"აპოკალიფსის" მხედრები
04-12-2017
"აპოკალიფსის" მხედრები
სასტიკი დედილო ბარკერი და მისი მძარცველების ბანდა

დედილო ბარკერი, რომელიც ცნობილი მძარცველების ბანდას მეთაურობდა, შვილებს კი ბავშვობიდან კანონის დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებდა, დღემდე დანაშაულებრივი სამყაროს გამორჩეული ფიგურაა, რადგან ამ ავანტიურისტი ქალის გამბედაობა ნებისმიერ განგსტერს შეშურდებოდა.

არიზონა დონი კლარკი 1872 წელს დაიბადა მისურის შტატის ქალაქ სირინგ-ფილდში ფერმერისა და მისი ღვთისმოშიში მეუღლის ოჯახში, რომელმაც მცირეწლოვან ქალიშვილს მხოლოდ ბიბლიის კითხვა და ვიოლინოზე დაკვრა ასწავლა. თუმცა გოგონაზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა არა მუსიკამ, არამედ ცნობილმა განგსტერმა, ბანდის
მეთაურმა ჯესი ჯეიმზმა, რომელიც ერთხელ ცხენზე ამხედრებული ნახა, მისი დაღუპვის შემდეგ კი ოცწლიანი გლოვა გამოაცხადა.

არიზონას მწუხარება მასავით გაუნათლებელმა მოჯამაგირემ, ლოთმა ჯორჯ ბარკერმა შეამსუბუქა, რომელსაც ცოლად გაჰყვა და ოთხი ვაჟიშვილი: ჰერმანი, ლოიდი, არტური და ფრედი შეეძინა. შვილებს დედილო ბარკერმა, წერა-კითხვასთან ერთად, სროლა და კანონის დარღვევა
ასწავლა, რადგან, მისი აზრით, კანონი სწორედ იმისთვის იყო, რომ თამამებსა და გამბედავებს დაერღვიათ. როგორც ჩანს, დედილოს გაკვეთილებს ფუჭად არ ჩაუვლია - უმცროსმა ბარკერებმა სწრაფად გაითქვეს სახელი სისასტიკით და აპოკალიფსის ოთხ მხედრად წოდებული მოზარდების მშობლებიც იძულებული გახდნენ, გადაბარგებულიყვნენ პატარა ქალაქ ვებსიდში, სადაც მიწურში ცხოვრება ძალიან გაუჭირდაYთ - სიღატაკეს ყოფითი უსიამოვნებებიც ემატებოდა და სწორედ წლების მანძილზე დაგროვილმა წყენამ უბიძგა ახალგაზრდებს კრიმინალური სამყაროსკენ. კანონის ძალა და პატიმრობა პირველად ჰერმანმა გამოცადა. რამდენიმე წელიწადში ბარკერებს იმდენჯერ მოუხდათ კანონთან შეჯახება, რომ ოჯახი ისევ აიყარა და ოკლაჰომის შტატ ქალაქ ტელსასკენ დაადგა გზას, სადაც ძველებურად სიღატაკეში ცხოვრობდნენ და რა გასაკვირია, რომ წამოზრდილმა ბარკერებმა დანაშაულის ყველა ფორმა მოსინჯეს - ჯიბის ქურდობით დაწყებული, მაღაზიის ძარცვით დასრულებული.

ტელსაში დედილო ბარკერმა სწრაფად გამონახა საერთო ენა ჭრელ პუბლიკასთან, რომლის ელიტას უსაქმურები და მაწანწალები, მკვლელები და მძარცველები წარმოადგენდნენ. განსაკუთრებული სითბოთი განიმსჭვალა ვინმე ჰერ ფარმერის მიმართ, რომელიც მისურის შტატში პოლიციას ემალებოდა. მოგვიანებით დედილომ თითქმის ყველა ცნობილი კრიმინალი გაიცნო, შეიფარა და საკუთარ ბიჭებსაც დაუმეგობრა, რომელთაც მოზარდები საკუთარი რომანტიკული ისტორიებით აღაფრთოვანეს. ბანდიტები, რომელთაც დედილო საკუთარ სახლში აბინავებდა, იმ განგსტერებს განასახიერებდნენ, რომელთაც თავად ეთაყვანებოდა ბავშვობაში. ამიტომ არცაა გასაკვირი, რომ წესებისა და კანონების ახსნის ნაცვლად, შვილებს ბოროტმოქმედების რომანტიკულ თავგადასავლებს უყვებოდა. გაუნათლებელ ბიჭებს კი სწორედ ის ესმოდათ, რისი გაგებაც სურდათ.

წამოზრდილი ბარკერები მძარცველების ბანდას შეუერთდნენ. თავს ესხმოდნენ ბანკებს, საფოსტო განყოფილებებსა და ავტოგასამართ სადგურებს. ნადავლი ყოველთვის დედილოსთან მიჰქონდათ.

ერთხელ მორიგი ძარცვიდან შინ დაბრუნებულ ვაჟს ქალბატონმა ბარკერმა ჯიბეებიც კი მოუქექა, რათა დარწმუნებულიყო, რომ შვილმა მისი წილი არ მიისაკუთრა. უფროს ვაჟიშვილს კი, რომელსაც წინდაში დამალული ორმოცდაათდოლარიანი უპოვა, მოურიდებლად ჩასცხო თავში პისტოლეტის ტარი. საშინლად განიცადა დედილო ბარკერმა, როცა ჯერ ლოიდი შეიპყრეს საფოსტო განყოფილებაზე თავდასხმისას და ხუთწლიან პატიმრობასთან ერთად კატორღული სამუშაოც მიუსაჯეს, მერე კი საბრალდებო სკამზე აღმოჩნდა არტურიც, რომელსაც საავადმყოფოდან ნარკოტიკების მოპარვისას დარაჯი შემოაკვდა. მართალია, დედილო ბევრს ეცადა, მაგრამ გისოსებისგან ვერც ერთი შვილი ვერ დაიხსნა. მერე ჯერ ფრედი გამოეცალა ხელიდან, რომელიც უინფილდის ბანკზე შეიარაღებული თავდასხმისთვის თხუთმეტი წლით მიაბრძანეს საპატიმროში, მერე კი ჰერმანი, რომელიც მართალია კანზასის შტატის ქალაქ ნიუტონში საბანკო ძარცვის შემდეგ ავტომობილით გაიქცა ქალაქიდან, მაგრამ მეორე დღეს პოლიციის დაგებულ მახეში გაება და როცა მიხვდა, რომ თავს ვეღარ დააღწევდა, პიჯაკის ჯიბიდან თილისმად ქცეული ტყვია ამოიღო, უკანასკნელად გაისროლა და ცხოვრებასთან გაასწორა ანგარიში.

მარტო დარჩენილი ქალბატონი ბარკერი სწრაფად მიხვდა, რომ მზრუნველი მამაკაცი სჭირდებოდა და ბედი დაუკავშირა მორიგ ლოთს, არტურ დანლოფს, რომელსაც მართალია, გროშიც არ ებადა, მაგრამ ბარკერი დარწმუნებული იყო, რომ სულ არარაობას ისევ მსმელი მამაკაცი ჯობდა, თუმცა საკუთარი საქმეებით გართული ვერც კი ამჩნევდა მეუღლეს. ქალბატონი ბარკერი მართლაც დაკავებული იყო, რადგან ან გუბერნატორისა და ციხის კომენდანტის სახელზე თხზავდა წერილებს შვილების შეწყალების თხოვნით, ან გაქცეული ბოროტმოქმედებისთვის თავშესაფარს, როგორც თავად ეძახდა, პანსიონს ინახავდა. მერე კი ახალ ხელობას დაეუფლა - ნაძარცვის გაყიდვა დაიწყო და დაგროვებული თანხა ადვოკატებს გადაუხადა, რომლებიც შვილების საპატიმროდან დახსნაში ეხმარებოდნენ. საბოლოოდ, დედილოს დაჟინებული თხოვნა შესმენილ იქნა და საპატიმროდან ფრედი გათავისუფლდა, მას საკნის მეგობარი, ელვინ კარპისიც თან გამოიყოლა.

1939 წელს, როცა დიდმა დეპრესიამ მილიონობით ამერიკელი გააღატაკა, ფრედიმ და ელვინმა რამდენიმე საიუველირო და ტანსაცმლის მაღაზია გაძარცვეს და მართალია, ორჯერ პატარა ქალაქის სატუსაღოშიც ამოყვეს თავი, მაგრამ სწრაფად დააღწიეს თავი გისოსებს და თავაშვებული თარეში გააგრძელეს. პერიოდულად შინ ბრუნდებოდნენ, დედილოს საკუთარ გმირობაზე ანგარიშს აბარებდნენ და ნადავლს უნაწილებდნენ. ბოლოს, მისურის შტატში გადასვლასა და შტაბბინის მოწყობაზეც დაითანხმეს,Y თავად კი სამხრეთის შტატებში ხეტიალი და მაღაზიების ძარცვა განაგრძეს. ერთ მშვენიერ დღეს შერიფსაც გადაეყარნენ, რომელმაც ბოროტმოქმედების დაპატიმრება სცადა, თუმცა ფრედიმ დაასწრო და შერიფი საკუთარ გმირობას შეეწირა. ამ შემთხვევის შემდეგ ბარკერები დროებით თვალს მოეფარნენ, რადგან შერიფის მკვლელობამ მართლაც დიდი ხმაური გამოიწვია - ოჯახი ქალაქ სენტ-პოლში გადაბარგდა, განგსტერების საყვარელ თავშესაფარში.
სკანდალის ჩაცხრომის შემდეგ დედილომ პანსიონი ისევ გახსნა, ცნობილი ბოროტმოქმედები დაიმეგობრა და ახალი თავდასხმების გეგმის შემუშავებას შეუდგა, რომლებიც ფრედისა და ელვინს უნდა შეესრულებინათ. ოჯახურ იდილიას მხოლოდ საბრალო არტურ დანლოპი არღვევდა და რა გასაკვირია, რომ მის ცხედარს მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ მიაგნეს ვისკონსინის შტატში ფრისტადის ტბის ფსკერზე.
ფრედი და ელვინი ისევ არ ისხდნენ უქმად - ბანდა შექმნეს, რამდენიმე ბანკი გაძარცვეს და როცა ათეულობით უდანაშაულოთა შორის ერთ-ერთი პოლიციელი, მენლი ჯექსონი იმსხვერპლეს, შეერთებული შტატების ყველაზე საშიში ძებნილების სტატუსიც დაიმსახურეს.
რამდენიმე წელიწადში ოჯახს არტური დაუბრუნდა და დედილომ ახალი ბიზნესი წამოიწყო - ადამიანების გატაცებით ფულის შოვნა გადაწყვიტა. ქალბატონი ბარკერი დარწმუნებული იყო, თუ ის უზარმაზარ თანხას იხდიდა შვილების გასათავისუფლებლად, არც მდიდრები დაიშურებდნენ არაფერს საყვარელი ოჯახის წევრის დასახსნელად და პირველ მსხვერპლად ლუდის მწარმოებელთა დინასტიის წარმომადგენელი, უილიამ ჰამი შეარჩია. ბატონ ჰამის ფრედი და ელვინი საკუთარი კომპანიის გზაზე წამოეწივნენ და ჯერ გამოსასყიდის მოთხოვნაზე აიძულეს ხელის მოწერა, მერე თვალახვეულს დაატარებდნენ აქეთ-იქით რამდენიმე საათი, ბოლოს კი დედილოს მიჰგვარეს. ჰამის ოჯახის წევრები დიდხანს კამათობდნენ და რჩევას პოლიციას სთხოვდნენ, თუმცა საბოლოოდ გამოსასყიდის გადახდას დათანხმდნენ და ფულით სავსე ტომარა სენტ-პოლის უკაცრიელ გზაზე დატოვეს, რითაც დედილო გააბედნიერეს, რომელმაც ჰამი უვნებელი დაუბრუნა ოჯახს, და საბოლოოდ დაარწმუნა ახალი საქმის სარფიანობაში - ადამიანების გატაცებით უფრო სწრაფად და უმტკივნეულოდ შეიძლებოდა ფულის შოვნა, ვიდრე ბანკების ძარცვით, რომელსაც, ერთი მხრივ, აუცილებლად მსხვერპლი მოჰყვებოდა, მეორე მხრივ კი, მის ოჯახს ემუქრებოდა საფრთხე, რადგან ქუჩები აჭრელებული იყო მათი პორტრეტებით.

მალე დედილოს მორიგი გრანდიოზული იდეა გაუჩნდა და ოჯახმა პლასტიკურ ქირურგს მიაკითხა, გულწრფელად სჯეროდათ, რომ გარეგნობის შეცვლით პოლიციის დევნას თავს დააღწევდნენ. ბარკერებმა ქირურგ ჯოზეფ მორანს მიმართეს, რომელიც წყალწაღებული ლოთი და ნარკომანი აღმოჩნდა და ეს პირველ რიგში ფრედიმ იწვნია, თუმცა არც პასუხმა დააყოვნა და მორანი ქირურგის კარიერასთან ერთად სიცოცხლესაც დაემშვიდობა. დასახიჩრებული ფრედი მზრუნველმა დედილომ ნაკლებად დასახლებულ ფლორიდის შტატში გადაიყვანა, არტური კი ჩიკაგოში გაუშვა ბედის საძიებლად. სწორედ ჩიკაგოში ანონიმი ინფორმატორის დასმენით შეიპყრეს ბარკერი ფედერალური ბიუროს აგენტებმა, მის ბინაში კი რუკას მიაგნეს დედილოსა და ფრედის სამალავის მინიშნებით. ამგვარ წარმატებაზე სამართალდამცავები არც კი ოცნებობდნენ და ბანდის ლიკვიდაციის გეგმის გულდასმით შემუშავების შემდეგ ფლორიდისკენ დაიძრნენ.
1935 წლის 16 იანვარს ფედერალური ბიუროს აგენტებმა დედილოს სახლი ალყაში მოაქციეს და მას ნებით ჩაბარება ურჩიეს, რაზეც უარი მიიღეს. მეტიც, ბარკერებმა ცეცხლი გაუხსნეს სამართალდამცავებს და, რა თქმა უნდა, საკადრისი პასუხიც მიიღეს. ორმხრივი სროლა რამდენიმე საათი გაგრძელდა, სახლში შესულ აგენტებს კი მკვდარი დედილო ბარკერი და ფრედი დახვდათ. ვერ გადარჩნენ ვერც დანარჩენი ბარკერები. არტური ალკატრასის ციხიდან გაქცევისას ემსხვერპლა დაცვის თანამშრომელს, ლოუდი კი ოცწლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ, 1947 წელს გათავისუფლდა და იქორწინა კიდეც, თუმცა ორ წელიწადში ცოლმა გამოასალმა სიცოცხლეს.

ასე დასრულდა ბარკერების ბიჭების ისტორია, რომელთაც მართალია, დიდი ქონება დააგროვეს, მაგრამ ვერ შეძლეს მისი საკუთარი სიამოვნებისთვის დახარჯვა, რადგან როგორც ფედერალური ბიუროს ერთ-ერთმა აგენტმა აღნიშნა, ბარკერები ცოდვისა და ძალადობის მორევში ჩაიძირნენ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით