როცა არქეოლოგებმა გათხრები დაიწყეს, მიწის ქვეშ სამნავიანი ტაძრის კედლები გამოჩნდა
24-12-2017
როცა არქეოლოგებმა გათხრები დაიწყეს, მიწის ქვეშ სამნავიანი ტაძრის კედლები გამოჩნდა
დუშეთში, სოფელ ვაშლობის ქვის წმინდა სვეტი გასული საუკუნის სოფლის ყველა თაობის საფიქრალი იმიტომაც იყო, რომ წინაპრები მას ოდესღაც აქ მდგარი დიდებული ტაძრის არსებობას უკავშირებდნენ, რომელიც... გაქრა! თუმცა ეკლესიის ადგილზე ნათლობები მაშინაც აღესრულებოდა, როცა საღმრთო მსახურება იკრძალებოდა.

როცა უკვე ლეგენდისა და მასთან ერთად სიწმინდის გაცოცხლებაც შეიძლებოდა, ვაშლობელ შალვა კედელაშვილს გულმა აღარ მოუთმინა და ყველა შეაწუხა, რათა ნაეკლესიარის ადგილი შეესწავლათ. როცა არქეოლოგებმა სვეტის გარშემო გათხრები დაიწყეს, მიწის ქვეშ სამნავიანი ტაძრის კედლები და
სამარხის ქვები გამოჩნდა. მასთან ერთად ქვით ამოშენებული VI თუ VII საუკუნის ტაძრის სათავსები და იატაკიც.

არქეოლოგები აღმოჩენამ ერთი რამის გამოც გააკვირვა: როგორც წესი, ამ პერიოდში საქართველოს მთიანეთში მსგავსი არქიტექტურის ტაძრები არ შენდებოდა, ახალაღმოჩენილ ტაძრის კედლებს კი დიდებული არქიტექტორის ხელი ეტყობოდა! ამდენად, ტაძარს განსაკუთრებული დანიშნულება უნდა
ჰქონოდა.

ზურაბ ჩიტაძე, სოფლის რწმუნებული:
"ამ ადგილებში იმდენი ბევრი წმინდა ადგილი და სამაროვანია მიწით დაფარული, რომ თუკი სპეციალისტები მათ შესწავლას დაიწყებენ, ჩვენი ისტორიის უმნიშვნელოვანეს მონაკვეთს მოეფინება შუქი".

იმედია, ასეც მოხდება - ვაშლობის ახალაღმოჩენილი ტაძარი კი იმ დიდებულ ნაგებობათა რიგში ჩადგება, რომელთაც ჩვენი წინაპრები მრავალი საუკუნის წინათ აგებდნენ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით