"ტრიადა" ყველგანაა, სადაც ჩინელები არიან! - კვირის პალიტრა

"ტრიადა" ყველგანაა, სადაც ჩინელები არიან!

ჰონკონგური "ტრიადის" ზოგიერთი კლანი დღემდე არ ივიწყებს ახალბედათა დაჯგუფებაში მიღების რიტუალს. საძმოში გაწევრებისათვის არა მხოლოდ "ტრიადის" სტაჟიანი წევრის რეკომენდაციაა საჭირო, არამედ მოსამზადებელი პერიოდის გავლაც, რაც სასტიკ გამოცდას ითვალისწინებს. ცერემონია ახალბედას გაცნობით იწყება. კლანის ლიდერი არომატულ ჩხირებს ანთებს, საზეიმოდ აცხადებს, რომ საძმო მილიონ წელს იცოცხლებს და გრძელ პოემას კითხულობს წინაპრების გმირობაზე, ძმების ურყევ კავშირსა და "ტრიადის" წარმატებაზე, რასაც ფიცის ოცდაოთხივე თავის ახსნა მოსდევს. მოგვიანებით ახალბედა სამ ჭიშკარში გადის და ითმენს ორგანიზაციის ავტორიტეტული წევრებისაგან ხმლის ზურგზე დარტყმას შეძახილებით: "რა უფრო მყარია, ხმალი თუ შენი კისერი?!" რა თქმა უნდა, პასუხია "ჩემი კისერი", რაც "ტრიადის" საიდუმლოს დაცვას გულისხმობს

პირველი სარწმუნო ცნობა დაჯგუფების შესახებ, რომელსაც მოგვიანებით ეწოდა "ტრიადა", 1644 წელს მიეკუთვნება, როცა მინის დინასტიის უკანასკნელი იმპერატორის დამხობის შემდეგ ძალაუფლება მანჯურიელთა დინასტია ცინის ხელში გადავიდა. სწორედ მაშინ გადაწყვიტა 133-მა ბუდისტმა ბერმა მინის დინასტიის ნებისმიერ ფასად დაბრუნება და მართალია, დიდხანს თავგანწირვით ებრძოდნენ მანჯურიელ დამპყრობელს, მაგრამ საბოლოოდ მაინც დამარცხდნენ. აჯანყებულთა უმეტესობა შეიპყრეს და სასტიკად დასაჯეს, გადარჩენილმა ხუთმა ბერმა კი, რომლებიც ახლა შურისძიების სურვილმა გააერთიანა, კონსპირაციული ჯგუფი შექმნა და ემბლემად სამკუთხედი აირჩია, რომლის მხარეები ჩინური ფილოსოფიის სამ ძირითად ელემენტს - ცას, მიწასა და ადამიანს განასახიერებდა. გეომეტრიული ფიგურის ემბლემად არჩევა არა მხოლოდ ფილოსოფიურმა სწავლებამ, არამედ ჩინურ კულტურაში გავრცელებულმა ნუმეროლოგიის ტრადიციამ განაპირობა, რომლის თანახმად, ციფრი "3" განსაკუთრებული თვისებების მატარებელია.

მართალია, ბერებმა, რომელთაც მემკვიდრეები დღეს "ხუთი წინაპრის" სახელით მოიხსენიებენ, თავიანთ გაერთიანებას ხუნ მუნი, ანუ "მიწისა და ცის საზოგადოება" დაარქვეს, მაგრამ მკვიდრი ჩინელები ორგანიზაციას მაინც ხეი შე ხუენს, ანუ "შავ საზოგადოებას" უწოდებენ, მსოფლიო კი ემბლემის წყალობით "ტრიადად" მოიხსენიებს.

ხანგრძლივი ბრძოლის მიუხედავად, ხან მუნმა მაინც ვერ შეძლო სისასტიკით ცნობილი მანჯურიელთა დინასტიის დამარცხება, თუმცა, მონათესავე დაჯგუფება "თეთრ ლოტოსთან" გაერთიანებული მაინც ჯიუტად უტევდა იმპერატორის ჯარებს. ბერები ერთგულად იცავდნენ ბუდიზმის პრინციპებს, პატივს სცემდნენ გლეხთა უფლებებს, რაც თანამოძმეების ნდობის მოპოვებასა და გაძლიერებაში დაეხმარათ და მართალია, მისიის შესრულება ვერ შეძლეს, მაგრამ კეთილი სახელი 1842 წლამდე, ჰონკონგში ბრიტანეთის გამგებლობის დამყარებამდე მაინც შეინარჩუნეს. ბრიტანელებმა ორგანიზაციას დანაშაულების მომზადებასა და ბოროტმოქმედთა მფარველობაში დასდეს ბრალი და არა მხოლოდ მისი წევრობა, არამედ ორგანიზაციასთან შეერთების სურვილიც დანაშაულად აქციეს, რაც სამწლიან პატიმრობას ითვალისწინებდა. რა გასაკვირია, რომ დაჯგუფებას, რომელსაც მანამდე არ ჰქონია კრიმინალური მიზნები, ამგვარმა დამოკიდებულებამ დანაშაულისკენ უბიძგა.

1848 წელს ხუნ მუნი ახალშექმნილი საიდუმლო ჯგუფის, "ღვთის მებრძოლების" მხარდამხარ ტაიპინების აჯანყებას ჩაუდგა სათავეში, რომელიც კანტონის ოლქში დაიწყო და სწრაფად გავრცელდა შანხაისა და სხვა დიდ ქალაქებში. გამოცხადდა ახალი სახელმწიფო ტაი პინ ტიანკო, ანუ "დიდი კეთილდღეობის ზეციური სახელმწიფო" და მართალია, თავიდან დაჯგუფება უცხოელ დამპყრობლებს სამართლიან ომში ებრძოდა, რითაც ხალხის მხარდაჭერა დაიმსახურა, 1900 წლის მოკრივეთა აჯანყების შემდეგ საკუთარ იდეალებს უღალატა, დამპყრობლების ქვეყნიდან გაძევება დაშინებით გადაწყვიტა და არც სასტიკ მკვლელობას მოერიდა. ალყაში მოქცეულმა დიპლომატებმა და კომერსანტებმა დახმარებისათვის საკუთარ მთავრობებს მიმართეს და ჩინეთში რვა ქვეყნის ექსპედიცია გაიგზავნა, რომელიც 2 000-ზე მეტ ჯარისკაცს აერთიანებდა ბრიტანელ ადმირალ სედ ედვარ სეიმურის ხელმძღვანელობით. მართალია, აჯანყებულთა და იმპერატორის ჯარების წინააღმდეგობამ სეიმურს უკან დახევა და მაშველი ჯარის მოთხოვნა აიძულა, მაგრამ რამდენიმე თვეში მისი არმია 20 000 ჯარისკაცით შეივსო და ადმირალმა სწრაფად აიღო პეკინი, მერე კი პროვინციებში გადაინაცვლა აჯანყებულების შესაპყრობად.

1901 წლის 7 სექტემბერს იმპერატორმა დასკვნით პროტოკოლს მოაწერა ხელი, რაც აჯანყების ოფიციალურად დასრულებას ნიშნავდა. ქვეყანა ერთიანად დემორალიზებული აღმოჩნდა. დამარცხებულმა იმპერატორის ხელისუფლებამ უცხოელებს საკუთარი ხალხისა და ქვეყნის რესურსების ექსპლუატაციის უფლება მისცა. ხალხის მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი ერთ დროს ეროვნული მოძრაობა საიდუმლო ორგანიზაციებად დაიშალა და ერთდროულად ორი მტრისგან - უცხოელებისა და ჩინეთის ხელისუფლებისგან - დევნილმა თავის გადარჩენა საკუთარი მოქალაქეების ხარჯზე გადაწყვიტა.

მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ჰონკონგი "ტრიადის", როგორც ერთიანი დანაშაულებრივი ორგანიზიის გულს და მრავალრიცხოვანი კლანების მართვის ცენტრს წარმოადგენდა. ყველაზე ცნობილი 14 კა იყო. დაჯგუფებამ სახელი მიიღო საფოსტო მისამართისა და კლანის დამაარსებლის, გენერალ-ლეიტენანტ კოტ სიუ ვონგას სახელის პირველი ასოს მიხედვით, რომლის 1940-იან წლებში შექმნილმა ბანდამ თითქმის სამი ათეული წლის შემდეგ 25 000 მეტ თანამოაზრეს მოუყარა თავი. კლანმა სწრაფად მოიპოვა წამყვანი პოზიცია "ტრიადაში". ის უზრუნველყოფდა ევროპის უმსხვილეს ქვეყნებსა და ჩრდილოეთ ამერიკაში ჰეროინის მიწოდებას. საკუთარი წარმომადგენლები ჰყავდა დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩაბმულ ჩინურ გაერთიანებებში და თითქმის ყველა სფეროს აკონტროლებდა.

ფარულ ცხოვრებას შეჩვეული "ტრიადას" წევრები დღემდე საიდუმლო სლენგსა და ჟესტებს, ნიშნებსა და ციფრულ კოდებს იყენებენ კლანის იერარქიაში საკუთარი ადგილის განმსაზღვრელად და მართალია, ნუმეროლოგიაზე აგებული იერარქია საშინლად ჩახლართულია, სინამდვილეში საკმაოდ მარტივია. მაგალითად, 849 კლანის ლიდერის აღმნიშვნელია, რომელსაც ხშირად მთის ოსტატად ან დრაკონის თავად მოიხსენიებენ. რიცხვი 438 ლიდერის მთავარ თანაშემწეს აღნიშნავს და მართვას ნიშნავს. ამ ციფრების ჯამი 15-ს უდრის, რაც ცრუმორწმუნე ჩინელში მოკრძალებასა და პატივისცემას იწვევს, რადგან მისი შედგენა სხვადასხვა კომბინაციით დიდი წარმატების მომტანია. "ტრიადის" სტრუქტურა რამდენიმე განყოფილებას აერთიანებს. თითოეულს ლიდერის თანაშემწე ან განსაკუთრებით ავტორიტეტული წევრი ხელმძღვანელობს და საქმიანობის თავისი სფერო აქვს. ინფორმაციის განყოფილება დაზვერვითა და კონტრდაზვერვითაა დაკავებული კონკურენტ ბანდებსა და პოლიციელებს შორის. დაქირავების განყოფილებამ, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში მუშაობასთან ერთად, ინფორმატორების ძიება შეითავსა ტაქსის მძღოლებს, ქუჩის მოვაჭრეებსა და მეძავებს შორის. "ტრიადის" წევრები უშეცდომოდ ცნობენ ერთმანეთს და სხვებისთვის უხილავი პირობითი სიგნალითა და მინიშნებებით, თუნდაც მაგიდაზე განლაგებული თეფშებით, ჩხირების ან ფინჯნის ჭერის განსაკუთრებული მანერით.

ჰონკონგური "ტრიადის" ზოგიერთი კლანი დღემდე არ ივიწყებს ახალბედათა დაჯგუფებაში მიღების რიტუალს. საძმოში გაწევრებისათვის არა მხოლოდ "ტრიადას" სტაჟიანი წევრის რეკომენდაციაა საჭირო, არამედ მოსამზადებელი პერიოდის გავლაც, რაც სასტიკ გამოცდას ითვალისწინებს. გარდა ამისა, ახალბედა ტრიადის ისტორიასა და წეს-ჩვეულებებს, საიდუმლო ჟესტებსა და სიტყვიერ პაროლებს, მისი დარღვევისთვის დასჯის 10 პუნქტსა და 36 თავად დაყოფილ ფიცს სწავლობს, მერე კი ქარაგმით ან გამოცანად ნათქვამ შეკითხვებს პასუხობს. ორგანიზაციაში მიღების ცერემონია ახალბედას გაცნობით იწყება. კლანის ლიდერი არომატულ ჩხირებს ანთებს, საზეიმოდ აცხადებს, რომ საძმო მილიონ წელს იცოცხლებს და გრძელ პოემას კითხულობს წინაპრების გმირობაზე, ძმების ურყევ კავშირსა და "ტრიადის" წარმატებაზე, რასაც ფიცის ოცდაოთხივე თავის ახსნა მოსდევს. მოგვიანებით ახალბედა სამ ჭიშკარში გადის და ორგანიზაციის ავტორიტეტული წევრებისაგან ხმლის ზურგზე დარტყმას ითმენს შეძახილებით: "რა უფრო მყარია, ხმალი თუ შენი კისერი?!". რა თქმა უნდა, პასუხია "ჩემი კისერი", რაც "ტრიადის" საიდუმლოს დაცვას გულისხმობს. ფიცის წარმოთქმის შემდეგ ანთებული ჩხირების იატაკზე ჩაქრობა თანხმობაა, რომ ნებისმიერი სიცოცხლე ასევე ჩაქრება, თუ ფიცს დაარღვევს. ცერემონიის დასკვნით ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება საიდუმლო სიგნალებისა და პაროლების ცოდნას ექცევა, რომელსაც კლანის რანგით მესამე ხელმძღვანელი და განაჩენის აღმსრულებელი წითელი "კვერთხი" იბარებს. მოგვიანებით ახალწვეული დაიჩოქებს, "წითელი კვერთხი" კი მარცხენა ხელის შუათითს წითელძაფიანი ნემსით დაუჩხვლეტს და სისხლს თასში აგროვებს, მომცრო ჭიქებში ასხამს, ყველას ურიგებს და საძმოს სისხლზე შეფიცული ახალბედა კლანის სრულფასოვანი წევრი ხდება. შემდეგ წვეულება იმართება, რომლის ხარჯს, რა თქმა უნდა, კლანის ახალშემატებული წევრი ისტუმრებს.

