მამელუკი - კვირის პალიტრა

მამელუკი

უიარაღო (კონდრატე თათარიშვილი)

(დასაწყისი "კვირის პალიტრა" #19-@24)

ერეკლე II-ის წარმატებულმა ომებმა ურჯულოთაგან ქართლ-კახეთის დასახსნელად და იმერეთის ტახტზე მრავალგვარი სიკეთითა და სათნოებით აღჭურვილი სოლომონ II-ის ასვლამ იმედი ჩაუსახა ხალხს. მღვდელმა მარკოზ დაბაძემ უსტარით მიულოცა მეფეს ტახტზე აბრძანება და იმერელთა უბედური ყოფაც გააცნო, იმედს გამოთქვამდა, რომ აღმოსავლეთით ერეკლე და დასავლეთით სოლომონი ერთმანეთს მხარიმხარს მისცემდნენ და ამჟამად დაუძლურებულ საქართველოს ისევ ძველ ღირსებას და სახელს აღუდგენდნენ. მეფემ მადლობის ბარათით უპასუხა მღვდელს და დაასაჩუქრა კიდეც.

მეფის წყალობამ მეტად შეაშფოთა ტყვეთა ყიდვა-გაყიდვის მოტრფიალე თავადები და მათი დამქაშები, მტრობით აღავსო ისინი. თუმცა პირადად შეხვედრის დროს ძალაუნებურად ანგარიშს უწევდნენ მაღალი მფარველობის ქვეშ მყოფ ხუცესს და პატივით ეპყრობოდნენ... ასეთივე ნაძალადევი პატივით შეეგება დედის მოსანახულებლად მობრძანებულ ხუცესს თავადიშვილი ალექსანდრე ჭორიშვილი, უკეთური ცნობის მომლოდინეს არ ეჭაშნიკა შორსმჭვრეტელი სტუმრის ხილვა...

მაგრამ, ჰოი, უფალო, შეგცოდე! მაშინათვე ადამიანური სულმოკლეობა მომიტაცებს ხოლმე და სრულებით მავიწყდება, რომ სულგრძელი ხარ და მრავალმოწყალე. არა ცოდვათა ჩვენთაებრ მოგვაგებ ჩვენ და არცა საქმეთა ჩვენთაებრ გვასწავლი ჩვენ. შენ უკეთ უწყი უმჯობესი... ახლა მგონია არ გაგვწირავ სრულიად, რადგან მოავლინენ ჩვენდა შემწე წმიდით შენით და სიონით გამო ხელი აღგვიპყარ ჩვენ...

რამეთუ შენ ერი მდაბალი აცხოვნო და თვალნი ამპარტავანთანი დაამდაბლო. არა, თავადიშვილო, - ხმას დაუშვა ხუცესმა, - ჩემი ეფუთ-კარაბადინი ხელისგულივით ჩვენს წინ გადაშლილი ჩვენი ცხოვრებაა, თუმცა სახარბიელო არაა, მაგრამ არც სულ უნუგეშოა. აწ გულის ხმა ვყავ, რამეთუ აცხოვნა უფალმან ცხებული თვისი... უფალო, აცხოვნე მეფე და ისმინე ჩვენი დღესა მას, რომელსაცა გხადოდეთ შენ... ესენი ეტლებითა და ესენი ჰუნებითა, ხოლო ჩვენ სახელითა უფლისა ღვთისა ჩვენისათა ვხადოდეთ. იგინი შებრკოლდეს და დაეცნეს, ხოლო ჩვენ აღვსდეგით და აღვემართენით.

თავად ალექსანდრეს პირისახეზე ალმური აედინა. ის ძლიერ კარგად მიუხვდა, თუ რა ქარაგმებით უბნობდა მარკოზ ხუცესი. საქმე იმაში იყო, რომ თავადი გიორგი ტყვეთა ყიდვა-გაყიდვაში მხურვალე მონაწილეობას იღებდა. ყველა წვრილმან მტაცებელს, - გურულს, იმერელს თუ მეგრელს, თავადის სახლში მყუდრო ბინა ჰქონდა, რადგან თავადი დიდი გავლენიანი კაცი იყო და მის სახლში შეჭრას, ან რაიმე პასუხის მოთხოვნას უბრალო ვინმე კი არა, თვით გურიელიც ადვილად ვერ გაბედავდა.

KvirisPalitra.Geთავადი გაცნობილი იყო ფოთის ციხეში მჯდომ ოსმალთ ფაშასთან, ოსმალეთის მდიდარ სოვდაგრებთან. ისინი თავად გიორგის დიდად აფასებდნენ და პატივსა სცემდნენ. ერთი სიტყვით, ტყვეთა ყიდვა-გაყიდვის საქმე თავადმა ძლიერ კარგად იცოდა და ამით კაიძალ ქონებასაც იძენდა.

ვინ იცის, რამდენჯერ მოსვლია უსიამოვნება მარკოზ ხუცესს თავად გიორგისთან ტყვეთა გაყიდვისა გამო. ბევრი უქადაგნია ხუცესს თავადისთვის, ბევრი უხვეწნია, ბევრი უმხილებია, აღეკვეთა ეს საზიზღარი საქმე, მაგრამ ვერა გაეწყო რა. თავის მხრივ თავადს მღვდელი მარკოზი, რასაკვირველია, სძულდა, უნდოდა მასთან ყოველივე კავშირი გაეწყვიტა და სახლშიაც არ შემოეშვა, მაგრამ ვერ მოეხერხებინა, რადგან ქალბატონი როდამი დიდი პატივისმცემელი იყო მარკოზ ხუცესისა და სხვა მოძღვრის არჩევაზე არასგზით არ თანხმდებოდა.

თავადი გიორგიც გულის სიღრმეში, უეჭველია, გრძნობდა ხუცესის პირად ღირსებას და, თუმცა არ ესიამოვნებოდა მუდამ მამხილებელი კაცი, მაინც, ვიგინდარა ყურმოჭრილ ყმა-მღვდელს მაინც ერჩივნა. “რას დავეძებ, ილაპარაკოს რამდენიც უნდაო, მე მაინც ჩემსას ვიზამო”, - ფიქრობდა თავადი, მაგრამ როცა მარკოზ ხუცესი თავის მფარველობის ქვეშ მიიღო თვით მეფე სოლომონმა, საქმე შესამჩნევად შეიცვალა. მღვდელი მარკოზი ახლა ტყვეთა გამყიდთათვის საშიში კაცი შეიქნა.

ხუცესს შეეძლო თავის მომხრენი, რომელთ რიცხვი, განსაკუთრებით დაბალ ხალხში, მრავალი იყო, აემხედრებინა, მეფისთვის მიემართნა, ისიც ძალას მოაშველებდა და ტყვეთა გაყიდვის საქმეში მხილებული სასტიკად დაისჯებოდა. თუმცა ხუცესი ჯერჯერობით ჩვეულებრივ ტკბილ სიტყვებს და იგავების თქმას სჯერდებოდა, მაგრამ ადვილი შესაძლებელი იყო, სხვა ღონისათვის მიემართნა და თავადი გიორგისთვის საგრძნობელი უსიამოვნება მიეყენებინა. ამიტომ თავადმა ბოლო დროს ხუცესს მოფერება და უფრო პატივით მოპყრობა დაუწყო, თანაც ეფიცებოდა, რომ ახლა ტყვეთა ყიდვა-გაყიდვის საქმეში ჩარევას სრულებით თავი დავანებეო. ერთი მხრივ ეს ტყუილიც არ იყო. აშკარად მოყვანა ტყვეებისა თავადის სახლში, რაც წინათ ჩვეულებრივი მოვლენა იყო და რისთვისაც თავადი გიორგი არავის ერიდებოდა, შესამჩნევად შემცირდა.

სხვა დროს თავად ალექსანდრესაც მღვდლის იგავებზე შეიძლება პასუხიც გაეცა, მაგრამ დღეს საუკეთესოდ სცნო გაჩუმებულიყო. ხუცესისადმი უკმაყოფილებას მხოლოდ თვალებით გამოსთქვამდა და მით კმაყოფილდებოდა. მღვდელმა კი ძლიერ კარგად შენიშნა, რომ თავადიშვილს მისი სიტყვები არ ესიამოვნა, მაგრამ თითქოს არ შეუმჩნევიაო, კვლავ განაგრძო ლაპარაკი.

- იცოდე, თავადიშვილო, ჩვენ აღვსდგებით და აღვიმართებით! სძლევს სიკეთე სიბოროტეს, მაგრამ შურს არ იძიებს. ქრისტიანულ სიკეთეს შურისძიება არ უყვარს. რაც იყო, შვილო, იყო! - უკვე პირდაპირ სთქვა ხუცესმა, - მას ნუღარ გავიხსენებთ. ყოვლად მოწყალეს ვსთხოვოთ შენდობა და დავადგეთ ახალ გზას. მაშინ ნახავ, რომ ცაც დროზე წვიმას მოგვცემს და ქვეყანაც უხვად აღმოაცენებს ნაყოფსა თვისსა, მოსავალიც კარგი იქნება და სიმრთელეც ხალხში სანატრელი.

- ღმერთმან ქნას! ღმერთმან ქნას! - ამბობდა თავადი, მაგრამ ზედვე ეტყობოდა, გულწრფელი არ იყო ეს მისი სურვილი.

- დროა, გონს მოვიდეთ, სიტყვით ნათქვამი საქმითაც შევასრულოთ, ხელი ხელს მივცეთ და წარმოვსთქვათ სიტყვა იგი მეზვერისა, - მტკიცედ სთქვა მღვდელმა მარკოზმა, მაგრამ სიტყვა ვეღარ დაათავა, ოდნავ შეკრთა და ეზოში რაღაცას დააკვირდა.

ეზოში საჯინიბო სახლისაკენ ვიღაც შავწვერა, ჩასქელებული, ყაბალახით თავშეხვეული კაცი მიდიოდა, უკან ქამარში განდაგან დამბაჩა ერჭო და რაღაცნაირი რხევა-ზნექით მიდიოდა. გამოცდილ მღვდელს ეს კაცი მაშინათვე თვალებში ჩაუვარდა.

- ეს კაცი ვერ ვიცანი, ბატონიშვილო! - მიუთითა ხუცესმა ეზოში მიმავალ კაცზე.

თავადმა ალექსანდრემ გაკვირვებით აიხედა, სახე ცოტა გაუფითრდა, მაგრამ შეეცადა სრულებით დამშვიდებული სახე მიეღო.

- ესა? ჰო, ჩვენი მოკეთე კაცია.

- აქაური არ უნდა იყოს.

- ... არა, ოდიშელია, - მიუგო თავადმა ალექსანდრემ ცოტა სიჩუმის შემდეგ.

- ოო!.. - მრავალმნიშვნელოვნად წარმოსთქვა ხუცესმა და სასტიკი თვალით თავადს შეჰხედა.

- მამაო, დედას უკვე გაეღვიძა, - მოიბოდიშა თავადიშვილმა, საჩქაროდ წამოდგა და სახლში შევიდა. სხვა გზა არ იყო, ხუცესის მრისხანე თვალს თვალი ვერ გაუსწორა.

- ოო... ახლა კი მივხვდი! აქ რაღაც საქმეა, - გაიფიქრა მღვდელმა და თეთრ წვერზე ხელი მაგრად მოისვა. - სახეზე ვატყობ იმ შავ-შავ ყაზახს, კეთილი სული არ უნდა იყოს. ვითომ ახლაც გაბედეს და ვინმე უბედური მოიყვანეს? მოიცა, ვნახო ქალბატონი, ყოველისფერს გამოვააშკარავებ.

მაშინ გაუხმეს ხელი მარკოზ ხუცესს, თუ მან ვისმე ზიარება მიაწოდოს, სანამ დაწვრილებით არ შეიტყობს, თუ რაშია საქმე. თავადიშვილს მე არასოდეს გულზე არ ვეხატე. მამის შვილი არაა! მაგრამ დღეს კი რაღაც განსაკუთრებული არეულობა შევატყვე. ღმერთო, მწეო ჩემო და მფარველო ჩემო, განმისწავლენ გზანი ჩემნი! - ლოცულობდა გულში ხუცესი. მის ყურამდე სამზარეულო სახლიდანაც კანტიკუნტად საგულისხმიერო სიტყვებმა მოაღწია. მღვდელს ესეც არ გამოეპარა.

- ვაი, ვაი, დედაი სულო! უღმერთოები, უღმერთოები, - ამბობდა მოხუცი გადია...  - მისი ცოდო... კაცის გული... და...

რამდენიმე ქალი ერთად ლაპარაკობდა. სამზარეულო სახლიც კარგა მოშორებით იყო და მღვდელმა მარკოზმა დალაგებით ვერ გაიგონა მოხუცი გადიას ნათქვამი, მაგრამ რაც გაიგონა, ისიც საკმარისი იყო, ეჭვი აიღო, რომ ამ სახლში რაღაც საიდუმლო საქმე იმალებოდა, რომელიც დაკავშირებული უნდა ყოფილიყო იმ შავწვერა მეგრელის მოსვლასთან.

- ვითომ, რაც თავადმა შემომფიცა, მაგისთანები აღმოვკვეთეო, კიდევ გაბედეს? - თავისთვის წარმოსთქვა ხუცესმა. - დამაცადეთ, განკითხვის დღე მოახლოვებულია, "- იმუქრებოდა მღვდელი მარკოზი.

* * *

ქალბატონს გამოეღვიძა. ალექსანდრე არსად სჩანდა. გამოვიდა მოახლე ქალი და მღვდელი სახლში შეიპატიჟა. მღვდელი მარკოზი შევიდა.

ოთახი, სადაც იწვა ქალბატონი, დიდი არ იყო. კედელში გამოჭრილი პატარა ფანჯარა სახლს საკმაოდ ვერ ანათებდა. ერთ-ერთ კედელთან, ტახტზე, ძვირფას აბრეშუმეულობა გადაკრულ ქვეშაგებში იწვა ქალბატონი როდამი. ტახტის წინ ძვირფასი, სტამბოლიდან მოტანილი ხალიჩა ეგო. ავადმყოფის სარეცელთან მაღალი სამფეხა სკამი იდგა, რომელზედაც მხედრულად დაწერილი პატარა დაუჯდომელი და ვერცხლის პატარა შანდალი იდგა. შანდალში შინ ჩამოქნილი ყვითელი თაფლის სანთელი ერჭო. ოთახში, ავადმყოფს გარდა, არავინ იყო.

მღვდელმა მარკოზმა ოთახში ფეხი შესდგა თუ არა, მცირე ლოცვა წარმოსთქვა და მერე ავადმყოფს აუჩქარებლად მიესალმა.

- იაგუნდისა, - მილეული ხმით დაიძახა ქალბატონმა, - მოძღვარს სკამი მიართვი.

მოახლემ სკამი შემოიტანა. ხუცესი ჩამოჯდა. ოთახს თვალი მოავლო, ერთიც დაუჯდომელს გადახედა და ავადმყოფს თანაგრძნობით დაეკითხა:

- რა დაგმართნია, ქალბატონო? ძლიერ ვწუხვარ, სასო ღვთისმშობელს შევთხოვ შენს ჩქარა განკურნებას.

- გმადლობ, მოძღვარო! ძლიერ ცუდად ვიგრძენი თავი და შეგაწუხე. ვინ იცის, სიკვდილ-სიცოცხლე ხომ ერთი წუთის საქმეა, - ნელ-ნელა წარმოსთქვა როდამმა.

მღვდელმა თავისი გამომცდელი თვალებით ახედ-დახედა ავადმყოფს და ტკბილად მიუგო:

- კეთილი, ქალბატონო! მოხარული ვარ, რომ გაჭირვების დროს ღმერთს მიმართავ ხოლმე. და ხმა ჰყოს ჩემდამი და მე ვისმინო მისიო, ბრძანებს უფალი. უეჭველია, შენც გისმენს იგი, თუ კი გულწრფელად მიმართავ მას.

- მოძღვარო, ძლიერ სუსტადა ვარ.

- უფალი განამტკიცებს უძლურთა და დაამხობს ძლიერთა. აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობა მისი, - თვალების ზეაპყრობით ამბობდა მღვდელი მარკოზი.

- ეხ! მოძღვარო, უფალსაც მოსწყინდა, ალბათ, ჩვენი ცოდვები... ჩვენი...

- ჩვენი ცოდვები, ქალბატონო, რაღა საკითხია... დასამალი არაა, აშკარაა, - გააწყვეტინა ხუცესმა, - მთანი და ბორცვნი, მდინარენი და ველნი, ზღვა და ხმელეთი, უსჯულოთა ბანაკი და ქვრივ-ოხერთა თავშესაფარი ქოხი სულ ჩვენ ცოდვებზე არ ღაღადებენ?

- მოძღვარო, მე ხომ მიცნობ? მრავალჯერ მითქვამს ხომ გულწრფელი აღსარება შენთვის... ჩემი სულიერი ტანჯვა, ჩემი წუხილი... უფალმა ხომ... უწყის... - ქალბატონს ტირილი მოერია და სიტყვა ვეღარ დაათავა.

- მგონი, მეც მიცნობ, ქალბატონო! ორმოცი წელიწადი გავიდა, რაც ჯვარი დაგწერე. კარგად იცი, რამდენი უსიამოვნება შემხვედრია ამ ხნის განმავლობაში, თვით შენ ოჯახშიაც რამდენჯერ ყოფილა ჩემ დასაღუპად შეთქმულება, მაგრამ პირადად შენი ყოველთვის მადლობელი ვიყავი, რადგან დარწმუნებული ვარ, თუ არ შენ, ბევრი ხნით ადრე ცოცხალთა რიცხვში არ ვიქნებოდი. უფალმან მოგაგოს მაგიერი.

მრწამს ისიც, რომ გულწრფელად იტანჯებოდი, როცა ჰხედავდი აშკარა უღმრთოებას შენ ოჯახშივე შენს დაახლოებულთა მიერ. მართლაც და დიდი უნდა იყოს ის მწუხარება, რაც უნდა განეცადა პატიოსან ცოლსა და დედას, როცა ხედავდა, რომ მისი ქმარი და შვილი ძმათა მტაცებელს და ურჯულოში გამყიდველს თავშესაფარს აძლევდნენ. მაგრამ დაგვიდგა სხვა დრო. ღმერთმან ზეცით გარდმოიხედა, მოგვივლინა მხსნელი, ხომ შეიტყე, რა სასტიკი ბრძანება გაუცია მეფეს ტყვეთა გაყიდვის წინააღმდეგ. იმედი მაქვს, ეს ბრძანება არ დარჩება ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა.

კიდევაც ახლავე დაეტყო ამ ხმის ძლიერი გავლენა ჩვენს ქვეყანას. ახლა მთესველი უკვე მხიარულად გამოდის თესვად, ხოლო მტაცებელი თავზარდაცემული იმალება. მე იმედი მქონდა, ასე სანატრელად დროების შეცვლა შენ გაგახარებდა და, აი, საუბედუროდ, ვხედავ, რომ, პირიქით, დაუძლურებულხარ, ტირი და გოდებ. გატყობ, რომ შენი ავადმყოფობა რაღაც სხვანაირია, ასოთა ტკივილისაგან არ არის გამოწვეული. მითხარ, რაშია საქმე, ნუ დამიმალავ!

სოლომონის ხერხიანობა და სიმამაცე

მე-18 ს-ის მეორე ნახევარში დაუძლურებული იყო ეკლესიაც, ზოგიერთი სამღვდელო პირი კი ვიწრო ფეოდალურ ინტერესებს თავს ვერ აღწევდა და მეფეს წინააღმდეგობას უწევდა. 1759 წლის 4-5 დეკემბერს მეფემ საეკლესიო კრება  მოიწვია, რომელსაც დიდგვაროვანი თავად-აზნაურობაც დაესწრო, მათ შორის, მთავრები - დადიანი და გურიელი. ამ კრებამ აღადგინა ქუთაისის ეპარქია და მიტაცებული  მამულები დაუბრუნა.

ქუთაისის კათედრის მწყემსმთავრად კი მაქსიმე აბაშიძე აირჩიეს, ამასთან კრებამ აკრძალა ტყვეთა ყიდვა-გაყიდვა და დააკანონა შეჩვენება იმათთვის, ვინც ამ საქმეს გააგრძელებდა, ხოლო საერო კანონმდებლობით მათ მიმართ სიკვდილით დასჯა დაწესდა. დადიან-გურიელმა და იმერეთის თავადებმა სოლომონ მეფის ერთგულებაზე დაიფიცეს.

სოლომონ მეფემ თავდაცვითი ნაგებობები მეფის იურისდიქციაში მოაქცია. ზოგი ციხე თავადებისაგან შეისყიდა, ზოგი კი ურჩ თავადებს  ჩამოართვა. ზოგიც ნებაყოფლობით გადასცეს (მოდინახე). სოლომონ II განსაკუთრებით ზრუნავდა თურთა ტყვეობიდან დახსნილ გლეხკაცობაზე, ომებში ტვედ აყვანილ მაჰმადიან ქართველებსა და ახალციხიდან გადმოსულ ქართველ კათოლიკეებზე.

მეფე სოლომონმა გურია-ოდიშის მთავრებს, იმერელ თავადებს, სამღვდელოებას, დაჩაგრულ გლეხობას - ყველას  გაუღვიძა სამშობლოს განცდა და საკუთარი ქვეყნის წინაშე მოვალეობის შეგნება.

არსებობს ერთი უცხოური ცნობა, რომელიც არაჩვეულებრივად ახასიათებს სოლომონის ხერხიანობას და პირად სიმამაცეს:  სოლომონი პირადად ჩასულა ახალცოხის ფაშასთან და შეუჩივლია თურქ მეციხოვნეთაგან იმერეთის რბევის ამბავი. სოლომონს ფაშასათვის ერთგულება აღუთქვამს იმ შემთხვევაში, თუ ფაშა მათ შეაჩერებდა.

ფაშამ დაიჯერა სოლომონის ნათქვამი და მეფეს მეციხოვნეთა დასასჯელად 3-ათასკაციანი ჯარი გაატანა. სოლომონმა ეს ამბავი ფარულად აცნობა თავის სარდლებს, მათ გზებზე ჩასაფრებები მოაწყვეს და სულ ერთიანად გაჟლიტეს თურქები. ეს ცნობა სინამდვილეს რომც არ შეეფერებოდეს,  მაინც მნიშვნელოვანია სოლომონის მაღალი ავტორიტეტის და ხალხზე მისი მორალური ზეგავლენის შესაფასებლად...