ვინ იყო ბერიას ერთგული ჯალათი
ვინ იყო ბერიას ერთგული ჯალათი
"განსაკუთრებით შემზარავი ის იყო, რომ საფლავთან მდგომი ზოგიერთი პატიმარი ჯალათებს გვეძახდა. იყო შემთხვევები, როდესაც ყვიროდნენ: "გაუმარჯოს ლენინ-სტალინის პარტიას, ჩვენ უდანაშაულოდ ვიღუპებით"

შსს-ს არქივში ათასობით ტომია დაცული საბჭოთა ხელისუფლებისთვის მიუღებელი პირების დახვრეტის შესახებ, მაგრამ მწირია ინფორმაცია იმ პირებზე, რომლებიც აღასრულებდნენ სასჯელის უმაღლეს ზომას. ერთ-ერთი ასეთი ზახარ შაშურკინი გახლდათ. საარქივო მასალებში გაბნეულია ჩეკას თანამშრომელთა ჩვენებები, სადაც შაშურკინიც არის ნახსენები. ამ საბჭოთა ჯალათზე მწირია ინფორმაცია, თუმცა დახვრეტის ოქმებში მრავლადაა მისი ხელმოწერები.

ვინ იყო ზახარ შაშურკინი


"დავიბადე 1895 წელს მუშის ოჯახში, სპასკის მაზრის რიაზანის
გუბერნიაში, ინიაკინის თემში... 11 წლიდან ვმუშაობდი ქალაქ პეტროვსკში... 1915 წელს გამიწვიეს ძველ არმიაში. ჯარში ვმსახურობდი 1917 წლის ოქტომბრამდე". 23 წლის შაშურკინი რუსეთის კომუნისტურ პარტიაში შესულა. 1918 წელს პარტიამ ჩეკას ფრონტისპირა XI არმიაში მიავლინა. ამის შემდეგ, მისივე თხოვნით, გადაიყვანეს აზერბაიჯანის ჩეკაში, სადაც 1922 წლამდე იმუშავა. 1922 წლის ნოემბრიდან, ბერიას ინიციატივით, სამუშაოდ საქართველოში გადმოდის, შინსახკომის შიდა ციხის (თბილისის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია) კომენდანტად.

მიხეილ ბასილაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური ფილმების სტუდიის სცენარისტი:
-"შაშურკინს ევალებოდა პატიმრების დაკითხვაზე გაყვანა, ამანათების მიღება-განაწილება, სასიკვდილო განაჩენების აღსრულება. ის ხელისუფლებისგან ყველანაირი პრივილეგიით სარგებლობდა - ემსახურებოდა
მანქანა, მისცეს ბინა... ის ძალიან ერთგული იყო ბერიასი."

ჯალათის ფსიქოპორტრეტი

ოჯახში დესპოტი, ნაცნობებთან გულღია, სამსახურში ბინძური საქმეების შემსრულებელი...

მიხეილ ბასილაძე: "უშიშროების არქივში დაცულია ციხის ერთ-ერთი ზედამხედველის ჩვენება:
"შაშურკინი წვეულებაზე იყო და სუფრიდან წამოიყვანა ქალი, რომელიც იქ მეუღლესთან ერთად იყო... შაშურკინის გერმა მითხრა, რადგან ზახარი ღამითაც მუშაობდა, სახლში სიმშვიდეს მოითხოვდაო. მეუღლესა და გერს არ ჰქონდათ უფლება, მისი ძილის დროს ოთახებში ევლოთ, სამზარეულოში მაგიდასთან ისხდნენ და ელოდნენ ზახარის გაღვიძებას. თავდაპირველად, გერს წარმოდგენა არ ჰქონდა მამინაცვლის საქმიანობაზე. თუმცა, როცა გავიცანი, უკვე იცოდა, რომ შაშურკინი ჯალათი იყო. მისივე მონაყოლით, ზახარს მეზობლებთან იდეალური ურთიერთობა ჰქონია: ეთამაშებოდა ნარდს, უყვებოდა ანეკდოტებს, ეფერებოდა ბავშვებს..."

ჯალათის ტყვია


შაშურკინი სამსახურში ნამდვილი ჯალათი იყო. არც ერთხელ არ გასჩენია პროტესტის გრძნობა, როცა ნაცნობისთვის უნდა დაეხალა ტყვია კეფაში. ამას სამსახურებრივი მოვალეობით ხსნიდა. საარქივო მასალებში დაცულია ექთანისა და ციხის ზედამხედველის ჩვენებები.

თამარა ტესტოვა, ექთანი:
"დახვრეტის წინ გამომძიებლები სიკვდილმისჯილებს სცემდნენ. ჩემი მოვალეობა იყო შინსახკომის იმ თანამშრომლებისთვის დახმარება, რომლებიც დახვრეტის დროს ცუდად ხდებოდნენ. იყო შემთხვევა, როდესაც პატიმართა დიდი პარტიის დახვრეტისას კომენდანტ შაშურკინს გული წაუვიდა."

მიხეილ ბასილაძე:
-"ჩვენებებში დახვრეტის მონაწილე პირებს აღნიშნული აქვთ, რომ ციხიდან დახვრეტის ადგილამდე, რუსთავის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიამდე, შაშურკინი, როგორც წესი, ერთ ბოთლ არაყს სვამდა.

ევტეხი სურმავა, ზედამხედველი:
"განსაკუთრებით შემზარავი ის იყო, რომ საფლავთან მდგომი ზოგიერთი პატიმარი ჯალათებს გვეძახდა. იყო შემთხვევები, როდესაც ყვიროდნენ: "გაუმარჯოს ლენინ-სტალინის პარტიას, ჩვენ უდანაშაულოდ ვიღუპებით".

მიხეილ ბასილაძე:
"37 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე ერთ ღამეში დახვრეტილთა რაოდენობა 300-მდეც ავიდა. სავარაუდოდ, შაშურკინმა დახვრიტა მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე, პეტრე ოცხელი და ბევრი საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანი. მათ შორის პარტიული ელიტაც, მაგალითად: ბუდუ მდივანი, რომელიც საქართველოს ტროცკისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელობის ბრალდებით დახვრიტეს."

საბჭოთა რეჟიმმა შაშურკინს "ამაგი" გარდაცვალების შემდეგაც არ დაუკარგა და მის ოჯახზე ზრუნვა ითავა.
ვლადიმერ ტაბაღუა, ციხის ყოფილი უფროსი: "შაშურკინის გარდაცვალების შემდეგ მის ცოლს დიდი პატივისცემით ეპყრობოდნენ. როცა მე მუშაობა დავიწყე, ის ქალი უკვე ხნიერი იყო, ურთიერთობაში ძალიან ლმობიერი და კეთილი. მისი ასაკის ადამიანებს უკვე აღარ ამუშავებდნენ, მაგრამ ის მაინც მუშაობდა. ეს შაშურკინის "დამსახურებისთვის მადლიერების გამოხატვა იყო".

შაშურკინი უცნობ ვითარებაში აღესრულა. მის სიკვდილზე სხვადასხვა ვერსიაა ცნობილი.

მიხეილ ბასილაძე:
"1939 ან 1940 წელს ის თადარიგში დაითხოვეს და ფსიქოლოგიურად გატყდა, გალოთდა. გერი იხსენებდა, რომ ფანჯარაში იდგა და ხელით ცეცხლსასროლი იარაღის იმიტაციას ახდენდა, ვითომ გამვლელ-გამომვლელს ხვრეტდა. შაშურკინი 1941 ან 1942 წელს გარდაიცვალა. ერთი ვერსიით, ქუჩაში იპოვეს გაყინული, მეორე ვერსიით, სახლში თავი მოიკლა, ხოლო მესამე ვერსიით, საბჭოთა უშიშროებამ მოკლა, რადგან ფსიქიკაშერყეული შაშურკინისგან საიდუმლო ინფორმაციის გავრცელების საშიშროება იყო. თუმცა, კომუნისტებმა ის პომპეზურად დაკრძალეს, სამხედრო პატივით".

თორნიკე ყაჯრიშვილი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რა თამაშობს ყველაზე დიდ როლს არასრულწლოვანთა დანაშაულში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა თამაშობს ყველაზე დიდ როლს არასრულწლოვანთა დანაშაულში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა