მარკ ჩეპმენი: "მე მოვკალი ლენონი" - კვირის პალიტრა

მარკ ჩეპმენი: "მე მოვკალი ლენონი"

მარკ ჩეპმენი 8 დეკემბრის დილას ლენონის სახლთან მივიდა და მთელი დღე წინ და უკან სიარულში გაატარა, სანამ დღის ოთხ საათზე სახლიდან გამოსული კერპი არ დაინახა. მიუახლოვდა, ავტოგრაფი სთხოვა და მისივე ალბომი გაუწოდა, ლენონმა კი, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა, რამდენად ახლოს იყო სიკვდილთან, ღიმილით მოაწერა ხელი ალბომზე და იქვე მყოფ ცნობილი ფოტოგრაფის, პოლ გორეშის ფოტოზეც საკუთარ მკვლელთან ერთად აღმოჩნდა

5 გასროლა, უვადო პატიმრობა და 9 უარი შეწყალების მოთხოვნაზე - სულ ეს დარჩა იმ მარკ ჩეპმენისგან, რომელმაც დიდების მოპოვების ავადმყოფური სურვილით შეპყრობილმა ჯონ ლენონის მკვლელობა გადაწყვიტა, თუმცა, აღიარების ნაცვლად, უვადო პატიმრობა და მილიონობით ადამიანის სიძულვილი დაიმსახურა.

მარკ დეივიდ ჩეპმენი 1955 წლის 10 მაისს დაიბადა ტეხასის შტატის პატარა ქალაქ ფორტ-უერტში, სამხედრო-საჰაერო ძალების სერჟანტ დეივიდ კერტისა და მედდა კეტრინ ელიზაბეტ ჩეპმენის ოჯახში, რომელიც არასდროს გამოირჩეოდა განსაკუთრებული კეთილდღეობით, მით უფრო, რომ მარკის მშობლები ხშირად კამათობდნენ, ნაკლებად ადარდებდათ შვილის ბედი და არც ზრუნავდნენ მის აღზრდაზე. მუდმივი სკანდალისა და ხმაურისგან თავის დასაღწევად მცირეწლოვანი ჩეპმენი ან სახლიდან გარბოდა, ან საკუთარ გამოგონილ სამყაროში ეძებდა საიმედო თავშესაფარს, სადაც შიშისა და ძალადობის ნაცვლად მხოლოდ სიმშვიდე და სიყვარული იყო.

ჩეპმენს, რომლის ცხოვრება არაფრით განსხვავდებოდა სხვა ნაკლებად შეძლებული ოჯახის ბავშვების ყოველდღიურობისგან, პირველად ათი წლის ასაკში გაუჩნდა ნამდვილი გატაცება, როცა მუსიკა აღმოაჩინა. მთელი გულით შეიყვარა ცნობილი ლივერპულელი ოთხეული და თავის გამოგონილ სამყაროშიც დაასახლა. მართალია, გულჩათხრობილ ჩეპმენს ძალიან უჭირდა ადამიანებთან ურთიერთობა, მაგრამ დაცინვისა და დამცირების თავიდან ასაცილებლად ცდილობდა ისეთი ყოფილიყო, როგორიც ყველა მისი თანატოლი. 14 წლისამ ჯერ მარიხუანას გაუსინჯა გემო, მერე კი სხვა ნარკოტიკებს. თავისუფლებისა და თვითრეალიზაციის ძიებაში სისტემატურად აცდენდა სკოლას და რამდენიმე დღით სახლიდანაც იკარგებოდა. მშობლების მზრუნველობას მოკლებული, ყველგან სიყვარულს ეძებდა და ნებისმიერ ფასად დიდების მოპოვებაზე ოცნებობდა, თუმცა ეს ბუნებრივი სურვილი მალე აკვიატებად და თითქმის მანიად გადაექცა. მარკის მოზარდობა, როცა მუდმივად იდეალის, კერპის ძიებაში იყო "ბითლზის" დიდების პიკს დაემთხვა და ჩეპმენმაც სწორედ ჯონ ლენონში მიაგნო სასურველ ორიენტირს. მისი ოთახის კედლები პოპულარული ჯგუფის პოსტერებითა და აფიშებით აჭრელდა, თვითონ თმა გაიზარდა, ჩაცმის სტილშიც ჰბაძავდა და სათვალეც კი მუსიკოსის მსგავსი მრგვალი ჩარჩოთი მოირგო. აღფრთოვანებული მარკისთვის ლენონი სიყვარულისა და სიმშვიდის განსახიერება იყო და მხოლოდ შემდეგ მუსიკოსი, რომლის ფილოსოფიური ლირიკა თითქოს მის სათქმელს ამბობდა და სწორედ ამიტომ იქცა მიმბაძველობა მის დიდებასთან მიახლოების ერთადერთ საშუალებად.

