"ნინომ და ილიკომ მთელი ცხოვრება ოფიციალური ქორწინების გარეშე განვლეს" - ცეკვის ჯადოქრის ცხოვრება (ვიდეო)
23-01-2018
ფოტოგალერეა

"ვუყურებდი როკვას ჩვენი ქალებისა, ჩვენი ვაჟებისა და ვერთვოდი მათ როკვით შინაგან. ვერთვოდი ისე, რომ ხანდახან გ.რ. აღარ ვიყავი. ვიყავი მხოლოდ და მხოლოდ ქართველი. ზოგადად, ქართველი - ოღონდ არა განყენებით, არამედ ნამდვილი, ცოცხალი... ვაშა, როკვის ჯადოქარნო: ქალებო და ვაჟებო!" - ასე გამოხატა საკუთარი ემოცია ანსამბლის ჟენევაში გამოსვლით შთაგონებულმა გრიგოლ რობაქიძემ.

ნინო რამიშვილი დაიბადა 1910 წელს ქალაქ ბაქოში. ოჯახი რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა თბილისში. ცეკვაზე უსაზღვროდ შეყვარებული 12 წლის გოგონა მშობლებმა იტალიელი
მარია პერინის
საბალეტო სტუდიაში შეიყვანეს. ერთ დღესაც პერინის სტუდიის გოგონები ოპერისა და ბალეტის დიდ სცენაზე გამოვიდნენ. 17 წლის ილიკო სუხიშვილმა მაშინ პირველად ნახა ნინო და მოიხიბლა. მორიდებული ყმაწვილი გოგონას ვერაფერს ეუბნებოდა, მაგრამ უკან დასდევდა. ნინოს ეღიმებოდა. მან იცოდა, რომ ყმაწვილი ძალიან ნიჭიერი მოცეკვავე იყო, მაგრამ
გასაცნობად პირველ ნაბიჯს არ დგამდა. კარგა ხანს ჩუმი დევნის შემდეგ, როგორც იქნა, ერთმანეთს დაელაპარაკნენ. რაღა თქმა უნდა, საუბრის თემა ცეკვა იყო
.

მალე პერინის სტუდიაში ილიკოც მიიღეს. როცა ქართულ ცეკვაზე მიდგა საქმე, ილიკომ ნინოსთან ერთად "ქართულის" შესრულებაზე უარი თქვა. როგორც ჩანს, ფიქრობდა, რომ ბალერინა ნინო ვერ შეძლებდა "ქართულის" ცეკვას. ნინო განაწყენდა. ისინი პერინიმ შეარიგა - ერთად აცეკვა "ქართული" და მას შემდეგ ისინი განუყრელნი გახდნენ. რომ შეუღლდნენ, პატარძალი 20 წლის იყო, სასიძო - 21-ისა.

ნინო რამიშვილს უთქვამს, მძულს ეს საქორწინო ბიუროები და უცხო, გაბოროტებული ქალები, ყალბად რომ გილოცავენ დაოჯახებას, სიტყვა "რეგისტრაციაც" კი მაგიჟებსო, ამიტომაც, როგორც ამბობენ,  ნინომ და ილიკომ მთელი ცხოვრება ოფიციალური ქორწინების გარეშე განვლეს. თურმე მათი ვაჟი - თენგიზი ხუმრობდა ხოლმე: კიდევ კარგი, მშობლებმა მე მაინც დამარეგისტრირესო...


წყვილი ნინოს ოროთახიან ბინაში დასახლდა, სადაც მათ გარდა ნინოს დედა, და და ძმა ცხოვრობდნენ ოჯახებით. ნინოს მამამ მთელი ცხოვრება გადასახლებაში გაატარა, მას ანტისაბჭოთა ლიტერატურის გავრცელებისთვის ხელის არშეშლა ედებოდა ბრალად.

სტუდიის დამთავრების შემდეგ ნინო მიიღეს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის კორდებალეტში, სადაც 1937 წლამდე ცეკვავდა. ასრულებდა სოლო პარტიებს ქართულ ოპერეტებსა და რუსულ და ევროპულ ბალეტებში.

1937 წლის იანვარში მოსკოვში ქართული ხელოვნების დეკადა გაიმართა. საკონცერტო ნომრებს შორის ხალხური ცეკვა ილიკო სუხიშვილსა და ნინო რამიშვილს უნდა შეესრულებინათ, მაგრამ ნინო რამიშვილს სცენაზე გასვლის ნება არ მისცეს - მისმა გვარმა არასასიამოვნო ასოციაციები აღუძრა კომუნისტ ხელმძღვანელობას, თუმცა დეკადის მონაწილეებისთვის კრემლში გამართულ მიღებაზე ნინო რამიშვილი მაინც მოხვდა, როგორც ილიკო სუხიშვილის მეუღლე.

იოსებ სტალინმა დეკადის მონაწილეებს პირადად მიულოცა დაჯილდოება. ილიკო სუხიშვილმაც შემთხვევით ისარგებლა და ბელადს მეუღლე წარუდგინა.


- თქვენი გვარი რამიშვილია? - ჩაეკითხა ნინოს სტალინი. - კი მაგრამ, განა უკვე ყველა მენშევიკი არ დავაპატიმრეთ?
ნინოს უფიქრია, აქვე, კრემლის დარბაზში დამაპატიმრებენო, თუმცა ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა.

სტალინს უკვე ძალიან მოსწონდა ილიკო სუხიშვილის ხელოვნება. ვახშმის შემდეგ მან საპატიო სტუმრებისთვის იცეკვა და სტალინი კვლავაც აღაფრთოვანა.

- როგორი განათლებული ყოფილხარ ფეხებში! დღეს კეთილი ვარ, მთხოვე, რაც გინდა, - უთქვამს მას ილიკოსთვის.
ილიკოს პასუხი ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. "თქვენი სურათი მაჩუქეთ თქვენივე ავტოგრაფით,"
- უთქვამს ბელადისთვის.
ნინოსა და ილიკოს მეორე დღესვე მიუტანეს კრემლიდან ამანათი - ბელადის პორტრეტი ქართული ავტოგრაფით: "ილიკო სუხიშვილს იოსებ სტალინისგან".

სუხიშვილ-რამიშვილების ბინაში ყველაზე გამოსაჩენ ადგილზე ჩამოკიდებულმა, სტალინის ხელმოწერით დამშვენებულმა ფოტომ არაერთხელ იხსნა ისინი მრისხანე ორგანიზაციების დაუპატიჟებელი სტუმრებისგან. ფორმიანები, როგორც კი მასპინძლების ბელადთან მეგობრობის დამადასტურებელ საბუთს ჰკიდებდნენ თვალს, მაშინვე უსიტყვოდ მიდიოდნენ უკან.

გამოხდა ხანი და სტალინს კვლავ წარუდგინეს ხელმოსაწერად სტალინური პრემიის ლაურეატთა ნუსხა. როდესაც ბელადს სიისთვის დაუხედავს და დაუნახავს, რომ მისი საყვარელი თანამემამულეები მეორე ხარისხის ჯილდოზე იყვნენ წარდგენილი, თანაშემწისთვის უკითხავს:

- რატომ აძლევთ სუხიშვილსა და რამიშვილს მხოლოდ მეორე ხარისხს?
და როდესაც პასუხად მოუსმენია, რომ პირველი ხარისხის ჯილდოებისთვის მათ სახელმწიფო კომისიის ორი წევრის ხმა დააკლდათ, კაბინეტში მყოფი ვოროშილოვისკენ გაუქნევია თავი:

- იმედი მაქვს, ჩემი და კლიმენტის ხმები საკმარისი იქნება?!

ქართველი მოცეკვავეები პირველი ხარისხის სტალინური პრემიისა და უზარმაზარი თანხის - ასი ათასი მანეთის მფლობელები გახდნენ.
1937 წელს ნინო რამიშვილი იძულებული გახდა, მიეტოვებინა ოპერისა და ბალეტის თეატრი. მიზეზი ერთ-ერთი წამყვანი ბალერინას დასმენა იყო, თითქოს ნინოს მისი მოწამვლა სურდა.

"ნინოს მშობლებს არ უნდოდათ ღარიბი გორელი სიძედ" - ნინოსა და ილიკოს სიყვარულისა და ტრიუმფის ისტორია

"ქართული გენია როკვით განფენილი" - სუხიშვილების ტრიუმფი ლა სკალაში


ქალი "შინსახკომისთვის" მიწერილ წერილში იმასაც კი აღწერდა, როგორ შეეძლო ნინოს ამის გაკეთება - რძის ბოთლში შეუძლია საწამლავი ჩამიყაროს, რომელსაც რეპეტიციებისას კულისებში ვტოვებო.

აღარც ილიკო გაჩერებულა ოპერაში.

1938 წლიდან 1940 წლამდე ნინო რამიშვილი საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტია და მეუღლესთან ერთად ხშირად მონაწილეობს კონცერტებში. ჯერ კიდევ 1930 წელს საკავშირო ოლიმპიადაზე ორივეს პირველი პრემია მიენიჭა, 1939 წელს კი ნინო რამიშვილი საესტრადო ხელოვანთა საკავშირო პრემიის ლაურეატი გახდა.

1940 წლიდან 1941 წლამდე ნინო რამიშვილი სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის სოლისტი იყო, 1941 წლიდან - საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის მსახიობი. სწორედ ამ დროიდან დაიწყეს ნინომ და ილიკომ ერთად ცეკვა და ერთობლივი ნომრების დადგმა. ჯერ თბილისში გამოდიოდნენ, მერე - მოსკოვში, სადაც ლეონიდ უტიოსოვის ჯაზ-ორკესტრსა და წითელი არმიის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლში ცეკვავდნენ.

მაგრამ წყვილი ყოველთვის ხალხური ცეკვის საკუთარ ანსამბლზე ოცნებობდა და 1945 წელს ეს მოახერხეს კიდეც - ნინო რამიშვილი ილიკო სუხიშვილთან ერთად ქმნის საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლს. იგი ჯერ წამყვანი მოცეკვავეა, შემდეგ - ანსამბლის ქორეოგრაფი და სამხატვრო ხელმძღვანელი. ანსამბლის პირველი კონცერტი 1945 წლის 11 ივნისს გაიმართა, 1948 წელს პირველად გასცდა საბჭოთა კავშირის საზღვრებს, 1970 წელს კი აკადემიური ანსამბლის სტატუსი მიენიჭა.
ილიკოს დიპლომატია აბალანსებდა ნინოს უკომპრომისობას, რომელიც ყოველთვის პირში ეუბნებოდა ადამიანებს სათქმელს. ამის გამო ილიკო ნინოს გარეშე დადიოდა ხოლმე ოფიციალურ მიღებებზე.

ერთხელ, ამერიკის შეერთებულ შტატებში გასტროლებისას, როცა შეუტყვია, რომ მისი ოთახის კართან სუკ-ის თანამშრომელი იდგა და მის საუბარს უსმენდა, ნინოს მთელი ძალით გამოუგლეჯია კარი და მოყურადე ჩეკისტი ძირს დაუნარცხებია.

ყველგან, სადაც სუხიშვილები მიდიოდნენ, საკონცერტო დარბაზები ოვაციისგან ზანზარებდა.


1967 წელს ლა-სკალას სცენაზე ქართული ცეკვით მოჯადოებულმა მაყურებელმა ანსამბლს 14-ჯერ მოსთხოვა ფინალური ნომრის გამეორება. ანსამბლმა ორასზე მეტი ტურნე გამართა მსოფლიოს ხუთი კონტინენტის 88 ქვეყანაში.

ნინო რამიშვილს 1949 წელს მიენიჭა სტალინური პრემია, 1952 წელს - საქართველოს სახალხო არტისტის წოდება, 1936 წელს - სსრკ სახალხო არტისტის წოდება. დაჯილდოებული იყო ლენინის ორდენით, რუმინეთის ოქროს ვარსკვლავის ორდენით, ახალგაზრდობისა და სტუდენტების მეოთხე ფესტივალზე მიიღო ოქროს მედალი და მსოფლიო ლაურეატის წოდება. 1973 წელს ახალი ქორეოგრაფიული დადგმებისა და საკონცერტო მოღვაწეობისათვის მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, 1981 წელს - თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

ილიკო სუხიშვილი 1985 წლის 24 მარტს გარდაიცვალა, ნინო რამიშვილმა კი კიდევ 15 წელი იცოცხლა.

ნინო 2000 წლის სექტემბერში გარდაიცვალა.

ცოლ-ქმარი დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალული.

იხილეთ უნიკალური ფოტოები ფოტოგალერეაში: ნინო და ილიკო
ხაშურელი
24 იანვარი 2018 17:13
უი-ს.
ნინოს და ილიკოს თავიანთი შთამომავლის მიერ "შექმნილი" ახლანდელი "ცეკვა ქართული" რომ ენახათ, ნამდვილად არ მოიწონებდნენ. იმიტომ, რომ დიდი ილიკო და დიდი ნინო პატივს სცემდნენ ქართულ ტრადიციებს, ქართულ ხალხურ ხელოვნებას და არა სცენაზე ყვანცალს. ეს ხომ ქართული ცეკვა არ არის, რაღაც კონგლომერატია თუ აჯაფსანდალი. დაარქვას სხვა სახელი და იცეკვოს რამდენიც სურს.
უი
24 იანვარი 2018 08:08
რას წერთ? როგორ შეიძლება, ამათ ხომ ახალგაზრდებიც მიბაძავენ და წაგვერთმევა ქათველობა?? დდდდ

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები