"გადაეცით რეჟისორ მარჯანოვს, ურჩევნია დაივიწყოს, რომ და ჰყავს" - კვირის პალიტრა

"გადაეცით რეჟისორ მარჯანოვს, ურჩევნია დაივიწყოს, რომ და ჰყავს"

საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში კოტე მარჯანიშვილის არქივია დაცული. ამ უნიკალურ საგანძურში მარჯანიშვილის დის, დედა ფამარის უცნობი და დღემდე გამოუქვეყნებელი რამდენიმე ფოტო ინახება.

დედა ფამარი წმინდა ნინოს სახელობის ბოდბის დედათა მონასტრის წინამძღვარი იყო. მოგვიანებით რუსეთში სახელოვან განდეგილ ქალთა უდაბნო დააარსა და ისეთი დიდი ავტორიტეტი მოიპოვა, რომ რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ  II-ის დიდი პატივისცემით სარგებლობდა. 1931 წელს ბოლშევიკებმა დედა ფამარი გააციმბირეს. შემორჩენილია ამ ფაქტთან დაკავშირებული ანდრო ბიწაძის საინტერესო მოგონება:

"იდგა მაისის მშვიდი, მაგრამ ჯერ კიდევ გრილი დილა. მარჯანიშვილის ბინას თბილისში საშუალო ასაკის ფერმკრთალი ქალი მიადგა. კარი ელენე დონაურმა გაუღო.

- ქალბატონო! ბოდიშს ვიხდი თქვენ წინაშე, მე... - წინადადების დამთავრებაც ვერ მოასწრო უცნობმა, რომ გაისმა დიასახლისის ლმობიერი ხმა:

- აქ მომიცადეთ! ახლავე მოვალ, - ის იყო კარი უნდა მიეხურა და მოწყალების მოსატანად ბინაში დაბრუნებულიყო, რომ კვლავ გაისმა:

- ქალბატონო! მოწყალებისათვის არ მოვსულვარ, ბატონი კოტე მინდა ვნახო, - როგორც ჩანს, უცნობის ხმამ სასტუმრო ოთახშიც შეაღწია.

- მე ვარ კოტე, თქვენ ჩემი ნახვა გსურთ?

- დიახ, ბატონო!

- მობრძანდით! - კოტემ კარი ფართოდ გააღო.

- რამ შეგაწუხათ და რით შემიძლია გემსახუროთ? - ჰკითხა კოტემ სტუმარს.

- მე ერთადერთი ვალი დამრჩა მოსახდელი, ვალი თქვენი დის წინაშე.

- ჩემი დის წინაშე? რომელი და გყავთ მხედველობაში?

- ვიცი, რომ გყავთ უფროსი და თამარი, მაგრამ ვაი იმ ყოფას, რომელშიც ახლა ისაა ჩავარდნილი.

მე ჭიათურის მახლობლად მდებარე მღვიმევის დედათა მონასტრის მონაზონყოფილი, ღუღუნიშვილის ქალი გახლავართ. 1924 წლის გამოსვლების დამარცხებისთანავე დამაპატიმრეს. ბრალად დამდეს ბოლშევიკების წინააღმდეგ აჯანყებულთა საბრძოლო იარაღით მომარაგება და გადამასახლეს. ერთი წლის წინ, ჩვენთან, ციმბირში, მოიყვანეს სერაფიმო-ზნამენსკოეს განდეგილ ქალთა უდაბნოს წინამძღვარი, ყოვლად უწმინდესი იღუმენი ფამარი... - წინადადების დამთავრებაც კი ვერ მოასწრო ქალმა, რომ კოტეს ფერი ეცვალა. ჯერ გაფითრდა, შემდეგ კი მთლად აენთო.

- თქვენ ამბობთ, რომ იცნობთ იღუმენ ფამარს, ჩემს დას?

- დიახ! ვიცნობ დედა ფამარს, ერისქალობაში თამარ მარჯანიშვილს. 1917 წელს ეშმაკეული წინ აღუდგა ღვთის განგებას და რუსეთს თავს დაატყდა უდიდესი უბედურება. ყველა, ვინც კი წინ აღუდგა ბოროტებას, გაწირეს. არ დაინდეს ისეთი უწმინდესი ადამიანიც კი, როგორიცაა დედა ფამარი.

- თქვენ ამბობთ, რომ ჩემი დის დავალებით მომძებნეთ?

- ორი კვირაა, რაც გადასახლებიდან გამათავისუფლეს. თქვენმა დამ არც კი იცის, რომ გადავწყვიტე, მომეძებნეთ. მთელმა მსოფლიომ უწყის, როგორი გავლენიანი პიროვნება ბრძანდებით. გთხოვთ, იხსნათ ფამარი განსაცდელისაგან. თქვენ ეს შეგიძლიათ! - წარმოთქვა თუ არა ეს სიტყვები, ღუღუნიშვილის ქალი ფეხზე წამოდგა, მარჯვენა ხელით გადაწერა კოტეს პირჯვარი და დალოცა, - ღმერთი იყოს თქვენი შემწე ამ საქმეში! - სტუმარმა მარჯანიშვილების ბინა ისე სწრაფად დატოვა, რომ კოტემ მადლობის თქმაც კი ვერ მოასწრო.

1932 წლის ზაფხულში, მოსკოვში ყოფნისას, კოტე მარჯანიშვილმა საგანგებოდ მოინახულა განათლების სახალხო კომისარი ანატოლი ლუნაჩარსკი და საიდუმლოდ გაანდო, რომ ჰყავს სამი წლით უფროსი და - თამარი.

ლუნაჩარსკიმ შესაძლებლობის ფარგლებში დახმარება აღუთქვა. სამწუხაროდ, ეს "ფარგლები"” საკმაოდ ვიწრო აღმოჩნდა. სერგო ორჯონიკიძემ კი მარჯანიშვილს შემოუთვალა: "გადაეცით რეჟისორ მარჯანოვს, ურჩევნია, დაივიწყოს, რომ და ჰყავსო."

P.S. ეს უნიკალური ფოტო ხელოვნების სასახლემ მოგვაწოდა. ციმბირში დედა ფამარი ტუბერკულოზით დაავადდა, გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია მოსკოვში, ვედენის მთაზე.