ცოტნე დადიანის ფრესკის ქვეშ უძველესი სამარხი აღმოჩნდა - კვირის პალიტრა

ცოტნე დადიანის ფრესკის ქვეშ უძველესი სამარხი აღმოჩნდა

ვინ მარხია აკლდამაში

18 ივნისს ხობში ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის იატაკის არქეოლოგიური გათხრის დროს უძველესი ქრისტიანული აკლდამა იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, სამარხი სამეგრელოს მთავართა - დადიანების ძველისძველი საძვალეა. აღმოჩენილია რამდენიმე ათეული ნეშტი. არქეოლოგებისა და ისტორიკოსების ვარაუდით, მათ შორის ერთ-ერთი წმინდანად შერაცხილ გმირ მთავარს, ცოტნე დადიანს უნდა ეკუთვნოდეს.

სპეციალისტების განცხადებით, ნეშტების ასაკისა და წარმომავლობის დადგენას დრო დასჭირდება და დასკვნის გაკეთება, სავარაუდოდ, ოქტომბერში იქნება შესაძლებელი.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის უფროსი ნიკა ანთიძე: - ჯერჯერობით დაბეჯითებით ვერაფერს ვიტყვით. საჭიროა სპეციფიკური და სკრუპულოზური გამოკვლევა, რაც დროს მოითხოვს. ქიმიური ანალიზით უნდა დადგინდეს, რა ასაკის არის თითოეული ნეშტი და როდის დაიმარხნენ. ამიტომაც ძნელია იმის თქმა, რომ აქ ცოტნე დადიანი განისვენებს. ეს სამარხი კი ნამდვილად დადიანებს ეკუთვნის, ამას ისტორიული ცნობები გვამცნობენ. მეცნიერული კვლევის დასრულების შემდეგ ეკლესია იზრუნებს ნეშტების დაკრძალვაზე.

- სამარხში რომელიმე ნეშტის პატრონის ვინაობის დამადასტურებელი რაიმე ნივთმტკიცება არ აღმოჩნდა?

- აღმოჩენილია მხოლოდ ჩონჩხები და ტანსაცმლის მცირე კვალი, მაგრამ ეს დასკვნის გაკეთების უფლებას არ იძლევა. ქრისტიანულ პერიოდში ნივთიერ მტკიცებულებებს ნაკლებად ატანდნენ მიცვალებულებს.

- იქნებ ცოტნე დადიანი რაიმე განსაკუთრებულ ნივთს ატარებდა, თუნდაც ბეჭედს ან ხმალს? ასეთი ნივთების ფრაგმენტებით უფრო გაიოლდებოდა იდენტიფიკაცია.

- ასეთი ცნობა არსებობდა ვახტანგ მეექვსეზე, ამიტომაც გაიოლდა გასული საუკუნის 80-იან წლებში დონის მონასტერში არქეოლოგიური გათხრების დროს მეფის ნეშტის ამოცნობა. ცოტნე დადიანზე კი, როგორც ვიცი, ასეთი ცნობა არ შემონახულა.

მეცნიერების ვარაუდს ცოტნე დადიანის განსასვენებლის თაობაზე ამყარებს ფრესკა, რომელზეც სამეგრელოს მთავარი შერგილი, მისი მეუღლე ნათელა და შვილი ცოტნე არიან გამოსახული.

"აკლდამა სწორედ ამ პირების ფრესკასთან მდებარეობს, სწორედ ეს გვაძლევს უფლებას, ვივარაუდოთ, რომ აქ სწორედ ისტორიული გმირი - ცოტნე დადიანი და მისი მშობლები არიან დაკრძალული", - ამბობს არქეოლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელი რევაზ პაპუაშვილი.

- ხობის ღვთისმშობლის ტაძრის იატაკის ნაწილობრივი დაწევის გამო დავიწყეთ აქ მუშაობა. გადაწყდა, იატაკი აყრილიყო, მის განახლებამდე კი არქეოლოგიური კვლევა დავიწყეთ იატაკქვეშა სივრცის შესასწავლად. გაირკვა, რომ იატაკის დაწევა გამოიწვია ერთ-ერთი აკლდამის ჩაწოლამ, რომელიც სავარაუდოდ ეკუთვნის აფხაზთა მთავრების შთამომავალს, ბრძოლის დროს მიღებული ჭრილობებით 1842 წელს გარდაცვლილ პოლკოვნიკ სამსონ შარვაშიძეს.

ისტორიული წყაროებიდანაც ცნობილი იყო, რომ ხობის მონასტერში უნდა ყოფილიყო დადიანების ძვალშესალაგი. ასეთი აკლდამა მართლაც აღმოჩნდა მონასტრის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში. ნაგებობა თლილი და ნაგლეჯი ქვებით არის ნაშენი.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მონასტრის მთავარი კედელი დაშენებულია აკლდამის ნაწილზე. ეს იმას ადასტურებს, რომ XIII საუკუნის დასასრულსა და XIV-ის დასაწყისში, როდესაც მონასტერი აშენდა, აკლდამა უკვე არსებობდა. გაჭირდება ზუსტად დადგენა, თუ ვინ განისვენებს ამ აკლდამაში. თუმც, სამეგრელოს მთავრები შალვა და ლევან მეორე დადიანები ამბობდნენ, რომ აქ არის მათი წინაპრების საძვალე.

- რატომ გაჭირდება განსვენებულთა ვინაობის დადგენა?

- აკლდამაში ახალ მიცვალებულს რომ კრძალავდნენ, ძველი ნეშტების ძვლებს გვერდზე სწევდნენ. ამიტომ ძვლები არეულია ერთმანეთში.

KvirisPalitra.Geცოტნე დადიანის თავდადება

ცოტნე დადიანი (XIII საუკუნე, დაახლოებით 1260წ.) უმეფობის ხანაში მონღოლებმა რაჭის ერისთავთან ერთად დასავლეთ საქართველოს გამგებლად დანიშნეს. ის 1245 წელს მონაწილეობდა კოხტასთავის შეთქმულებაში, რომლის მიზანი იყო მონღოლების წინააღმდეგ აჯანყების მოწყობა. მონღოლებმა შეთქმულების შესახებ შეიტყვეს, მონაწილეები დააპატიმრეს და ნოინს მიჰგვარეს.

ქართველებს, რომლებიც შეთქმულებას უარყოფდნენ, გამოსატეხად თაფლი წაუსვეს და მცხუნვარე მზეზე დასვეს. ცოტნე დადიანი შემთხვევით გადაურჩა დაპატიმრებას (აჯანყებისთვის ჯარს აგროვებდა). ჟამთააღმწერლის ცნობით, შეთქმულთა პაემნის ადგილზე, ციხისჯვარში ლაშქრით მისულმა ცოტნე დადიანმა თავზარდამცემი ამბავი რომ გაიგო, "მწუხარე იქმნა უზომოდ, და თვისად სიკუდილად და სირცხვილად შეჰრაცხა საქმე იგი,  და წარავლინა ლაშქარი თვისი, და ორითა კაცითა წარვიდა ანისად, დამდები სულისა თვისისა და აღმსარებელი მცნებისა უფლისასა".

ცოტნემ ანისში მისულმა სასიკვდილოდ განწირული თანამოძმეები რომ იხილა, სამოსელი გაიხადა და ნებით გაიზიარა თანამებრძოლების ხვედრი. თვითონვე წაისვა თაფლი ტანზე, ხელ-ფეხიც შეიკრა და მოედანზე დაწვა თაკარა მზის ქვეშ.

ცოტნე დადიანის თავდადებამ ისე გააოცა ჩაღატა ნოინი, რომ ქართველების გათავისუფლება გადაწყვიტა.

"კაცი კეთილი და სრული საღმრთოთა და საკაცობოთა. პატივოსანი და სათნოებიანი, ბრძოლათა შინა სახელოვანი", - ასე დაახასიათა ჟამთააღმწერელმა ცოტნე, როგორც ქართული პოლიტიკური აზრისთვის საქართველოს პროგრესული ძალების კონსოლიდაციის, ეროვნული თავისუფლებისა და ეროვნულ ძალთა შეკავშირების სიმბოლო, 1999 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა ცოტნე დადიანი წმინდანად შერაცხა.