"როგორი სათქმელი იყო სტალინისთვის, შენი გამოსვლა ხელახლა უნდა ჩავწეროთო" - პირველი ოსკაროსანი საბჭოთა კავშირიდან თბილისელი, კერძოდ კი - ვერელი იყო
"როგორი სათქმელი იყო სტალინისთვის,  შენი გამოსვლა ხელახლა უნდა ჩავწეროთო" - პირველი ოსკაროსანი საბჭოთა კავშირიდან თბილისელი, კერძოდ კი - ვერელი იყო
საბჭოელთაგან ამერიკული კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს - "ოსკარის" პირველი მფლობელი ლეონიდ ვარლამოვი, მე -20 საუკუნის დასაწყისში ჩვენს ქალაქში, თბილისელი ინჟინრის, ვასილ ვარლამოვისა და მისი მეუღლის - ნინა ბაბახანიდის ოჯახში დაიბადა. ლეონიდი, ახლობლებისთვის ლიონია, და-ძმასთან - დიმიტრისა და ოლგასთან ერთად ზემო ვერაზე, ხოშტარიას ქუჩაზე მდებარე პატარა, მაგრამ ძალიან მყუდრო ბინაში გაიზარდა.

მომავალი კინოდოკუმენტალისტისა და მისი და-ძმის აღზრდაში დიდ როლს ასრულებდა ბებია - ვასილის დედა ელისაბედ აბდუშელიშვილი. ეს უკანასკნელი შვილიშვილებს სამშობლოს სიყვარულს, ღირსების
გრძნობას, პატიოსნებას უღვივებდა. ოჯახის კარი მუდამ ღია იყო სტუმრებისთვის, რომელთა შორის ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი იყო, ქართული თუ სხვა ქვეყნების ინტელიგენციის წარმომადგენელი. დიმიტრი-მიტო და ლეონიდი თავდაპირველად ლევანდოვსკის სახელობის გიმნაზიაში, შემდგომ კი - ბარნოვის ქუჩაზე, 49-ე სკოლაში სწავლობდნენ...
ოსკაროსანი თბილისელის ამბის მოყოლა თბილისში მცხოვრებ მის დისშვილს,
ქალბატონ ალა მდივანს ვთხოვეთ:
ალა მდივანი
- მათ შესახებ ბევრი რამ ბებიისგან და დედისგან ვიცი. როგორც დედაჩემი იხსენებდა, ძმები პატარაობიდანვე გამოირჩეოდნენ მიზანსწრაფულობით, ნებისყოფით, მრავალმხრივი ინტერესით. თავად გადაწყვიტეს, სკოლის შემდეგ სწავლა მოსკოვში, კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტში - "ვგიკში" გაეგრძელებიათ. ჩააბარეს კიდეც. ყველამ იცის, რომ ის, არა მარტო საბჭოთა წლებში, არამედ - დღესაც ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებელი გახლავთ. ასე დაიწყო მათი ძალიან საინტერესო, მრავალფეროვანი, ბობოქარი და, ამავე დროს, სიძნელეებითა და წინააღმდეგობებით აღსავსე ცხოვრება.

- ლეონიდ ვარლამოვმა შემოქმედებით პიკს მეოცე საუკუნის 40-50-იან წლებში მიაღწია. მანამდე როგორ წარიმართა მისი პროფესიული ცხოვრება?
- მან 1931 წელს დაამთავრა ინსტიტუტი დოკუმენტური კინოს რეჟისურის განხრით. თავდაპირველად კინოქრონიკოსად მუშაობდა, იღებდა კინოჟურნალებს, შემდეგ კი გადაიღო ფილმები: "ვეშაპების ბრძოლა", "მფრინავები" (1938წ.), "სტალინგრადი" (1940წ.), "გამარჯვება სამხრეთში" (1944წ.), "პოლონეთი" (1946წ.) "ჩინეთის სამხრეთით" (1950წ.), "მებრძოლი კონგო" და სხვა.
ლეონიდ ვარლამოვი
- რომელი იყო ოსკაროსანი ფილმი, რომელმაც სხვა მრავალი ჯილდოც მიიღო და შემოქმედს უდიდესი წარმატება მოუტანა?
- ფილმს ერქვა "მოსკოვის მისადგომებთან გერმანელ ფაშისტთა ჯარების განადგურება". მასზე მუშაობა ქვეყნისთვის საბედისწერო დროს მიმდინარეობდა - გერმანიის ჯარები მოსკოვს უახლოვდებოდნენ. 1941 წლის ნოემბერში სტალინმა გადაწყვიტა, მოსკოვისთვის ბრძოლის ამსახველი ფილმი შეექმნათ. მან პირადად შეარჩია ფილმისთვის რეჟისორი - ლეონიდ ვარლამოვი.
გადაღებებში 15 ოპერატორი მონაწილეობდა, მათ შორის - იმ დროს თუ მომავალში სახელგანთქმული კინემატოგრაფისტები: რომან კარმენი, ივან ბელიაკოვი, მარკ ტროიანოვსკი და სხვები. მათ ძალზე მძიმე პირობებში უწევდათ მუშაობა. 30-გრადუსიანი ყინვა ხშირად აზიანებდა კამერებს, იმტვრეოდა გადამღები აპარატურა, იღუპებოდნენ ოპერატორები...

ფრონტიდან მოსკოვში ჩატანილ ფირს დაუყოვნებლივ ამჟღავნებდნენ და სამონტაჟოში გადაჰქონდათ. ამონტაჟებდნენ უწყვეტად გაყინულ ოთახებში, დღე და ღამე. ჯგუფის წევრები დაბომბვის დროსაც კი არ ჩადიოდნენ თავშესაფარში. ფილმზე მუშაობა 1941 წლის დეკემბერში დასრულდა. იგი ძალიან დიდი ტირაჟით დაიბეჭდა და კინოთეატრებში 1942 წლის 23 თებერვალს უჩვენეს.
ძმასთან დიმიტრისთან და მეუღლესთან ერთად
ფირზე გადამწვარი ქალაქები და სოფლები, სახრჩობელები, დაღუპულთა გროვები, ფაშისტების მიერ ჩადენილი ათასგვარი სისასტიკე და ძალადობა იყო აღბეჭდილი. ამასთანავე, ასახული იყო საბჭოთა მეომრების, ხალხის გმირობის საოცარი მაგალითები და თვალსაჩინოდ იყო ნაჩვენები, რომ სწორედ ამის შედეგად გადაურჩა მოსკოვი გერმანელთა ოკუპაციას. ფილმში ჟღერს ჩაიკოვსკის მეხუთე სიმფონია, აგრეთვე, საბჭოთა კომპოზიტორის ბორის მოკროუსოვისა და პოეტ ალექსეი სურკოვის იმ პერიოდისთვის ცნობილი სიმღერა "მოსკოვის დამცველები"...

განსაკუთრებით საინტერესოა კურიოზი, რომელიც ამ ფილმის შექმნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მომენტს უკავშირდება. მასში გამოყენებული არის 1941 წლის 7 ნოემბერს წითელ მოედანზე ჩატარებული აღლუმი, საიდანაც სამხედრო ნაწილები პირდაპირ ფრონტის წინა ხაზზე მიემართებოდნენ. წინაღამეს, საფრთხის თავიდან ასაცილებლად, აღლუმის დაწყება დილის 10 საათის ნაცვლად ორი საათით ადრე გადაწყვიტეს. კინემატოგრაფისტები ამის შესახებ არ გაუფრთხილებიათ და ამიტომ სტალინის სიტყვით გამოსვლის სინქრონულად ჩაწერა ვერ მოხერხდა. არადა, თავად ბელადი ამ ეპიზოდს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა. წარმოგიდგენიათ, როგორი სათქმელი იყო სტალინისთვის, მისი გამოსვლა ხელახლა რომ უნდა ჩაეწერათ. დანამდვილებით ვიცი, თუმცა რუსულ პრესაში ამას მხოლოდ ვერსიად წარმოაჩენენ, რომ ეს მძიმე მისია ბიძაჩემმა იკისრა. ყველას გასაოცრად, სტალინი, თურმე, ამ თხოვნას მშვიდად შეხვდა. მას უთქვამს: მზად ვარ გავიმეორო სიტყვა იმდენჯერ, რამდენჯერაც საუკეთესო ხარისხის დუბლის გადასაღებად იქნება საჭიროო. კრემლის სვეტებიან დარბაზში ფანერისგან მავზოლეუმის ტრიბუნის ნაწილი ააგეს და სტალინმაც აღლუმზე წარმოთქმული სიტყვა საგანგებოდ, კინემატოგრაფისტებისთვის გაიმეორა.
კადრი ფილმიდან
საინტერესოა ის, რომ იმ წლის ნოემბერში მოსკოვში სასტიკი ყინვა იყო და ქუჩის ეფექტის შესაქმნელად დარბაზში ყველა ფანჯარა გააღეს - გამომსვლელს პირიდან ორთქლი უნდა გამოსვლოდა. აღსანიშნავია, რომ ფილმში ჩამონტაჟებული ამ ეპიზოდის "სიყალბე" არა მარტო მაყურებელს, არამედ - ამერიკელ კინოაკადემიკოსებსაც კი გამორჩათ. ფილმი "მოსკოვის მისადგომებთან გერმანელ ფაშისტთა ჯარების განადგურება" ამერიკაში უჩვენეს სახელწოდებით - "მოსკოვის საპასუხო დარტყმა". 1942 წელს მას ნომინაციით "წლის საუკეთესო დოკუმენტური ფილმი" აშშ-ის კინოკრიტიკოსთა ნაციონალური საბჭოს პრემია მიენიჭა, ხოლო 1943 წელს, ამავე ნომინაციით, საბჭოთა კინოს ისტორიაში პირველად, ფილმს კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო - "ოსკარი" გადასცეს. ცხადია, დაჯილდოების ცერემონიაზე დასასწრებად ლეონიდს ამერიკაში არავინ გაუშვებდა, ამიტომ იგი მხოლოდ მოსკოვში, ამერიკის საელჩოში მოწყობილ მოკრძალებულ დაჯილდოებას დასჯერდა. მანამდე ამ ფილმისთვის ლეონიდ ვარლამოვი სტალინური პრემიითაც იყო დააჯილდოებული. საერთო ჯამში, 1941-დან 1960 წლამდე იგი ამ პრემიის ხუთგზის ლაურეატი გახდა. გარდა ამისა, მას საბჭოთა კავშირის, იუგოსლავიისა და ჩინეთის არაერთი სახელმწიფო ჯილდო მიანიჭეს, ხოლო იუგოსლავიის მაშინდელმა მმართველმა - იოსიპ ბროზ ტიტომ მსუბუქი ავტომობილი უსახსოვრა.
კადრი ფილმიდან
- აშკარაა, ძალიან გიყვარდათ ბიძა, რადგან მის შესახებ ამდენი რამ იცით...

- საქმე ის გახლავთ, რომ ლეონიდიც და დიმიტრი ჭკუას კარგავდნენ დაზე - დედაჩემზე. იმ წლებში მეც ხშირად ჩავდიოდი მოსკოვში, ჩემი ბიძებიც, მოუცლელობის მიუხედავად, თბილისში ჩამოსვლას მაინც ახერხებდნენ - დედა და და ხომ აქ ჰყავდათ! სხვათა შორის, დიმიტრი სამეცნიერო-პოპულარული კინოს ჟანრში მუშაობდა და მხატვრულ კინოშიც მოსინჯა ძალები. მისი გადაღებულია უფროსი თაობისთვის ცნობილი ფილმი "მეგობრები ბოშათა ბანაკიდან", სადაც ცნობილი მსახიობები: ნიკოლოზ მორდვინოვი, სერგეი მარტინსონი და მიხეილ იანშინი მონაწილეობენ.
ოსკარის გადაცემა მოსკოვში, აშშ-ის საელჩოში
სამეცნიერო-პოპულარული ფილმებისთვის იგი ლომონოსოვის პრემიით დააჯილდოეს, რამდენიმე ორდენი მიიღო და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდებაც მიენიჭა. "ვგიკის" დამთავრების შემდეგ დიმიტრიმ ცოლად შეირთო ულამაზესი ქალი - მსახიობი ტატიანა ოკუნევსკაია, რომელიც ცნობილია ფილმებით: "დავით გურამიშვილი", "ფუნთუშა", "ცხელი დღეები", "მაისის ღამე". მასთან ერთი ქალიშვილი - ინგა ჰყავს, მეორე ქორწინებიდანაც ჰყავს ქალიშვილი - ალენა. ლეონიდის ვაჟი - ბორისი ამჟამად კანადაში ცხოვრობს, ქალიშვილი ნინა კი - მოსკოვში. მისი მეუღლე სახელგანთქმული დირიჟორი კირილ კონდრაშინი გახლდათ. სამწუხაროდ, ორივე ძმა ძალიან ადრე წავიდა ამ ქვეყნიდან: ლეონიდი - 1962 წელს გარდაიცვალა, დიმიტრი - 1969 წელს. ხანგრძლივად იცოცხლა მათი ცხოვრების მემატიანემ - დედაჩემმა და 2007 წელს, 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. მეც მინდოდა ხელოვანი გამოვსულიყავი, თეატრალურ კარიერაზე ვოცნებობდი, მაგრამ ბევრმა რამემ შემიშალა ხელი. საბოლოოდ, მათემატიკოსი გავხდი და ამჟამად ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრ "საქპატენტში" დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გახლავართ. მყავს კარგი ოჯახი (ჩემი მეუღლე, საქართველოს პორტების აღმშენებელთა შთამომავალი არჩილ ყუფარაძე უკვე გაიცნო თქვენმა მკითხველმა) და ვცდილობ, ჩემი სახელიანი წინაპრების ამბები არათუ ჩემს შვილებს შემოვუნახო, არამედ - სხვებსაც მოვუთხრო.


ირმა ხარშილაძე (სპეციალურად საიტისთვის)

თბილისელი
06 იანვარი 2018 12:48
შესანიშნავი სტატიაა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?