ბათუმისა და ფოთის დაბომბვის გეგმა - რატომ ვერ განხორციელდა ფრანგულ-ბრიტანული ავიადარტყმა? - კვირის პალიტრა

ბათუმისა და ფოთის დაბომბვის გეგმა - რატომ ვერ განხორციელდა ფრანგულ-ბრიტანული ავიადარტყმა?

1940 წლის 5 აპრილი. პარასკევი. ნაშუადღევი. ბათუმში გაზაფხულის მშვენიერი, თბილი ამინდი დგას. ბულვარში დილიდანვე ხალხმრავლობა შეიმჩნევა, განსაკუთრებით იტალიიდან ჩამოტანილ თეთრ კოლონადებთან, შადრევანთან...

ირგვლივ სიმშვიდე სუფევს. უცებ მყუდროებას თვითმფრინავის ხმა არღვევს: თურქეთის მხრიდან შემოსულმა ორმოტორიანმა "ლოქჰიდ სუპერ ელექტრა" ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ნური-გელის ტბას გადაუფრინა და გზა ფოთისკენ გააგრძელა. საზენიტო არტილერია თვითმფრინავს ჭურვებს უშენს, მაგრამ ამაოდ... იმ დღესვე რადიომ გაავრცელა სსრ კავშირის შინაგან და საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატების ერთობლივი შეტყობინება თურქეთისადმი პროტესტის თაობაზე...

მაინც რა მოხდა ბათუმის ცაზე 1940 წლის 5 აპრილს?

როგორც ირკვევა, საბჭოთა კავშირ-გერმანიის ომის დაწყებამდე ერთი წლით ადრე საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ბათუმის, ფოთის და ბაქოს მასირებულ დაბომბვას და პრაქტიკულად, მათ მიწასთან გასწორებას გეგმავდნენ....

ბაქოს ნავთობი გერმანიას, ბათუმიდან...

1940 წლის 5 თებერვალს მესამე რაიხის საგარეო საქმეთა მინისტრი იოაჰიმ ფონ-რიბენტროპის მიერ იოსებ სტალინისადმი გაგზავნილ წერილში ნათქვამი იყო, რომ იმ დიდი დათმობების სანაცვლოდ, რაც გერმანიამ საბჭოთა კავშირს გაუკეთა 1939 წლის 23 აგვისტოს დადებული თავდაუსხმელობის შეთანხმების (ანუ მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის) საფუძველზე, ბერლინი მოსკოვისაგან ნავთობის სწრაფ და დიდი მოცულობით მიწოდებას ითხოვდა. ეს ის დროა, როცა გერმანია საფრანგეთთან და დიდ ბრიტანეთთან საომარი მოქმედებების დასაწყებად ემზადება.

ბერლინის თხოვნის საპასუხოდ, 1940 წლის 11 თებერვალს შესაბამისი შეთანხმება გაფორმდა, რომელმაც ძალიან შეაშფოთა საფრანგეთისა და ბრიტანეთის ოფიციალური წრეები.

საქმე იქამდე მივიდა, რომ პარიზმა და ლონდონმა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ომის დაწყება არ გამორიცხეს. თუმცა სამხედრო სტრატეგოსებმა გადაწყვიტეს, რომ სანამ ომს ოფიციალურად გამოაცხადებდნენ, მანამ უფრო უმჯობესი იქნება სწრაფი დარტყმით, გაუფრთხილებლად, ავიაციით დაებომბათ საბჭოთა კავშირის სამხრეთ ნაწილში მდებარე სტრატეგიული ობიექტები, განსაკუთრებით ის რაიონები, სადაც ნავთობის მოპოვება, მისი გადამუშავება და ექსპორტი ხდებოდა, ანუ ბაქო, მაიკოპი, გროზნი, ბათუმი და ფოთი.

იმ დროისათვის სრული დატვირთვით მუშაობდნენ ბაქო-ბათუმის ნავთობსადენი, ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, აგრეთვე ბათუმისა და ფოთის ნავსადგურები, საიდანაც ნავთობპროდუქტების ექსპორტი ხდებოდა.

რასაკვირველია, ამ მიზნის განსახორციელებლად ადგილმდებარეობის დაზვერვა და გეგმის შედგენა იყო აუცილებელი.

"ლოქჰიდ სუპერ ელექტრას" ეკიპაჟის მისია 1940 წლის 30 მარტს დიდი ბრიტანეთის მიერ კონტროლირებული ერაყის "ჰაბანიას" ავიაბაზაზე ლონდონიდან გამოფრენილი სამოქალაქო ორმოტორიანი თვითმფრინავი "ლოკჰიდ სუპერ ელექტრა" დაეშვა, რომლის ეკიპაჟს ჰიუ მაკფეილი მეთაურობდა. ეკიპაჟის წევრებს სამოქალაქო ფორმა ეცვათ, ჰქონდათ პასპორტები, რათა იძულებითი დაშვების შემთხვევაში ეჭვი არავის გასჩენოდა. თვითმფრინავი აღჭურვილი იყო ავიაგადაღებისთვის საჭირო სამი მძლავრი ფოტოაპარატით. 31 მარტს თვითმფრინავის ეკიპაჟმა, ირანის ტერიტორიის გავლით, სსრ კავშირის საჰაერო სივრცე დაარღვია, ბაქოს ნავთობსარეწები გადაიღო და უკან, "ჰაბანიას" ბაზაზე დაბრუნდა.

ეს ფაქტი მოსკოვისათვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა და იმავე დღეს საბჭოთა სასაზღვრო კომისარმა პროტესტი განუცხადა თავის ირანელ კოლეგას, "ირანის თვითმფრინავის მიერ საზღვრის დარღვევის გამო". როგორც ჩანს, მომხდარი საბჭოთა მეზენიტეებისათვის იმდენად მოულოდნელი იყო, რომ მათ ან ცეცხლის გახსნა ვერ მოასწრეს, ან პირველ ეტაპზე ირანისათვის მხოლოდ პროტესტის გამოცხადება ჩათვალეს საკმარისად. ცხადია, მათ წარმოდგენა არ ჰქონდათ, რომ საბჭოთა საზღვრის დამრღვევი თვითმფრინავი დიდ ბრიტანეთს ეკუთვნოდა...

1940 წლის 5 აპრილს "სუპერ ელექტრა" კვლავ აფრინდა და გეზი თურქეთისაკენ აიღო, იქიდან კი ისევ საბჭოთა საზღვრისაკენ. ამჯერად ეკიპაჟის მიზანს შეადგენდა როგორც ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის, ასევე ბათუმისა და ფოთის ნავსადგურების რეკონგოსცირება...

აი, როგორი ცნობა გაიგზავნა თბილისიდან სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატში: "მიმდინარე წლის 5 აპრილს, 11 საათსა და 15 წუთზე, სოფელ სარფის რაიონში (ბათუმიდან სამხრეთ-დასავლეთით, 14 კმ-ის დაშორებით), ორი ათასი მეტრ სიმაღლეზე საბჭოთა კავშირის საზღვარი დაარღვია თურქეთიდან გადმოფრენილმა ვერცხლისფრად შეღებილმა ორძრავიანმა თვითმფრინავმა, რომელსაც არანაირი ამოსაცნობი ნიშნები არ ჰქონდა. თვითმფრინავი ბათუმის კურსით მიდიოდა.

11 საათსა და 22 წუთზე თვითმფრინავმა გადაუფრინა ბათუმის გარეუბანში მდებარე ნური-გელის ტბას და ნავთობგადამამაუშავებელ ქარხანას. ამ მომენტში თვითმფრინავის მისამართით, საზენიტო ქვემეხების მეშვეობით, ოთხი საარტილერიო გასროლა მოხდა, თუმცა მან კურსი ფოთისაკენ განაგრძო. მეორედ, უკან გამოფრენისას, თვითმფრინავს 30 ჭურვი ესროლეს, მაგრამ მან კურსი აღმოსავლეთისაკენ აიღო და მთების მიღმა მიიმალა. მოგვიანებით თვითმფრინავი საბჭოთა მესაზღვრეებმა მდინარე აჭარისწყლის მაღლა შენიშნეს, სასაზღვრო სოფელ ოღლაურთან, შემდეგ თურქეთის ტერიტორიაზე გადაფრინდა. საბჭოთა მხარემ თურქ სასაზღვრო კომისარს პროტესტი განუცხადა. კორპუსის მეთაური მასლენიკოვი".

ინგლისელებმა ბაქოს, ბათუმისა და ფოთის ფოტოსურათები ფრანგებსაც გაუზიარეს. 16 აპრილს "სუპერ ელექტრას" ეკიპაჟი ლონდონში დაბრუნდა.

ამ მოვლენებს კი წინ მაღალი დონის მზადება უძღოდა - მთავრობის ძალისხმევა და სამხედრო-დიპლომატიური მოლაპარაკებები.

ბათუმისა და ფოთის განადგურების გეგმა

საბჭოთა კავშირ-ფინეთის ომმა კიდევ უფრო გაამწვავა ისედაც გართულებული მოსკოვ-ლონდონის ურთიერთობა. დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის გენერალურმა შტატებმა სერიოზულად დაიწყეს საბჭოთა კავშირისადმი "მოულოდნელი, ნოკაუტირებადი ავიადარტყმისათვის" მზადება. ანკარაში ბრიტანელი გენერალი საიმონ ბატლერი ჩავიდა თურქეთთან მოსალაპარაკებლად (ანკარამ ლონდონთან 1939 წელს სამხედრო შეთანხმება გააფორმა). ინგლისის სამხედრო კაბინეტის სხდომაზე პირველად განიხილეს საავიაციო დარტყმის შესაძლებლობა. ბრიტანეთს არც საფრანგეთი ჩამორჩა. 1940 წლის 28 თებერვალს სამხედრო-საჰაერო შტაბში მომზადდა დოკუმენტი, რომელშიც გათვლილი იყო ის კონკრეტული ძალები და საშუალებები, რომლებიც საჭირო იქნებოდა ბაქოს, ბათუმისა და ფოთის ნავთობობიექტების განადგურებისათვის. პარიზმა და ლონდონმა მოლაპარაკება დაიწყეს ერთობლივი მოქმედებისათვის.

1940 წლის 8 მარტს დიდი ბრიტანეთის შტაბების კომიტეტმა მთავრობას წარუდგინა დოკუმენტი სახელწოდებით "რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სამხედრო მოქმედების სავარაუდო შედეგები 1940 წლისათვის". მასში ნათქვამი იყო, რომ "რუსეთის ეკონომიკის ფუნდამენტურ სისუსტეს წარმოადგენს მისი დამოკიდებულება კავკასიის ნავთობზე.

რუსეთის არმია ძირითადად ამ ნავთობით მარაგდება - 80-90%-ით. და თუ კავკასიის ნავთობსაბადოები და ქარხნები განადგურდება, ეს იქნება ეკონომიკისა და შესაბამისად, წითელი არმიის კრახიც". დოკუმენტში მოცემული იყო დაბომბვის გეგმაც - ბომბდამშენი ავიაციის სამი ესკადრილიით, რომელიც განუწყვეტლივ, სამი კვირის განმავლობაში იფრენდა ირანიდან, ერაყიდან, სირიიდან და თურქეთიდან". რაც შეეხება სამხედრო საზღვაო ძალებს, ბრიტანელები არ გამორიცხავდნენ შავ ზღვაში ავიამზიდების შეყვანას და საზღვაო ავიაციით ბათუმის, ფოთისა და ტუაფსეს სანავსადგურო ობიექტების დაბომბვას. "რუსები დანგრეულ ობიექტებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ აღადგენენ", - აღნიშნული იყო დოკუმენტში. მასში ასევე ხაზგასმული იყო, რომ "დაბომბვა, რა თქმა უნდა, დიდ მსხვერპლს გამოიწვევს მშვიდობიან მოსახლეობაში".

1940 წლის აპრილში საფრანგეთის მთავარსარდლობის ბანაკში გაიმართა ფრანგულ-ბრიტანული საკოორდინაციო ჯგუფის სხდომა. ოქმში დაფიქსირებულია, რომ ფრანგები კავკასიის ნავთობრაიონების დასაბომბად "გლენ-მარტინის" ტიპის ბომბდამშენებს გამოიყენებდნენ, თანაც მხოლოდ ბათუმის მიმართულებით, ლევანტის ავიაბაზიდან. ბაქოს დასაბომბად, რადგანაც იქამდე შორი მანძილი იყო, დამატებითი ბენზოავზები იქნებოდა აუცილებელი, ამიტომ ეს საკითხი გადაუჭრელი დარჩა.

ბათუმის დაბომბვისას უნდა განადგურებულიყო ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, ნავთობსაცავები, ელექტროსადგური და ნავსადგურის ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით ნავთობის საექსპორტო ნაგებობები. "შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იდეალურ პირობებში, თუ მოწინააღმდეგის ავიაცია უმოქმედო იქნება, კარგი ამინდის დროს, "გლენ-მარტინების" ექვსი ჯგუფი ექვსი საბრძოლო გაფრენის დროს, 15 დღის განმავლობაში ბათუმის ობიექტებს მთლიანად გაანადგურებენ".

ამავე დროს დოკუმენტში ეჭვიცაა გამოთქმული: არაა გამორიცხული, რომ ბათუმის განადგურებული ქარხნის დანაკარგები სხვა ქარხნების სიმძლავრეების გაზრდით ანაზღაურდება". რაც შეეხება ფოთის ნავსადგურებს, იქ უნდა დაბომბილიყო საზღვაო ნავმისადგომები, ვაგზლები, რკინიგზის სადგური.

ამავე ოქმში დაფიქსირებულია საკითხის ბრიტანული ხედვა. ინგლისელების აზრით, ბათუმზე ავიაშეტევა ზღვის მხრიდან უნდა განხორციელებულიყო, საზღვაო ავიაციის მეშვეობით. დაბომბვა ექვსი დღე უნდა გაგრძელებულიყო. იყო განსხვავებული აზრიც: დაბომბვა განხორციელდებოდა მასირებულად დღისით და ღამით, ორი დღის განმავლობაში...

მოსკოვი თავდაცვისათვის ემზადებოდა...

გაიგო თუ არა საბჭოთა მთავრობამ ინგლის-საფრანგეთის გეგმების შესახებ? ცხადია, გაიგო. საბჭოთა მზვერავების ჯგუფი დიდ ბრიტანეთში (ე.წ. "კემბრიჯის ხუთეული") კარგად მუშაობდა. ჰოდა, მოსკოვმაც ზომები მიიღო - სწრაფად დაიწყო ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ავიაციის გაძლიერება, სადაც ბელორუსიის სამხედრო ოლქიდან გადმოსროლილი იქნა 35-ე ავიაგამანადგურებელი პოლკი, მოსკოვის სამხედრო ოლქიდან - 133-ე პოლკი, ასევე ციმბირიდანაც. აღსანიშნავია, რომ საბჭოთა სარდლობამ საიდუმლოდ შეიმუშავა პრევენციული დარტყმის გეგმა თურქეთისა და ირანის ტერიტორიაზე: იქაური აეროდრომები ექვს საბჭოთა შორეული ბომბდამშენების პოლკს უნდა გაენადგურებინა, რომლებიც ყირიმის, საქართველოსა და სომხეთის სსრ-ების აეროდრომებზე განლაგდნენ... წითელარმიელებისათვის კი თურქეთის ტერიტორიაზე სავარაუდო შეჭრის შემთხვევისათვის სპეციალური სამახსოვროები მომზადდა.(წყარო)

დაბომბვის გეგმა ვერ განხორციელდა

რა მიზეზების გამო ვერ განხორციელდა კავკასიის ნავთობრაიონების განადგურება ფრანგულ-ბრიტანული ავიაციის მიერ? რამ შეუშალა ხელი ბათუმის, ფოთისა და ბაქოს დაბომბვას და საერთოდ, მომავალი მოკავშირეების - "დიდი სამეულის" ერთმანეთთან შეტაკებას კავკასიაში?

მიზეზები ბევრია, მაგრამ მათგან ყველაზე მთავარი ისაა, რომ 1940 წლის 10 მაისს გერმანიის ვერმახტმა დასავლეთის ფრონტზე შეტევა დაიწყო, 15 მაისს კაპიტულაცია ჯერ ჰოლანდიამ გამოაცხადა, შემდეგ კი, 22 ივნისს, საფრანგეთმა. ნორვეგიაში დისლოცირებული დიდი ბრიტანეთის ავიაცია მესამე რეიხის "ლუფტვაფემ" თითქმის მთლიანად გაანადგურა, შესაბამისად, ბაქოსა და ბათუმის დასაბომბად გამზადებულ ბრიტანულ ავიაციას მიზნები შეეცვალა.

1940 წლის 13 ოქტომბერს იოაჰიმ ფონ რიბენტროპი იოსებ სტალინს წერდა: "საბჭოთა ნავთობცენტრი ბაქო და ბაქო-ბათუმის მილსადენი, უეჭველია, მიმდინარე წელს საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ავიაციის მსხვერპლი გახდებოდა, ჩვენ რომ საფრანგეთი არ გაგვენადგურებინა და ბრიტანეთი ევროპის კონტინენტიდან არ გაგვეძევებინა (იგულისხმება დიუნკერკის ევაკუაცია). ჩვენმა გამარჯვებებმა ბოლო მოუღეს ლონდონისა და პარიზის მაქინაციებს".

მესამე რაიხის საგარეო საქმეთა მინისტრი ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, მართალს ამბობს. ეს ის დროა, როცა ბერლინი და მოსკოვი ერთმანეთის "მოკავშირე-მეგობრები" არიან და გერმანიის მთავარი დიპლომატიც ოდნავ შემპარავად თუ ერთგვარი სიამაყით მიანიშნებს საბჭოთა ბელადს მესამე რეიხის ძლიერებაზე. არადა, გავა სულ რაღაც რვა თვე და ბათუმის, ფოთის, თბილისისა და ბაქოს დაბომბვის გეგმების შედგენას ახლა უკვე გერმანიის "ლუფტვაფეც" დაიწყებს.. თუმცა ეს უკვე სხვა ისტორიაა. წყარო

მთავარ ფოტოზე: თვითმფრინავ "ლოკჰიდ სუპერ ელექტრას" ეკიპაჟის მეთაური ჰიუ მაკ-ფეილი

მოამზადა სიმონ კილაძემ