"სიყვარული ამიხსნა, მითხრა, თავს მოვიკლავ, შენ რომ სხვას გაჰყვეო" - გოჩა აბაშიძის ტრაგიკული ცხოვრების ისტორია
20-01-2018
"სიყვარული ამიხსნა, მითხრა, თავს მოვიკლავ, შენ რომ სხვას გაჰყვეო" - გოჩა აბაშიძის ტრაგიკული ცხოვრების ისტორია
თავისი გარეგნობითა და ნიჭით უმალ მიიქცია ხალხისა და მაყურებლების ყურადღება, ბევრს შეაყვარა თავი და ამ ქვეყნიდან მისმა მოულოდნელმა წასვლამ ბევრსვე დაწყვიტა გული.

გოჩა აბაშიძე 1937 წელს საჩხერის რაიონში დაიბადა, მოგვიანებით ოჯახთან ერთად თბილისში გადავიდა საცოხვრებლად. სამსახიობო კარიერაში დღემდე დასამახსოვრებელი კინოგმირები შექმნა ისეთ ფილმებში, როგორიც არის: "ისინი ჩამოვიდნენ მთიდან", "ცისკარა", "აბეზარა", "მაია წყნეთელი", "გლახის ნაამბობი". მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე ფილმში მიიღო მონაწილეობა, მან სამუდამოდ დაამახსოვრა თავი მაყურებელს.

ფოტოგალერეა

ახალგაზრდა მსახიობის
ოჯახში რთული სიტუაცია იყო - მამა დაპატიმრებული და გადასახლებული გახლდათ, როდესაც დედა მეორედ გათხოვდა. მამა რომ დაბრუნდა, შერიგებას სთხოვდა მეუღლეს...

19 წლის იყო მომავალი მეუღლე, დღეს ნუნუ გაბუნია რომ გაიცნო და მალევე მოიყვანა ცოლად. მომავალი კომპოზიტორი, ნუნუ გაბუნია იმ დროს 16 წლისა ყოფილა.

"გოჩა ჩემი
მეგობრის მამიდაშვილის დაბადების დღეზე გავიცანი. იქ ახალგაზრდა მსახიობები: გურამ გოგავა, ნოდარ ფირანიშვილი, ნუკრი ალხაზიშვილი და გოჩა აბაშიძე ჰყავდათ დაპატიჟებული... ჩემმა მეგობარმა, ლია თოხაძემ ძალით წამიყვანა. მაშინ პირველად ვიცეკვე ბიჭთან - ნუკრი ალხაზიშვილთან. რას ვიფიქრებდი, რომ მერე ის ჩემი შვილის ნათლია გახდებოდა. საღამოს შინ გოჩამ მოგვაცილა. მეორე დღეს ვიღაც მოვიდა. კარი გავაღე და - გოჩა! ასე უბრალოდ შემოვიდა ჩვენს ოჯახში და დაგვიახლოვდა. მოდიოდა ყოველდღე, იჯდა, გვიამბობდა ათას ამბავს.

გოჩასთან ისე დავმეგობრდი, რომ საიდუმლოსაც კი ვანდობდი. მხოლოდ მან და ჩემმა მეგობარმა გოგოებმა იცოდნენ, რომ მომწონდა "ცისკარაში" მთავარი როლის შემსრულებელი თამაზ ტოგონიძე. მისი სურათიც კი მქონდა ამოჭრილი საგანგებოდ...

გოჩა, ერთ დღეს სიყვარული ამიხსნა და მითხრა, - თავს მოვიკლავ, შენ რომ სხვას გაჰყვეო. ვუთხარი, აღარ მოხვიდე, ვიდრე არ გადაგივლის ეს გრძნობა-მეთქი. წავიდა და რამდენიმე დღე არ მოსულა. ერთ დღეს კი ის და მისი მეგობარი სოსო ხელაშვილი მოვიდნენ. ტიროდა, თავს არ ვიცოცხლებო. სოსომ მითხრა, ხიდიდან მტკვარში ხტებოდა, თავს იკლავდა, შენ რომ ხელი ჰკარიო... კარგი, ხვალ მოდი-მეთქი... ვიფიქრე, თავს რამეს მაინც აღარ აუტეხავს-მეთქი. იმასაც განვიცდიდი თამაზ ტოგონიძეზე რომ აღარ უნდა მეფიქრა... არაფერი მინდა, ხელი მოვაწეროთ და დავმშვიდდები, სხვას ვეღარ გაჰყვებიო. როცა შენ მეტყვი, მერე წამომყევიო".
გოჩა აბაშიძე მეუღლესთან, ნუნუ გაბუნიასთან ერთად
დათანხმდა. ჩუმად წასულან ლესელიძეზე მმაჩის ბიუროში.

"გოჩამ ვიღაც კაცი მოიყვანა - უნივერსიტეტის ლექტორიაო. იმას ჩააწყობინა, რომ ხელი მოგვეწერა - მე ხომ არასრულწლოვანი ვიყავი... ხელი მოვაწერეთ და ფუნიკულორზე ვისადილეთ. შინ რომ მიმაცილებდა, პირობა ჩამოვართვი, არავის ეტყოდა ამ ამბავს. დამთანხმდა. მივედით. შევედით თუ არა, დედაჩემს მოწმობა აჩვენა - აიო! გაგიჟდა დედა. ჩემს დედამთილსაც არ მოეწონა ეს ამბავი, რად უნდოდა ასეთი პატარაო... ორი თვე მაინც არ გავყოლივარ... მხოლოდ ზაფხულში გავყევი. თავის ბებიასთან წამიყვანა სოფელში. ბიძამისთან წავედით სტუმრად ყვირილას იქით. ისეთი ხიდი იყო, შემეშინდა გასვლა... მდინარე ჩანდა ფიცრებს შორის. ამაზე ვერ გავივლი-მეთქი. ზურგზე წამომიკიდა და გამიყვანა... მერე მანანაც შეგვეძინა".

