მამელუკი - კვირის პალიტრა

მამელუკი

უიარაღო (კონდრატე თათარიშვილი)

(დასაწყისი  "კვირის პალიტრა" #19-@23)

უდაბურ ტყეში ორი ღვთისპირისაგან გადავარდნილი ყაჩაღი, ქუჩუია და თენგიზი შეხვდნენ ერთმანეთს. თენგიზმა ჩუმადო, ანიშნა მოსულს და ხელი მუხის ფუღუროსკენ გაიშვირა, სადაც დაღლილ-დაქანცულ ხვიჩას ჩასძინებოდა. ამფსონები მუხის ქვეშ ჩამოსხდნენ და მოტაცებული ბავშვის მყიდველამდე მისასვლელი უსაფრთხო გზების რჩევას შეუდგნენ, რადგანაც მეფე სოლომონს თურმე ისე გაუმაგრებია გზა-სავალი ყოველი მხრიდან, ჭაობებითღა თუ გააღწევდნენ სამშვიდობოს... გეგმა რომ დააწყვეს, იმედიანად დაშორდნენ ერთმანეთს და ალბათ ვერც კი წარმოიდგენდნენ, რა სიძნელეებს შეუქმნიდა საავკაცოდ დაგეშილთ იმ მხარეში ყველასთვის საპატივცემლო მღვდელი მარკოზ დაბაძე

მღვდელი მარკოზი უსამართლობის მამხილებლად, ჩაგრულის მფარველად, ძმობისა და ერთობის მქადაგებლად გამოდიოდა მუდამ. სასტიკად გმობდა და წყევლა-კრულვას უთვლიდა ტყვეთა გამყიდველებს. ვინ იცის, რამდენი ტყვე დაუხსნია სტამბოლში გასაგზავნად გამზადებული! დაბალი ხალხი მარკოზ ხუცესს აღმერთებდა. დიდებულებს, თუმცა არ უყვარდათ, მაგრამ მის უანგარობას, კაცთმოყვარეობას და სიმტკიცეს ძალაუნებურად პატივსა სცემდნენ...

მაგრამ აი, თითქოს ბედმა გაუღიმა ბედკრულ საქართველოს. როგორც საშინელი ჭექა-ქუხილის და წამლეკ ნიაღვრის შემდეგ გამოიდარებს ხოლმე, ბრწყინვალე მზე მოღიმარ სხივებს ისვრის და მილეკილ-მოლეკილ მიდამოს ხელახლა აღორძინების იმედს ჩაუსახავს, ისე გაოხრებულ-დაუძლურებულ აღმოსავლეთ საქართველოს ამ დროს მოევლინა იმედი, სახელოვანი გმირი, პატარა კახი, მეფე ერეკლე. ერეკლეს ელვარე ხმალი ისე საგრძნობლად გაუმასპინძლდა სულ მტრად გარს მომდგარ თურქ-სპარს-ლეკ-ყიზილბაშებს, რომ ისინი არა თუ გარეკა საქართველოდან, თავიანთ სახლშიაც შიშისაგან ააძაგძაგა.

1752 წ. მეფე ერეკლემ ათას-ხუთასი კაცით საშინლად დაამარცხა ერევნის ახლო მის წინააღმდეგ ათჯერ უფრო მეტი ჯარით და ზარბაზნებით გამოსული სპარსეთის ტახტის მაძიებელი აზატ-ხანი. ამ გამარჯვებით თავისი ხმალი და ჯარი ახალი შარავანდედით შემოსა და მთელ აზიას დაანახვა, რომ შაჰ-აბაზისაგან აოხრებული და სასიკვდილოდ განმზადებული საქართველო უკვე მოღონიერებული და წელში გამაგრებული, კვლავ აპირებს სიცოცხლის განგრძობასაო.

ამავე დროს ბედმა თითქოს დასავლეთ საქართველოსაც გაუღიმა. სწორედ იმავე წელს, რა წელსაც მეფე ერეკლემ აზატ-ხანზე ასე ბრწყინვალედ გაიმარჯვა, იმერეთში გამეფდა სოლომონ პირველი, მრავალგვარი სიკეთით და სათნოებით აღჭურვილი. ის დაემოყვრა სამეგრელოს მთავარს ოტია დადიანს, დაიმორჩილა ურჩი და თავგასული თავადები.

ზოგი მათგანი დასაჯა, ზოგი გააძევა, ზოგს მოეფერა, სასტიკი ბრძანება გასცა ტყვეთა გაყიდვის წინააღმდეგ. ბრძოლაში რამდენჯერმე საგრძნობლად დაამარცხა ოსმალები და თუმცა სრულებით მათი გაძევება ყველა ციხე-სიმაგრეებიდან ვერ მოახერხა, მაგრამ მათი პარპაში და ბატონობა ძლიერ შეამცირა. საერთოდ მთელი იმერეთის მხარე გამოაფხიზლა, გამოაცოცხლა და განახლების გზაზე დააყენა.

KvirisPalitra.Geსაქმის ასე მოგვარება ვის უნდა გახარებოდა, თუ არ მღვდელ მარკოზ დაბაძეს. ჯერ როცა ერეკლე მეფის გმირობის სახელი გავარდა, მღვდელი მარკოზი სიხარულით ცას ეწია, უსურვა მტრებზე გამარჯვება და დღედაღამ მის საკეთილდღეოდ ლოცულობდა. მაგრამ, როცა იმერეთის მხარესაც მოევლინა ღირსეული მეფე სოლომონი, მღვდელ დაბაძეს გულმა ვერ მოუთმინა და სიხარულით აღსავსემ თვით მეფეს გუმანი მიართვა; მიულოცა მეფობა, აუწერა იმერეთის საშინელი მდგომარეობა და იმედი გამოსთქვა, რომ აღმოსავლეთით ერეკლე და დასავლეთით სოლომონი ერთმანეთს მხარიმხარს მისცემენ და ამჟამად დაუძლურებულ საქართველოს ისევ ძველ ღირსებას და სახელს აღუდგენენო.

მეფე სოლომონს წინეთაც გაგონილი ჰქონდა მღვდელი დაბაძის ამბავი და ახლა მის მიერ გამოგზავნილმა გუმანმა ძლიერ ასიამოვნა, მით უფრო, რომ, საუბედუროდ, მაშინდელი სამღვდელოება გონებრივადაც და ზნეობრივადაც სახარბიელო არ იყო. თვით მღვდელმთავრებიც ერივნენ სტამბოლში ტყვეთა გაყიდვის საქმეში და ადვილი წარმოსადგენია, დაბალი სამღვდელოება რაღა იქნებოდა.

მეფემ სახლთხუცესს უბრძანა, მადლობის ბარათი მიეწერა მღვდელ მარკოზ დაბაძისათვის, გაემხნევებინა, აღეთქვა მფარველობა და საჩუქრად გაეგზავნა ერთი კაი მაუდის კაბა და ქალაქიდან მოტანილი თბილი ყელიანი ჩუსტები.

ამ ამბავმა მღვდელი მარკოზი და მისი მომხრე საწყალი, გაჭირვებული ხალხი ძლიერ გაამხნევა და გაახარა, მაგრამ მისი მტრები, ტყვეთა ყიდვა-გაყიდვის მოტრფიალე თავადები და მათი დამქაშები ძლიერ შეაშფოთა და მარკოზ ხუცესის წინააღმდეგ შურითა და მტრობით აღავსო.

პირადად შეხვედრის დროს ძალაუნებურად ანგარიშს უწევდნენ მაღალი მფარველობის ქვეშ მყოფ ხუცესს, პატივით ეპყრობოდნენ, ეფერებოდნენ და თითქოს თანაუგრძნობდნენ. მღვდელი მარკოზი კარგად იცნობდა ყველას და თავის არჩეულ გზას მტკიცედ ადგა. არც არავის ქება-დიდება ასხამდა თავბრუს და არც არავის მტრობა-მუქარის ეშინოდა.

- მარიკა! - დაუძახა მღვდელმა მარკოზმა ცოლს.

- რა გინდა, - მოისმა სახლიდან ხმა.

- ე მანდ რას აკეთებ?

- ბეჩა, როდის მნახე უსაქმოდ მჯდარი. საჩოხე მატყლს ვწეწავ. განა ვერ დაინახე, რომ პაჭიჭები სულ მთლად გაგცვეთია?

მღვდელმა პაჭიჭებზე დაიხედა. მართლაც, ერთიც და მეორეც რამდენიმე ალაგას ამოგლეჯილიყო. მარკოზს სრულებით არ შეუმჩნევია პაჭიჭების გაცვეთა და თუ შეამჩნია, ყურადღება არ მიუქცევია. მუდამ სხვადასხვა ფიქრებში და მუშაობაში გართულ მღვდელს სად ეცალა პაჭიჭებისათვის.

- კაი დაგემართოს, კაი ფიქრი შენ მოგსვლია, - კმაყოფილებით მიუგო მღვდელმა. - მაშ სამარიობოდ ახალი პაჭიჭები მექნება! ლერწამისა სად არის?

- წყალზე წავიდა.

- ჰო, კარგი! მაშ იცი, რა გითხრა, ერთი გაისარჯე და ეფუთი მომიძებნე, მინდა შევიტყო, რა ხნისაა დღეს მთვარე, ამ დღეებში ხეხილის დამყნობას ვაპირობ.

რამდენიმე ხნის შემდეგ კარებში გამოჩნდა სანდომიანი სახის ტანდაბალი მოხუცი დედაკაცი. ერთ ხელში მატყლის ფანტელი ეჭირა, ხოლო მეორეში კარგა მოზრდილი, შავ ყდაში ჩასმული წიგნი. წიგნი მღვდელს მიაწოდა და ისევ თავის საქმეს მიუბრუნდა.

მღვდელმა წიგნი გადაშალ-გადმოშალა: - იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი... - წარმოსთქვა მან, - ნიადაგი და თვის თავი, ზედნადები ოცდასამი... ოთხი, ხუთი, ექვსი, შვიდი...

- შენდობა მოძღვარს, - გაისმა ამ დროს ხმა და მის წინ მხარზე მოკლე თოფგადაკიდებული გლეხი გამოჩნდა.

- თედორიკა, რა ამბავია, შვილო, ხომ არა გიჭირს რა? - ჩვეულებრივ ტკბილად მიეგება მღვდელი.

ახალ მოსულმა მღვდლისაგან ლოცვა-კურთხევა აიღო.

- არა, მამაო! - ცოტა არეულად მიუგო თედორიკამ. - სასახლიდან გამომგზავნეს. ქალბატონი როდამი უქეიფოდ გახლავთ და გთხოვეს... საზიარებლად მობრძანდითო.

- ჰა, ბიჭო, ქალბატონს რა დამართნია? იქით კვირას წირვაზე ბრძანდებოდა და ისე ყოჩაღად იყო, რომ...

- იქით კვირას კი არა, დღეს დილითაც კარგად გახლდათ და მერე უცბად ცუდი გული შეექმნა.

- ბატონი გიორგი შინ ბრძანდება?

- არ გახლავთ, მამაო, ჯუმათში წაბრძანდა.

- ოო... - გაჭიანურებით წარმოსთქვა ხუცესმა და თოვლივით თეთრ და გრძელ წვერზე ხელი მოისვა.

- კარგი, კარგი, შვილო! წავიდეთ, წავიდეთ! - მიუგო მღვდელმა, წიგნი დაკეცა და წასასვლელად მზადებას შეუდგა.

- ჯორი მოგიძებნო, მამაო? - დაეკითხა თედორიკა.

- არა, შვილო, არა ფეხითაც ავირბენ, მაგის მოძებნა-შეკაზმვაში ბევრი დრო წავა, ხვალ კვირაა, წირვა-ლოცვა მიჭირს, - აუჩქარებლად მიუგო მღვდელმა მარკოზმა, სიწმინდის კოლოფი გულზე გადიკიდა და თედორიკას გაჰყვა.

* * *

ნიგოითის ერთ-ერთ, ზამთარ-ზაფხულ ამწვანებულ სერზე, თავადი გიორგი ჭორიშვილის სამოსახლო იყო გამოჭიმული. თავადის ეზოს ორასამდე ქცევა ადგილი ეჭირა. ეზოს ერთ მხრივ, საუკეთესო, სწორე და ამაღლებულ ალაგას იდგა ყავრით დახურული დიდი ოდა - ბატონების საცხოვრებელი და მახლობელი სტუმრების მისაღები. იქვე მახლობლად იდგა მეორე პატარა ოდა, საზოგადო სასტუმრო. იქვე ცოტა მოშორებით სხვადასხვა ზომის, - ზოგი ფიცრული და ზოგიც დაფაცხული: ისლით დახურული შენობა სამზარეულო, საჯინიბო, საბაზიერო და სხვა. ეზოს მეორე მხრივ დაბლობზე, წყაროს პირას, ოციოდ პატარა სახლები და ფაცხები იყო გაფანტული. იქ მოჯალაბეთა მოსახლეობა იდგა.

მზე უკვე ჩადიოდა, როცა მღვდელი მარკოზი თედორიკას თანხლებით თავადის ეზოში შევიდა. მას მოეგება თავადის ვაჟიშვილი ალექსანდრე და თავაზიანად სახლში შეიპატიჟა, მაგრამ მღვდელმა მარკოზმა ერთი შეხედვითვე შეატყო, რომ მისი მოსვლა ბატონიშვილს არ ესიამოვნა, ძლიერაც ეწყინა.

მღვდელმა მარკოზმა თავადიშვილს პირდაპირ თვალებში შეხედა და თითქოს ანიშნა: რა ვქნათ, შვილო, ეტყობა, არა გსურდა ჩემი აქ მოსვლა, მაგრამ მე მაინც, ეს არის გეახელიო.

- რა დაემართა, ნეტავი ქალბატონს? ძლიერ საწყენად დამირჩა, - მიებოდიშა მღვდელი მარკოზი თავად ალექსანდრეს, - ქრისტე მეუფეს ვთხოვ მის ჩქარა განკურნებას.

- გმადლობთ, მამაო, - ზრდილობიანად მიუგო თავადიშვილმა, - რაღაც უქეიფოდ გახდა დღეს, არ ვიცი, აწყინა რამემ, თუ გაცივდა.

გაუბედავი კილო თავადიშვილისა ძალაუნებურად ეჭვს უბადებდა მღვდელს, რომ არც ერთი მიზეზი სწორი არ იყო.

- რა აწყენდა, ბატონიშვილო, ან სად გაცივდებოდა? - სიცილით მიუგო ხუცესმა, - მე შენ გეტყვი და ცივი ღომით საუზმობს, ან კოკით წყალს ეზიდება.

თავად ალექსანდრეს ბრაზით ფერი ეცვალა, მაგრამ თავი შეიკავა, იცოდა მღვდელი მარკოზის მოურიდებლობა ლაპარაკის დროს და ღიმილითვე მიუგო:

- ეხ, მამაო, ცივი ღომის მჭამელი და კოკით წყლის მზიდავი ხშირად უფრო ჯანსაღია, ვიდრე ფუფუნებაში გაზრდილი...

- ეს სწორედ ჭეშმარიტი ბრძანებაა, - კმაყოფილებით მოუსწრო ხუცესმა, - ღმერთი წონა-სამართალია! ღარიბი და დაჩაგრული კაცის ერთადერთი ნუგეში მისი ჯანმრთელობაა, შრომა-გარჯით და ზომიერი ცხოვრებით მოპოებული. გამჩენს ასე განუწესებია.

- სიმართლე რომ ვსთქვათ, მამაო, დედაჩემი, თუმცა ფუფუნებით გაზრდილი ადამიანია, მაგრამ ძლიერ გამრჯელია. დილიდან საღამომდე არ ისვენებს და ხშირად ისეთ საქმეებში ერევა, რაც მას სრულებით არ შეეხება...

- ვიცი, ვიცი, შვილო! განა არ ვიცი! ვიხუმრე, თორემ ქალბატონ როდამს მარტო დღეს ვიცნობ? შენ ქვეყანაზე არც კი არსებობდი, როცა მე მას ვიცნობდი. ჯვარი მე არ დავწერე?.. როგორ მიბრძანებთ, პირდაპირ შეიძლება შევიდეთ?

- უკაცრავად, მამაო, მაგრამ ცოტა უნდა დავიცადოთ, მგონი. ახლახან ჩაეძინა...

- რა საბოდიშოა, შვილო! - გააწყვეტინა ხუცესმა, - იყოსმცა მისთვის ძილი განმკურნებელი. მე მანამდე აქ დერეფანში ჩამოვჯდები. ჯდომას და აქედან ყურებას რა ჯობია. იფ, რა მშვენიერებაა! მთელი რაიონის დავაკება, გაღმა-გამოღმა და თითქმის მთელი ოდიში ხელისგულივით მოსჩანს. ახ, ცხონებულ ბაბუაშენმა ქაიხოსრომ აირჩია ეს ადგილი სამოსახლოდ... რა წყალი, რა ჰავა! გურიაში ამის ბადალი ალაგი მეორე არ მოიძებნება.

მღვდელი დერეფანში გრძელ სკამზე ჩამოჯდა, თავადი ალექსანდრეც შორიახლო მოუჯდა.

ცოტა ხანს სიჩუმე სუფევდა.

ორთავენი ცოტა უხერხულად გრძნობდნენ თავს. მღვდელი ატყობდა, რომ თავადიშვილს მასთან დარჩენა არ უნდოდა, მაგრამ ზრდილობის გულისათვის არ მიდიოდა და თვითონ ხუცესს კი - წადი, მომშორდი, ვერ ეთქვა...

ბოლოს სიჩუმე ისევ თავადმა ალექსანდრემ დაარღვია.

- რას ამბობს, მამაო, შენი ეფუთი? როგორი წელიწადი იქნებაო, როგორი მოსავალი, როგორი სიმრთელე?

- ჰო! - ჩაახველა ხუცესმა. - ეფუთი რაღათ გვინდა, შვილო, - აუჩქარებლად, მაგრამ ჩვეულებრივ მტკიცედ მიუგო მღვდელმა მარკოზმა, - როცა უეფუთ-უკარაბადინოდაც ჩვენი ცხოვრება და მისი ბედ-იღბალი დღესავით ნათელია! თვალით ვხედავთ, ყურით გვესმის, რაც ხდება ირგვლივ. გული კი სწუხს და შფოთავს. მოსავალი კარგი საიდან იქნება, თავადიშვილო, როცა მხვნელ-მთესველი შიშით თავისუფლად ვერ გამოსულა სამუშაოდ. სიმრთელეს ვინ მიანიჭებს შიმშილით კუჭ გამხმარ ხალხს.

ან ეს მიბრძანეთ, თვით ხალხი სად არის? სად არის ხალხი? ან სად იქნება, როცა ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ძენი და ასულნი ასობით და ათასობით, შავ ზღვას გაღმა ბატკნებივით და თიკნებივით იყიდებიან. ჭეშმარიტად დიდია სულგრძელობა უფლისა, თორემ, საკვირველია, რატომ ამდენხანს არ მოგვივლინა როგორც საღმრთო წერილში წერია: “ცეცხლი და წუმწუმა და სული ნიავ-ქარისა” და სრულებით არ აღგავა პირისაგან ქვეყნისა ჩვენი ცოდვილი კუთხე. მე მიკვირს, რატომ ზღვად და პალეასტომად არ გადიქცევა მთლად ჩვენი ქვეყანა, საცა ამდენი შესაზარი უსამართლობა მომხდარა და კიდეც ხდება, საცა...

მეფე სოლომონმა ტყვეთა სყიდვა აკრძალა

იმერეთის მეფეს სოლომონ I-ს საქართველოსთვის უმძიმეს ჟამს მოუხდა სამეფო ტახტზე დაბრძანება. ოსმალოთა საუკუნოვანი ბატონობა, შიდა აშლილობა და ქიშპი, ტახტის მაძიებელთა ინტრიგები, გადასახადებისგან შევიწროებული გლეხობის დრტვინვა და სამარცხვინო, მანკიერი ტყვეთა სყიდვა ძირს უთხრიდა ისედაც დასუსტებულ სამეფოს. სოლომონის გამეფებას დიდად ეწინააღმდეგებოდნენ რაჭის ერისთავი, აბაშიძეები, გურიელები. სოლომონმა ცოლად ოდიშის მთავრის და, მარიამი შეირთო და ძლიერი მოკავშირე შეიძინა.

ნელ-ნელა ურჩ თავადებს ტახტის ერთგულების ფიცი დაადებინა და საქვეყნო საქმეებისთვისაც მოიცალა - გლეხობის დიდი ნაწილი გადასახადებისგან გაათავისუფლა, მებატონეებს ყმების გაყიდვა აუკრძალა, ეკლესიასთან ურთიერთობა განამტკიცა და ოსმალოელთათვისაც მოიცალა - კატეგორიულად აკრძალა ტყვეებით ვაჭრობა, რითაც მეტად გააღიზიანა ოსმალოები და მათი მომხრე ადგილობრივი თავადები, განსაკუთრებით რაჭის ერისთავი როსტომი და ლევან აბაშიძე.

1757 წლის 14 დეკემბერს ხრესილის ველზე პირისპირ დადგნენ ოსმალთა რჩეული ძალები და სოლომონ I, ოდიშის, სამურზაყანოს, გურიის მთავრები, იმერეთის თავადაზნაურობა და გლეხობა... წინააღმდეგობას გადაჩვეული ოსმალეთი, ხრესილის მარცხის შემდეგ რამდენჯერმე შემოესია იმერეთს დასარბევად ახალციხის სახანოდან, მაგრამ ტყვეთა ვაჭრობის მანკიერი ტრადიცია უკვე წელში იყო გატეხილი...

იმავე, 1757 წელს, ქართლის მეფის თეიმურაზ II-ს მოწოდებით, იმერეთის მეფეს ლეკიანობის წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობა მიუღია ერეკლე II-სთან ერთად.