"ტრიადა" დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სტატუსს, რომელიც ნახატს ან მის აღმნიშვნელ იეროგლიფს წარმოადგენს. საიდუმლო ორგანიზაციის წევრები სვირინგებით არიან აჭრელებული. ყველაზე პრესტიჟულია დრაკონი, კეთილშობილებისა და ძალაუფლების სიმბოლო, ან გველი - სიბრძნისა და გამჭრიახობის სიმბოლო.

ჩინური "ტრიადის" იტალიურ "კოზა ნოსტრასთან" მსგავსების მიუხედავად, მათ შორის მაინც მნიშვნელოვანი განსხვავებაა. იტალიელები არ თაკილობენ სხვა ეთნიკურ, თუნდაც ებრაულ და ირლანდიურ დაჯგუფებებთან საქმის დაჭერას, ჩინელებისთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარ ორგანიზაციაში ეროვნულობის შენარჩუნება. "კოზა ნოსტრასთვის" სულერთია, ვის ძარცვავს, "ტრიადა" კი მხოლოდ თანამემამულეებისა და მათი ორგანიზაციების ხარჯზე მდიდრდება. სხვათა შორის, იტალიელთა ბანდებისგან განსხვავებით, "ტრიადა" ბევრად პატიოსნად მოქმედებს: მსხვერპლს რამდენჯერმე აფრთხილებს და ერიდება უკიდურეს ზომებს. მაგალითად, ერთ-ერთ ბიზნესმენს ჯერ ძაღლის თავი გაუგზავნეს და როცა არ გაითვალისწინა გაფრთხილება, რამდენიმე დღის შემდეგ გამოასალმეს სიცოცხლეს, რადგან მან უარი თქვა მოთხოვნის შესრულებაზე და დემონსტრაციულად მიაყენა შეურაცხყოფა მთელ ორგანიზაციას.

1997 წლამდე, ჩინეთის შემადგენლობაში შესვლამდე, ჰონკონგის პოლიციას არც ეფექტიანი კრიმინალური ქვედანაყოფი ჰყავდა და არც "ტრიადის" მოქმედების მასშტაბების შესახებ იცოდა არაფერი. მხოლოდ სპეციალურმა გამოძიებამ აჩვენა, რამდენად სერიოზული იყო დანაშაულებრივი ორგანიზაციის გავლენა კორუმპირებულ სამართალდამცავებზე, რომლებიც წლების მანძილზე აფარებდნენ ხელს "ტრიადას" და მდიდრდებოდნენ. თუმცა, ჰონკონგში კომუნისტური რეჟიმის დამყარებასთან ერთად მათი უმეტესობა ბრიტანეთსა და კანადაში გაიქცა, სადაც დაგროვილი ქონებით კომფორტულად მოეწყო და კანონმორჩილ ბიზნესმენად იქცა. პოლიციელებს არ ჩამორჩნენ არც კრიმინალები, მათ ახალ წყობას ემიგრაციით დააღწიეს თავი. ისინი კი, ვინც მატერიკზე დარჩნენ, საკუთარ თავზე იწვნიეს მაო ძედუნის სისასტიკე. მართალია, ჩინეთის ხელისუფლებამ სრულად დაიმორჩილა ჰონკონგის ტრიადა, მაგრამ მთელ მსოფლიოში გაბნეული კლანები მაინც აგრძელებენ საქმიანობას. მაგალითად, დიდი ბრიტანეთის კრიმინალური პოლიციის მონაცემებით, ქვეყანაში ოთხი დამოუკიდებელი დაჯგუფება მოქმედებს, მსხვერპლი კი მსხვილ ან წვრილ ბიზნესში ჩაბმული ჩინელი ემიგრანტები არიან, რომლებიც დუმილს ამჯობინებენ. "ტრიადა" აღარ თამაშობს წამყვან როლს ნარკოტიკებით ვაჭრობაში, რადგან მისი წილი კამბოჯელი და ფილიპინელი, აგრესიითა და სისასტიკით ცნობილი ვიეტნამელი განგსტერების კონკურენციის ხარჯზე შემცირდა. რა ბედი ეწევა ორგანიზაციას მომავალში, არავინ იცის. შესაძლოა, ჩინეთის მზარდ ეკონომიკასთან ერთად გაძლიერებული კორუფციის გამო "ტრიადა" ისევ გააქტიურდეს, ან ისტორიული მისია გაიხსენოს და ეროვნულ იდეებს დაუბრუნდეს. რა გზაც უნდა აირჩიოს უძველესმა კრიმინალურმა ორგანიზაციამ, იდუმალებასა და 2000 წლის წინ დამკვიდრებულ ტრადიციებს მაინც არ უღალატებს.