩილ ყუფარაძის დიდი ბაბუა ალექს პომორცევი საწყალოსნო და სატრანსპორტო დეპარტამენტში მუშაობდა, დიდი ბაბუის მამა პეტრე პომორცევი კი რუსეთის საზღვაო სამინისტროში. ეს უკანასკნელი იმპერატორ ალექსანდრე მესამეს დაუჯილდოებია კიდეც.

გზათა მიმოსვლისა და წყლის რესურსების ინჟინერი ალექს პომორცევი პეტერბურგში დაიბადა და გაიზარდა. 1899-1908 წლებში იგი ბათუმის, ფოთისა და სოხუმის პორტების მშენებლობას ხელმძღვანელობდა. ალექსსა და მის მეუღლეს  სოფიას 3 შვილი ჰყავდათ: ოლღა (არჩილ ყუფარაძის ბებია), პეტრე და ნიკოლოზი. პეტრეც მშენებელი-ინჟინერი იყო და ერთხანს
მამასთან მუშაობდა, შემდეგ კი ქერჩის, ტემრიუკის, ფეოდოსიის, იალტისა და არხანგელსკის პორტების მშენებლობას ხელმძღვანელობდა; ოლღას ორი შვილი ჰყავდა: ჩემი რესპოდენტის დედა ნინა და ბიძა მისი სეხნია არჩილი, რომელიც 19 წლის ასაკში დიდი სამამულო ომის პირველსავე დღეს, სოფელ შეპეტოვკასთან ბრძოლისას დაღუპულა.

არჩილ ყუფარაძემ დაბეჯითებით მითხრა, რომ 1909
წელს რუსეთის იმპერატორმა მის დიდ ბაბუას ალექსს თავადის ტიტული უბოძა, ამის დასტურად კი შესაბამისი მოწმობაც მიჩვენა.
მოწმობას კიდევ იმდენი ფოტო თუ წერილობითი მასალა მოჰყვა, ურიგო არ იქნება, საქართველოს ისტორიის ამ მნიშვნელოვანი მონაკვეთით ბათუმისა და ფოთის პორტების მესვეურებიც დაინტერესდნენ. საქართველოს პორტების მშენებლების ამბავს კი ჩვენს მკითხველს მშენებელთა შთამომავალი არჩილ ყუფარაძე გვიამბობს:
არჩილ ყუფარაძე
- მინდა, დაგიზუსტოთ, რომ ჩემს დიდ ბაბუამდეც არსებობდნენ მშენებლები პირველი მშენებლები, რადგან როდესაც ჩემმა წინაპრებმა მშენებლობა დაიწყეს, პორტი უკვე არსებობდა.

- ბატონო არჩილ, პომორცევების საოჯახო ტრადიცია პორტების მშენებლობა მათი გვარის ფუძეს "მორეს" (ქართულად "ზღვას") ხომ არ უკავშირდება?
- ალბათ, ასეა. თუ არ ვცდები, ჩემი წინაპრები ზღვისპირეთიდან არიან წამოსულები. საბუთების ნაწილი ბებიამ შემოინახა, ნაწილი ნათესავმა გამომიგზავნა მოსკოვიდან. ვფიქრობ, პეტერბურგის სამხედრო მუზეუმშიც ბევრი საინტერესო მასალა ექნებათ. სამწუხაროდ, ბათუმის პორტის არქივში არაფერია შემონახული.

- თქვენი წინაპრები დიდხანს ცხოვრობდნენ ბათუმში?

- დროებით იყვნენ ჩასულები, მანამდე, ვიდრე დიდი ბაბუის ხელმძღვანელობით პორტის მშენებლობა მიმდინარეობდა. მართალია, მისი ქალიშვილი, ანუ ჩემი ბებია ოლღა პეტერბურგში დაიბადა, მაგრამ შემდეგ ბათუმის ქალთა გიმნაზია დაამთავრა, თანაც  წარჩინებით. მისი ატესტატიც კი მაქვს საოჯახო არქივში. დიდი ბაბუის ოჯახი მხოლოდ სამუშაოს დასრულების შემდეგ დაბრუნდა პეტერბურგში.
ალექს პომორცევი ოჯახთან ერთად
როგორც ჩანს, სწორედ ამ პერიოდში გაიცნო ოლღა ბებიამ ჩემი ბაბუა იმერელი თავადი ვლადიმერ ლორთქიფანიძე თავის ძმისგან, პეტრესგან ვლადიმერი და პეტრე გზათა მიმოსვლის ინსტიტუტში თანაკურსელები და მეგობრები იყვნენ. მერე ჯვარი დაიწერეს და 1917 წელს თბილისში გადმოვიდნენ საცხოვრებლად. როგორც ჩანს, რევოლუციას გამოექცნენ, ეგონათ, აქ სიმშვიდე და ვარდები დახვდებოდათ, მაგრამ...
ასე იწყებოდა ბათუმის პორტის მშენებლობა
მათ ოროთახიანი ბინა ვერაზე იყიდეს, მერე, 1922 წელს დაიბადა ჩემი ბიძა  არჩილი, 1924 წელს კი დედაჩემი ნინა. ბებიამ მუშაობა სამოქალაქო ავიაციის სამმართველოში დაიწყო, ოპერის პირდაპირ, ბაბუამ  გზათა მიმოსვლის სახალხო კომისარიატის პორტებისა და წყალთა რესურსების სამმართველოში. საბჭოთა მთავრობამ იგი პორტებისა და შიდასაწყალოსნო რესურსების განყოფილების უფროსად დანიშნა, მერე კი, 1937 წელს დაიჭირა. არ დაუხვრეტიათ, ერთ წელიწადში გაათავისუფლეს, მაგრამ ციხიდან რომ გამოვიდა, ერთ თვეში გარდაიცვალა... ბებია სათუთად ინახავდა მის ფოტოებს, ნახაზებს. დღესაც შინ მაქვს ფოტოკამერა, რითიც ეს ფოტოებია გადაღებული, ასევე, ვინახავ პორტების მშენებლობის უფროსის სახელმწიფო, პერსონალურ ბეჭედს, ძველ "ეტაჟერკას" და ა.შ. მაქვს ფოტო, რომელიც დიდ ბაბუას და ოჯახს ამ "ეტაჟერკასთან", კარადასთანაც აქვს გადაღებული (სიმბოლურად, იმ ავეჯთან მეც ვუღებ ფოტოებს ბატონ არჩილს  ი.ხ.). ბებიას ამ მასალების გამომზეურების ეშინოდა, მაგრამ ვფიქრობ, ახლა დასამალი აღარაფერია. ამიტომაც დაგთანხმდით, მათი ამბავი ხალხისთვის მომეთხრო.

