ისრაელში აღმოჩენილია 1500-წლოვანი ქართული ეკლესიის გასაოცარი მოზაიკა
24-11-2017
ისრაელში აღმოჩენილია 1500-წლოვანი ქართული ეკლესიის გასაოცარი მოზაიკა
"სავარაუდოდ, აქვე ცხოვრობდა ქართველების ყველაზე მრავალრიცხოვანი თემი იმჟამინდელ მსოფლიოში"

"გიორგობის დღეს ერთი სასიხარულო ინფორმაცია მივიღე ისრაელიდან. ქალაქ აშდოდში ზღვის სანაპიროსთან არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა მე-5 საუკუნის მონასტრის მოზაიკა, რომლის აშენება დათარიღებულია ქართული ქორონიკონით. ეს წმინდა მიწაზე ძლიერი ქართული კოლონიის არსებობის კიდევ ერთი დასტურია და მიუთითებს, რომ ქართველები არა მარტო იერუსალიმში, არამედ მთელ ტერიტორიაზე ყველაზე გავლენიანი თემი იყო!... გილოცავთ!" - დაწერა 23 ნოემბერს  საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელმა
ლაშა ჟვანიამ.

ამ ფაქტის შესახებ სტატიას სთაურით: "აშდოდში აღმოჩენილია 1500-წლოვანი ქართული ეკლესიის გასაოცარი მოზაიკა", - აქვეყნებს ებრაული გამოცემა «The Jerusalem Post» (ავტორი - დენიელ აიზენბუდი), რომელშიც ვკითხულობთ:

"აშდოდ-იამში მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების დროს, რომელსაც თელ-ავივის უნივერსიტეტის დოქტორი ალექსანდრე ფანტალკინი ხელმძღვანელობს, 1500 წლის წინანდელი ქართული ეკლესიის ფერადი
მოზაიკა აღმოაჩინეს. არქეოლოგების მიერ აღმოჩენილ მოზაიკას გეომეტრიული მოხატულობა აქვს და ქართული ეკლესიის (მონასტრის) იატაკის ფრაგმენტს წარმოადგენს. მოზაიკა შეიცავს ოთხსტროფიან წარწერას, რომელიც ძველბერძნულ ენაზეა შესრულებული და ეძღვნება ეპისკოპოს პროკოფის, იქვეა ნაჩვენები აგების წელიც: "ღვთის წყალობით, ეს საქმე შესრულებულია წმინდა ეპისკოპოს პროკოფის ფულით, დიოსის თვეში, 292 წელს".

არქეოლოგების თქმით, 292 წელი ჩვენი წელთაღრიცხვის 539 წელს ნიშნავს და მიუთითებს ქართული კალენდრის ყველაზე ადრეულ გამოყენებაზე ისრაელში. "ეს უფრო ადრე იყო, ვიდრე თვით საქართველოში დაიწყებდნენ ამ კალენდრით სარგებლობას", - ამბობს ლია დისეგნი, იერუსალიმის უნივერსიტეტის დოქტორი, რომელმაც წარწერა გაშიფრა.

ბიზანტიურ პერიოდში აშდოდ-იამის ნავსადგური ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი იყო და ხელს უწყობდა ბევრი ხალხის - ფილისტიმელების, ფინიკიელების, იუდეველების, ასირიელების და ეგვიპტელების ერთმანეთთან ურთიერთობას. აშკელონელი არქეოლოგის საარ გენორის თქმით, "სავარაუდოდ, აქვე ცხოვრობდა ქართველების ყველაზე მრავალრიცხოვანი თემი იმდროინდელ მსოფლიოში. ნაპოვნი მოზაიკაც ამის ერთ-ერთი დადასტურებაა. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ისრაელის ხმელთაშუაზღვისპირეთში ქართული ეკლესია (მონასტერი) იქნა აღმოჩენილი. საინტერესოა, რომ აშდოდი, ისევე როგორც დღეს, იმ დროშიც მიმზიდველი იყო ქართველებისთვის".

როგორც აშკელონელი არქეოლოგი ამბობს, ისტორიული წყაროების მიხედვით, ცნობილი ქართველი მეფისწული და ეპისკოპოსი პეტრე იბერი გარდაცვალებამდე აშდოდში ცხოვრობდა. "როგორც ჩანს, დღეს ჩვენ ბიზანტიურ ქალაქ აშდოდზე მისი გავლენის ფაქტის მოწმენი ვართ", - ამბობს საარ გენორი.

მეცნიერთა მტკიცებით, ეკლესიის იატაკი დიდი კომპლექსის ნაწილია, რომლის სრული გათხრა დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ

ილია (ზაზა, იშო) ხუნწარია
18 დეკემბერი 2017 18:34
აშდოდში მაინც უვიზოდ არ შეგვიშვებენ ურიები ეხლა?
მარიკა
25 ნოემბერი 2017 03:35
უდიდესი ბედნიერებაა ასეთი აღმოჩენა და დიდი სიხარული.ვულოცავ საქართველოს.
ფრიად საინტერესო და სასიამოვნო
24 ნოემბერი 2017 12:05
კიდევ ერთი დადასტურება წმინდა მიწაზე ქართველების ყოფნისა და მოღვაწეობისა... P.S. 539წელი - მეექვსე საუკუნე არ გამოდის?

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები