საქართველოში ქრისტეს სამსჭვალი იპოვეს? - მნიშვნელოვანი აღმოჩენა წოდორეთში - კვირის პალიტრა

საქართველოში ქრისტეს სამსჭვალი იპოვეს? - მნიშვნელოვანი აღმოჩენა წოდორეთში

"ლეონტი მროველი წერს, რომ წმიდა ლურსმნები იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა ქართლის პირველ ქრისტიან მეფე მირიანს გამოუგზავნა"

"მცხეთის რაიონის სოფელი წოდორეთი, თბილისიდან 11 კმ-ში მდებარეობს. ეტიმოლოგიურად სახელწოდება ქრისტიანულია და "წმიდა სამყოფელს" ნიშნავს", -  გვეუბნება ისტორიის აკადემიური დოქტორი, ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებლისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, გიორგი ქავთარაძე და ახალ აღმოჩენაზეც გვიყვება:

- წოდორეთის შესახებ ცნობები შეკრიბა ექვთიმე თაყაიშვილმა ("საქართველოს სიძველენი"), ისტორიული საბუთებიდან ირკვევა, რომ შუა საუკუნეებში ეს ადგილი, თავისი ვენახებით, მეფის ფარეშთხუცესს ეკუთვნოდა. წოდორეთის ეკლესიის ნანგრევები პირველად XX საუკუნის 30-იან წლებში გერმანული წარმოშობის ქართველმა ხელოვნებათმცოდნე რენე შმერლინგმა აღწერა.

ელიას მთის ძირში შემორჩენილია ადრექრისტიანული პერიოდის ეკლესიის ნაშთი. ამ ადგილას ყოველ წელს აღინიშნება ელიაობა. ტაძრის შიდა ნაწილის გაწმენდის დროს აღმოჩნდა სამი წმიდა ლურსმანი და ქვის სტელა ჯვრის ბარელიეფით... ეკლესიის ნანგრევები მიწით არის დაფარული და ზედაპირული გაწმენდის დროს აღმოჩნდა. ეს ადგილი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

საჭიროა, რომ სპეციალისტებმა იმუშაონ. მე როგორც ისტორიკოსი და წოდორეთის მაცხოვრებელი, დაინტერესებული ვარ ამ ადგილის ისტორიით. ეს არის გეოგრაფიულად ძალიან დაცული და შენიღბული ადგილი. შემთხვევით ვნახე ეს წმიდა ლურსმნები ეკლესიის შიდა კედლებთან...

- რა იძელევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ ეს ნამდვილად წმინდა ლურსმნებია?

- მოვიძიე ამ ლურსმნების ანალოგები. ასეთი ლურსმნები ანტიკური რომის იმპერიის გავრცელების სივრცეში ბევრგან არის აღმოჩენილი. მაგალითად, ზალცბურგში ჰესენის მუზეუმში დაცულია რომის იმპერიის დროინდელი ლურსმნები. მოგეხსენებათ რომის იმპერიაში ჯვარზე გაკვრა იყო ერთ-ერთი სასჯელი და ასეთი ფორმის ლურსმნებს სწორედ მაშინ იყენებდნენ. მაგრამ საიდან აღმოჩნდა საქართველოში? წოდორეთის ეკლესიაში ეს ლურსმნები? ამაზე პასუხი რთული გასაცემია.

1. სამი ლურსმანი ადრექრისტიანული ტაძრის ნანგრევებში აღმოჩნდა უკვე მიუთითებს, რომ საქმე გვაქვს სიწმინდესთან;

2. ეს ლურსმნები არის ზედა მხრიდან ორნამენტირებული, ჯვრისებური ფორმის გამოსახულებით;

3. თუ ეს ლურსმნები არ არის წმიდა ლურსმნები, რომლითაც იესო ჯვარს აცვეს, მაშინ წოდორეთის ეკლესიაში მათ სიმბოლური მნიშვნელობით ინახავდნენ;

4. საქართველოში ქრისტიანობის ისტორია იწყება მცხეთაში კვართის მოტანით, წოდორეთი მცხეთის რაიონს ეკუთვნის და არ არის გამორიცხული საქართველოში ქრისტეს სამსჭვალის არსებობის ისტორიას უკავშირდებოდეს;

მეცნიერებაში უამრავი ჰიპოთეზა და მოსაზრება არსებობს "წმიდა ლურსმნების შესახებ", ძნელია ისტორიული ჭეშმარიტების დადგენა.

ვფიქრობ, ამ აღმოჩენას საქართველოს ისტორიისთვის, განსაკუთრებით ქართული ეკლესიისა და ქრისტიანობის ისტორიისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ისტორიული ტრადიციით ცნობილია, რომ საქართველოში არსებობდა ქრისტეს სამსჭვალი. ლეონტი მროველი "ქართლის ცხოვრებაში" აღნიშნავს, რომ წმიდა ლურსმნები ბიზანტიის პირველმა ქრისტიანმა იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა ქართლის პირველ ქრისტიან მეფე მირიანს გამოუგზავნა, ქართლის სამეფოში ქრისტიანული სარწმუნოების მყარად დამკვიდრების მიზნით. რა თქმა უნდა, ლეონტი მროველის ნარატივს სიმბლოლური მნიშვნელობა აქვს.

დღეს სიონის საკათედრო ტაძარში ინახება ერთი სამსჭვალი, თუმცა, როგორც ევროპის მასშტაბით, აქაც ამ ლურსმნების ავთენტურობა ძნელი დასადგენია. სიმბოლური, კულტურული, რელიგიური თვალსაზრისით კი, აქვს უდიდესი მნიშვნელობა საქართველოს როგორც ქრისტიანული ქვეყნის, ევროპული კულტურის სივრცის უძველესი ნაწილის კონტექსტში.

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)