- თქვენ ყველა საოჯახო ტრადიცია დაარღვიეთ  უარი თქვით ზღვაზე, პორტზე, მშენებლობაზე, ცეკვაზე (ბატონი არჩილის მშობლები  ნინა ლორთქიფანიძე და ვლადიმერ ყუფარაძე ანსამბლ "სუხიშვილების" სოლისტები და რესპუბლიკის სახალხო არტისტები იყვნენ  - ი.ხ.) და ჟურნალისტის პროფესია აირჩიეთ. თუმცა, საბოლოოდ, არც ამ საქმეს გაჰყოლიხართ, მთელი ცხოვრება საბჭოთა კავშირში სახელგანთქმული "ინტურისტის" სისტემაში მუშაობდით.
- მხოლოდ ცოტა ხნით ვიმუშავე საკავშირო ჟურნალის "მოგზაურობა საბჭოთა კავშირში" კორესპოდენტად საქართველოში, მერე კი "ინტურისტში" გადავედი. ძალიან საინტერესო წლები გავიარე, უამრავი ტურისტი გვყავდა, მომსახურების უმაღლესი დონე გვქონდა...
ნინა ლორთქიფანიძე და ვლადიმერ ყუფარაძე
ტურიზმის გასავითარებლად დღესაც უდიდესი პოტენციალი გვაქვს საქართველოში. მიხარია, ტურისტები რომ მოგვიმრავლდნენ. თუ ინფრასტრუქტურითა და მომსახურების ხარისხით კიდევ უფრო დავიხვეწებით, მალე აქ შეიძლება "ტურისტული სამოთხე" ვიხილოთ. რაც შეეხება ზღვასთან ჩემს ურთიერთობას, სწორედ "ინტურისტში" მუშაობისას წელიწადში ერთი-ორჯერ გვახალისებდნენ ხოლმე და საზღვაო კრუიზში გვიშვებდნენ. კარგად მახსოვს ერთ-ერთი პირველი ქართული, 900-კაციანი კრუიზი, რომელიც 1989 წელს გემით "ლეონიდ სობინოვით" განხორციელდა. სამწუხაროდ, ეს ჩემი ბოლო კრუიზი იყო...
ბათუმის პორტის გადაკეთების გეგმა
- როგორც ვიცი, ქართული პორტების მუზეუმის შექმნაზე ოცნებობდით...

-  რამდენიმე წლის წინ ბათუმში დამპირდნენ, რომ ბათუმის მუზეუმში პორტის მშენებლების კუთხეს გააკეთებდნენ, მაგრამ მერე ხელისუფლება შეიცვალა და მეც აღარავინ შემიწუხებია... კარგად მახსოვს, ოლღა ბებია თბილისიდან ბათუმში მეგობრებს რომ სტუმრობდა, საათობით იჯდა ხოლმე ბათუმის პორტში და იქაურობის ცქერით ტკბებოდა. ალბათ, მეც სწორედ ჩემი წინაპრების ნაშენებმა პორტმა შემაყვარა ბათუმი განსაკუთრებულად...

ამიტომაც, მუზეუმი თუ გაკეთდება, მხოლოდ და მხოლოდ ბათუმში უნდა გაკეთდეს. მართლაც ძალიან ბევრი მასალა მაქვს, მათ შორის 1904 წელს გამოცემული 2 დიდი ალბომი, სადაც XVIII საუკუნის დამლევს არსებული მთელი მსოფლიოს პორტებისა და სამხედრო გემების ფოტოებია მოთავსებული. სხვათა შორის, სწორედ იქ ვნახე ერთ-ერთი პირველი წყალქვეშა ნავის ფოტო. ამასაც დიდი სიამოვნებით გადავცემდი მუზეუმს.

ირმა ხარშილაძე (სპეციალურად საიტისთვის)

ვლადიმერ
13 ნოემბერი 2017 22:25
ძალიან საინტერესოა. გავუფრთხილდეთ და მოვუაროთ ჩვენს ისტორიას, რამდენადაც ეს შესაძლებელია.
ალბომი
01 ნოემბერი 2017 15:40
კარგი იქნებოდა ჩემი კომენტარი ფოთის ალბომთან დაკავშირებით გამოგექვეყნებინათ, ის დააინტერესებდა ბატონ არჩილს
მიმოსვლა
01 ნოემბერი 2017 12:34
მიმოსვლის გზები არის რკინიგზის სამინისტრო

რედაქტორის რჩევით