თბილისის სინაგოგის სარდაფში ნაპოვნი ძვირფასეულობის ამბავი - რა წერია საბჭოთა კავშირის უშიშროების სამინისტროს საარქივო დოკუმენტებში? - კვირის პალიტრა

თბილისის სინაგოგის სარდაფში ნაპოვნი ძვირფასეულობის ამბავი - რა წერია საბჭოთა კავშირის უშიშროების სამინისტროს საარქივო დოკუმენტებში?

მეფის დროს მოჭრილი ოქროს მონეტები, ოქროს ზოდები და ა. შ. - ფანჯრის ნიშაში დამალული ძვირფასეულობა

რუსულ გამოცემა "კომერსანტში" გამოქვეყნდა მასალები საბჭოთა კავშირის უშიშროების სამინისტროს მიერ თბილისის სინაგოგაში ჩატარებული ჩხრეკის შესახებ, სათაურით: "თბილისის სინაგოგის სარდაფში აღმოჩენილი და ამოღებული იქნა დამალული ძვირფასეულობა", რომლის ავტორიცაა ევგენი ჟირნოვი.

"1953 წლის იანვარში საბჭოთა გაზეთებმა გამოაქვეყნეს ინფორმაცია მავნებელ ექიმთა ჯგუფის დაპატიმრების თაობაზე, რომლებიც საერთაშორისო ებრაული ნაციონალისტური ორგანიზაციის" მიერ იყვნენ თურმე გადაბირებულ-მოსყიდულნი. ჩვენი გაზეთი პირველად აქვეყნებს საბჭოთა კავშირის უშიშროების სამინისტროს საარქივო დოკუმენტებს თბილისის სინაგოგაში ჩატარებული ჩხრეკის შესახებ.

სსრ კავშირის უშიშროების სამინისტროს მოხსენებიდან:

სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეებს,

სსრ კავშირის კომპარტიის პრეზიდიუმის წევრებს

გიორგი მალენკოვს და ლავრენტი ბერიას.

სსრ კავშირის სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მოადგილის სერგო გოგლიძის

მოხსენება

მოგახსენებთ, რომ საქართველოს სსრ-ის სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს (МГБ) მილიციამ (1949-1953 წლებში მილიცია МГБ-ში შედიოდა - "კომერსანტი") 1953 წლის იანვარში ქალაქ თბილისში (ლესელიძის ქუჩა, №10) არსებულ სინაგოგაში, რომლის შედეგად, შენობის სარდაფში, აღმოჩენილი იქნა ფანჯრის ნიშაში დამალული ძვირფასეულობა:

მეფის დროს მოჭრილი ოქროს მონეტები - 1250 რუბლი (მანეთი);

თურქული ოქროს ლირა - 6 მონეტა;

ოქროს ზოდები - 900 გრამი;

ქალის ოქროს საათი - 1 ცალი;

ოქროს სამაჯური და გულსაკიდი - 2 ცალი;

შემნახველი წიგნაკები 245 ათასი მანეთის მოცულობით - 24 ცალი;

საბჭოთა ფულის ნიშნები - 8535 მანეთი;

ვერცხლისა და სპილენძის მონეტები - 5,1 კილოგრამი.

ძვირფასეულობების ამოღებასთან დაკავშირებით დაკავებულნი არიან: ბ.ბაბალაშვილი (დაბ. 1906 წელს, ებრაელი, არტელ "მშრომელის" გამომჭრელი და ებრაელთა რელიგიური საზოგადოების თავმჯდომარე); ი.ჯაჯალაშვილი (დაბ.1899 წელს, ებრაელი, არტელ "წითელი ისარის" გამყიდველი და ებრაელთა საზოგადოების მოლარე); ი.ბაბალიკაშვილი (დაბ. 1898 წელს, ებრაელი, რელიგიის მსახური) და ე.დადიდაშვილი (დაბ.1908 წელს, ებრაელი, რელიგიის მსახური).

ქართველი მორწმუნე ებრაელების კოლექტიური მიმართვიდან

სკკპ ცკ-სა და სსრკ მინისტრათ საბჭოსადმი,

1953 წლის 01 აპრილი.

(...)

ქალაქ თბილისში 4 სინაგოგა არსებობდა, ყველა დალუქულია და კონფისკებული, გამოტანილი ყველა სამლოცველო ინვენტარი და ლიტერატურა, მათ შორის უძვირფასესი რელიგიური წიგნები, რომლებიც ბიბლიოგრაფიულ იშვიათობას წარმოადგენს და შექმნილია რამდენიმე ათასი წლის წინათ.

გარდა ამისა, საქართველოს კომპარტიის ცეკას პირველი მდივნის [აკაკი] მგელაძის განკარგულებით დანგრეულია [საქართველოში] არსებული ყველაზე უძველესი სინაგოგა, სადაც სამუზეიმო ექსპონატები ინახებოდა. [აკაკი] მგელაძემ პირდაპირ განაცხადა, რომ ებრაელთა მისია დასრულებულია. მთავარ სინაგოგაში კონფისკებული ძვირფასეულობა და ფული შეგროვებულია მრავალი წლის განმავლობაში მიღებული შემოწირულებისაგან. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