"ამ ქალაქში ბრინჯაოს დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის I ათასწლეულიდან ადნობდნენ" - ნაპოვნია 3-4 ათასი წლის წინანდელი ნაქალაქარი - კვირის პალიტრა

"ამ ქალაქში ბრინჯაოს დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის I ათასწლეულიდან ადნობდნენ" - ნაპოვნია 3-4 ათასი წლის წინანდელი ნაქალაქარი

ივრისპირეთში, აზერბაიჯანის სასაზღვრო ზოლთან, დაახლოებით 3-4 ათასი წლის წინანდელი სისხლსავსე ცხოვრების კვალი ძალზე ცხადი გახლავთ... ჯერ ქალაქი არ შეგვისწავლია, მაგრამ უეჭველია, რომ აქაურობა ძალიან დიდ სიურპრიზს გვპირდება, რითაც, ალბათ, ვიამაყებთ

ამ ყორღანს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ჯგუფმა ივრისპირეთში, კოწახურას მთასთან, შემთხვევით მიაგნო - ამ ადგილას გავლისას ერთ-ერთს უცნაურად ამობურცული გორა მოხვდა თვალში, გარს შემოუარა და თქვა: - შეიძლება აქ ყორღანი იყოსო.

ყორღანი უძველესი გორასამარხია, რომელიც ათასწლეულების მანძილზე მიწით იფარება და შორეული წინაპრების ნაშთებს ინახავს, მათთან ერთად კი იმ გარემოს სურათსაც, სადაც ოდესღაც ეს ადამიანები ცხოვრობდნენ. ცხადია, ყველა გორა სამარხი ვერ იქნება, ამიტომაც ამ ადგილს შვეულმფრენმა გადაუფრინა და სურათიც გადაიღო. უცნაურად ამობურცული გორის გარშემო მიწით დაფარული გალავნის მსგავსი ნაშთები დაახლოებით 2,5 ჰექტარზე იყო გადაშლილი. ამ სურათით კოწახურას მთის კალთებზე უძველესი ქალაქის არსებობა ეჭვს აღარ იწვევდა და მის გამოსაკვლევად მხოლოდ გათხრები იყო საჭირო. გათხრები კი შარშან შემოდგომაზე დაიწყო და არქეოლოგებიც განაცვიფრა: - ისინი ბრინჯაოს ხანის ნაქალაქართან აღმოჩნდნენ. დადასტურდა ივრისპირეთში შუა ბრინჯაოს ხანის, დაახლოებით რამდენიმე ათასწლეულის ქალაქის არსებობა.

კულტურის მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ანთაძე იმ შედეგებზე საუბრობს, რომელიც ივრისპირეთის უძველესმა ქალაქმა უკვე წარმოაჩინა.

- სამწუხაროდ, ამ ადგილას ზაფხულში მუშაობა შეუძლებელია - ამის საშუალებას გამრავლებული გიურზები არ იძლევა, ამიტომაც გათხრები შემოდგომაზე, აცივებისას დავიწყეთ და საკმაოდ მძლავრი ნამოსახლარის ნაშთი აღმოვაჩინეთ. საბედნიეროდ, კარგად დაცულიც - ნამოსახლარი კლდის მასივის ძირშია განფენილი და დაცულია სტიქიური ზემოქმედებისაგან. სიტყვა "მძლავრში" ვგულისხმობ დასახლების ფართობს, რომელიც 2,5 ჰექტარზეა გადაშლილი და დასახლების საქმიანობასაც - აქ ძალიან კარგად შემონახული თიხის ჭურჭელი და ბრინჯაოს ნაშთები აღმოვაჩინეთ. ბრინჯაოს წიდების აღმოჩენა ნიშნავს, რომ აქ მისი სადნობი ქურები იყო. მალე სახელოსნო და ქურაც გამოჩნდა და გაიწმინდა. ამ ქალაქში ბრინჯაოს დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის I ათასწლეულიდან ადნობდნენ.

- თუკი ასეა, აქ მართლაც მდიდარი და ძლიერი დასახლება იქნებოდა - ამ პერიოდისთვის ქალაქების სიძლიერე ბრინჯაოს მრეწველობით განისაზღვრებოდა.

- არა მხოლოდ ბრინჯაო, აქ თიხის ქვევრები, დერგები და ქოთნებიც აღმოჩნდა, რამდენიმე მათგანი უკვე აღდგენილია. ასე რომ, ივრისპირეთში, აზერბაიჯანის სასაზღვრო ზოლთან, დაახლოებით 3-4 ათასი წლის წინანდელი სისხლსავსე ცხოვრების კვალი ძალზე ცხადი გახლავთ.

- ისიც ცხადია, რომ სასაზღვრო ზოლთან უძველესი კვალის დაფიქსირება უმნიშვნელოვანესია. თუმცა, რახან გიურზები ახსენეთ - ისინი ალბათ ამ ქალაქშიც იქნებოდნენ.

- სრულიადაც არა. ეს გიურზები საბჭოთა ხელისუფლებამ საქართველოში შხამის მისაღებად შემოიყვანა; თუმცა, მხოლოდ ის ფუნქცია აღმოაჩნდათ, რომ უსასრულოდ გამრავლდნენ.

- ისტორიულად ცნობილია, რომ ეს ტერიტორია საქარავნო გზის ნაწილი იყო. ალბათ ნაპოვნი ქალაქიც აღებმიცემობაში ცხოვლად იყო ჩართული.

- რასაკვირველია. ჯერ ქალაქი არ შეგვისწავლია, მაგრამ უეჭველია, რომ აქაურობა ძალიან დიდ სიურპრიზს გვპირდება, რითაც, ალბათ, ვიამაყებთ.

"ეს ყორღანი სწორედ იმ დროს შენდებოდა, როცა ეგვიპტელები პირამიდებს აგებდნენ" - ანანაურის ყორღანის 4400-წლიანი საიდუმლო

ეთერ ერაძე