"აკაკის ილიასავით უყვარდა კარტის თამაში" - რა შემოსავალი ჰქონდათ ილიას და აკაკის? - კვირის პალიტრა

"აკაკის ილიასავით უყვარდა კარტის თამაში" - რა შემოსავალი ჰქონდათ ილიას და აკაკის?

XIX საუკუნის მიწურულიდან I მსოფლიო ომამდე, რუსეთის იმპერიაში არსებული ფასებისა და შრომის ანაზღაურების შესახებ საყურადღებო ცნობებია დაცული საქართველოსა და რუსეთის სახელმწიფო არქივებში, ასევე, ქართველ პოლიტიკურ, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეთა თხზულებებში, მოგონებებსა და ეპისტოლურ მემკვიდრეობაში.

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი "ისტორიანი" აქვეყნებს სტატიას - "საუკუნის წინანდელი ხელფასები და ფასები"., რომლის წაკითხვაც რცლად "ისტორიანის" თებერვლის ნომერში შეგიძლიათ.

გთავაზობთ ამონარიდს ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის იმდროინდელი შემოსავლების შესახებ:

"ექვთიმე თაყაიშვილის ცნობით, ილია ჭავჭავაძეს (1837-1907) "არა ჰყოფნიდა არც საგურამოს მამულის შემოსავალი, არც ბანკიდან აღებული ჯამაგირი და არც თავისი  დის - ელისაბედისგან მიღებული დახმარება. და იგი სულაც არ აზვიადებდა, როცა ამბობდა: "ვალები მაქვსო"...

ბანკში წინათ მაინცდამაინც დიდი ჯამაგირები არ ჰქონიათ მოსამსახურეებს, მაგრამ როცა "ბანკობიადა" მოთავდა და აქციების კონვერსია მოახდინეს, ბანკის შემოსავალმა ერთობ მოიმატა, ისე, რომ ყველა ხარჯის გამოკლებით ნახევარი მილიონი მანეთი რჩებოდა საქველმოქმედო საქმეებისთვის და მოსამსახურეებსაც ჯამაგირი მოემატათ. მაგალითად, ილია, როგორც თავმჯდომარე, წელიწადში უკვე 5 ათასს იღებდა წინანდელი 3 ათასის მაგიერ. ამას გარდა, ბანკის მოგების გარკვეული პროცენტი მოსამსახურეებს ეძლეოდათ ზედმეტად, რაც მათ თვიურ ჯამაგირს აღემატებოდა". თაყაიშვილისვე ცნობით, იმ დროისთვის, თბილისის ვიცე-გუბერნატორის წლიური ხელფასი შეადგენდა 3 ათას მანეთს.

ცნობილია, რომ აკაკი წერეთელს (1840-1915) ხელგაშლილი ცხოვრება უყვარდა, რის გამოც მას თითქმის ყოველთვის ვალები ჰქონდა.

ამასთან დაკავშირებით ექვთიმე თაყაიშვილი იგონებდა:

"აკაკის ილიასავით უყვარდა კარტის თამაში. ხშირად ღამესაც ათენებდა. მანამ ჯიბეს არ ამოიცარიელებდა, თამაშობას არ მიატოვებდა. თუ ილია უმეტეს შემთხვევაში იგებდა, აკაკი თითქმის ყოველთვის აგებდა. მე ვეკითხებოდი კარტის მოთამაშეებს: "რა მიზეზია, რომ ილია იგებს, აკაკი სულ აგებს?" ისინი მეუბნებოდნენ: "შეუძლებელია აკაკიმ მოიგოს, რადგან მან "ფასი" არ იცის. ქაღალდი მოუვა თუ არა, მისთვის სულერთია, მაინც თამაშობსო"...

ერთხელ, მას ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკმა პენსია დაუნიშნა და თანხა წერა-კითხვის საზოგადოებას გადასცა, რომ ყოველთვე ეძლიათ განსაზღვრული რაოდენობით. ამან უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა საზოგადოება და მისი ხაზინადარი. აკაკი თხოულობდა ბევრ ფულს, ისინი არ აძლევდნენ განსაზღვრული თანხის მეტს... (გაგრძელება)

იხილეთ ასევე: აკაკის შურისძიება