მამელუკი - კვირის პალიტრა

მამელუკი

უიარაღო (კონდრატე თათარიშვილი)

(დასაწყისი "კვირის პალიტრა" #19-@22)

მჭვარტლისაგან გამურულ ფიცრული სახლის დერეფანში ქალები მოგროვილიყვნენ და ერთი ტირილი და ვაება გაემართათ.   სახლის წინ შეშფოთებული მოხუცები შეყრილიყვნენ და მსჯელობდნენ: - ესეც შენი ქვეყნის დამშვიდება და დაწყნარება! ჩვენი საშველი მაინც არ ყოფილა. ქე მაინც ყველანი ერთად ამოვწყდებოდეთ... - ღმერთო დიდებულო, რა შეგცოდე ისეთი... კვირაში სამი დღე ბატონის სახლში ვმუშაობ.

დანარჩენი სამი დღის ნამუშევარსაც, როცა მოესურვებათ, მაშინ წამართმევენ... ცხენს მტაცებენ, ძროხას მტაცებენ, ქათამს მტაცებენ... ისე მაინც მოაწყვე ჩვენი ცხოვრება, რომ შვილი მაინც არ მოგვტაცონ და ურჯულოებში არ გაგვიყიდონ! - მოთქვამდა მოხუცი გლეხი. შეკრებილთ შორის სტეფანეც გარეულიყო, რომელიც ორჯერ მოეტაცნათ გაურჯულებულ თვისტომთ, მაგრამ ღვთის განგებით ორჯერვე თავი დაუღწევია გამტაცებელთაგან... დაღამდა, მაგრამ მდევარი ჯერ კიდევ არ სჩანდა. ამასობაში კი გამტაცებლებს უღრანი ტყისკენ აეღოთ გეზი...

უღრან ტყეში, უშველებელ ფუღურო მუხის გვერდით, მდელოზედ, ნაბადი იყო გაშლილი. ზედ წამოწოლილიყო ვიღაც თავით ფეხებამდე შეიარაღებული კაცი. თოფის ლულა ფეხებ შუა დაემალა, ხოლო კონდახი მკერდში ჩაეხუტებინა. წელზე შავი რქისტარიანი ხმალი ერტყა, ხელში დამბაჩა ეჭირა. იქვე ახლო ხის ტოტზე მიბმული იყო გიშერივით შავი ბედაური ცხენი. ერთი შეხედვით, ნაბადზე მწოლი თითქოს სთვლემდა, მაგრამ ყოველ ფოთლის შრიალზე, ან სხვა რამე გახმაურებაზე ტყეში, ფრთხილად, გველივით თავს მაღლა აიშვერდა, დამბაჩას მოიმარჯვებდა და აქეთ-იქით მიიხედ-მოიხედავდა.

KvirisPalitra.Geკაცი იყო ტანად - ჩასკვნილი, პირად - სახე ოდნავ დანაოჭებულს, მოყვითალო ფერი დაჰკრავდა. ნიკაპს უფარავდა ნახშირივით შავი, მოკლე, აქა-იქ ჭაღარაშერეული, ქოსა წვერი. მრისხანე გამომეტყველების დიდრონ შავ თვალებს აქეთ-იქით მოუსვენრად აბრიალებდა.

- ფიტ, ფიტ, ფიტ! - გაისმა ტყეში ლარჭების ხმა. ნაბადზე მწოლი საჩქაროდ წამოდგა, თოფსა და დამბაჩას ფალია გაუსინჯა და სმენად გადაიქცა.

- ფიტ, ფიტ, ფიტ! - ახლა უფრო გარკვევით მოისმა ხმა.

ნაბადზე მჯდომი ზეზე წამოდგა.

- ფიი...ტ, - გაისმა ტყეში ერთხელ კიდევ, მაგრამ გრძლად. - ფიიი...ტ, - გაისმა კვლავ ცოტა სიჩუმის შემდეგ.

კაცმა თოფი ზურგზე გადიკიდა, ახალუხის ჯიბეში ხელი ჩაიყო, ლერწმის პატარა ნაჭერი ამოიღო, პირზე მიიდო და დაუსტვინა.

-“ფიტ!”- მოკლედ და მკაფიოდ გაისმა უღრან ტყეში.

გავიდა დრო. მახლობელი ბუჩქნარი მძლავრად შეინძრა და ტოტების შრიალი მოისმა.

- ქუჩუია! - დაიძახა ხის ქვეშ მდგომმა, მუხას ოდნავ მოეფარა და დამბაჩა წინ გამოიშვირა.

- მე ვარ, ფიქრი ნუ გაქვს, - მოისმა ნაცნობი ხმა.

- სანგარო, რამდენი სიფრთხილეა საჭირო, - ჩაილაპარაკა შავ-შავმა კაცმა, თავისუფლად ამოისუნთქა, დამბაჩა ქამარში ჩაირჭო და მოლოდინში ერთ ალაგას გაჩერდა.

ცოტა ხნის შემდეგ თხილის ბუჩქებში ვიღაც დაბალ-დაბალი, ჩასქელებული, წითური კაცი გამოჩნდა. რა თქმა უნდა, იმასაც ხელში თოფი ეჭირა.

- თენგიზ, მარტო ხარ? - ფრთხილად დაიძახა მან და ხელი რაღაცნაირად გააქნია.

თენგიზმა მარცხენა ხელი პირზე მიიდო და მარჯვენა ხელის სალოკით მუხის ფუღურო უჩვენა.

ახალმოსული ფეხაკრეფით მივიდა და ფუღუროში შეიხედა. ფუღურო დიდი იყო. ავდრის დროს სამი-ოთხი კაცი თავისუფლად მოთავსდებოდა შიგ.

- ეჰე! - ჩუმად სთქვა ახალმოსულმა და თავი კმაყოფილებით გააქნია.

- სუ, სუ! ძინავს, ძინავს! - ფრთხილად ჩაულაპარაკა თენგიზმა.

ორთავენი მუხის ცოტა მოშორებით ჩამოსხდნენ.

- ნელა ვილაპარაკოთ. ჯერ არ მინდა გაიღვიძოს, საშინლად დაღლილია, - სთქვა თენგიზმა.

- წარმომიდგენია, - მიუგო ქუჩუიამ, - კაი ბიჭსა ჰგავს, აი! რამდენი წლისაა, ნეტავ?

- აბა, რა ვიცი, მის დაბადებას არ დავსწრებივარ და ნათლობას. გარეგანი შეხედულებით ასე შვიდი-რვა წლისა უნდა იყოს.

- ბიჭო, ბიჭო, შე ღმერთგამწყრალო, როგორ მოახერხე?! სწორედ რომ ეშმაკი ხარ, ეშმაკი!

- ეხ! ნუ გამახსენებ ქე მაინც! ეშმაკი კი არა, კინაღამ ანგელოზიც დამავიწყდა. მოხერხება კი არა, კინაღამ თავიც ზედ გადავაგე. რასაც ერთხელ დაეჩვევა კაცი, რაშიაც ერთხელ ხელს გაისვრის, მერე მისი მოშლა შეუძლებელი ყოფილა, კაცო, თორემ ამისთანა სახიფათო და აშკარა საშიშ საქმეს კაცი როგორ უნდა სჩადიოდეს. ეს შემთხვევა მაინც სულ სხვა იყო. ჩემ სიცოცხლეში, ქუჩუია, აბა შენც ხომ იცი, რამდენი ბავშვი მე მომიტაცნია. რაღა ბავშვი გინდა, რამდენი გასათხოვარი ქალი! ხომ გახსოვს, ამ ათი წლის წინათ რას ჩავდიოდით, მაგრამ ამდენი შიში და ჯაფა, რაც ახლა გამოვცადე, არ გამომიცდია. მე თვითონ მიკვირს, აქამდის ცოცხალი როგორ მოვაღწიე.

- ვახ! ვახ! - ამბობდა ქუჩუია. - მოტაცებით კი ადვილად მოიტაცე?

- კაცო, უცაბედათ შემეჩეხა... მე, მართალი გითხრა, საგანგებოდ სხვაგან მივდიოდი. შევიხედე ერთ ალაგას, საისლეს გვერდით, დაღმართზე, მაღლა ანწლიანში თხების ფრუტუნი მომესმა. იქვე სკვინჩასავით პატარა ბავშვი შევამჩნიე, ხელში პატარა ჯოხი ეჭირა და რაღაცას თამაშობდა. საისლეს გვერდით, დაღმართშივე კვამლი ამოდიოდა. ეტყობოდა, ვიღაცა ესახლა.

დედაკაცის ხმაც მომესმა: იქით მიაბრუნეო. ჩემ დანახვაზე ბავშვი სრულებით არ შეშინდა, გამიღიმა კიდეც, ალბათ, ვისმე მიმამსგავსა. მე მაშინვე მარჩილით სავსე ქისა ამოვიღე, დავაჟღარუნე და ვუჩვენე. ა, ჯიჯი, შენ გქონდეს-მეთქი. მაშინათვე მოირბინა. მეც, ხომ იცი, პირველი შემთხვევა არაა ჩემთვის ამისთანები, ხელი ვტაცე, ბურთიც პირში მარჯვედ ჩავჩარე და ბაწრით ნაბდის ქვეშ ზურგზე შემოვიკარ. მერე მოვკურცხლე, მაგრამ შენს მტერს, რაც დღე მე დამადგა...

- შეგიტყვეს ჩქარა, ა?..

- რის შეტყობა! შეტყობით გვიანამდე არ შეუტყვიათ. შეტყობა კი არა, ბავშვმა გამიჭირა, კაცო, საქმე. ცხვანტივით დაიწყო ტრიალი! კინაღამ ბაწრიანად გამიძვრა. საცა ხელი დამავლო ამ მუშტისტოლა ბავშვმა, ისე მაგრა ჩამჭიდა, რომ ახლაც მტკივა. იმ ზომამდე მივედი, ქუჩუია, რომ, ეხ, ჯანი გავარდეს, დავსცხებ ამ დამბაჩას შუბლში ამ ლაწირაკს და მოვრჩები და მოვისვენებ-მეთქი.

არ იქნა, ვაჟო, მისი საშველი! სანამ ღონე სრულებით არ გამოელია, არ მოისვენა. აღმართ-დაღმართი რომ გავიარე და როსთოს ჭალას მოვატანე, თოფის ხმა და კიჟინა მაშინ მომესმა. ისეთი ამბავი იყო, რომ მეგონა, დიდი და პატარა ერთად მომდევს-მეთქი. რომ მომწეოდნენ, შენი მტერი, ბოლოკივით ამთლიდნენ, მაგრამ რას გეტყვი, იცი, ქუჩუია, ამ ქვეყანაზე არაფერი არ ინატრო... ინატრე მხოლოდ კარგი ცხენი. კარგი ცხენის ფასს, იცოდე, ენა ვერ გამოსთქვამს. ღმერთმან აკურთხოს ამის გამზრდელი.

ეს ის ცხენია, გურიიდან რომ მოვიყვანე შარშან. ეს ცხენი არა მყოლოდა, ახლა ლუკმა-ლუკმა დაკეპილი ვეგდებოდი სადმე. აბაშაში ისე გამოვედი, არ შეუსვენია, მერე ღამემაც მომასწრო და, როგორც არის, ჯერ-ჯერობით სული კბილით გადავირჩინე.

- ახლა როგორ ვქნათ? - დაეკითხა ქუჩუია.

- ორპირთან ნავი არის?

- ვითომ ორპირით წახვალ?

- საით ჯობია?

- ორპირისაკენ არ გირჩევ, ძლიერ საშიშია. ყოველ სანაოზე და შარაგზაზე მეფის ყარაულები დგანან. თუ შეგამჩნიეს რამე მაგგვარი და ხელში ჩაგიგდეს?! ავა ვაია... არავითარ წირვა-ლოცვას არ მოგაშველიებენ. მოკვლით, მართალია, არ მოგკლავენ, მაგრამ სიკვდილი ათას წილად მირჩევნია მაგნაირ სიცოცხლეს: თვალებს დაგთხრიან და გაგიშვებენ. იარე, რამდენიც გინდა და საითკენაც გინდა...

- ოჰ! მაგას ცხრაჯერ სიკვდილი მირჩევნია... მაშ საით ჯობია წავიდე? ვითომ სუჯუნისკენ?

- აპაპა! იქ უკვე, ალბათ, მარაგად იქნებიან, გზები ახლა ყველგან შეკრული იქნება. შენ გგონია, ჩვენ ჭკუიანები ვართ და სხვები ტუტუცები?

- მაშ, როგორ?

- მომითმინე, - აუჩქარებლად მიუგო ქუჩუიამ და შუბლზე ხელი მიიდო... - იცი, რა გითხრა?

- ჰო!

- ფართე ჩქონი იცი?

- ვიცი.

- აი იმის პირდაპირ, ახლო, გამოღმა შავი ღელე ერთვის რიონს; მიუვალი ადგილია. ცხენით, ტყუილია, იქ ვერ მივადგებით. ისეთი ჭაობები და პაპანწყვლია, რომ თუ ფეხითაც გავედით, ღმერთს ათჯერ თავი დაუკარი. მე წავალ, სადმე პატარა ნავს მოვიპარავ და ასე შუაღამისთვის იქ დაგხვდები. თუ ამაღამ ნავი ვერ ვიშოვნე, სხვა რა ჩარაა, ხვალ საღამომდეც ტყეში უნდა შევინახოთ თავი.

- მაშ, აბა, შენ იცი, ქუჩუია! როგორმე იშოვნე ნავი. თუ რიონს გავედი, მერე არა მიჭირს რა... ცხენი კი, ქუჩუ... შენი ხელით ყელი არ გამომჭრა და თვალიდან არ მოიშორო ჩემს მოსვლამდე. კაი საბალახოებზე დააბი, ომბალე არ შეყვეს... შენ იცი, აბა, ჩემი საკუთარი თავივით ჩამიბარებია.

- შენ მაგის დარდი ნუ გაქვს, ქუჩუს მაგისთანების დარიგება არა სჭირია. შენ კი, იცი, რომ მიუახლოვდე ფართე ჩქონს, ორჯერ ზედიზედ დაისტვინე. ხანი გამოუშვი და კიდევ ორჯერ დაისტვინე. თუ პასუხი მიიღო, იცოდე, საქმე გაჩარხულია, თამამად მომიახლოვდი.

ახლა კი - ჰა, ეს ცოტა რაღაც მოგიტანე, ჯერ-ჯერობით ეს წაისაუზმე, - სთქვა ქუჩუიამ და ჩოხის აკეცილი კალთიდან კვახის ფოთლებში გახვეული რაღაც ამოიღო და თენგიზს გადასცა. - რომ შებინდდება, ერთ დოქ ღვინოსაც მოგიტან და ცხენსაც მაშინ წავიყვან, - დაუმატა მან, ფრთხილად გზას გაუდგა და ხშირ ფოთლებში მიიმალა.

* * *

მღვდელმა მარკოზ დაბაძემ ბოსტანში მუშაობა გაათავა, ხელ-პირი დაიბანა და თავის პატარა, მაგრამ კოპწია ფიცრული სახლის დერეფანში, გრძელ და ფართე სკამზე ჩამოჯდა. ხვალ კვირა იყო და წირვისათვის მომზადებას დღეს საღამოდანვე უნდა შესდგომოდა.

მღვდელი მარკოზი მთელ გურიაში განთქმული იყო, როგორც ღრმად მორწმუნე, სიმართლის მოყვარული, პირში მთქმელი, კადნიერი, ჩინებული მწიგნობარი და ტკბილი მგალობელი. ორი ვაჟი მღვდელი ჰყავდა სხვადასხვა სოფელში, სამი ქალიშვილი გათხოვილი და, ახლა უკვე სამოცდაათ წელს გადაცილებული მოხუცი, სახლში მარტო დარჩენილიყო თავის მეუღლესთან, ყველასაგან პატივცემულ, მისი ჭირის და ლხინის გამყოფ მოხუც მარიკასთან.

მღვდელი მარკოზი აზნაურთაგანი იყო. მამისაგან რამდენიმე მეკომური ყმა ერგო მემკვიდრეობით, მაგრამ იმან ადრიდანვე ცოტაოდენი სასყიდელი აიღო მათგან და ყოველგვარი გარდასახადებისა და სამსახურისაგან გაანთავისუფლა. სახლში ჰყავდა მხოლოდ ერთი ნაყმევის ასული ლერწამისა, აწ უკვე ხანში შესული დედაკაცი. ლერწამისა პატარაობითვე მათ ოჯახში იყო აღზრდილი, მერე გათხოვილიყო, მაგრამ ქმარ-შვილი დახოცოდა და სამუდამოდ მღვდელ მარკოზთან დაბინავებულიყო.

მღვდელი მარკოზისთანა კაცი იმ ჩვენი ქვეყნისთვის ავად სახსენებელ დროს მართლაც და სანუგეშო მოვლენა იყო.

იმ დროს მთელი საქართველო, ამერ-იმერი შინაურ და გარეულ მტრების მიერ აწიოკებულ-აოხრებული, საზარელ სურათს წარმოადგენდა. მაშინდელი ქართლ-კახეთის მდგომარეობის დასასურათებლად საჭიროა მხოლოდ გავიხსენოთ სახელოვანი მგოსნის დავ. გურამიშვილის სიტყვები:

"ქართლის ჭირსა ვერვინ მოსთვლის, თუ არ ბრძენი, ენა-მჭევრი!

იფქლი ღვარძლად გარდაიქცა, ზედ მობრუნდა ცეცხლის კევრი.

ერთმან მტერმან ათს მათსა სცის, ორმან წარიქცივის ბევრი,

მცირედ დარჩა ცოდვისაგან კაცი ღვთისგან შენაწევრი".

უარეს მდგომარეობაში იყო იმერეთის მხარეც. იმერეთის მეფე და მთავრები: გურიისა, ოდიშისა და აფხაზეთისა და მათი მიმყოლი დიდებულები ერთმანეთის მტრობაში, მიხტომ-მოხტომაში და სისხლის ღვრაში ლევდნენ სულს. ეს ვაჟბატონები თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო მეტ სისაძაგლეს ჩაიდენდა ერთმანეთის დარბევა-აწიოკების საქმეში. მაგრამ ყველაზე უფრო საზიზღარი ამ ხანაში იყო ტყვეების მოტაცება და ოსმალეთში გაყიდვა. გაქვთ ღვთის წყალობა, მშიერი მგელივით მღრინავი ოსმალეთი ჩინებულად სარგებლობდა ჩვენ მაშინდელ მესვეურთა გრძნობა-გონების დაბნელებით.

თითქმის ყველა, ასე თუ ისე გამოსადეგი ციხეები, როგორც ქუთაისი, ფოთი, შორაპანი, ოსმალებს ეჭირათ. ათასობით გზავნიდნენ სტამბოლში ტყვე ქალს ოსმალთა დიდკაცების ჰარამხანების დასამშვენებლად და ტყვე კაცებს მათი სხვადასხვა ჯარების გასაძლიერებლად.

ასეთ შემთხვევაში ყოველთვის თავს იჩენს ხოლმე შიში, უნდობლობა, ორპირობა... ამდენი უბედურება ყველაზე მეტად თავს ატყდებოდა საწყალ დაბალ ხალხს, გლეხკაცობას, ამიტომ იგი უკიდურეს გაჭირვებას განიცდიდა. ყველა მას წიწკნიდა, ყველა მას სთლიდა, ხოლო შემწე და შემბრალე არავინ იყო.

ასეთ საშინელ პირობებში მღვდელი მარკოზი გამოვიდა უსამართლობის მამხილებლად, ჩაგრულის მფარველად, შურისა და მტრობის ნაცვლად ძმობისა და ერთობის მქადაგებლად.

ის არავის ერიდებოდა, არც თავადიშვილებს, არც თვით გურიელს... სასტიკად გმობდა და წყევლა-კრულვას უთვლიდა ტყვეთა გამყიდველებს. ვინ იცის, რამდენი ტყვე დაუხსნია სტამბოლში გასაგზავნად განმზადებული! დაბალი ხალხი “მარკოზ ხუცესს” აღმერთებდა. დიდებულებს, თუმცა არ უყვარდათ, მაგრამ მის უანგარობას, კაცთმოყვარეობას და სიმტკიცეს ძალაუნებურად პატივსა სცემდნენ. ამასთანვე მარკოზ ხუცესი იშვიათი მუშაკაცი იყო და ქონებითაც შეძლებულ კაცად ითვლებოდა. მარკოზ ხუცესს არა თუ გურიაში, იმერეთ-სამეგრელოშიაც ქება-დიდებით იხსენიებდნენ.

აღტაცებისა და შიშის მომგვრელნი...

იმპერატორმა ნაპოლეონ ბონაპარტემ თავის შრომებში დიდი ადგილი დაუთმო მამელუკებთან ბრძოლების პერიპეტიებს. "მამელუკები მთელ აღმოსავლეთში აღტაცებისა და შიშის მომგვრელნი იყვნენ. მათი ლაშქარი ეგვიპტეში ჩვენს მოსვლამდე უძლეველ ძალად იყო აღიარებული... 1000 მამელუკს არ შეეშინდებოდა 50000 ოსმალოს წინააღმდეგ გალაშქრება... ამ ერთი მუჭა რჩეული ხალხით, თუ მას რეკრუტებს დავუმატებდით და სურსათითაც მოვამარაგებდით, მე არ ვიცი, რა დამირჩებოდა დაუმარცხებელ-დაუმხობელი..."

"ერთი მამელუკი ერთ ფრანგზე ძლიერია, რადგან ის უკეთაა გაწრთვნილი და შეიარაღებული. 100 ფრანგის წინააღმდეგ ბრძოლაში 100 მამელუკს გამარჯვების მეტი შანსი აქვს, მაგრამ ორი რაზმის შებრძოლებისას, თუ თითოეულის რაოდენობა 200 ცხენოსანს აღემატება, გამარჯვების შანსი უკვე ფრანგთა მხარეზეა..." მამელუკთა და თურქთა უმაგალითო გმირობით განცვიფრებული ნაპოლეონი წერდა: ისინი, სასიკვდილოდ განწირულნი, იშვიათი შეუპოვრობით უტევდნენ სანგრებს... ქვემეხებს.

ყოველდღე გამართული ასეთი ბრძოლის ყოველი ათი მონაწილიდან ცხრა იღუპებოდა, მაგრამ მეათე ბრუნდებოდა ციხეში, სადაც მას აღტაცებით ხვდებოდნენ. ეს კი საკმარისი იყო შეჯიბრების სულის შესანარჩუნებლადო...

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)