სტალინის პასუხი "კოკა-კოლას" და მიტროფანე ლაღიძე - "ლიმონათების გენიოსი"
14-02-2018
სტალინის პასუხი "კოკა-კოლას" და მიტროფანე ლაღიძე - "ლიმონათების გენიოსი"
ქართულ ორიგინალურ და დიდი ისტორიის მქონე პროდუქტზე საუბრისას, რომელსაც თან ახლავს ბავშვობისა და ძველი თბილისის ნოსტალგია, ალბათ ყველას "ლაღიძის წყლები" გაახსენდება.

"ვისურვებდი, რომ ლაღიძის წყლები და სახაჭაპურე, რომელიც დაკარგა რუსთაველის გამზირმა, მოვახერხოთ და ბიზნესის უფლებების სრული დაცვით, გამოვისყიდოთ და განვაახლოთ. ეს არის ბევრი თბილისელის სურვილი. ეს მნიშვნელოვანი იქნება ტურისტებისა და იმ ადამიანებისთვის, ვისაც ახსოვს და განსაკუთრებული მოგონებები აკავშირებს "ლაღიძის წყლებთან", - განაცხადა რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

ვინ
იყო მიტროფანე ლაღიძე?

პირველი ქართული უალკოჰოლო სასმელის წარმოება მიტროფანე ლაღიძის სახელს უკავშირდება. ის 1869 წელს, ქუთაისის მაზრის სოფელ ჭოლევში, აზნაურის ოჯახში დაიბადა. ჯერ კიდევ 14 წლის იყო, როცა ქუთაისში აფთიაქში დაიწყო მუშაობა, სადაც ნიჭიერი ბიჭი დიდი ყურადღებით სწავლობდა ხილეული წყლების წარმოების მეთოდს.

1900 წელს, ქუთაისის
ლიმონათის წარმოების ბაზაზე, მან ხილეულის სასმელების წარმოების ამხანაგობა შექმნა, სადაც ნედლეულის ხარისხს, სასმელების წარმოების ტექნოლოგიების დაცვას და მათ დასამზადებლად ნატურალური წვენების გამოყენებას დიდ ყურადღებას აქცევდა. უალკოჰოლო სასმელების დამზადებაში გარკვევის შემდეგ მიტროფანე ლაღიძემ შეძლო და ამავე წელს ქუთაისში უალკოჰოლო სასმელების მაღაზია გახსნა.

1902 წელს ქუთაისელი ფარმაცევტი გერმანიასა და საფრანგეთს ეწვია, სადაც მან ხილეულის წყლის წარმოების მეთოდი და ტექნოლოგია შეისწავლა, რომელიც შემდეგ თავის წარმოებაში დანერგა.

მიტროფანე ლაღიძის სახელს, "ლაღიძის წყლების" გარდა, სხვა დიდი საქმეებიც უკავშირდება. როგორც ცნობილია, მისი ინიციატივით, ქუთაისში აშენდა ელექტროსადგური, რომელმაც პირველად მისცა ქუთაისს ელექტროგანათება. ამ ისტორიული ფაქტით ქუთაისის საზოგადოება აღფრთოვანებული დარჩა. ამის შესახებ 1904 წელს გაზეთი "ივერია" წერდა:

"ბატონ მიტროფანე ლაღიძის ქარხანამ კარგი საქმე გააკეთა, ჯერ იყო და ქუთაისის თეატრი გაანათა ელექტრონით და ახლა კი ქალაქის ქუჩებსაც ანათებს. ეს აგერ ერთი კვირაა, რაც მთავარი ქუჩა სობორისა და ბულვარის გარშემო ელექტრონის ფარნებითაა განათებული".

ლაღიძემ საფრანგეთიდან მიიღო მაცივარ-დანადგარები ხელოვნური ყინულის მისაღებად, რომელიც დაამონტაჟა ელექტროსადგურის მახლობლად კვების საჭიროებისათვის. ეს იყო დიდი სიმძლავრის ქარხანა, რომლის გამოშვებული პროდუქციით, ქუთაისის გარდა, ამარაგებდა ფოთის ნავსადგურის სამაცივრო მეურნეობასაც.

ლიმონათის ჩამოსასხმელად საქართველოში მან შუშის ბოთლები შემოიტანა და მომავალი ბრენდისთვის ეტიკეტიც შეიქმნა. ეტიკეტზე გამოსახული ჩიხტიკოპიანი ქალი, მიტროფანეს დედა იყო. ეტიკეტზე დართული იყო საინტერესო წარწერაც:

"მოითხოვეთ ყველგან. გემო და სუნი საამური აქვს. გაუფრთხილდით სიყალბეს". "გინდა იყო ლამაზი? დალიე ლაღიძის წყალი!" - ასე იზიდავდნენ გამყიდველები ადგილობრივ თუ უცხოელ ტურისტებს.

მიტროფანე ლაღიძის ეს წამოწყება არ გამოჰპარვია იმ დროინდელ ხელისუფლებასაც. ბრენდი, რომელიც ძალიან მალე თბილისის განუყოფელ ნაწილად იქცა, ძალიან მოსწონდა სტალინს.

"1952 წელს აშშ-ის პრეზიდენტ ჰარი ტრუმენს სტალინისთვის 100 ბოთლი "კოკა-კოლა" გამოუგზავნია. სტალინს პოლიტბიუროს წევრები შეუკრებია და სასმელით გამასპინძლებია. პარტიული ლიდერები აღფრთოვანებული დარჩენილან მისი გემოთი. გადაწყდა, რომ საპასუხო საჩუქრად ამერიკაში "კოკა-კოლაზე" ბევრად გემრიელი გაზირებული სასმელი გაეგზავნათ. ახალი, ყველასგან განსხვავებული სიროფის შესაქმნელად მოსკოვში 83 წლის მიტროფანე ლაღიძე გამოიძახეს. იმ დროისათვის "ლიმონათების გენიოსს" უკვე ასზე მეტი რეცეპტი ჰქონდა შექმნილი. მიტროფანეს ლიმონათს ამერიკაში ისეთი ფურორი მოუხდენია, რომ ტრუმენი ამერიკაში მისი შეტანით დაინტერესებულა. საბჭოთა კავშირში ამ გაცვლას "ჩვენი პასუხი "კოკა-კოლას" უწოდეს.

ცნობილი ფაქტია ისიც, რომ "ლაღიძის წყლებით" მოხიბლულმა ფრანკლინ რუზველტმა იალტის კონფერენციის შემდეგ 2 ათასი ბოთლი ქართული უალკოჰოლო სასმელი გაიყოლა სამშობლოში.

"1900 წლიდან საქართველოში მე შემოვიღე საუკეთესო ნატურალური წყლების, წვენებისა და სიროფების დამზადების ახალი მეთოდები, წესები და რეცეპტურები, რომლის წესით დამზადებული წყლები, ხარისხის მხრივ, მოწონებულ და ღირსეულად შეფასებულ იქნა ფართო საზოგადოების მიერ. ამ რეცეპტურით დამზადებული წყლები, როგორც გემოთი, ისე სურნელოვნებით საამურია და ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა იმიტომ, რომ ჩემი მეთოდით დამზადებულ სასმელებში არ იხმარება არავითარი სინტეტიური ესენციები და ქიმიკატები. აღნიშნული სასმელები არაერთხელ გავგზავნე სხვადასხვა გამოფენაზე, როგორც რუსეთში, აგრეთვე საზღვარგარეთაც და ყველგან ჩემი რეცეპტით დამზადებული სასმელები მოწონებული იქნა. მაგალითად, 1913 წელს, პეტერბურგის ჰიგიენურ გამოფენაზე მაღალი და განსხვავებული ხარისხის ხილეული სასმელების დამზადებისთვის დიდი ოქროს მედალი მივიღე. აგრეთვე, სხვადასხვა გამოფენაზე მივიღე პატარა ოქროსა და ვერცხლის მედლები ხილეულის წყლების საუკეთესო ღირსებისა და ხარისხისთვის. - წერს ლაღიძე ერთ-ერთ წერილში.

იუმორისტული ჟურნალი "ტარტაროზი" კი წერდა:
"უკვე დაიწყო სიცხე, დგება ბუღი და ალი,
რა გვეშველება, თუ კი არ ვსვით ლაღიძის წყალი".


ლაღიძის ლიმონათით არა მხოლოდ ქართველი პოეტები, უცხოელებიც იხიბლებოდნენ. ლაღიძის წყალს ლექსები მიუძღვნეს აკაკი წერეთელმა, სერგეი ესენინმა, ევგენი ევტუშენკომ და სხვებმა. ვენასა და პეტერბურგში ლაღიძის წყლები ოქროს მედლით დაჯილდოვდა.

მეუღლის ყოველ ახალ წამოწყებას მხარს უჭერდა მისი მეუღლე ოლიმპიდა ვახანია. წყვილს 5 შვილი ჰყავდა.

მრავალმხრივ საზოგადო მოღვაწე მიტროფანე ლაღიძე 1960 წლის 2 იანვარს გარდაიცვალა, დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში. დიდი ქველმოქმედის გარდაცვალებასთან ერთად, შეიცვალა კომპანიის მდგომარეობაც.

იხილეთ ფოტოგალერეა: "ლაღიძის წყლების" ისტორია

ეკა გადახაბაძე

იხილეთ ვიდეო


როინი
23 აპრილი 2018 08:12
სააკაშვილი რომ თბილისელი არ იყო, ეგ იქიდანაც ჩანს თუ როგორ გაანადგურა რუსთაველზე ლაღიძე. მე თბილისელი არა ვარ, მაგრამ ამაზე გულდაწყვეტილი ვარ. ეს წყალი ყველას სიამაყე არის, სარგებელს რომ აღარაფერი ვთქვათ.
datiko48
21 თებერვალი 2018 06:09
ლაღიძის წყლების ჩამოსხმა დაიწყო 1904-ში,როდესაც ბატ.მიტროფანემ გერმანიიდან ჩამოიტანა ვალის სახით დანადგარი რომელშიც მზადდებოდა და ისხმებოდა ეს უნიკალური გემოვნებიანი წყალი,1932-ში აფხაზეთში ღვინის ქარხანაში დააძმარეს ღვინო,სახელმწიფოს უნდა ენახა 1მილიონი მანეთის მოგება,მაშინ თხოვეს ბატ.მიტროფანეს შეძლებდა თუ ვერა რომ ამ აძმარებული ღვინიდან შეექმნა რაიმე ისეთი სასმელი რომლის გამოყენება შეიძლებოდა,სამთვიანი მუშაობის შემდეგ შედგა უნიკალური სასმელი"ლაღიძეების" სახელით და მთავრობამ მიიღო მოგება სამი მილიონი მანეთი,და სტალინმა 1933-ში გადასცა რუსთაველზე ის ადგილი "ლაღიძის წყლები"რომ იყო,სადაც ვიკრიბებოდით თბილისელები და იყო უსაყვარლესი ადგილი თბილისელებისათვის,რომელიც გაანადგურა ჟიზოიდმა სააკაშვილმა,და გაავსო საქართველო საქართველოს და მართლმადიდებლობის მტრებით:ტურქ-სელჯუკთა და არაბთა ხროვით.
18 თებერვალი 2018 12:22
მთაცრობამ უნდა მოახდინოს ნაციონალიზაცია ამ ობიექტზე..და დაუბრუნდეს ხალხს....

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები