ჯაშუშობის ბრალდებით დახვრეტილი პრიმადონა - კვირის პალიტრა

ჯაშუშობის ბრალდებით დახვრეტილი პრიმადონა

"მე ვცხოვრობდი ხელოვნებისთვის, მე ვცხოვრობდი სიყვარულისთვის, რატომ, რატომ, ღმერთო?!" - ეს თბილისის ოპერის პოლონელი პრიმადონას საოპერო არიაში ნამღერი სიტყვებია. ჯაკომო პუჩინის ოპერა "ტოსკას" მთავარი გმირი ქალის, ფლორია ტოსკას ცნობილმა არიამ "Vissi d'arte" მისი კარიერის აღმაფრენა და სიცოცხლის დასასრული განაპირობა.

ამელია ბაქტერიოლოგ გიორგი ელიავას მეუღლე იყო. ის 1937 წელს მეუღლესთან ერთად დააპატიმრეს და 7 დეკემბერს დახვრიტეს. დახვრეტის მიზეზი ქმრის მსგავსად ჯაშუშობის ბრალდება გახდა. მომღერალი პოლონეთში დაიბადა, ებრაელ გოგონას წარმომავლობის გამო ვარშავაშივე უქმნიდა რეჟიმი პრობლემებს - მედალი წარჩინებული სწავლისთვის არ გადასცეს. ამელიამ ფარ-ხმალი არ დაყარა, თავი ხელოვნებას მიუძღვნა და ოპერის მომღერლობა გადაწყვიტა. მაშინდელ ეპოქაში ოპერის არტისტები მაღალი რეპუტაციით ვერ სარგებლობდნენ. ამის გამო, მშობლებმა არჩევანის წინაშე დააყენეს - ხელოვნება ან ოჯახი. ოპერა არჩია და შინიდან წამოვიდა.

ქორწინება 18 წლით უფროს ნიკოლაი ლევიცკისთან

ნატალია დევდარიანი, ამელიას შვილიშვილი: - მისი პედაგოგი იყო ვოკალის ცნობილი პროფესორი, ნიკოლაი ლევიცკი. 18 წლით უფროსმა ლევიცკიმ ამელიას არაერთხელ სთხოვა ხელი, მაგრამ მომღერალი უარს ეუბნებოდა. მერე კი ერთად დაიწყეს ცხოვრება. იმის გამო, რომ ვოლ ლევიცკი პოლონელი კათოლიკე გახლდათ, ბებია კი ეროვნებით ებრაელი, მას არ უნდოდა თავის სარწმუნოებაზე უარის თქმა, თუმცა მაინც მიიღო ეს გადაწყვეტილება. დაქორწინდნენ და ქალიშვილი განა გაუჩნდათ. მალევე დაიწყო პირველი მსოფლიო ომი. ლევიცკი ოჯახთან ერთად, ამელიას დასთან კიევში გადავიდა. ამელიას ვერ წარმოედგინა უსცენოდ ყოფნა და უკრაინაშიც მოინდომა სიმღერის გაგრძელება.

ქართულ-პოლონური სიყვარული

მზია ჯაფარიძე, მუსიკათმცოდნე, ჟურნალ "მუსიკის" რედაქტორი: - სწორედ კიევში, ერთ-ერთ სპექტაკლზე ნახა თბილისიდან ჩასულმა იმპრესარიომ, ძალიან მოეწონა და ამელია ტიფლისის ოპერაში მოიწვია. მაშინ მომღერალს უთქვამს, იმ პირობით წამოვალ, თუ საქართველოს კონსერვატორიაში ჩემს ქმარს პედაგოგად დანიშნავთო... ამელია თბილისში მცირეწლოვან შვილთან ერთად ჩამოვიდა. მაშინ არ იცოდა, რომ უცხო ქვეყანაში დროებით ჩამოსული, მთელ ცხოვრებას საქართველოს დაუკავშირებდა. მან ქართული ოპერის პრიმადონას სტატუსიც მალევე მოიპოვა. ერთი წლის შემდეგ მისი მეუღლე თბილისის კონსერვატორიაში პედაგოგად დანიშნეს. მათ შორის თანდათან დიდი უფსკრული ჩნდებოდა. მიზეზი 18-წლიანი ასაკობრივი სხვაობა და განსხვავებული ხასიათი იყო. მერე ლევიცკის კონსერვატორიის სტუდენტი შეუყვარდა, ამელიას ცხოვრებაში კი გიორგი ელიავა გამოჩნდა...

ნატალია დევდარიანი: - ამელია და ოპერის მოლარე, გვარად დეკანოზიშვილი ძალიან დამეგობრდნენ, სწორედ მის ოჯახში შეხვდა გიორგი ელიავას. ამელიას ეშინოდა თბილისური ჭორების და სატრფოს მეგობრის თანდასწრებით ხვდებოდა. ელიავა დაჟინებით სთხოვდა ამელიას ქმართან განქორწინებას. ამისთვის ქალს ექვსი თვე მისცა - ის დრო, რაც საფრანგეთში მივლინებისთვის სჭირდებოდა. თუმცა მისმა რევოლუციურმა აღმოჩენებმა პარიზში ყოფნა ორი წლით გააგრძელა. თვეები გადიოდა, ამელიას გიორგი წერილებს საფრანგეთიდან აღარ სწერდა. ქალმა იფიქრა, რომ გიორგიმ მიატოვა, პოლონეთში დაბრუნება გადაწყვიტა და ამისთვის შვილთან ერთად ბათუმში ჩავიდა (ეს ის დროა, როცა პოლონელები სამშობლოს უბრუნდებიან). გემი დღე-დღეზე უნდა შემოსულიყო ბათუმის პორტში და ხალხის მორიგი ნაკადი ვარშავისაკენ წაეყვანა. ამ განრიგის გასაგებად მისულ ამელიას პორტში საფრანგეთიდან დაბრუნებული ელიავა შეხვდა. სწორედ მაშინ სთხოვა, დარჩენილიყო საქართველოში, დაბრუნებულიყვნენ თბილისში და ერთად ეცხოვრათ. ამელიას კი თბილისური საზოგადოებისათვის გამოსამშვიდობებელი საღამო ოპერაში უკვე ჩაეტარებინა, მაგრამ ის მაინც დარჩა და გიორგიზე იქორწინა...

მზია ჯაფარიძე: -"ელიავასთან ქორწინების შემდეგ ამელიამ კამერულ კონცერტში მიიღო მონაწილეობა. ფალიაშვილის ოპერა "აბესალომ და ეთერშიც" შეასრულა ეთერის პარტია. თვით ფალიაშვილის სახლში მიმდინარეობდა რეპეტიციებიო, - ასეთი გადმოცემაც არსებობს. ამელია არაჩვეულებრივი დიზაინერიც გახლდათ, წარმოდგენებისთვის თავად ქმნიდა კოსტიუმების ესკიზებს და ყოველთვის შეუდარებლად გამოიყურებოდა.

ნატალია დევდარიანი: -"ოჯახმა და მერე პოლიტიკამ პრიმადონა სცენას ჩამოაშორა. ჯერ გიორგი არ აძლევდა უფლებას, რომ თავისი გვარით გამოსულიყო, მერე კი ბოლშევიკების შემოსვლამ მაღალი წრე თითქმის გაანადგურა. მძიმე სიტუაციამ, დახვრეტებმა, რეპრესიებმა ოპერას ფუნქცია დაუკარგა. ამას საფრანგეთში მეცნიერ ელიავას ერთწლიანი მივლინებაც დაერთო და ასე ჩამოშორდა ამელია ოპერას."

"ხალხის მტრის ცოლი"

1937 წლის 22 იანვარს ამელია მეუღლესთან ერთად დააპატიმრეს - კომუნისტები გიორგი ელიავას საფრანგეთის ჯაშუშობასა და ეპიდემიის გავრცელების მცდელობაში ადანაშაულებდნენ. ამელიას გოგონა შუა აზიაში გადაასახლეს. განამ გადასახლებამდე თბილისის შინსახკომის ციხეში ერთი წელი გაატარა. სანამ ამელიას ქალიშვილის წერილი მისდიოდა საკანში, მშვიდად იყო, ეს ნიშნავდა, რომ განა ცოცხალია. როცა სხვისგან ამანათი მიუვიდა, დედის გულმა განსაცდელი იგრძნო და არც შემცდარა...

მანამდე დედა-შვილი ციხეში ერთმანეთს შეახვედრეს: რკინის მძიმე კარი გაიღო და განამ დედა დაინახა. იმ რამდენიმე დღეში ქალი ქმარ-შვილზე დარდს დაებერებინა, დაეჭკნო და გაეჭაღარავებინა. საკანში ღამე ერთად გაატარეს, განას ამელიამ თავისი ეჭვი გაანდო - მას საპირფარეშოში ქაღალდის ნაგლეჯი უპოვია, სადაც დასახვრეტთა შვიდკაციან სიაში ელიავას გვარიც ამოუკითხავს. განამ დედა თითქმის დაარწმუნა, რომ სიაში ჩამოთვლილებთან ელიავას საერთო არასოდეს ჰქონია, ალბათ, სხვა ელიავა არისო. გათენდა. ბადრაგმა ამელია საკნიდან გაიყვანა. მას შემდეგ ამელიას შვილი აღარ უნახავს.

"მე ვცხოვრობდი ხელოვნებისთვის, მე ვცხოვრობდი სიყვარულისთვის, რატომ, რატომ, ღმერთო?!" - ეს ტოსკას არიის ის ფრაზაა, რომელიც, ალბათ, გულში უკანასკნელად წარმოთქვა დიდმა პრიმადონამ, კითხვა უფლის ნაცვლად, ბოლშევიკებს ეკუთვნოდა... ამელიას ქალიშვილი, გიორგი ელიავას გერი განა, ყაზახეთის შორეულ გზას გაუყენეს. მას ბოლშევიკებმა მშობლები, საქმრო, მომავალი წაართვეს. ახალი ისტორიის წერას განა ყაზახეთში იწყებს...

თორნიკე ყაჯრიშვილი