მეკასრეობიდან ამერიკის ლეგენდარულ დეტექტივობამდე
მეკასრეობიდან ამერიკის ლეგენდარულ დეტექტივობამდე
ერთ მშვენიერ დღეს პინკერტონის სახელოსნოში მყიდველები მივიდნენ და რამდენიმე კასრი შეიძინეს. პინკერტონმა გვიან აღმოაჩინა, რომ საფასური ყალბი ბანკნოტებით გაუსწორეს. პინკერტონმა შერიფს მიმართა და როცა მან მხოლოდ ისღა უთხრა, რას იზამ, ოლქში ყალბი ფულისმჭრელები მართლაც არიან, მაგრამ მათ გამოჭერას ვერ ვახერხებთო, პინკერტონმა თავად გადაწყვიტა თაღლითების მოძებნა...

შერლოკ ჰოლმსს, ჟიულ მეგრესა და ერკიულ პუაროს ყველა კარგად იცნობს, ნაკლებად - ოგიუსტ დიუპენსა და მის მარპლს, გასული საუკუნის 20-იანი წლების დეტექტივების გმირი ნატ პინკერტონი
კი, თითქმის აღარავის ახსოვს. თუმცა სხვა ლიტერატურული პერსონაჟებისგან განსხვავებით, სწორედ მისი პროტოტიპი გახდა რეალური ადამიანი - ალან პინკერტონი, რომელმაც შეერთებული შტატების სამძებრო საქმეს ჩაუყარა საფუძველი.

ალან პინკერტონი 1819 წლის 25 აგვისტოს დაიბადა შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში, პოლიციის სერჟანტ უილიამ პინკერტონის ოჯახში. მამის გამოცდილების გათვალისწინებით, რომელმაც, წლების
მანძილზე თავგანწირული სამსახურის მიუხედავად, სერჟანტის სამხრეების მეტი ვერაფერი დაიმსახურა, მოზარდმა ალანმა ხელობის შესწავლა არჩია და მეკასრეს დაუდგა შეგირდად. თუმცა მშვიდი ცხოვრება უცხო აღმოჩნდა პინკერტონების გვარისთვის და თუ მამამ ბოროტმოქმედების დევნა არჩია ცხოვრების საქმედ, შვილი რევოლუციონერებს, მუშათა რადიკალურ პოლიტიკურ მოძრაობას შეუერთდა და არა მხოლოდ გაიზიარა მათი მოსაზრებები, არამედ აქტიურ პროპაგანდისტ-აქტივისტად იქცა და ჯერ ადგილობრივი მთავრობის ყურადღება მიიქცია, მერე კი საშიში შფოთისთავის რეპუტაცია დაიმსახურა, რაც ხანგრძლივი პატიმრობით ემუქრებოდა. საბედნიეროდ, ერთგულმა მეგობრებმა დროულად გააფრთხილეს, რის შემდეგაც საყვარელ გოგონასთან გაიქცა და პირდაპირ განუცხადა: "დღეს ვქორწინდებით, ხვალ კი, კანადაში მივემგზავრებით!" გოგონა დათანხმდა და ახალდაქორწინებულები რამდენიმე დღეში გაემგზავრნენ გლაზგოდან. თუმცა კანადაში ვერ ჩააღწიეს, რადგან გემი ახალი შოტლანდიის რიფებს შეეჯახა, კანჯოებში გადანაწილებული მგზავრები კი ამერიკულმა გემმა გადაარჩინა და პინკერტონებიც, რომელთაც არაფერი გააჩნდათ მომავლისა და საკუთარი თავის რწმენის გარდა, შეერთებულ შტატებში აღმოჩნდნენ.

ახალგაზრდები ჩიკაგოსთან ახლოს, პატარა ქალაქ დანდიში დასახლდნენ და მალე ალანმა კასრების სახელოსნო გახსნა. თუმცა მშვიდ ცხოვრებას მაინც ვერ დაუდო გული. ისევ პოლიტიკაში ჩაება და, ალბათ, წარმატებასაც მიაღწევდა, მაგრამ ბედმა სხვაგვარად ინება. ერთ მშვენიერ დღეს პინკერტონის სახელოსნოში მყიდველები მივიდნენ და რამდენიმე კასრი შეიძინეს. პინკერტონმა გვიან აღმოაჩინა, რომ საფასური ყალბი ბანკნოტებით გაუსწორეს. პინკერტონმა შერიფს მიმართა და როცა მან მხოლოდ ისღა უთხრა, რას იზამ, ოლქში ყალბი ფულისმჭრელები მართლაც არიან, მაგრამ მათ გამოჭერას ვერ ვახერხებთო, პინკერტონმა თავად გადაწყვიტა თაღლითების მოძებნა და რამდენიმე დღეში მათ მდინარე მიჩიგანის ერთ-ერთ უკაცრიელ კუნძულზე მიაგნო. ეს სწრაფად შეატყობინა შერიფს და თავადაც ჩაება მათ დაკავებაში. მოგვიანებით, კარგ გასამრჯელოდ რამდენიმე ბიზნესმენს დაეხმარა ერთი არამზადას შეპყრობაში, რომელიც ყალბ ზედნადებებს­ ამზადებდა.

რა თქმა უნდა, შერიფს მეკასრე პინკერტონის სიმარჯვე ასეთ საქმეებში არ გამოჰპარვია და მას პოლიციაში მუშაობა შესთავაზა. ისიც სიამოვნებით დათანხმდა, რადგან მიხვდა, რომ ბოროტმოქმედების დევნით უფრო მეტი ფულის შოვნა შეიძლებოდა, ვიდრე კასრების დამზადებით.

მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ამერიკაში სრული უკანონობა მეფობდა.ათასობით ბანდიტი დაეხეტებოდა შტატიდან შტატში და მკვლელობა, ბანკების ძარცვა ან საფოსტო დილიჟანსებზე თავდასხმაც ყოველდღიურობად ითვლებოდა. ნებისმიერი საკამათო საკითხი იარაღით წყდებოდა და მართალია, ილინოისი არ იყო ველური დასავლეთი, მაგრამ ბოროტმოქმედები იქაც კარგად დათარეშობდნენ.

ჩიკაგოს თორმეტკაციან პოლიციის სამსახურში საზრიანმა პინკერტონმა მალევე დაიკავა შერიფის თანაშემწის თანამდებობა, თუმცა უთანხმოება ჰქონდა ქალაქის ხელისუფლებასთან, რომლის ბრძანებებს არასოდეს ემორჩილებოდა და სამართალდამცავი სისტემით იმედგაცრუებულმა სახელმწიფო სამსახური მიატოვა და "პინკერტონის კერძო სამძებრო სააგენტო" დააარსა. გუნდში მხოლოდ საზრიან, გამბედავსა და თავზე ხელაღებულ ახალგაზრდებს მოუყარა თავი. "პინკის" სახელით ცნობილი აგენტები ბანკების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ, საფოსტო დილიჟანებსა და მატარებლებს აცილებდნენ ან ბოროტმოქმედებს ეძებდნენ და ყალბი ფულისმჭრელებს აპატიმრებდნენ. მართალია, სამძებრო სამსახურები მანამდეც არსებობდა, თუმცა პინკერტონის სააგენტო რადიკალურად განსხვავდებოდა, რადგან სწორედ მან შექმნა ინფორმატორთა ქსელი და შეადგინა დეტალური დოსიე თითოეულ ბოროტმოქმედზე. სწორედ პინკერტონმა მოიფიქრა მოწმეების ჩვენებით ძებნილის პორტრეტის შექმნა და თვითმხილველისთვის ეჭვმიტანილის ფოტოს ჩვენება. მანვე მიიღო სამსახურში პირველად ქალები და სპეციალური ქვედანაყოფებიც კი შექმნა, რომლის მეთაური, კეტ უორენი, მალე მისი მარჯვენა ხელი გახდა.

1861 წელს პინკერტონი თავის აგენტებთან ერთად სარკინიგზო კომპანიის პრეზიდენტმა სამუელ ფელტონმა მიიწვია ბალტიმორში. ამერიკა სამოქალაქო ომის ზღვარზე იყო და ფელტონი ეჭვობდა, რომ სამხრეთელების მომხრე კომპანიის თანამშრომლები საბოტაჟს ამზადებდნენ. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ შეთქმულები არა საბოტაჟს, არამედ პრეზიდენტ ლინკოლნზე თავდასხმას გეგმავდნენ - პრეზიდენტი ვაშინგტონში მიემგზავრებოდა ინაუგურაციაზე, გზად კი ბალტიმორში უნდა შეჩერებულიყო.
ფელტონმა დროულად შეატყობინა პრეზიდენტს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, რომელიც მართალია, არასოდეს აქცევდა ყურადღებას მუქარას, მაგრამ მსხვილი სარკინიგზო კომპანიის პრეზიდენტის, როგორც სანდო ადამიანის, გაფრთხილება გაითვალისწინა და მატარებელი პინკერტონისა და მისი აგენტების თანხლებით, გაჩერების გარეშე, დაგეგმილზე ერთი საათით ადრე ჩავიდა ვაშინგტონში. სამძებრო სააგენტომ მადლობა დაიმსახურა და რამდენიმე წლით პრეზიდენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იკისრა. მართალია, პინკერტონი მუდმივად აფრთხილებდა ლინკოლნს, თავი შეეკავებინა თეატრში მისვლისგან, სადაც ძალზე იოლი იყო მასზე თავდასხმის ორგანიზება, მაგრამ სანახაობის მოყვარული პრეზიდენტი ვერ შეელია საყვარელ გატაცებას. რამდენიმე წელიწადში პინკერტონის სააგენტო პრეზიდენტის დაცვის სპეციალურმა სამსახურმა ჩაანაცვლა. მისი გაფრთხილება კი მხოლოდ 1865 წელს გაიხსენეს, როცა ლინკოლნი სწორედ თეატრში მოკლეს.

1861 წელს სამოქალაქო ომში ჩრდილოეთის ჯარების რამდენიმე მარცხის შემდეგ გენერალი მაკკლელანი მიხვდა, რომ კონფედერატების წარმატება ჯაშუშების იდეალურად მუშაობის დამსახურებაც იყო და პინკერტონს მათი მოძიება დაავალა. "პინკები" მუშაობას შეუდგნენ და მალე მიაგნეს როზა გრინჰაუს, რომელიც ჩრდილოეთის არმიის შტაბში ოფიცრებთან მეგობრობდა და განსაკუთრებით მათ ანებივრებდა ყურადღებით, ვინც ბრძოლის სტრატეგიაში ერკვეოდა და საკუთარ გმირობაზე უყვარდა ზედმეტი ლაპარაკი. პინკერტონმა საკუთარ თავზე აიღო ჯაშუში ქალის მხილება და ჯერ უსაზღვროდ შეყვარებულ მაიორ ალენად გაეცნო, მერე კი სინანულის გარეშე დააპატიმრა. მისი ბინის ჩხრეკისას სამხრეთელების აგენტებისა და კურიერების გრძელ სიას მიაგნო. პინკერტონი მიხვდა, რომ ჯაშუშ ქალს ბევრი თანამოაზრეც ეყოლებოდა და გენერალს ძიების გაგრძელება შესთავაზა. მალე ჩრდილოეთის არმიაში დაზვერვისა და კონტრდაზვერვის სამსახური შეიქმნა, რომელიც არა მხოლოდ ამხელდა ჯაშუშებს, არამედ მეტოქე ჯარების განლაგებაზეც მოიპოვებდა ცნობებს. მოგვიანებით, პინკერტონმა თავისი აგენტი ტიმოთი უებსტერი დაასაქმა სამხრეთელების სამხედრო დეპარტამენტში, რომელიც კურიერად მუშაობდა, ყველა საიდუმლო გზავნილს ფრთხილად ხსნიდა, კითხულობდა და მხოლოდ შემდეგ აბარებდა ადრესატს. თავად თავს მაიორ ალენად ასაღებდა და თამამად მოგზაურობდა სამხრეთის შტატებში, სადაც დაზვერვის ქსელის მუშაობას აკონტროლებდა და საჭირო ინფორმაციას აგროვებდა. მართალია, დაზვერვის სამსახური სწრაფად იკრებდა ძალას და ფართოვდებოდა, მაგრამ მალე წარმატება მარცხმა შეცვალა.