ჩეპმენი ხშირად აიგივებდა საკუთარ თავს ლენონთან, წერდა მუსიკას და უკრავდა გიტარაზე, თუმცა გატაცება ხანმოკლე აღმოჩნდა.""ბითლზის" დაშლა თხუთმეტი წლის ემოციურმა მოზარდმა მტკივნეულად განიცადა და მხოლოდ იმიტომ, რომ ერთადერთი თავშესაფარი, ბავშვობაში გამოგონილი სამყარო არ დანგრეოდა, სწრაფად შეუდგა ახალი კერპის ძიებას, თუმცა ლენონი არასდროს გამქრალა მისი ცხოვრებიდან - ოდესღაც სიყვარულისა და აღფრთოვანების განსახიერება ერთ მშვენიერ დღეს სიძულვილის ობიექტად იქცა მის ცნობიერებაში. ერთ დღესაც ჩეპმენი მთელი წლით გაქრა მშობლიური ქალაქიდან და მართალია, ვერავინ გაიგო, სად იყო და რას საქმიანობდა, მაგრამ დაბრუნებული რადიკალურად შეცვლილი აღმოჩნდა - თმა აკურატულად შეეჭრა, ჯინსი თეთრი პერანგითა და მკაცრი შავი ჰალსტუხით შეეცვალა,""ბითლზის" ფირფიტები კი ნაცნობებს დაურიგა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ჩეპმენი რელიგიით დაინტერესებულა, ახალგაზრდა ქრისტიანთა ასოციაციაში გაწევრებულა და თავგამოდებული აქტივისტიც კი გამხდარა. მარკს ისევ სწყუროდა დიდება, თუმცა მის მოსაპოვებლად უკვე სხვა გზას ეძებდა. მისი წარმოდგენა სამყაროზე ქრისტიანულმა რწმენამ გაამყარა. ძველი კერპები ახალმა, ასოციაციის გამოცდილმა წევრებმა, მისიონერებმა ჩაანაცვლეს და ჯონ ლენონით იმედგაცრუებულმა, რომელმაც ჭეშმარიტი ფასეულობები სიმდიდრესა და ფუფუნებაში გაცვალა, სიცარიელის ამოვსების თავისებური გამოსავალი მონახა. მართალია, ჩეპმენს გულწრფელად სურდა, კეთილსინდისიერი მოქალაქე ყოფილიყო, მაგრამ ბედისწერამ სხვაგვარად ინება.

მარკმა კოლეჯში გადაწყვიტა სწავლის გაგრძელება და გამოცდებიც ჩააბარა, თუმცა ქრისტიანთა ასოციაციამ ჰუმანიტარული მისიით ბეირუთში გაგზავნა და სამშობლოში დაბრუნება დროებით გადადო. ჩეპმენმა ხუთი წელი მსოფლიოში მოგზაურობას დაუთმო. ჯერ ვიეტნამელ ლტოლვილებს ეხმარებოდა, მერე იაპონიასა და სამხრეთ კორეაში, ტაილანდში, ჰონკონგსა და ბრიტანეთში გაემგზავრა, ბოლოს კი ჰავაის კუნძულებზე დასახლდა და კომპანია "ვაიკიკის" დარაჯად დაიწყო მუშაობა. ყოფილი კერპის, ჯონ ლენონის მსგავსად, იაპონელ-ამერიკელ გლორია აბეზე იქორწინა და თითქოს დამშვიდდა, თუმცა თავისუფალ დროს ისევ ""ბითლზის" მუსიკას უსმენდა და საკუთარ თავს ჯონ ლენონთან აიგივებდა. დროდადრო ოდესღაც ნაცნობის რჩევით შერჩეული წიგნის, ჯერომ სელინჯერის "კლდის პირას, ჭვავის ყანაში" საყვარელ ეპიზოდებს კითხულობდა და თითქმის ზეპირად სწავლობდა. სელინჯერის რომანმა ჩეპმენს ახალი, ბავშვების გადარჩენის ბუნდოვანი მოთხოვნილება გაუჩინა, მწერლის უდავოდ ჰუმანური იდეა თავისებურად, მეტად უცნაურად აღიქვა და სიყვარულის, დიდების მოპოვების სურვილთან გააიგივა. ლენონის გარდა, საკუთარ თავში რომანის მთავარი პერსონაჟი, ჰოლდენ კოლფილდიც აღმოაჩინა.

1980 წლის შემოდგომაზე ჩეპმენმა "ვაიკიკის" კომპანიაში მუშაობა მიატოვა, სარეგისტრაციო ჟურნალში საკუთარი სახელის ნაცვლად "ჯონ ლენონი" ჩაწერა, 2000 დოლარი ისესხა და წყნარ ოკეანეს გადაუფრინა. როგორც მოგვიანებით იხსენებდა, სელინჯერისა და ლენონის შემოქმედების გავლენით უცნაური იდეები ტანჯავდა, გაურკვეველი სურვილები ჰქონდა და არ იცოდა, კონკრეტულად რა უნდოდა. სწორედ ამ დროს უკარნახეს პატარა კაცუნებმა, რომ საჭირო იყო ჯონ ლენონის მოშორება და მისი ადგილის დაკავება. ფსიქიატრებმა, რომელთაც უკვე ბრალდებული ჩეპმენის ფსიქიკური მდგომარეობა შეაფასეს, ვერ აღმოაჩინეს ფსიქოპათოლოგიური გადახრა და ჩათვალეს, რომ პატარა კაცუნები ჩეპმენის გამონაგონი იყო, მას მხოლოდ სახელის მოხვეჭის სურვილი ამოძრავებდა. მით უმეტეს, რომ სიძულვილი კერპის მიმართ სულ უფრო უძლიერდებოდა - უზარმაზარი ქონებისა და საკუთარი კუნძულის პატრონისგან თანასწორობასა და მშვიდობაზე ქადაგება ჩეპმენს შეურაცხყოფად მიაჩნდა, მაშინ, როცა თვითონ არც ფული ჰქონდა, არც სამსახური და არც მომავლის იმედი. სინამდვილეში, შურდა მუსიკოსის და სწორედ ეს გახდა მკვლელობის მოტივიც. განდიდების მანიით შეპყრობილი ჩეპმენი დარწმუნებული იყო, რომ არაფრით ჩამორჩებოდა ლენონს და თვითონაც იმსახურებდა იმ სიმდიდრეს, დიდებასა და თაყვანისცემას, რაც მის კერპს უხვად ჰქონდა.

1980 წლის ოქტომბრის დასაწყისში ჩეპმენმა პისტოლეტი იყიდა და ნიუ-იორკში გაემგზავრა, რათა შეხვედროდა თავის კერპს, ერთდროულად სიძულვილისა და აღფრთოვანების ობიექტად ქცეულ მუსიკოსს. მარკი ქუჩებში დაეხეტებოდა და დიდხანს ვერ ბედავდა ჩანაფიქრის შესრულებას. თითქმის სამი თვე გეგმავდა მკვლელობის დეტალებს.

8 დეკემბრის დილას, სელინჯერის რომანით ჯიბეში, ლენონის სახლთან მივიდა და მთელი დღე წინ და უკან სიარულში გაატარა, სანამ დღის ოთხ საათზე სახლიდან გამოსული კერპი არ დაინახა. მიუახლოვდა, ავტოგრაფი სთხოვა და მისივე ალბომი გაუწოდა, ლენონმა კი, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა, რამდენად ახლოს იყო სიკვდილთან, ღიმილით მოაწერა ხელი ალბომზე და იქვე მყოფ ცნობილი ფოტოგრაფის, პოლ გორეშის ფოტოზეც საკუთარ მკვლელთან ერთად აღმოჩნდა. ლენონი სწრაფად გაეცალა ერთ ჯგუფად შეკრებილ თაყვანისმცემლებს. ჩეპმენმა, იმ მიზეზით, რომ მალე დაბეჭდილ ფოტოს მიიღებდა, სახლთან დარჩენა გადაწყვიტა, საღამოს კი, ხმის ჩამწერი სტუდიიდან მეუღლესთან ერთად დაბრუნებულ მუსიკოსს დაუძახა: "ჰეი, მისტერ ლენონ!" და მისკენ შემობრუნებულს ხუთჯერ ესროლა, მერე კი იქვე ჩამოჯდა და საყვარელი რომანის კითხვას შეუდგა. მართალია, ლენონი სწრაფად გადაიყვანეს კლინიკაში, მაგრამ მისი გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა.

ჩეპმენს არც უფიქრია გაქცევა. მშვიდად იჯდა, კითხულობდა და არც დაკავებისას უცდია პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

პატარა კაცუნების ისტორიამ ვერ დააჯერა ფსიქიატრები და ჩეპმენი აბსოლუტურად ჯანმრთელად ცნეს. მკვლელობის მოტივად კი, არა ჰალუცინაციები, არამედ დიდების მოპოვების სურვილი დასახელდა და განაჩენიც მკაცრი აღმოჩნდა - ჩეპმენს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს ოცი წლის შემდეგ შეწყალების უფლებით და ქალაქ ბუფალოს მკაცრი რეჟიმის ციხეში გადაიყვანეს, სადაც თითქმის ოცდაათი წლის შემდეგ ერას საოლქო საპატიმროში გადაინაცვლა. ბიბლიოთეკაში დაიწყო მუშაობა და როგორც ამბობს, შვება წიგნების კითხვაში პოვა.

მართალია, 2000 წელს ჩეპმენმა პირობით ვადამდე გათავისუფლების მოთხოვნის უფლებით ისარგებლა, მაგრამ სასამართლომ მისი არგუმენტები ნაკლებად დამაჯერებლად ჩათვალა და მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ჩეპმენს ორ წელიწადში ერთხელ შეუძლია ამ უფლების გამოყენება და სარგებლობს კიდეც, თუმცა მისი ოცნება, ახლა უკვე თავისუფლების მოპოვებაზე, ისევ ოცნებად რჩება და არავის აინტერესებს, რომ გულწრფელად განიცდის და ინანიებს დანაშაულს. ეს არც არის გასაკვირი, რადგან დიდების დევნის ავადმყოფურმა იდეამ არ გაამართლა და მართალია, დღეს მარკ ჩეპმენი ცოცხალია და კარგადაც გრძნობს თავს, მაგრამ მისი სახელი მილიონობით ადამიანისთვის მხოლოდ სიძულვილთან ასოცირდება, მაშინ, როცა თითქმის ორმოცი წლის წინ გარდაცვლილი ჯონ ლენონი დღემდე სიყვარულსა და მშვიდობასთან ასოცირდება და მილიონობით მის თაყვანისმცემელს ისევ შთააგონებს და აღაფრთოვანებს.