ერთად 3 წელი იყვნენ... დაშორდნენ, როდესაც ქვეყანას ლეილა აბაშიძისა და გოჩას ამბავი მოედო...
"თელავში იყვნენ გადაღებაზე. იქიდან ერთმა მსახიობმა ამბავი ჩამოიტანა - გოჩას დამბაჩა გაუვარდაო. დედამ მითხრა, - ყველაფერი დატოვე და წადი, მუსიკალურ სასწავლებელშიც მე ვეტყვი, რა ხდებაო... 11 ოქტომბერი იყო. პირველად ვიმგზავრე თვითმფრინავით, "კუკურუზნიკით" აეროპორტში არავინ დამხვდა. დავრეკე. ვიღაცამ მომაკითხა და წამიყვანა სასტუმროში. თურმე გოჩას მაღალი სიცხე ჰქონდა და ლეილამ გადაიყვანა თავისთან - მოვუვლიო... მე რომ ჩავედი, უკეთ იყო, მაგრამ მაინც ლეილას ნომერში იწვა.

საღ-სალამათი რომ დავინახე, მოულოდნელობისაგან ცუდად გავხდი. მერე მახსოვს, ლეილა ჩემს საწოლთან იყო ჩამუხლული, ხელებს მითბობდა, მეფერებოდა... გოჩამ - აქედან არ გაგიშვებ, რომ წახვიდე, დავიღუპებიო. წამოვედი. არ ვიცი, ეს სიძლიერე იყო თუ სისუსტე... მერე სულ მოდიოდა გოჩა, შერიგებას მთხოვდა."

ჩაკეტილი ცხოვრებით ვიცხოვრე... ვერიდებოდი გამოჩენას

24 წლის გარდაიცვალა... თავი მოიკლა... საზოგადოება შეძრა ამ ამბავმა, ჭორები უმალ აგორდა, ამბობდნენ გოჩამ თავი ლეილას გამო მოიკლაო, თუმცა, აი, რას ამბობს მისი მეუღლე ნუნუ გაბუნია ერთ-ერთ ინტერვიუში:

"თეთრ ქარავანში" მთავარ როლზე დაამტკიცეს. იმ პერიოდში გოჩამ მანქანა ვიღაც სომეხ კაცს მიჰყიდა. ნაწილი ფულისა აიღო, მეორე ნაწილი მანქანის გაფორმების მერე უნდა მიეღო. იმ კაცს ვერ გაუფორმებია და ფული უკან მოუთხოვია. გოჩამ კი ფული ვისაც მიაბარა, იმას დაუხარჯავს. მევალე სადარბაზოში უდარაჯებდა ხოლმე და ფანჯრიდან უხდებოდა სახლში შესვლა. კინოსტუდიაში მისულა, ავანსი მოუთხოვია... იქ კი უდიერად მიუხლიათ, - მოხსნილი ხარ როლიდანო.

თავს მოვიკლავო... შენ კი არა, შავგულიძე მოკვდა და არავინ გადაჰყოლიაო. ამ დროს სტუდიაში ლეილა აბაშიძე და დევი აბაშიძე მისულან სულ სხვა საქმეზე. გოჩა გიჟივით რომ გამოვარდნილა, დევის ლეილასთვის უთხოვია, - გაჰყევი, რამე არ მოიწიოსო. გოჩა შინ მისულა და შაბიამანი დაულევია. სასწრაფო გამოიძახეს. სასწრაფოს მანქანაში ლეილაც ჩაჯდა. ამიტომ ყველა ალაპარაკდა, ვითომ მის გამო მოხდა ყველაფერი... არადა, მთავარი მიზეზი როლიდან მოხსნა იყო.

გოჩამ 8 დღე იცოცხლა. სიკვდილის წინაღამეს უმღერია კიდეც ბიჭებთან... ეგონა, გადავრჩიო. სამწუხაროდ, ვერ გადაარჩინეს. შინ რომ მიასვენეს, მივედი... ვფიქრობდი, მერე არ ვინანო-მეთქი... პანაშვიდებსა და დაკრძალვაზე კი ვეღარ წავედი. მაღალი სიცხე მქონდა..."

წყვილს ერთი ქალიშვილი - მანანა ჰყავს.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე: ნუნუ გაბუნია: "გოჩა აბაშიძის სიკვდილს ლეილა აბაშიძეს ვერ დავაბრალებ"

goreli2
22 თებერვალი 2018 12:38
..თავის მოგვარეს სხვანაირად შეხედოსო--- ალბათეს კაცი რაჭაში არ არის ნამყოფი, და არც მაისურაძეების გვარი გაუგია ...
დათო
15 თებერვალი 2018 12:38
ქართველი აქამდე (მერე კი ვნახოთ) ისე არ დაცემულა თავის მოგვარეს სხვანაირად შეხედოს,
ანა
24 იანვარი 2018 15:57
საწყალი ავადმყოფი ადამიანი.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები