"ილია ვარ, არ მესროლოთ" - კვირის პალიტრა

"ილია ვარ, არ მესროლოთ"

"ეს ანდერძად გქონდეს ჩემგან: "არა საქმეში უზნეობა, უპატიოსნობა არ გაურიო. გახსოვდეს ყოველთვის, რომ ქვეყანაზედ ქაღალდის გარდა არის კიდევ სინდისი, რომელზედაც იწერება პირობა იმ სიმკვიდრით და სიმტკიცით, რომ არავითარი ძალა არ ამოშლის და არ გააუქმებს. ადამიანთა ურთიერთობა შეუძლებელია დააფუძნო უზნეობის საწყისებზე და საქმე, რომელიც ზნეობრივი პრინციპების დარღვევიდან გამომდინარეობს, არავის გამოადგება. სამუდამოდ დაიმახსოვრე, რომ მოვალეობის გარეშე უფლება არ არსებობს, ხოლო მოვალეობა ისაა, რომ პატივი სცე, დაიცვა კიდეც სხვისი უფლება და არ დაარღვიო იგი"...

თავის ავტობიოგრაფიაში ილია წერს: "დავიბადე 27 ოქტომბერს 1837 წელს, სოფელ ყვარელში".

შუა ეზოში იდგა რიყის ქვისგან ნაშენი სამსართულიანი ძველებური კოშკი, სადაც ლეკების შემოსვლის დროს მთელი ოჯახი იხიზნებოდა. ლეკთა ერთ-ერთი ასეთი მოსალოდნელი თავდასხმის დროს დაბადებულა სწორედ ილია ამ მამაპაპეული კოშკის მეორე სართულზე. მესამე სართული მცველებს ეკავათ, პირველ სართულს კი სურსათ-სანოვაგის შესანახად იყენებდნენ. კოშკს ყველა მხრიდან სათოფურები ჰქონდა დატანებული და საიმედოდ იცავდა მებატონის სახლ-კარს, რომელშიც შედიოდა სადგომი სახლი, სამზარეულო, ჩალური და მარანი, წისქვილი, ბეღელი და თავლა.

ილიას სახლ-კარი დიდ მწვანე ბაღშია ჩაფლული, რომლის ნამდვილი მშვენებაა საუკუნოვანი გოლიათი კაკლის ხე.

ამბობენ, თითქოს ილიას ყრმობის პირველი გატაცება სოლომონ ჭავჭავაძის მშვენიერი ასული ელისაბედი ყოფილა, იგივე ლიზა (შემდეგ ყვარელში მოსამსახურე ქუთაისელი ოფიცრის, ალექსანდრე მარჯანიშვილის მეუღლე, დედა კოტე მარჯანიშვილისა) და თითქოს სწორედ მას მიუძღვნა შესანიშნავი ლირიკული ლექსი "გახსოვს, ტურფავ":

"გახსოვს, ტურფავ, ჩვენს დიდ ბაღში

მე და შენ რომ ერთად ვრბოდით?

ნეტა იმ დროს!.. სიყვარულის

მეტ არაფერს ჩვენ არ გვრძნობდით!

შენ მოსწყვიტე ქორფა ვარდი,

გადმომიგდე საყვარელსა

და მითხარი: "ჩემო გიჟო!

ჩემ სახსოვრად გქონდეს ესა!.."

ილიას პირველი მასწავლებელი და შთამაგონებელი დედა ყოფილა. "დედაჩემმა მშვენივრად იცოდა მაშინდელი ქართული მწერლობა. სულ ზეპირათა ჰქონდა დასწავლული თითქმის ყველა ლექსი და ყველა ძველებური მოთხრობა და რომანი, რომელიც კი იშოვებოდა მაშინ ან დაბეჭდილი, ან ხელნაწერი. საღამოობით დაგვსხავდა ბავშვებს და გვკითხავდა: აბა, ვინ უფრო კარგად მიამბობს, რაც გუშინ გაიგონეთო. ვინც კარგად ვუამბობდით, გვაქებდა და ამ ქებას ჩვენც დიდად ვაფასებდით".

1845 წელს, 8 წლის ილია მიუბარებიათ სოფლის მთავარი დიაკვნისათვის: "სწავლა 8 წლისამ დავიწყე ჩვენი სოფლისავე მთავართან ქართულის წერა-კითხვითა. მთავარმა ძალიან კარგად იცოდა ქართული და სახელი ჰქონდა განთქმული საღმრთო წიგნების კარგის მკითხველისა. ხოლო უმთავრესი ღირსება მისი ის იყო, მომხიბვლელი თქმა იცოდა ამბებისა. გვიმბობდა მდაბიურად და ბავშვისათვის ადვილად გასაგების ენით უფრო საღმრთო და სამშობლო ქვეყნის ისტორიის ამბებსა, ვის რა გმირობა მოემოქმედნა, ვის რა ფალავნობა გაეწია, ვის რა ღვაწლი და სიკეთე დაეთესა სამშობლოსა და სარწმუნოების სასარგებლოდ და დასაცველად.

ბევრი ამ ამბავთაგანი ღრმად ჩამრჩა გულში და ერთი მათ შორის - "დიმიტრი თავდადებული" - თემად გამოვიყენე მრავალი წლის შემდეგ. ერთი კიდევ პატარა საშობაო მოთხრობად დავწერე. ჩემს "გლახის ნაამბობში" ზოგიერთს ადგილს ცხადად ამჩნევია კვალი მთავრის ამბების გავლენისა".

ილიას დედა ახალგაზრდა გარდაიცვლილა. მაშინ ილია 10 წლის იყო. დედით დაობლებული ძმისშვილების პატრონობა იტვირთა მამიდა მაკრინემ.

მეთერთმეტე წელში გადამდგარი ილია 1848 წლის იანვრისთვის მამამ თბილისში ჩამოიყვანა. პატარა ილიას ცხოვრებაში დგებოდა ახალი ხანა - თბილისის ხანა, პანსიონსა და გიმნაზიაში განსწავლის წლები...

ილიას სტუდენტობის დროის შესახებ მოიპოვება მოგონებანი ილიას მეგობრის, კოხტა აფხაზის, რომელიც ილიასათან ერთად სწავლობდა, როგორც გიმნაზიაში, ისე - უნივერსიტეტშიც. კოხტა აფხაზი გადმოგვცემს: "უნივერსიტეტში ილიას განსაკუთრებით პოლიტიკური და ეკონომიკური სამეცნიერო საგნები აინტერესებდა. ჩვენ, სტუდენტები, ხშირად ვიკრიბებოდით და ვბაასობდით როგორც საზოგადო კითხვებზედ, აგრეთვე ჩვენს დაბეჩავებულს სამშობლოს მომავალზედ. ვკითხულობდით ხშირად ქართულ წიგნებს".

ილიას დროს პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლობდა ოცდაათამდე ქართველი სტუდენტი. ილიას გარშემო შემოკრებილი ქართველი სტუდენტობა შეადგენდა იმ ბირთვს, რომელმაც საქართველოში დაბრუნების შემდეგ შეადგინა პირველი დასი.

1861 წლის გაზაფხულზე, აპრილში, ილია ჭავჭავაძემ დატოვა პეტერბურგის უნივერსიტეტი და საქართველოში გამოემგზავრა. სამშობლოსთან შეხვედრის მოლოდინით აღძრული ფიქრები, მისი ჭირ-ვარამის, მისი დაუყუჩებელი ტკივილების მწვავე განცდა და მზადყოფნა მისთვის ერთგულად მსახურებისა მხატვრულად აისახა "მგზავრის წერილებში".

1863 წლის 10 აპრილს ილია ჭავჭავაძე დაქორწინდა საგურამოს მფლობელ თავად თადეოზ გურამიშვილის ასულ ოლღა გურამიშვილზე. ამ ხნიდან მოყოლებული, თვით ტრაგიკულ აღსასრულამდე, ილიას ცხოვრება და შემოქმედება განუყრელად არის დაკავშირებული მის სახელთან. 1863 წელს ილია ჭავჭავაძე აარსებს ჟურნალს "საქართველოს მოამბე", რომელიც მიუხედავად უმძიმესი საცენზური პირობებისა, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ჭეშმარიტ მედროშედ იქცა.

ჟურნალის დახურვის შემდეგ ილია ჭავჭავაძე იძულებული გახდა, სახელმწიფო სამსახურში შესვლაზე ეფიქრა. კავკასიის მეფისნაცვლის 1868 წლის 1-ლი თებერვლის ბრძანებით, თავადი ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე დაინიშნა თბილისის გუბერნიის დუშეთის მომრიგებელი განყოფილების მომრიგებელ მოსამართლედ. 1873 წლის მაისში ილია ჭავჭავაძე გამოვიდა სახელმწიფო სამსახურიდან და თბილისში გადმოსახლდა.

საქართველოში ბატონყმობის გადავარდნისთანავე გამოჩენილმა ქართველმა საზოგადო მოღვაწემ დიმიტრი ყიფიანმა, რომელიც ამ დროს აღმოსავლეთ საქართველოს თავადაზნაურობის წინამძღოლი იყო, წამოაყენა ბანკის დაარსების იდეა. ილია ჭავჭავაძე აქტიურად მონაწილეობდა ბანკის წესდების შემმუშავებელ სხდომებში. 1875 წლის თებერვლიდან ამოქმედდა თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკი, რომელსაც მთელი 30 წლის მანძილზე - 1905 წლის 23 ივნისამდე - სათავეში ედგა ილია ჭავჭავაძე.

ფასდაუდებელია ის ამაგი, რომელიც ამ პერიოდში (1877-1885) ილია ჭავჭავაძემ დასდო ქართულ სკოლას, საერთოდ, ქართული სწავლა-აღზრდისა და განათლების საქმეს და, რაც მთავარია, სკოლაში ქართული ენის უფლებათა დაცვას.

ამავე პერიოდში დღის წესრიგში დგება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსების საკითხი.

საყოველთაოდ ცნობილია ილია ჭავჭავაძის ამაგი, რომელიც მან ქართველ მოღვაწეებთან ერთად დასდო თბილისის სათავადაზნაუროო გიმნაზიას და მისი შენობის აგებას, რომელიც შემდეგში გახდა აკვანი თბილისის უნივერსიტეტის დაარსებისა.

საგურამოში, თავის აშენებულ სახლ-კარში, ჩაუყარა საფუძველი ილიამ შესანიშნავ ტრადიციას - ყოველ 20 ივლისს, წმ. ილიას სახელწოდების დღეს, იგი აქ მართავდა ილიაობას.

1900 წელს ილია სამკურნალოდ ევროპაში მიემგზავრება (გერმანია, ავსტრია).ევროპაში მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ ერთ წელს კიდევ უძღვებოდა თავის გაზეთს, "ივერიას", მაგრამ 1901 წლის 5 დეკემბრიდან რედაქტორობა ალექსანდრე სარაჯიშვილს გადასცა. ამის შემდეგ ილია საბოლოოდ ჩამოსცილდა გაზეთს.

დადგა 1905 წელი.

ილია ამ დროს, უკვე 68 წლის მოხუცია, ავადმყოფობით არის გატეხილი, თუმცა ამის მიუხედავად, ამავე წელს გამოდის საქართველოს პოლიტიკური ავტონომიის მოთხოვნით.

1906 წლისს მარტში ილია ჩავიდა პეტერბურგში სრულიად რუსეთის თავადაზნაურობის საიმპერიო ყრილობაზე, როგორც საქართველოდან გაგზავნილი სახელმწიფო საბჭოს დელეგატი-ამომრჩეველი.

1906 წლის აპრილში იგი აირჩიეს სახელმწიფო საბჭოს წევრად. სახელმწიფო საბჭოს პირველი სესია 1906 წლის 27 აპრილიდან 12 ივლისამდე გაგრძელდა. ივლისში ილია საქართველოში დაბრუნდა. აქ იგი თებერვლამდე დარჩა, 1907 წლის თებერვალში კი ისევ რუსეთს გაემგზავრა სახელმწიფო საბჭოს მეორე სესიაზე. ივლისში მეუღლითურთ დაბრუნდა საქართველოში.

30 აგვისტოს, ხუთშაბათს, დილის 10 საათზე, ილია და მისი მეუღლე თბილისიდან საგურამოში გაემგზავრნენ. დაახლოებით დღის პირველ საათზე ისინი მისულან წიწამურის წყაროსთან, სადაც მოურავი ჯაში უნდა შეხვედროდათ, მაგრამ ჯაში, რომელიც ილიას მკვლელობის თანამონაწილე იყო, განზრახ არ მისულა, რომ მკვლელობაში არ ჩარეულიყო. ილიას რამდენიმე წუთს მოუცდია, შემდეგ კი განაწყენებულს უბრძანებია თედო ლაბაურისთვის, ეტლი დაეძრა. ლაბაურიც მოსყიდული იყო. მან იცოდა, რომ 15-20 წუთის შემდეგ ილიას მოკლავდნენ.

წიწამურთან გიგლა ბერბიჭაშვილის ბანდა (გიორგი ხიზანიშვილი, პავლე აფციაური, ივანე ინაშვილი და ვინმე იმერელი - და ბევრჯერ თქმულა, რომ ის სერგო ორჯონიკიძე იყო) დახვედრიათ, იარაღი მიუშვერიათ და ეტლის შეჩერება უბრძანებიათ. ილია ფეხზე წამომდგარა, ილია ვარ, არ მესროლოთო. ილია რომ ხარ, იმიტომ უნდა გესროლოთო, მიუხლია ბერბიჭაშვილს და თოფსაც დაუქუხია. ილია ეტლიდან გადმოვარდნილა.

ილიას მკვლელობის დეტალები დღემდე კამათის საგანია. ისტორიულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ილიას მკვლელობა ჩაფიქრებული ჰქონდათ სოციალ-დემოკრატებსა და ბოლშევიკებს, ილიას მიერ მათი რევოლუციური გზების დაგმობისა და ხალხში მისი უსაზღვრო პოპულარობის გამო. საბჭოთა პერიოდში ხელმძღვანელობამ მკვლელობის გამოძიება დაიწყო, რომელმაც მოგვიანებით დაასკვნა, რომ მკვლელობაში ჩარეული იყვნენ მეფის ხელისუფლების საიდუმლო პოლიცია და ადმინისტრაცია.

ილიას მკვლელობა ქართველმა ხალხმა ეროვნულ ტრაგედიად აღიქვა. მის დაკრძალვაზე აკაკი წერეთელმა, რომელიც იმ პერიოდში მძიმედ ავად იყო, წარმოთქვა: "ილიას ფასდაუდებელი წვლილი ქართველი ერის აღორძინებაში მომავალი თაობებისთვის ნიმუშის მიმცემია". ვაჟა-ფშაველა წერდა: "ილიას მკვლელებს რომ შეეძლოთ, საქართველოსაც მოჰკლავდნენ."

ათი დღე, 30 აგვისტოდან 9 სექტემბრამდე, გლოვის ზარი გაისმოდა საქართველოში. ქართველმა ერმა თავისი მოწიწება და სიყვარული იმით გამოხატა, რომ ილიას ნეშტი თბილისის ერთ-ერთ უწმინდეს ადგილას - მთაწმინდაზე დაკრძალა.

1987 წელს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ილია წმინდანად შერაცხა სახელით - წმინდა ილია მართალი.

იხილეთ ასევე: "ილია მთლად გადარეული იყო თვალჭრელა ოლღასათვის" " - ილია ჭავჭავაძის სასიყვარულო მიმოწერა

ირმა ხარშილაძე