1862 წელს ლინკოლნმა ამნისტია გამოაცხადა და გაათავისუფლა კონფედერატების მხარდამჭერი პატიმარი ქალები, რომელთა შორის იყო როზა გრინჰაუც, რომელიც ძველ თანამებრძოლებს შეუერთდა და ჯერ პინკერტონის რამდენიმე აგენტი ამოიცნო, მერე კი მთელი ქსელის დადგენაში დაეხმარა სამხრეთელებს, რომელთაც ყველა მხილებული აგენტი, მათ შორის ტიმოთი უებსტერიც სიკვდილით დასაჯეს.
პინკერტონმა მძიმედ განიცადა ერთგული მეგობრების დაკარგვა და მალე საერთოდ უარი თქვა სახიფათო დავალებების შესრულებაზე, ხოლო როცა გენერლებმა უხეშად უსაყვედურეს, პინკერტონმა პოსტზე უარი თქვა. ის დარწმუნდა, რომ მისი საქმე არა პოლიტიკა, არამედ კრიმინალების დევნა იყო, პირობა დადო, რომ აღარასოდეს იმუშავებდა სხვისი ხელმძღვანელობით და დეტექტივობას დაუბრუნდა.

განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა დასავლეთის შტატებში წესრიგის დამყარება და პინკერტონსაც თავის აგენტებთან ერთად დიდი დრო დასჭირდა, რათა ველური დასავლეთი ველური აღარ ყოფილიყო.
1866 წელს "პინკებმა" მატარებლის ძარცვის სკანდალური საქმე გახსნეს - ბანდიტებმა იმ დროისთვის ფანტასტიკური თანხა 700.000 დოლარი გაიტაცეს. საერთოდ, ველურ დასავლეთში ბანდიტიზმზე გამარჯვების ყველა მსხვილი საქმე პინკერტონის აგენტებთან არის დაკავშირებული.

მართალია, დღეს სამძებრო სააგენტოს მუშაობა ბევრს ზედმეტად სასტიკად ეჩვენება, რადგან "პინკები" არასოდეს ინდობდნენ მოწინააღმდეგეს, ყოველთვის გაფრთხილების გარეშე ესროდნენ და ხშირად უდანაშაულო ადამიანებიც იღუპებოდნენ, მაგრამ მე-19 საუკუნის ამერიკელები, რომლებიც სხვა დროსა და ვითარებაში ცხოვრობდნენ, სხვანაირად ფიქრობდნენ და მტკიცედ სჯეროდათ, რომ მხოლოდ ის გადარჩებოდა ცოცხალი, ვინც პირველი მოასწრებდა გასროლას.
საოცარია, თუმცა ხიფათით სავსე ცხოვრებისა და უამრავი მტრის მიუხედავად, რომელთაც ნადირობა ჰქონდათ გაჩაღებული ამერიკის მთავარ დეტექტივზე, მისი დამარცხება მაინც ვერავინ შეძლო - 65 წლის პინკერტონი მშვიდად გარდაიცვალა საკუთარ სახლში და მართალია, ამერიკის კრიმინალურმა სამყარომ შვებით ამოისუნთქა, მაგრამ სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა - სამძებრო სააგენტო ჯერ პინკერტონის ვაჟიშვილებმა, მერე კი მათმა შთამომავლებმა ჩაიბარეს.
დღეს კომპანია "PINKERTON CONSALTING AND INVESTIGATIONS"-ს 250 ფილიალი აქვს მთელ მსოფლიოში, მთავარი ოფისით კალიფორნიაში და ნებისმიერი, ვისაც ოლიმპიური თამაშების ან ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის უსაფრთხოების უზრუნველყოფა სურს, კონკურენტ ფირმაზე კომპრომატს ეძებს, ან პირადი დაცვის დაქირავებას აპირებს, ან რთული საქმის ძიებაში თანაშემწე სჭირდება, ყველა ალან პინკერტონის სააგენტოს მიმართავს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები