დათამ ბაბოს სიყვარული უარყო და... - პირველი ქართველი ფოტომოდელი ქალის უიღბლო სიყვარულის ისტორია - კვირის პალიტრა

დათამ ბაბოს სიყვარული უარყო და... - პირველი ქართველი ფოტომოდელი ქალის უიღბლო სიყვარულის ისტორია

მოდის ინდუსტრია 21-საუკუნეში ძალიან განვითარდა. მსოფლიოს წამყვანის მოდის სახლების მოდელებისა და მთავარი დიზაინერების რიგებს უკვე ქართველებიც იკავებენ. ქართველი მოდელების ფოტოები კი მოდის წამყვანი ჟურნალების გარეკანზე უფრო და უფრო ხშირად გვხვდება. ალბათ ყველასთვის საინტერესოა, ვინ იყო პირველი ქართველი ფოტომოდელი და რომელი კომპანიის რეკლამაში გადაიღეს?

საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულია ბაბო (ბარბალე) ბაგრატიონი-დავითიშვილის ფოტო, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთი პირველი ფოტომოდელია. ფოტოზე რომელიც ეროვნულმა არქივმა შემოგვინახა, ბაბალე უნიკალურ ქართულ ბრენდს, სარაჯიშვილის კონიაკს უკეთებს რეკლამას.

სარაჯიშვილის დაკვეთით შესრულებული სარეკლამო ფოტო პირველ ქართველ ფოტოგრაფის ალექსანდრე როინაშვილს შეუსრულებია. ფოტოს გადაღებისას საგანგებოდ შეარჩიეს ქართული სამოსიც.

მშვენიერ ბაბოს ლანგარზე კონიაკითა და სანდომიანი სახით უფრო მეტი მომხმარებელი უნდა მიეზიდა და ისინი პროდუქციის უმაღლეს ხარისხში დაერწმუნებინა.

ბაბო 1870 წელს დაიბადა, სამეფო გვარის შთამომავალს იმ დროისთვის საუკეთესო განათლება ჰქონდა მიღებული.

როგორც ცნობილია, ბაბო ბაგრატიონი-დავითიშვილი პეტერბურგში სწავლისას იქ მყოფ ქართველ სტუდენტებს აქტიურად ეხმარებოდა. შესანიშნავად ფლობდა უცხო ენებს. ის ივანე მაჩაბლის მეუღლის, ულამაზესი ანასტასია ბაგრატიონ-დავითიშვილის უმცროსი და იყო.

გადმოცემის თანახმად, მშვენიერი ბაბო თავისი დროის ცნობილ მოღვაწეებთან მეგობრობდა, მათ შორის იყვნენ აკაკი წერეთელი, და-ძმა უორდროპები... არაერთ ვაჟკაცს მოსწონდა ბაბო, ამბობენ, აკაკი წერეთელს ის სარძლოდაც კი მოსწონებია... მშვენიერ ქალბატონს იმ დროისთვის მეტად პოპულარული დათა მიქელაძე უყვარდა, თუმცა მისი სიყვარული ცალმხრივი იყო. მას შემდეგ, რაც დათამ ბაბოს სიყვარული უარყო და სხვა ქალზე დაქორწინდა, ქალმა ყველა თაყვანისმცემელის სიყვარულზე უარი თქვა და არავის მისთხოვდა.

ცალად დამრჩალი ბაბო, ამბობენ, რომ ამ სიყვარულმა სამარეში ჩაიყვანა, ის 1917 წელს, 45 წლისა გარდაიცვალა...

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე: ვინ იყვნენ კონიაკ "სარაჯიშვილის" პირველი სარეკლამო კოლაჟის გმირები

ეკა გადახაბაძე