ლეგენდად ქცეული კრიმინალი - კვირის პალიტრა

ლეგენდად ქცეული კრიმინალი

ავტობიოგრაფიულ რომანში მერინი მისთვის დამახასიათებელი თვითკმაყოფილებით აღწერდა საკუთარ ცხოვრებას, აბუქებდა ჩადენილ დანაშაულებს, სინამდვილეში კი უმეტესობა მხოლოდ მისი მდიდარი ფანტაზიის ნაყოფი იყო

ჟაკ მერინი 40 წელია არავის უთმობს მე-20 საუკუნის მთავარი ბოროტმოქმედის ტიტულს

ანარქისტი რავაშოლი,"ბონოს ბანდა და მეორე მსოფლიო ომისდროინდელი მკვლელი ექიმი მარსელ პეტიე - საფრანგეთის ისტორია მდიდარია დამნაშავეებით, რომელთაც სახელი ბოროტმოქმედებით მოიპოვეს, თუმცა XX საუკუნის მთავარი ბოროტმოქმედის ტიტული მხოლოდ ჟაკ მერინმა დაიმსახურა და თითქმის 40 წელია არავის უთმობს.

მართალია, გასული საუკუნის 60-70-იან წლების ევროპაში მემარჯვენე და მემარცხენე შეხედულებების უამრავი რადიკალური დაჯგუფება არსებობდა, რომელთაც ომი ჰქონდათ გამართული როგორც ხელისუფლების, ისე ერთმანეთის წინააღმდეგ, მაგრამ პრესის რჩეულად"და "სახელმწიფოს ყველაზე საშიშ მტრად არა პოლიტიკური დამნაშავე, არამედ კლასიკური ბოროტმოქმედი, ჟაკ მერინი იქცა, რომელიც, მართალია, არც დიდი ორიგინალობით გამოირჩეოდა, არც გონებამახვილობით, მაგრამ საპატიმროში დაწერილი მემუარების წყალობით, პრესასთან ინტენსიური ურთიერთობითა და გულახდილი ინტერვიუებით სწორედ ის პოპულარობა მოიპოვა, რომელზეც მთელი ცხოვრება ოცნებობდა.

საპატიმროში, მორიგი სასჯელის მოხდისას, მერინი ჩიოდა, ყველაფერში დამნაშავე წყეული ალჟირიაო," რომელიც საფრანგეთისთვის ისეთივე ჯოჯოხეთად იქცა, როგორც შეერთებული შტატებისთვის ვიეტნამი. ჟაკ მერინი მართლაც იბრძოდა ალჟირში, თუმცა მტკიცება, თითქოს დანაშაულებისკენ ომის სისასტიკემ უბიძგა, ნამდვილად უსამართლობაა.

საფრანგეთის პოლიციის მომავალი კოშმარი, ჟაკ-რენე მერინი, 1936 წლის 28 დეკემბერს დაიბადა პარიზთან ახლოს პატარა ქალაქ კლიჟიში, შეძლებულ და პატივცემულ ოჯახში. პატარა ჟაკის თავგადასავლები ჯერ კიდევ პრესტიჟულ სკოლაში დაიწყო, სადაც პედაგოგები დიდხანს ითმენდნენ მის ფეთქებად ხასიათს და უმიზეზო აგრესიას, თუმცა მასწავლებლის სასტიკად ცემის შემდეგ სკოლის ადმინისტრაციის მოთმინების ფიალა აივსო და მერინი სასწავლებლიდან გარიცხეს. სამხედრო სამსახურში გაწვეული ცხრამეტი წლის ჟაკი ალჟირში გაგზავნეს, სადაც საფრანგეთი ყველა დაშვებული თუ დაუშვებელი მეთოდით ცდილობდა ჩრდილოაფრიკული კოლონიის შენარჩუნებას. რიგითი მერინის სამსახურიც სწორედ იმ პერიოდს დაემთხვა, როცა საფრანგეთის არმია სასტიკ სადამსჯელო აქციებს აწყობდა და აჯანყებულებს ან მათთან თანამშრომლობაში შემჩნეულ ალჟირელებს აწამებდა. მართალია, მერინის სამხედრო დანაშაულებში მონაწილეობის დამადასტურებელი ფაქტები არ არსებობს, მაგრამ ეს სულაც არ ამტკიცებს მის უდანაშაულობას, რადგან ფრანგი სამხედროების ალჟირში საქმიანობა დღესაც არ არის შესწავლილი და სრულად გამოძიებული.

1959 წელს საფრანგეთში დაბრუნებულმა მერინმა აღმოაჩინა, რომ სამშობლოში ალჟირის ომს არათუ მხარს უჭერდნენ, არამედ საშინლად კიცხავდნენ, ვეტერანებს კი დამნაშავეებად მიიჩნევდნენ. ჟაკი სწრაფად გაშორდა მეუღლეს, რომელიც, პრაქტიკულად, არასრულწლოვანმა ითხოვა და ესპანელი მარია დელა სოლიდადი მოიყვანა ცოლად, რომელთანაც სამი შვილი: საბრინა, ბორისი და ბრუნო შეეძინა. ერთი შეხედვით, შეყვარებულ მეუღლესა და მრავალშვილიან მამას ყველაფერი ჰქონდა ბედნიერებისთვის, თუმცა მერინს არასოდეს აკმაყოფილებდა ობივატელის მოსაწყენი ერთფეროვანი ცხოვრება, რადგან ყოველთვის სწრაფად და იოლად გამდიდრებაზე ოცნებობდა. პირველი სასჯელი ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისთის მოიხადა, მერე კი ბანკის გაძარცვა გადაწყვიტა, თუმცა იდეა იმდენად მარცხიანი, თავდასხმა კი ისე სასაცილო აღმოჩნდა, რომ სამ თანამზრახველთან ერთად დაპატიმრებულმა ჟაკმა მხოლოდ თვრამეტი თვე გაატარა ციხეში. გათავისუფლებული ისევ კანონმორჩილი მოქალაქის ცხოვრებას დაუბრუნდა და არქიტექტურულ კომპანიაში დაიწყო მუშაობა, თუმცა მალე შტატების შემცირებაში მოჰყვა და სამსახური დაკარგა.

1965 წელს მერინი პალმა დე მალიორკას სამხედრო გუბერნატორის აგარაკის გაძარცვის ბრალდებით დააკავეს და რადგან საიდუმლო სამხედრო დოკუმენტების მოპარვას ცდილობდა, ესპანეთის მთავრობამ ის საფრანგეთის ჯაშუშად ჩათვალა. თუმცა ბრალდება ვერ დაუმტკიცეს და პოლიტიკურ-კრიმინალური თავგადასავლისგან თავდაღწეულმა ჟაკმა კანარის კუნძულებზე რესტორანი გახსნა, თუმცა საქმე არ წაუვიდა და სწორედ მაშინ მიხვდა, რომ გამდიდრებას მხოლოდ დანაშაულებრივი გზით შეძლებდა.

მძაფრ შეგრძნებებს მონატრებულმა სულ რაღაც ერთ თვეში ჯერ ჟენევაში გაძარცვა საიუველირო მაღაზია და სასტუმრო `შამონი~, მერე პარიზში გადაინაცვლა, მოდური ტანსაცმლის ბუტიკი გაასუფთავა და როცა მის კვალს პოლიცია დაადგა, საყვარელთან, ჟანა შნაიდერთან ერთად კანადაში გაიქცა, სადაც მილიონერ ჟორჟ დელორიესთან დაიწყო მძღოლად მუშაობა. არავინ იცის, რა პრინციპით არჩევდა მილიონერი მომსახურე პერსონალს, თუმცა მერინის დაქირავება თითქმის სიცოცხლის ფასად დაუჯდა - უკვე დახელოვნებულმა ბოროტმოქმედმა დელორიეს გატაცება და გამოსასყიდის მოთხოვნა გადაწყვიტა, მაგრამ ჩანაფიქრი მარცხით დასრულდა და იძულებული გახდა, საყვარელთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაბარგებულიყო, სადაც სამ კვირაში დააკავეს და ისევ კანადაში დააბრუნეს ათწლიანი სასჯელის მოსახდელად. საპატიმროდან რამდენიმე კვირაში გაიქცა, მაგრამ მეორე დღესვე დააპატიმრეს და მკაცრი რეჟიმის ციხეში "მიაბრძანეს.

ორწლიანი შესვენების შემდეგ, 1971 წლის ზაფხულში, ხუთ თანასაკნელთან ერთად ისევ დააღწია თავი პატიმრობას. რა თქმა უნდა, გაქცეულებს ფული სჭირდებოდათ და მერინი საყვარელ საქმიანობას - ბანკების ძარცვას დაუბრუნდა ახალ მეგობართან, კანადელ ჟან-პოლ მერსიესთან ერთად, რომელიც მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. იღბლიან დღეებში ახალშექმნილი დუეტი რამდენიმე ბანკს ასუფთავებდა, მერე კი წარმატებით გათამამებულებმა ციხიდან ძველი მეგობრების დახსნა გადაწყვიტეს. გაქცევის გეგმა მერინმა შეიმუშავა. მეტიც, ყალბი დოკუმენტებით იქირავა ბინა, პროდუქტი და მედიკამენტი მოიმარაგა, რამდენიმე პისტოლეტი შეიძინა და მერსიესთან ერთად ციხეს მიაშურა. შორიახლო ორი ავტომობილი საიმედოდ გადამალა, თუმცა საპატიმროსთან ერთიორად გაძლიერებული დაცვა დახვდა, მათ სწრაფად შეამჩნიეს საეჭვო მამაკაცები და ცეცხლი გაუხსნეს. ორმხრივი სროლის შემდეგ ბოროტმოქმედები იძულებული შეიქნენ უარი ეთქვათ გეგმაზე.

ჟაკ მერინმა და მისმა თანამზრახველმა განაგრძეს ბანკების ძარცვა. კანადის პოლიცია დიდხანს ცდილობდა მათ ხელში ჩაგდებას, თუმცა უშედეგოდ. მალე ორივე ვენესუელაში გაემგზავრა.1972 წლის მიწურულს მერინს მოჰბეზრდა ხეტიალი და საფრანგეთში დაბრუნდა, ამჯერად იქ გააგრძელა ბანკების ძარცვა და მართალია, 1973 წლის გაზაფხულზე დააპატიმრეს, მაგრამ როგორც ყოველთვის, სახელმწიფოს საშიში მტერი ისევ ბედნიერმა შემთხვევამ იხსნა, როცა სასამართლოში გამოცხადებულს უკვე ელოდა მეგობრების საჩუქარი - პისტოლეტი. მერინმა სიმულაციას მიმართა და მწვავე დიარეის მომიზეზებით რამდენჯერმე გავიდა საპირფარეშოში. სწორედ იქ მიაგნო საიმედოდ გადანახულ პისტოლეტს, მერე კი სასამართლოს წინაშე სიტყვით გამოსვლისას მოსამართლე აიყვანა მძევლად და გაიქცა დარბაზიდან. თუმცა თავისუფლებით ტკბობა ჟაკმა დიდხანს ვერ შეძლო და ოცწლიანი სასჯელი საფრანგეთის ერთ-ერთ საშიშ საპატიმროში `ლა სენტას~ მკაცრი რეჟიმის ციხეში მოიხადა, სადაც მემუარების წერას მიჰყო ხელი და მეგობრების დახმარებით სათაურით `მკვლელის ინსტინქტი~" წიგნადაც გამოსცა.

ავტობიოგრაფიულ რომანში მერინი მისთვის დამახასიათებელი თვითკმაყოფილებით აღწერდა საკუთარ ცხოვრებას, აბუქებდა ჩადენილ დანაშაულებს, სინამდვილეში კი უმეტესობა მხოლოდ მისი მდიდარი ფანტაზიის ნაყოფი იყო. მემუარების გამოცემის შემდეგ მერინმა გაქცევის დაგეგმვაც დაიწყო, რადგან ოცი წლის საპატიმროში გატარებას ნამდვილად არ აპირებდა. მისი განზრახვა ციხის ადმინისტრაციამაც შეიტყო და მართალია, არ სჯეროდათ, რომ ჟაკ მერინი მკაცრი რეჟიმის ციხიდან მოახერხებდა თავის დაღწევას, მაინც ყველაზე დაცულ ნაწილში გადაიყვანეს, სადაც მერინმა ციხის თანამშრომლები მოქრთამა და იარაღი და დაცვის თანამშრომლის ფორმა ჩაიგდო ხელში - რამდენიმე დღეში ორ თანასაკნელთან ერთად ჟაკ მერინი პირველი გახდა, ვინც საფრანგეთის ყველაზე დაცული ციხიდან გაქცევა მოახერხა.

მორიგი გასტროლები მერინმა მარშრუტით სიცილია-ალჟირი-ბრიტანეთი გამართა. ბელგიელებიც გაახარა საკუთარი `სტუმრობით~ და ბოლოს ისევ პარიზში დაბრუნდა, სადაც პოლიტიკური იდეებით შეპყრობილმა მოსამართლის გატაცება სცადა, არაფერი გამოუვიდა და ისევ კრიმინალურ საქმიანობას დაუბრუნდა. მილიონერ ანრი ლელევრის გატაცებით გამოსასყიდად ექვსი მილიონი ფრანკი მიიღო და სწორედ მაშინ დაიმსახურა ხელისუფლების რისხვა და სახელმწიფოს #1 მტრის ტიტული. მერინი ამით ძალიან ამაყობდა და ხელს უწყობდა საკუთარ პერსონაზე მითების გავრცელებას. პრესასთან საფრანგეთის მთავრობის იდეურ მოწინააღმდეგედ და სამართლიანობისათვის მებრძოლ რობინ ჰუდად მოჰქონდა თავი, საკუთარ დანაშაულებს ანარქისტული იდეებით ამართლებდა და როცა ჟურნალისტმა ჟაკ ტილიერმა მას სისხლის სამართლის ტრივიალური დამნაშავე უწოდა, გამძვინვარებულმა მერინმა რეპორტიორი გაიტაცა და სასტიკად აწამა.

1979 წლის აგვისტოში სახელმწიფოს მტრის თავზე ხელაღებულობით შეწუხებულმა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა კრისტიან ბონემ მისი დაპატიმრების ბრძანება გასცა - ორთვიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცავებმა მერინს მიაგნეს და სახლთან ჩაუსაფრდნენ.

1979 წლის 2 ნოემბრის დილას ჟაკ მერინი თავის საყვარელთან, სილვია ჟანჟაკთან ერთად სახლიდან გამოვიდა და BMჭ-ში ჩაჯდა. პარიზის შემოგარენში, პორტ დე კლინაკურთან, მის ავტომობილს გზა გადაუღობა პოლიციის სატვირთომ, რომლის საბარგულიდან პოლიციელებმა ცეცხლი გახსნეს და მერინი თხუთმეტი ტყვიით მოკლეს, მისი მეგობარი ქალი კი მძიმედ დაჭრეს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟისკარ დ,ესტენმა კრისტიან ბონეს ოპერაციის წარმატებით დასრულება მიულოცა, თუმცა ფრანგები მერინის ლიკვიდაციით უკმაყოფილონი იყვნენ, რადგან პოლიციას არც მისი დაკავება უცდია და არც ნებით ჩაბარების უფლება მიუცია - პირდაპირ დახვრიტა, მერინის მეგობარი ქალი კი, რომელსაც არაფერი აკავშირებდა კრიმინალურ სამყაროსთან, მძიმედ დაჭრა. განსაკუთრებით ახმაურდნენ მერინის დამცველები, რომლებიც ბოროტმოქმედის რომანტიზაციას ცდილობდნენ და გარკვეულწილად შედეგსაც მიაღწიეს, რადგან ლეგენდად ქცეული ჟაკ მერინი საფრანგეთის ისტორიაში ერთ-ერთი უკანასკნელი რომანტიკოსი ბოროტმოქმედის სახელით შევიდა, რომლისთვისაც იმიჯი და საფირმო სტილი უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე დანაშაულებრივი გზით ნაშოვნი ფული.